დღევანდელ ტექნოლოგიურ ეპოქაში, როდესაც თითქმის ყველა თემა ახალი თაობისთვის მარტივად ხელმისაწვდომია, რიგი საკითხები მაინც ტაბუდადებული რჩება. მაგალითად, რეპროდუქციული ჯანმრთელობა, სქესობრივი გზებით გადამდები დაავადებები, სექსუალური შევიწროება და ა.შ. – ის საკითხებია, რომლებზეც არა მხოლოდ მშობლები უნდა ესაუბრებოდნენ მოზარდებს, არამედ საგანმანათლებლო დაწესებულებებიც უნდა უწყობდნენ ხელს მოზარდ-ახალგაზრდების ინფორმირებულობას ყოვლისმომცველი სექსუალური განათლების მიწოდებით; რომლის არ არსებობის პირობებში ქვეყანაში დიდი როლს თამაშობს არაფორმალური განათლება.
არაფორმალური განათლების ერთ-ერთი მეთოდოლოგიაა თანასწორი-თანასწორს მიდგომა. ასოციაცია HERA XXI 20 წელზე მეტია ყოველწლიურად ამზადებს თანასწორ-განმანათლებლებს და პასუხობს ქვეყანაში არსებულ პრობლემას: ახალგაზრდებში დაბალი ინფორმირებულობის დონე სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების მნიშვნელობის შესახებ. ისინი ამ საკითხთან მიმართებაში გაუცხოებულ დამოკიდებულებას იჩენენ და რიგ შემთხვევებში მათი წარმოდგენა გულუბრყვილოა რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართ. (ასოციაცია HERA XXI, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი, 2018);
„არაფორმალური განათლება იძლევა ისეთ უნარებს, რაც ცხოვრების გზაზე საჭირო და მნიშვნელოვანია. ურთიერთობებში არ უნდა არსებობდეს ტაბუდადებული თემები და ინფორმირებულობა ადრეული ასაკიდანვე უნდა ხდებოდეს, ჯანსაღად მოაზროვნე თაობების მისაღებად. სწორედ HERA XXI -ია ის ლიდერი ორგანიზაცია, რომელმაც პირველმა გააჟღერა ხმამაღლა ის საკითხები, რომლებსაც საზოგადოებაში არ ჰქონდა დიდი გამოხმაურება. მოზარდებს უჩნდებათ გარკვეული შეკითხვები, თუნდაც გარდატეხის ასაკში და არ აქვთ პასუხები, ერიდებათ საუბარი, ასოციაცია HERA XXI-მა მისცა მათ საშუალება თამამად და ღიად განიხილონ ასეთი თემები და მიაწოდონ შესაბამისი ინფორმაცია”, – ამბობს HERA XXI -ის იმერეთის ახალგაზრდული თემის მობილიზატორი, თეა მარგველაშვილი.
მონიკა როხვაძე, ქუთაისის თანასწორგანმანათლებელია და სესიები მან მე-9-მე 11 კლასის მოსწავლეებთან, ჯამში 150 ახალგაზრდასთან მოაწყო.
„ახალგაზრდები ერთმანეთის გაძლიერებაზე უნდა ვფიქრობდეთ და სწორედ ამ მიზნით შევუერთდი ასოციაცია HERA XXI-ის თანასწორგანმანათლებელთა გუნდს, რის შედეგადაც მომეცა საშუალება, როგორც საკუთარი თავის განმევითარებინა, ისე ჩემი თემის ახალგაზრდების გააქტიურებასა და წარმატებაში წვლილის შეტანის. ინტენსიურად ვესაუბრებოდი ჯანსაღი ცხოვრების წესზე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების თავიდან აცილების საშუალებებზე, ვფიქრობ მიღებული ცოდნა მათ აუცილებლად გამოადგებათ მომავალში უსიამოვნო შემთხვევების აღმოსაფხვრელად“,-აღნიშნა ქუთაისის თანასწორგანმანათლებელმა მონიკა როხვაძემ.
