იტალიის ქალაქ ფლორენციაში, საბავშვო სამოსის საერთაშორისო გამოფენა გაიმართა, სადაც მონაწილეობა გორიდან ბრენდმა “ლიმომ” მიიღო. ის 7 ქართულ კომპანიასთან ერთად იყო წარმოდგენილი, რომელიც გამოფენაზე დასასწრებად სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ორგანიზებით და მხარდაჭერით შეირჩა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ქართულმა ნაწარმმა განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა იტალია, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ისრაელი და ა.შ. ქართულმა კომპანიებმა ადგილზე შეძლეს ორი შეკვეთის აღება ისრაელიდან და ალბანეთიდან. მათ ასევე ეწვია საქართველოს ელჩი იტალიაში, კონსტანტინე სურგულაძე და გამოფენის დირექტორი, რაფაელ ნაპოლეონე.
გამოფენაზე ქართული 2 ბრენდი, Woox და Lemo პრემიუმ კლასის სივრცეში მოხვდა, სადაც განთავსებულია ცნობილი ბრენდები: Dolce &Gabbana, Moncler, Tommy Hilfiger, Crocs და ა.შ
ბრენდი “ლიმო”ს წარმოებას უზრუნველყოფს სოციალური სამკერვალო საწარმო “ლიდერი”, რომელიც მდებარეობს ქ. გორში და იქ მაცხოვრებელ სოციალურად მოწყვლად ქალებს ასაქმებს.
“პირველივე ცდაზე მოვხვდით ისეთი დიდი ბრენდების გვერდით, როგორიცაა „დოლჩე და გაბანა“, „ტომი ჰილფიგერი“, „ქროქსი“ და ა.შ. ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა შევხვდეთ საერთაშორისო იმპორტიორებს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. წარმატებული შეხვედრები გვქონდა სამხრეთ კორეის, ნიდერლანდების, ირლანდიის, ამერიკის და იტალიის ბაიერებთან, რომლებიც დაინტერესდნენ ჩვენთან თანამშრომლობით და დაიწყეს მოლაპარაკებები, მზად ვართ განვახორციელოთ ჩვენი პროდუქციის ექსპორტი აღნიშნულ ქვეყნებში, რაც გააძლიერებს ჩვენი ქალაქის, რეგიონის და ქვეყნის ეკონომიკას”, – აღნიშნა “ლიმო”-ს დამფუძნებელმა, ნინო გიორგაძემ.
გამოფენას, Pitti Immagine Bimbo ყოველწლიურად 10 000 ვიზიტორი სტუმრობს. ღონისძიებაში 500-მდე საერთაშორისო ბრენდი იღებს მონაწილეობას და მას მსხვილი ბრენდების წარმომადგენლები და მულტინაციონალური ვიზიტორები ესწრებიან.