ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება, ოკუპირებულ ტერიტორიებთან ერთადაა შესაძლებელი

Share post:

ავტორი: ნათია სიდამონიძე

საქართველოსა და ევროკავშირს შორის აქტიური თანამშრომლობისა და გაზრდილი ევროპული პერსპექტივის ფონზე, საზოგადოებაში სულ უფრო და უფრო მეტად ვრცელდება დეზინფორმაცია და მითები, რომლებიც ძირითადად რუსული ნარატივის ნაყოფია და ემსახურება ევროპის, როგორც მტრის ხატის შექმნას. ყალბი ამბების გავრცელება ერთგვარი ბარიერია ევროპულ გზაზე და დღესდღეობით, ერთ-ერთ დიდ გამოწვევად რჩება. ხშირად რთულია კარგად შენიღბული და ეროვნულ ღირებულებებზე მორგებული მითების რეალობისგან გამიჯვნა.

მრავალთაგან ერთ-ერთი მითი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემასა და ევროკავშირში ინტეგრაციას უკავშირდება. გავრცელებულია მოსაზრება, რომ საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში ვერ გაგრძელდება ოკუპირებული ტერიტორიებით და თითქოსდა ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობა ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარის თქმაა, რაც რა თქმა უნდა, არ შეესაბამება რეალობას და არაა გამყარებული შესაბამისი არგუმენტებით.

რეალურად კი ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს. კერძოდ, აღიარებს ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებს, როგორც საქართველოს შემადგენელ ნაწილებს, რასაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი 2023 წლის 18-19 ივლისს ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომაზე. მხარეებმა იმსჯელეს ევროკომისიის მიერ 2022 წლის ივნისში საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით მომზადებულ მოსაზრებაში გაწერილი 12 პრიორიტეტის განხორციელებაზე. მათგან არცერთი პირობა არ ავალდებულებს საქართველოს უარი თქვას ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უფრო მეტიც, ევროკავშირის მხრიდან კიდევ ერთხელ გაჟღერდა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე, ასევე ევროკავშირის მხრიდან კიდევ ერთხელ ხაზგასმით დაფიქსირდა მზაობა, მხარი დაუჭირონ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

ისმის კითხვა, თუ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის სავალდებულოა, რომ ქვეყანას არ ჰქონდეს ოკუპირებული ტერიტორია, მაშინ რატომ არ განსაზღვრა ეს ევროკომისიამ ერთ-ერთ წინაპირობად და ისეთ საკითხებთან ერთად, როგორიცაა კორუფციასთან ბრძოლა, დეოლიგარქიზაცია, სასამართლოს დამოუკიდებლობა და სხვა. რატომ არ განისაზღვრა 12 – დან ერთ-ერთ პრიორიტეტად ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარის თქმა? იმიტომ ხომ არა, რომ ეს სულაც არაა ევროკავშირის მიზანი და პირიქით, ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას?!  სამართლებრივი თვალსაზრისით, ევროკავშირში გაწევრება ნიშნავს მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით, რა თქმა უნდა, აფხაზეთის და ცხინვალის (ამჟამად ოკუპირებულ) რეგიონებთან ერთად.

ისტორიას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ არსებობს არაერთი ქვეყნის მაგალითი, რომლებსაც ევროკავშირში გაწევრების დროს ტერიტორიული და საზღვრების პრობლემები ჰქონდათ.

მაგალითად, შეგვიძლია განვიხილოთ კვიპროსი, რომელიც 2004 წელს გახდა ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ევროკავშირში კუნძულ კვიპროსის მხოლოდ ბერძნული ნაწილი შევიდა, რადგან რეფერენდუმზე კვიპროსის ბერძნულმა მოსახლეობამ უარი თქვა კვიპროსის თურქულ ნაწილთან შეერთებაზე. არსებულ კონფლიქტს ევროკავშირში ინტეგრაციის არც ერთ ეტაპზე არ დაუყენებია კვიპროსის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ.

გარდა ამისა, ევროკავშირის პირველი გაფართოება ცივი ომისა და საბჭოთა კავშირის დაშლის ფონზე მიმდინარეობდა და თავდაპირველად, ერთ-ერთი ქვეყანა იყო გერმანია, რომლის მხოლოდ დასავლეთ ნაწილი შედიოდა ევროკავშირში, თუმცა არც ამ ფაქტს უმოქმედია ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე.

საბოლოოდ კი მივდივართ დასკვნამდე, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავს, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით, ამჟამად ოკუპირებულ რეგიონებთან ერთად. არსებობს არაერთი ქვეყნის მაგალითი, რომლებსაც ევროკავშირში გაწევრიანებისას ტერიტორიული და საზღვრების პრობლემები ჰქონდათ, თუმცა ამ ფაქტს მათი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის ხელი არ შეუშლია. შესაბამისად, მოსაზრება, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება, ვიდრე მისი ტერიტორიები ოკუპირებულია, არის რუსეთის პროპაგანდისტული მითი და არანაირი საერთო აქვს რეალობასთან.

დაკავშირებული სტატიები

გადაცემა “ფაქტი” – ევროკავშირის სიკეთეები ახალგაზრდებისთვის

როგორ ამოვიცნოთ დეზინფორმაცია, რა გავლენას ახდენს ყალბი ამბები და რა სიკეთეები მოაქვს ევროინტეგრაციას ახალგაზრდებისთვის? - ამ თემაზე საუბრობენ...

ტრენერთა ტრენინგი მედიაწიგნიერებისა და ადვოკატირების შესახებ

მედიაწიგნიერებისა და ადვოკატირების შესახებ ტრენერტა ტრეინინგი ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში მცხოვრებმა ახალგაზრდებამ, მათ...

ტოტალური კონტროლი – ღირსებისა და ზნეობის სახელით

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტმა მუშაობა, "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონთა პაკეტის მიღებით დაასრულა. მმართველი გუნდის წარმომადგენელი დეპუტატების...

საქართველოში, საარჩევნო დარღვევების შესასწავლად, EU – ს “ტექნიკური მისია” ჩამოვა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილებით, საქართველოში ევროკავშირის კომისიის "ტექნიკური მისია" ჩამოვა.  ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს საქართველოს საკითხი, სადაც აღინიშნა,...