ვაშლის ჩიფსები დიციდან-საოკუპაციო ხაზთან გოგონები საწარმოს ამუშავებენ

0
142

მაშინ, როდესაც ახალგაზრდები განვითარების პერსპექტივებს ქალაქში ეძებენ 26 წლის თამარ შეითნიშვილმა ახალი იდეის განხორციელება სოფელ დიცში გადაწყვიტა. ამბობს, რომ მეგობრებთან ერთად ახალი საქმის წამოწყება სურდა, რომლის განვითარების ლოკაცია სწორედ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელი იქნებოდა. 

“ვაშლის ჩიფსი გამორჩეული პროდუქტი იყო: ერთდროულად ინოვაციურიც და სასარგებლოც. თუმცა, ამ ყველაფერს განვითარება სჭირდებოდა. მხარდაჭერა მალევე მოვიპოვეთ, თავდაპირველად, “სტარტაპ საქართველოს” 100 000 ლარის ოდენობის გრანტი მივირეთ, მოგვიანებით კი ახალი პროექტი დავიწყეთ უკვე ევროკავშირისა და CENN-ისმხარდაჭერით. ეს უკვე გულისხმობდა მასშტაბების ზრდას და ხილის გემოებით ვაშლის ჩიფსების წარმოებას, ასევე უნარჩენო წარმოების დაწყებას. ეს გულისხმობს ვაშლის ნარჩენისგან მასის გაკეთებას, რითიც ვქმნით ბაზარზე არსებული ტყლაპის მსგავსს ახალ ინოვაციურ პროდუქტს”,-ამბობს თამარი. 

საწარმო სოფელ დიცში 2017 წელს გაიხსნა და მუდმივად 6 ადამიანი მუშაობს, ხოლო საშუალო პერიოდულობით დაახლოებით 15-მდე ადამიანია დასაქმებული. მისი წარმომადგენლები სამომავლოდ ადგილობრივებისთვის უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნას ფიქრობენ. 

საკუთარ გეგმებსა და ამჟამინდელ საქმიანობაზე თამარი და მისი მეგობრები ადგილზე ჩასულ ჟურნალისტებს ესაუბრნენ. 10-მდე მედიის წარმომადგენელი, მწვანე მეწარმეებს მედიატურის ფარგლებში შეხვდნენ, რომელიც გარემოსდაცვითი ორგანიზაციის, CENN-ის ინიციატივით მოეწყო. მათთან ერთად, საწარმოების მუშაობის გასაცნობად ადგილზე, ხელისუფლების წარმომადგენლებიც მივიდნენ. 

“ვაშლის ჩიფსები” გორის მუნიციპალიტეტში ერთადერთი საწარმო არაა, რომელიც კავკასიის სოციალური ინოვაციების საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა. გამარჯვებულთა შორისაა სოციალური საწარმო “ლიდერიც”. ის ერთ-ერთი პირველი სამკერვალოა რეგიონში, რომელმაც ტექსტილის ნარჩენების გადამუშავების სტრატეგია შეიმუშავა. 2022 წლის მარტის მდგომარეობით,  საწარმომ 24 სოციალურად მოწყვლადი 18-29 წლამდე ახალგაზრდა გადაამზადა, საიდანაც 14 დასაქმდა. 

ტექსტილის ნარჩენებს იყენებს საკერავ მასალად კიდევ ერთი საწარმო “ბამანე”. გარემოსდაცვითი მისიის გარდა, საწარმოს სოციალური მისიაც აქვს, რაც მოწყვლადი ქალების დასაქმებას და მათ რესოციალიზაციას გულისხმობს. ამჟამად სამკერვალოში 6 ადგილობრივი ქალია დასაქმებული.

ადგილობრივი ქალები დაასაქმა გორის მუნიციპალიტეტში ყვავილების სათბურმა “ფლორა-ვილ”. ის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გარეჯვარში მდებარეობს. 

“ჩემი მიზანია დავასაქმო ახალგაზრდები და განსაკუთრებით ქალები, რათა უფრო მეტად გავძლიერდეთ. სოფლად მცხოვრებ ქალებში ნამდვილად არსებობს განვითარების პოტენციალი და აუცილებელია, რომ ჰქონდეთ მათ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების საშუალება. ქალბს შეგვიძლია ვიყოთ ლიდერები და მივაღწიოთ არაერთ წარმატებას”, – ამბობს საწარმოს ხელმძღვანელი, ნათია ირემაძე.

This image has an empty alt attribute; its file name is Untitled-design-5-1024x576.jpg
“ფლორა-ვილის”და სამკერვალო “ლიდერის” ხელმძღვანელები: ნათია ირემაძე და ნინო გიორგაძე

მედიატურის შედეგად აღმოჩნდა, რომ საწარმოებში ძირითადად ქალები არიან დასაქმებულები, ხელმძღვანელი პირები/მწვანე მეწარმეებიც ასევე ქალები არიან.

მედიატურის ფარგლებში მისმა მონაწილეებმა გორში “ინოვაციური ჰაბიც” დაათვალიერეს, მისი ფუნქციური დატვირთვის​ შესახებ კი ინფორმაცია CENN-ის წარმომადგენლებისგან მიიღეს. მათი განმარტებით, გორთან ერთად მსგავსი სივრცეები ახმეტასა და ნინოწმინდაშიც გახსნეს, სადაც ადგილობრივი ახალგაზრდები ამა თუ იმ თემისთვის მნიშვნელოვან გარემოსდაცვით თუ სოციალურ კამპანიებსა და პროექტებს ახორციელებენ. 

“ინოვაციური ჰაბი” გორში

გარემო პირობების გაუმჯობესება, სოციალური მეწარმეობისა და მწვანე ინოვაციების განვითარებისთვის, ევროკავშირის აღნიშნული პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. ამ დრომდე საქართველოში სულ 13 სოციალური მისიის მქონე საწარმო დაფინანსდა. 

“მწვანე და სოციალური კომპონენტი ევროკავშირისთვის ძალიან მნიშნელოვანია. ევროკავშირის ამ პროგრამის მთავარი პრიორიტეტები ახალგაზრდების დასაქმება, მათში სამეწარმეო უნარების განვითარება და მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობაა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პროექტი, რომელსაც ახორციელებს CENN, სრულად მოიცავს ამ სამ პრიორიტეტს”,- აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ახალგაზრდობის პროგრამის ხელმძღვანელმა, ნინო სამველიძემ. 

თავის მხრივ, კავკასიის გარემოსდაცვით ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ ახალგაზრდების და განსაკუთრებით ქალების ჩართულობა აღნიშნულ საქმიანობაში ორმაგად მნიშვნელოვანია კონფლიქტის ზონასთანა ხლოს მდებარე რეგიონში.

უნდა აღინიშნოს, რომ შიდა ქართლიდან, სადაც საოკუპაციო ხაზთან 56 სოფელი მდებარეობს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ახალგაზრდების მასიური გადინება შეინიშნება. ნაწილი ამას უსაფრთხოების ზომებს უკავშირებს, ზოგიერთი კი სოფლად განვითარების პერსპექტივებს ვერ ხედავს. შექმნილი ვითარების მიუხედავად, ადგილზე რჩებიან “ვაშლის ჩიფსების” მწარმოებლების მსგავსი ახალგაზრდები, რომლებიც ცხოვრებას არ უშინდებიან და ამის მაგალითს სხვებსაც აძლევენ. საოკუპაციო ხაზთან მდებარე საწარმოოს წარმატებული მომავალი შეიძლება ითქვას, რომ ადგილობრივების  კეთილდღეობასაც ნიშნავს. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here