ქუთაისელ ახალგაზრდებთან შეხვედრები გენდერულ თანასწორობასა და ოჯახში ძალადობის შესახებაც აქტიურად მიმდინარეობდა. კიდევ ერთი თანასწორგანმანათლებელი, მარიამ ნუცუბიძე თვლის, რომ შეხვედრების შედეგად ადგილობრივმა ახალგაზრდებმა მნიშვნელოვანი ბარიერები დაძლიეს და აქამდე მათთვის უხერხულ თემებზე საუბარი შეძლეს.
„შეხვედრის პირველ წუთებში ბავშვებს ერიდებოდათ საკუთარი მოსაზრებების ღიად დაფიქსირება, ისეთ თემებზე, როგორიცაა სექსუალური შევიწროება, ძალადობა, თუმცა თანდათანად გაიხსნენ და საუბრისას მეტად მნიშვნელოვანი აქცენტები გააკეთეს. უნდა აღინიშნოს, რომ რთული იყო მათი ჩართვა და აყოლიება ამ საკითხების განხილვისას. როდესაც პრეზენტაცია გავხსენი და დავიწყე რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ საუბარი, გაკვირვებულები იყურებოდნენ, ალბათ ოჯახის გავლენების შედეგად ეს ტაბუდადებული თემები იყო მათთვის. ახალგაზრდებს უჭირდათ საუბარი ამ საკითხზე, მაგრამ როდესაც ავხსენით, რომ ამ ყველაფერის ცოდნა აუცილებელია ჯანსაღი მომავლისათვის, თანდათანობით დაიწყეს მსჯელობა და აზრის გამოთქმაც ამ საკითხებზე“, – იხსენებს მარიამ ნუცუბიძე.
თანასწორ-განმანათლებელთა სასწავლო კურსს „ყველაფერი ერთ სასწავლო კურსში“, რომელიც შემუშავდა და ადაპტირდა UNAIDS-ის, WHO-ს, WAS-ის და UNESCO-ს სტანდარტების შესაბამისად, ასოციაცია ,,HERA XXI“ ყოველწლიურად ახორციელებს და მასში კონკურსის წესით შერჩეული ახალგაზრდები , საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მონაწილეობენ. კურსის ფარგლებში ახალგაზრდები იძენენ როგორც თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რადგან სასწავლო პროგრამა მოიცავს არა მხოლოდ რეპროდუქციული ჯანმრთელობის, უფლებებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის საკითხებს, არამედ ტრენერთა ტრენინგის კომპონენტს და მის შემდგომ პრაქტიკულ ნაწილსაც. შესაბამისად, ასოციაციას ჩამოყალიბებული აქვს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე თანასწორ- განმანათლებელთა ქსელი, რომელიც ასეულობით ახალგაზრდას სწორედ თანასწორ-განმანათლებლობის პრინციპით აერთიანებს და მოხალისეობრივად უზიარებს შესაბამის ცოდნას და გამოცდილებას. ასოციაცია HERA XXI-ის მიერ გადამზადებული თანასწორ-განმანათლებლები თემატურ სესიებს თავიანთ თემში ატარებენ, როგორც ცოცხალ რეჟიმში, ისე დისტანციურად და მონაწილეებს დამატებით აწვდიან ინფორმაციას ასოციაცია HERA XXI-ის ახალგაზრდებისადმი კეთილგანწყობილი დისტანციური სერვისების შესახებ.
„როდესაც ჩემს თანატოლებს ვესაუბრები ისეთ თემებზე, რომლებიც საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ტაბუდადებულია, მეტად იხსნებიან, თამამად საუბრობენ, არ აქვთ დისკომფორტი და არ კომპლექსდებიან,რადგან თავიანთ თანატოლთან უწევთ კომუნიკაცია და არა უფროსს პირთან, როგორც წესი უფროსებთან მოზარდ-ახალგაზრდებს სენსიტიურ თემებზე საუბარი უჭირთ“,-ამბობს თანასწორ-განმანათლებელი გორიდან, თამარ ჯანეზაშვილი.
