“თუ ღმერთს უნდა შენი ბედნიერება, იგი წაგიყვანს რთული გზებით, რადგან მარტივ გზაზე ბედნიერება არ შეგხვდება” – ამბობდა დალაი ლამა.
ჰო, ასეა. სწორედ რომ რთულად სავალ და გაუკვალავ გზაზე სიარულს მოაქვს ადრენალინი, მუდმივი ხიფათის შეგრძნება და გარემოებები სადაც დარწმუნებული ვერაფერში იქნები, სადაც შენით უნდა გამოიკვლიო – რა როგორ მუშაობს და დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილებები, რადგან მრჩევლად ვერავინ გამოგადგება.
ხიფათის არსი იმაში კი არ არის, რომ გზაზე დაბრკოლებები, ხაფანგები და უამრავი იმედგაცრუება შეგხვდება, არამედ თუ რამდენად შეძლებ გადალახო თავსმოხვეული, დასწავლილი შიშები და სიზარმაცეები, რომლებითაც დაუზარლად გამარაგებდა გარემომცველი სამყარო ცხოვრების განმავლობაში.
როდესაც დაეცემი აუცილებლად მოვა ფიქრი – თუკი წამოვდგები, ხომ ისევ უნდა წავიქცე, იქნებ მეყოს ბრძოლა და დავკმაყოფილდე იმით, რაც ახლა მაქვს. მერე რა რომ წუმპეა, მერე რა, რომ ვეღარ განვვითარდები და წყვდიადში დავრჩები – განა ასე არ ცხოვრობს ადამიანების უმეტესობა?!
საცდურებს შორის ისიცაა, რომ დანებებულ ადამიანს განუზომლად დიდი მხარდაჭერა აქვს ვიდრე მებრძოლს. შენ თუ დაიწყებ წუწუნს, რომ ნიჭი გაქვს, მაგრამ პატრონი არ გამოგიჩნდა, სცადე, მაგრამ წაიქეცი, რომ არაფერს აზრი არ აქვს და ცხოვრება ერთი დიდი ჭაობია. დამიჯერე უამრავი ადამიანი გამოჩნდება, ვინც შეგიცოდებს, ვინც თავს გააქნევს და იტყვის – ამას რომ პატრონი ჰყოლოდა….
გვესმის, რომ ერთი საქმე უნდა ვაკეთოთ, არ უნდა მივედ-მოვედოთ ყველაფერს. მართალია, საბოლოოდ ერთი საქმე უნდა ავირჩიოთ, რომელიც ენერგიით და სიხარულით გვავსებს და მივდიოთ მას, თუმცა საიდან უნდა მივხვდეთ, თუ რა არის ის ნამდვილი საქმე? ჩვენ ხომ ნულოვანი ცნობიერებით ვევლინებით ამ სამყაროს და შემეცნების გზით ვსწავლობთ ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ.
სკოლის ასაკში არქეოლოგობა მინდოდა, მოზარდობაში იურიდიული განათლება ავირჩიე და გავყევი კიდეც მაგისტრის ხარისხამდე. შუალედში ჟურნალისტად დავიწყე მუშაობა, სხვადასხვა მედიასაშუალებაში ვცადე ბედი, ბოლოს ჩემი ინტერნეტ გამომცემლობაც გავაკეთე ,,იბერიანიუსი’’. ვიყავი არასამთავრობო სექტორში, აქაც რამდენიმე ორგანიზაციაში ვიმუშავე, ჩემი ორგანიზაციაც დავაფუძნე ,,მომავლის ინიციატივა’’. ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელე გარემოსდაცვითი და საგანმანათლებლო მიმართულებით, მაგრამ არც აქ იყო ჩემი საბოლოო დანიშნულების წერტილი.
საჯარო სამსახურში ჯერ იურისტად და შემდეგ საფინანსო მიმართულებითაც ვცადე ძალები. საბოლოოდ, ყველაფერი მივატოვე და მეწარმეობას მოვკიდე ხელი. ყველა საქმე, რაც ვცადე თავისებურად საინტერესო იყო და დიდი გამოცდილება მომცა, რომ აღარაფერი ვთქვათ სანაცნობო წრის უკიდურესად გაფართოებაზე, თუმცა ყველაზე დიდი ინტერესი და ვნება ზუსტად მეწარმეობამ მომიტანა.
დარწმუნებით იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ეს ინტერესი აღმოჩნდება საბოლოო ,,ცხოვრების საქმე’’. თუმცა, რომ არ მეცადა სხვა დანარჩენი, ვერასოდეს მივხვდებოდი, რა იყო ჩემი საუკეთესო გამოცდილება დღემდე.
სამი კატეგორიის ადამიანი არსებობს: ვინც დიპლომი აიღო და სჯერა, ყველაფერი იცის ამ ქვეყანაზე. ვინც ამასთან ერთად სამსახური იშოვნა და გარკვეულ სტატუსსაც მიაღწია საზოგადოებაში და ფიქრობს, რომ ესაა ყველაფერი და მესამე – ადამიანი, რომელიც მუდმივად ვითარდება ცხოვრების ბოლომდე, მუდამ ხვეწს კომპეტენციებს და ხვდება, რომ სამყაროსეული ცოდნის და გამოცდილებებისთვის გემოს გასასინჯად ერთი ცხოვრება არ ეყოფა.
თუ გადაწყვიტე, რომ მესამე კატეგრიას ეკოთვნოდე, რამდენიმე იარაღი დაგჭირდება ამ გზაზე სავალად: თავისუფლებისკენ და სამართლიანობისკენ სწრაფვა, ფინანსური და ემოციური დამოუკიდებლობა და ყველაზე მთავარი- უპირობო სიყვარული, რადგან უამრავი დაბრკოლება შეგხვდება, ბევრს გატკენენ, ხელს შეგიშლიან, თვითშეფასებას დაგიქვეითებენ, გაგწირავენ, ერთადერთი, რაც შურისძიებაზე, სამაგიეროს გადახდაზე უარს გათქმევინებს და ყველაფერზე ზემოთ დაგაყენებს ეს სიყვარულია.
გაგიზიარებთ წარმატების პატარა საიდუმლოს: არ არსებობს უმნიშვნელო საქმე, ნებისმიერი მოქმედებას მოსდევს ხილული თუ უხილავი შედეგი. შეეცადე იყო შენთვის საყვარელ სფეროში, მიიღო გამოცდილება, გაიცნო საინტერესო ადამიანები, დაუშვა შეცდომები, თავს უფლება მიეცი ფუფუნების, მოგზაურობის და თავგადასავლების, ხშირად გაიღიმე და შეაქე საკუთარი თავი მცირედი მიღწევისთვისაც კი.
ბადრი ციქუბაძე