“აგენტების კანონის” მხარდამჭერები ავტომატურად დაარღვევენ კონსტიტუციას და ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებს

Share post:

ე.წ. “აგენტების კანონპროექტი” ანალოგიურ შინაარსს შეიცავს, რასაც 2012 წელს პუტინის მიერ შემოღებული კანონი. ამ კანონით პუტინმა 10 წლის წინ თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების განადგურება დაიწყო, რითიც ევროპული სასამართლოს დასკვნით, რუსეთმა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-11 მუხლი დაარღვია.

იდენტური კანონპროექტის დამტკიცებას უჭერს მხარს მმართველი გუნდი, რაც უკვე ღიად გაცხადებული აქვთ. ინიცირებული კანონპროექტი საფრთხეს უქმნის დემოკრატიას, დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, სახელმწიფოებრიობას და პირდაპირ ეწინააღმდეგება ქვეყნის მიერ გაცხადებულ ევროატლანტიკური განვითარების არჩევანს.

კერძოდ: 

1.  კონსტიტუციის მეთერთმეტე თავში, 78-ე მუხლით, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას საქართველოს მოქალაქეების წინაშე, ყველა ზომა მიიღოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის: 

მუხლი 78. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად”.

ბოლო კვლევების თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა 81% მომხრეა საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ნატოში გაწევრიანებას კი მხარს უჭერს მოსახლეობის 73%.  

“აგენტების კანონპროექტი” პირდაპირ არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, რომელსაც საქართველომ ხელი 1999 წელს მოაწერა და ქვეყნისთვის იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტია.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ივნისში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება 75 რუსული არასამთავრობოს სასარგებლოდ და დაადგინა, რომ “აგენტების შესახებ” პუტინის მიერ დაკანონებული შეზღუდვები უხეშად არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებს და რუსეთს დააკისრა კომპენსაცია უფლებადარღვეული არასამთავრობოების სასარგებლოდ.

არასამთავრობოებისთვის “აგენტის” წოდება არღვევს კონვენციის მე-11 მუხლს, “გამოხატვის თავისუფლების” შესახებ და არ შეესაბამება დემოკრატიულ სახელმწიფოს. არ არსებობს საკმარისი მიზეზი “უცხოური აგენტის” სტატუსის შემუშავებისთვის, ხოლო დამატებითი მოთხოვნების დაკისრება არაპროპორციულად ზღუდავს ორგანიზაციებს და კანონის შედეგად, შეფერხდება უცხოური დაფინანსება.

კანონპროექტი წინააღმდეგობაშია ასევე საერთაშორისო პრინციპებთან. კერძოდ, ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპები უფლებადამცველთა უფლებების დაცვის შესახებ გვეუბნება რომ: “ადამიანის უფლებადამცველთა უფლებების დაცვის უპირველესი ვალდებულება ეკისრება სახელმწიფოს სახელმწიფოს გააჩნია ვალდებულებები თავი შეიკავოს ნებისმიერი სახის ისეთი ქმედებებისგან, რომელიც არღვევს ადამიანის უფლებადამცველთა უფლებებს მათი საქმიანობის გამო“.

ე.წ. “აგენტების კანონპროექტი”, არადემოკრატიულია და არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს; კანონპროექტის მიღება არ არის საჭირო დემოკრატიულ სახელმწიფოში, რადგანაც საქართველოში უკვე არსებობს არასამთავრობოების გამჭირვალობის ინსტრუმენტები

საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოს სახელმწიფოს უმთავრესი დაკვეთა ხელისუფლების მიმართ, მისი ძირეული სულისკვეთება და სამართლებრივი ნება ასახულია საქართველოს მთავარ იურიდიულ დოკუმენტში – საქართველოს კონსტიტუციაში. საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაშივე, რომელიც ასახავს კონსტიტუციის სულისკვეთებას და განსაზღვრავს კონსტიტუციის დანარჩენი მუხლების შინაარსს და განმარტების მიმართულებას, ასახულია საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნება, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოება, უზრუნველვყოთ ადამიანის უფლებები, თავისუფლებები და დავიცვათ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა: 

“ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით, ღვთისა და ქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას”.

