ვიზუალიზაციის ტრენინგის შემდეგ NeoFest-ის მონაწილეები ინფოგრაფიკებს მოამზადებენ

0
148

NeoFest-ის მონაწილეებს მონაცემთა ვიზუალიზაციის შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ. გამოცდილება მათ ForSet-ის მკვლევარმა, ალექსანდრა შალიბაშვილმა გაუზიარა. მისი განმარტებით, მონაცემების გრაფიკული გამოსახვა ადამიანს ინფორმაციის უკეთ აღქმაში ეხმარება, ამიტომ ვიზუალიზაციის გამოყენებით ამბის თხრობა ბევრად მარტივი და ეფექტურია მომხმარებლისთვის.

ონლაინ შეხვედრაზე ტრენერმა ვიზუალიზაციის ნიმუშები წარმოადგინა და იმ თანმიმდევრულ ეტაპებზე ისაუბრა, რაც ნაშრომის შექმნამდე აუცილებლად გასავლელი და დასამუშავებელია. დამსწრეთა უმავლესობა მსგავსი სახის ტრენინგს პირველად ესწრებოდა, ამიტომ მათთვის თითოეული ინფორმაცია, რაც შეხვედრაზე მოისმინეს, როგორც თავად ამბობდნენ, მეტად საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდა.

“ძალიან საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია მივიღეთ ნამდვილად, მსგავსი სახის ინფორმაცია არასდროს მიმიღია და ვიმედოვნებ, რომ ამ პროექტის გარეთაც ვისარგებლებ აღნიშნულით. მითუმეტეს დღევანდელ ცხოვრებაში ისეთი პრაქტიკული მასალაა, რომ დარწმუნებული ვარ ყოველთვის გამოვიყენებთ. რაც შეეხება ტრენერს იყო საკმაოდ დადებითი პოზიტიური ადამიანი საკუთარი საქმის პროფესიონალი, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ასეთი საინტერესო და შემეცნებითი სესიის ჩატარებისთვის”, – აღნიშნა ტრენინგის ერთ-ერთმა მონაწილემ მარიამ გაბლიშვილმა.

პროექტში საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები და დევნილი გოგონები/ქალები მონაწილეობენ, რომლებიც NeoFest-ისთვის ვიზუალურ მასალებს ქალთა ცხოვრებაზე მოამზადებენ. ივნისში კი ტრენინგს მათთან ForSet-ის კიდევ ერთი ექსპერტი, ლალი ცერცვაძე ჩაატარებს. მომდევნო შეხვედრის თემა კოპირაითინგი იქნება, რომელიც სრულყოფილი ვიზუალიზაციის განუყოფელი ნაწილია.

“ნეო ტვ-ის პროექტის ფარგლებში ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა ვიზუალიზაციის საკითხზე, არანაკლებ მნიშვნელოვანი ტრენინგი გველის მომდევნო თვესაც, სადაც უკვე ინფოგრაფიკების ტექსტების მომზადებას ვისწავლით. შეიძლება ითქვას, მონაცემთა ვიზუალიზაციაზე უკვე გვაქვს საბაზისო ცოდნა და დარწმუნებული ვარ, კოპირაითინგის ტრენინგის შემდეგ შექვმნით ძალიან საინტერესო ნამუშევრებს. ვფიქრობ ეს ისეთი საკითხებია, რომლებიც სამომავლოდ სხვადასხვა საქმიანობაშიც გამოგვადგება. მონაცემების ვიზუალიზაცია მკითხველის მოკლე დროში ინფორმირებაში დაგვეხმარება”, -აღნიშნა შეხვედრის მონაწილემ, მერი ტაბატაძემ.

სატრენინგო კურსი პროექტის მონაწილეებისთვის მაისის პირველი კვირიდან დაიწყო, რა დროსაც ინფორმაცია კიბერუსაფრთხოების თემაზე მიეწოდათ. პარალელურად, ნეო ტვ-მ პროექტის ფარგლებში ახალი გადაცემა “ნეოლაბი” დაიწყო, სადაც NeoFest-ის მონაწილეები მიღებული ცოდნისა და გამოცდილების შესახებ ისაუბრებენ და მაყურებელს პერიოდულად ფესტივალის მზადების პროცესს გააცნობენ.

პროექტი შიდა ქართლის რეგიონში “ფონდი ტასოს” მხარდაჭერით ნეო ტვ-ის მიერ ხორციელდება, რომელიც წლის ბოლოს NeoFest-2022-ით დასრულდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here