გორელ ახალგაზრდებს საინტერესო სიურპრიზებს ვპირდებით – ინტერვიუ ნინო ბერიანიძესთან

0
126

1 ივლისიდან Neo Tv – მ ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო. კონკურსის წესით შერჩეულ მონაწილეებთან მედიისა და ტექნოლოგიების სფეროში ყოველკვირეული მასტერკლასი გაიმართება. ამ შესაძლებლობას მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 20 ახალგაზრდას გორის მერია სთავაზობს, რომელმაც Neo Tv-ს აღნიშნულ ინიციატივას, თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, მხარი დაუჭირა.

როგორ შეუძლიათ ადგილობრივ ახალგაზრდებს თავად განახორციელონ საკუთარი ინიციატივები, გახდნენ ცვლილებების ინსპირატორები თემში და მოიპოვონ მხარდაჭერა გორის მუნიციპალიტეტის მერიისგან? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე,  “ნეოლაბის” წამყვანმა, რუსკა ბუზიაშვილმა ინტერვიუ განათლების განყოფილების ხელმძღვანელთან, ნინო ბერიანიძესთან ჩაწერა.

ქალბატონო ნინო, რას სთავაზობს გორის მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდებს?

პირველ რიგში მადლობა ამ თემით დაინტერესებისთვის, ვფიქრობ ახალგაზრდული პოლიტიკის სწორად წარმართვა, ნამვილად არის ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი პრიორიტეტი და სწორედ ამ მიზანს ემსახურება მუნიციპალური პროგრამები. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერია განებივრებულია მუნიციპალური პროგრამებით, ეს იქნება განათლების, სპორტის, თუ ახალგაზრდული მიმართულებები. ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა, ზოგადად მოსწავლე-ახალგაზრდების ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესებში და შემდგომში მათი ჩამოყალიბება აქტიურ მოქალაქეებად. მათ უნდა  შეეძლოთ ამა თუ იმ პრობლემის იდენტიფიცირება და თავის ინსტიტუტებამდე მიტანა. შედეგად, ამ პრობლემური საკითხების მოგვარება ერთობლივი ძალისხმევითა და მუშაობით უნდა ხდებოდეს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მუნიციპალური პროგრამები.

ამ შემთხვევაში მე წარმოვადგენ განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამას, რომელიც 2015 წლიდან ხორციელდება და დღემდე 60-ზე მეტი პროექტია წარმატებით განხორციელებული. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი პრეცენდენტია ადგილობრივი თვითმმართველობის ისტორიაში.

თუ ახალგაზრდას რაიმე იდეა აქვს, სად უნდა მოგმართოთ და რა პროცედურების გავლაა საჭირო ამ იდეის განსახორციელებლად?

ყველა პროგრამას და მათ შორის განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამასაც, გააჩნია გარკვეული პრიორიტეტები. ამ შემთხვევაში პროგრამის პრიორიტეტებია არაფორმალური განათლება, რომლის ჭრილშიც ჯდება ყველა სახის თემატიკა, რომელიც ფორმალური განათლების მიღმაა. საუბარია სხვადასხვა კლასგარეშე აქტივობაზე და პროექტებზე. ფაქტიურად, ესაა შესაძლებლობა, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობა ხელს უწყობს, მუნიციპალიტეტში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ ამა თუ იმ უწყების ინიციატივის განხორციელებას, თუ ეს საპროექტო იდეა ღირებულია.  ერთ-ერთი დათქმა პროექტის წარდგენისას არის ის, რომ წარმდგენი უნდა იყოს იურიდიული პირი. შემდგომი პროცედურა ეს არის იდეის განხილვა სამუშაო ჯგუფის მიერ. ჩვენი სამუშაო ჯგუფი შექმნილია მერის ბრძანებით და მასში შესულია: იურიდიული სამსახურის, საფინანსო სამსახურის, რა თქმა უნდა ჩვენი სამსახურის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე საკრებულოდან განათლების კომიტეტის ხელმძღვანელი. ასე რომ, ხმათა უმრავლესობით ხდება საკითხის გადაწყვეტა. მინდა აქვე აღვნიშნო, რომ პროექტის წარმდგენებს ძალიან გავუმარტივეთ საქმე და ჩვენ გვაქვს,პროექტის განაცხადის დამტკიცებული ფორმა, რომლითაც უნდა წარმოადგინოს დაინტერესებულმა პირმა საპროექტო წინადადება. ასე რომ, პროექტის მოწონების შემთხვევაში, თანხმობას გასცემს მერი და ამის შემდეგ იწყება უკვე იურიდიული პროცედურები, ხელშეკრულების გაფორმება, რის შემდეგაც ჩემი სამსახური მონიტორინგს უწევს პროექტის განხორციელებას.

როგორია ახალგაზრდების ჩართულობა ამ პროგრამაში და რამდენად აქტიურობენ  სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები განაცხადების წარმოდგენის კუთხით?

ნამდვილად დასაფასებელია ახალგაზრდების და ზოგადად, არასამთავრობო სექტორის როლი ამ ახალგაზრდული ინიციატივების განხორციელებაში. პრიორიტეტი არის არა სტატისტიკა, არამედ ის თუ რამდენად ღირებულია პროექტი. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ არც სტატისტიკას ვუჩივით.

რამდენად აქტიურად თანამშრომლობს გორის მუნიციპალიტეტის მერია, არასამთავრობო სექტორთან?

ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ დღეს მუნიციპალიტეტში და ზოგადად ჩვენს რეგიონში, ბევრი ახალი ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია გაჩნდა და ეს სამოქალაქო აქტივიზმის კიდევ ერთი მანიშნებელია, ისევე როგორც, ახალგაზრდული იდეები და ახალგაზრდების ჩართულობა. შეუძლებელია ახალგაზრდული ინიციატივების განხორციელება ახალგაზრდების ჩართულობის გარეშე, როგორვ კი  წლის დასაწყისში ხდება ბიუჯეტის დამტკიცება, მინდა გითხრათ, რომ არასამთავრობო სექტორის ჩართულობა განსაკუთრებით მაღალია. ისინი შედიან სკოლებში და ახორციელებენ სხვადასხვა პროექტს. ასე რომ, ეს თანამშრომლობა მუნიციპალიტეტის მერიას, საჯარო და კერძო სკოლებსა და არასამთავრობო სექტორს შორის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ამჯერად თუ გაქვთ რაიმე პროექტი, რომელშიც ახალგაზრდებს შეუძლიათ ჩართვა?

მე შემიძლია ჩამოგითვალოთ იმ თემატიკის ძალიან მცირე ნაწილი, რაზეც განხორციელდება პროექტები, არაფორმალური განათლების ჭრილში ჯდება ყველაფერი: სამოქალაქო აქტივიზმი, გენდერის თემატიკა, გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება, სკოლის თვითმმართველობა, დიპლომატია და ახალგაზრდები, სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში, ადგილობრივი ახალგაზრდების წახალისება.. ამავე პროგრამის ფარგლებში ჩვენ ვაფინანსებთ შემეცნებით-ინტელექტუალურ გადაცემას “ეტალონი”, ასევე ვაჯილდოებთ 100%-იანი გრანტის მქონე სტუდენტებს.

რას ურჩევდით და უსურვებდით ახალგაზრდებს, რომლებიც არ არიან აქტიურად ჩართულნი არაფორმალურ განათლებაში?

უპირველეს ყოვლისა, ნებისმიერი ურთიერთობა იწყება ინფორმაციის მიწოდებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა ჰქონდეს ყველა ადამიანს, არა მხოლოდ აქტიურ, არამედ ნიტ ახალგაზრდებსაც. გასული წლის დეკემბერში, ჩატარდა ახალგაზრდული ფორუმი, სადაც გორის მუნიციპალიტეტის მერიის ყველა განყოფილებამ, მათ შორის მეც, წარვადგინეთ ანგარიში, თუ რა პროექტები ხორციელდება გორში, რათა ახალგაზრდებს ჰქონდეთ ინფორმაცია კონკრეტული თემატიკის მიმართულებით, რომელ პროგრამას მიმართონ პროექტით. ვფიქრობ, ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესებში,ახალგაზრდების ჩართულობა ბოლო წლებში კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენი ახალგაზრდა მერის წინასაარჩევნო დაპირებაც სწორედ ეს იყო, რომ ახალგაზრდების ჩართულობა მაქსიმალურად უნდა გაზრდილიყო, არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, მაგრამ გეტყვით, რომ ამ მხრივ კიდევ ელოდებათ სიურპრიზები ჩვენს ახალგაზრდებს.

ნინო ბერიანიძე – გორის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების განყოფილების ხელმძღვანელი.

თქვენ ახსენეთ ნიტ ახალგაზრდები, რამდენად მნიშვნელოვანია მათი გააქტიურება და როგორაა ეს შესაძლებელი?

მაღალი აკადემიური მოსწრება არ ნიშნავს, რომ ახალგაზრდა აქტიურია. პირიქით, ხშირად გვაქვს ხოლმე შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდა მხოლოდ აკადემიურ განათლებაზეა ორიენტირებული, მაგრამ სხვა აქტივობებში არაა ჩართული. ამიტომ, ძალიანმნიშვნელოვანია მათი დაინტერესება და ის რომ, თანატოლებმა გაუზიარონ მათ საკუთარი გამოცდილება. ეს საუკეთესო ადვოკატირება და მოტივაციაა ასეთი ახალგაზრდებისათვის. სხვადასხვა ირგანიზაციებს აქვთ უკვე გარკვეული შედეგი ასეთ ახალგაზრდებთან მუშაობის და ვხედავთ, სად იყვნენ ეს ახალგაზრდები და სად არიან ახლა. ამიტომ, საჭიროა სხვადასხვა სერვისებისა და სიკეთეების განახლება.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებთან რამდენად აქტიურად მუშაობს მერია და რა სერვისებს სთავაზობს მათ?

ბევრი პროექტი, რომელიც შემოდის ორიენტირებულია ე.წ საზღვრისპირასოფლებში მცხოვრები ახალგაზრდების განვითარებაზე, რომ მათ არ იგრძნონ უყურადღებობა. ყველასათვის ცნობილია, რომ ქალაქში უფრო არიან განებივრებულები სხვადასხვა სერვისით, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ახალგაზრდები და დევნილები კი მოკლებულნი არიან ამ სერვისებს. ჩვენ მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ ამ პროექტების განხორციელებას და ჩართულობაც იმაზე მაღალია, ვიდრე ჩვენ გვქონდა გათვლილო კონკრეტულ ბენეფიციართა რაოდენობასთან მიმართებაში.

მიუხედავად არსებული შესაძლებლობებისა, ახალგაზრდები ქალაქიდანაც მიდიან, რატომ?

ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ადგილზე დამაგრება, ეს ეხება სამუშაო ადგილებს და ეს არის მთლიანად ქვეყნის პრობლემა. ყველაფერი მოდის ყურადღებიდან, ახალგაზრდები გარკვეული ცოდნისა და გამოცდილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდნენ ქალაქს, მუნიციპალიტეტს, სოფელს… ამისთვის კი საჭიროა მუნიციპალიტეტმა დაანახოს ახალგაზრდებს მათი დაბრუნების მნიშვნელობა და მათ სხვადასხვა სერვისები შესთავაზოსათ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here