დასავლეთის მიერ დაფინანსებული ყველა პროექტი ექვემდებარება “ოფიციალური მხარდაჭერის” პრინციპს, რომელიც ეფუძნება ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების მიერ დასავლელ პარტნიორებთან მიღებულ ორმხრივ შეთანხმებებს და არც ერთი პროექტი არ ხორციელდება ამ პოლიტიკური შეთანხმებების მიღმა. მეტიც, სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 1996 წელს მიიღო კანონი “გრანტების შესახებ”, სადაც თავისით შექმნა პირობები დასავლელი დონორების მიერ მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გრანტების გასაცემად. 

მეტიც, ხელისუფლებამ აღიარა დასავლელი დონორების დაფინანსების განსაკუთრებული მნიშვნელობა, როდესაც უმაღლეს სახელისუფლებო დონეზე გააფორმა ორმხრივი შეთანხმებები, დონორების მიერ გაცემულ გრანტებზე დღგ-ს გადასახადებისგან გათავისუფლების შესახებ.

ამავდროულად, დასავლეთის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები უკვე აკმაყოფილებენ გამჭირვალობის მოთხოვნებს იმ უამრავი მოთხოვნიდან გამომდინარე, რასაც მათ უკვე უყენებს როგორც საქართველოს კანონმდებლობა, ისე საერთაშორისო ნორმები. გრანტების კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, „გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველია წერილობითი ხელშეკრულება გრანტის გამცემსა (დონორსა) და გრანტის მიმღებს შორის.

ამავდროულად, დასავლელი დონორების მიერ პროექტების უმრავლესობას (განსაკუთრებით, მსხვილი პროექტების შემთხვევაში), მოყვება აუდიტის და/ან შემოწმების ვალდებულება, როგორც ერთ-ერთი სახელშეკრულებო ვალდებულება. ინფორმაცია დაფინანსებული პროექტების შესახებ მრავალ წყაროშია ხელმისაწვდომი: 

–       დონორების ანგარიშები – OECD-ს ვებგვერდზე; 

–       საქართველოს მთავრობის ანგარიშები – სახელმწიფო ბიუჯეტის ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე, ასევე, მთავრობის ადმინისტრაციაში არსებული დონორთა საკოორდინაციო საბჭოს ყოველწლიური ანგარიშები

–       არასამთავრობოების ანგარიშები, რომლებიც ძირითადად ასახულია მათსავე ვებ-გვერდებზე. 

შესაბამისად, ე.წ. “აგენტების კანონპროექტი” არადემოკრატიულია, პირდაპირ და ღიად ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის არჩევანს, ქმნის მტრულ გარემოს სტრატეგიული პარტნიორებისთვის, რომლებიც ათწლეულებია საქართველოს განვითარებას უჭერენ მხარს, კანონპროექტი არაკონსტიტუციურია. სწორედ ამიტომ, ხელისუფლების ის ნაწილი, რომელიც მხარს დაუჭერს აღნიშნულ კანონპროექტს, ღიად ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის არჩევანს და არღვევს კონსტიტუციას.  

დაკავშირებული სტატიები

“არა რუსულ კანონს” – გორში ახალგაზრდების მარში დაიგეგმა

არა რუსულ კანონს! არა რუსულ რეჟიმს! - ამ ლოზუნგებით გორში, 19 მაისს, 19:00 საათზე ახალგაზრდების მარში გაიმართება. ახალი...

“ვდგავართ ჩვენი ქვეყნის გვერდით ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე” – გორის უნივერსიტეტის სტუდენტები

არა რუსულ კანონს! არა ძალადობას! ქვეყანაში განვითარებულ პროცესებს გორის უნივერსიტეტის სტუდენტებიც ეხმაურებიან და მხარდაჭერას უცხადებენ ქვეყნის განვითარებას ევროინტეგრაციის...

“ალტერნატიული აზრი” – როგორ დავიცვათ თავი ონლაინ სივრცეში?

გადაცემის თემაა სექსტინგი და ონლაინ სივრცეში არსებული საფრთხეების თავიდან აცილების გზები/დამცავ მექანიზმები. გადაცემა მომზადებულია "ასოციაცია ჰერა 21"-ის მიერ...

“ოკუპირებულ სოფელში წელსაც არავინ მიაკითხავს მამას საფლავს” – მერი ტაბატაძე

აღდგომა დევნილი მოსახლეობისთვის სადღესასწაულო განწყობასთან ერთად ტკივილსა და სევდასაც უკავშირდება. ოკუპირებულ სოფლებში ტრადიციებთან ერთად, იძულებით გადაადგილებულ პირებს მიცვალებულთა...