„ჩვენი თანასწორ-განმანათლებლები ველზე მუშაობისას საკმაოდ ეფექტურ მეთოდებს იყენებენ. მათ მიერ ჩატარებული საინფორმაციო შეხვედრები მდიდარია როგორც თეორიული მასალით, ასევე ვიზუალური და პრაქტიკული ნაწილით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ასოციაცია ,,HERA XXI” – ის მიერ მოპოვებული ,,AMAZE-ს საერთაშორისო ჯილდო, რომლის ფარგლებში ასოციაციის მიერ, 2022 წლიდან დღემდე ითარგმნება და იქმნება ანიმაციური ვიდეოები რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და ცხოვრების ჯანსაღ წესთან დაკავშირებით. ანიმაციები შექმნილია სპეციალურად მოზარდებისთვის, მათთვის მარტივად გასაგები ვიზუალითა და სასაუბრო ენით. სწორედ ამ ანიმაციების საშუალებით ჩვენს თანასწორ-განმანათლებლებს ძალიან უმარტივდებათ თანატოლებთან კომუნიკაცია და შეხვედრების უფრო სახალისოდ, საინტერესოდ წარმართვა“,-განმარტავს, ასოციაცია „HERA XXI“ – ის თანასწორ-განამანათლებლების მენტორი, ხატია ხაბაშვილი.
არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ ახალგაზრდები უფრო გახსნილები თავიანთ თანატოლებთან არიან და ღიად შეუძლიათ საერთო ენის საფუძველზე, სენსიტიურ თემებზე მსჯელობა. ასოციაციამ ამ მეთოდოლოგიით 700-მდე ახალგაზრდა გადაამზადა, 5000-ზე მეტი საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრით თბილისის, იმერეთის, კახეთის, სამეგრელოს, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის და ქვემო ქართლის სოფლებსა და ქალაქებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, მათ შორის იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ დასახლებასა და გამყოფ ხაზთან მდებარე რეგიონში.
თანასწორი-თანასწორს განათლების მიზანია, ახალგაზრდებისთვის მოტივაციისა და ქცევის შეცვლა. მათ ცხოვრებაში ცვლილებების განხორციელებით, მათ რწმენასა და ქცევაზე დადებითი ზემოქმედებით. აღნიშნული მეთოდი, საშუალებას აძლევს ადამიანებს (რომლებსაც აქვთ რაღაც საერთო კერძოდ: ასაკი, სქესი, სოციალური ჯგუფი, პროფესია ან როლი) დაუკავშირდნენ ერთმანეთს ცოდნის გადაცემის ან უნარების სწავლების მიზნით.
თანასწორი-თანასწორს განათლება ეხმარება ახალგაზრდას განვითარებასა და, ისეთი თვისებების გაძლიერებაში, როგორიცაა თავდაჯერებულობა, პასუხისმგებლობა, რაციონალურ/ კრიტიკული აზროვნება და ა.შ. ამასთან ერთად, ხელს უწყობს საკომუნიკაციო ლიდერული და ორგანიზაციის მართვის უნარ ჩვევების შეძენასა და განვითარებაში. თანატოლი-თანატოლს განათლება ახალგაზრდებს უბიძგებს ისწავლონ და იაზროვნონ განსხვავებულად და მაქსიმალურად გაამახვილონ ყურადღება მოსახლეობის დაუცველ ჯგუფების (როგორიცაა: ღარიბი, მარგინალიზებული და სოციალურად გარიყული ახალგაზრდები) საჭიროებებზე.
თანასწორი-თანასწორს განათლება და ინფორმაცია და მის სიმარტივეშია. ვის გაუხსნიდით გულს თქვენ პირად სექსუალურ ცხოვრებაზე გარდა მეგობრის? ალბათ ვისაც იცნობთ და ენდობით ან, ვინც არის მსგავს გარემოებაში ან, აქვს მსგავსი გამოცდილება?
ზუსტად ამ მიზნით თანასწორი-თანასწორს კონცეფცია რჩება ინოვაციურ კონცეფციად ბოლო ოცდახუთი წლის განმავლობაში და, აერთიანებს ახალგაზრდებს და სხვა სოციალურ ჯგუფებს და, აძლევს მათ საკუთარი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას, უკეთესი მომავლისთვის.-ამბობს ასოციაცია HERA XXI-ის აღმასრულებელი დირექტორი.