ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შესახებ მითები ჩვენს საზოგადოებაში მყარადაა ფესვგადგმული და ყოველდღიურად არაერთ რეალობას აცდენილ დეტალებს ვისმენთ, როგორც საზოგადოების მხრიდან ისე პრორუსული არხებიდან თუ სოციალური ქსელებიდან, განსაკუთრებული შიშს მათში საქართველოს ნატოში გაწევრიანდების საკითხი იწვევს. მათი აზრით, ჩვენს ტერიტორიაზე განთავსდება ბაზები და საქართველო სამხედრო პოლიგონად გადაიქცევა. ამ და სხვა მითებთან დაკავშირებით ნეო ტვ-სთან საიფნორმაციო ომის მკვლევარმა, დავით ძიძიშვილმა ისაუბრა.
“ნატოს წესდება პირდაპირ არეგულირებს ამ საკითხს და ამბობს, რომ თუ თქვენ გაქვთ სურვილი,რომ ნატოს წევრი რომელიმე ქვეყნის ბაზა განთავსდეს თქვენს ტერიტორიაზე, ეს ასე მოხდება, მაგრამ თუ ეს თქვენ არ გინდათ მაშინ, ამას ვერავინ გაიძულებთ. ანუ,მთლიანად წევრ სახელმწიფოზეა დამოკიდებული განთავსდება თუ არა მის ტერიტორიაზე რომელიმე სხვა, ნატოს წევრი, ქვეყნის სამხედრო ბაზა”.
ამასთან, ხშირ შემთხვევაში, საზოგადოება ვერ იაზრებს რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს ნატოს, რომელიმე წევრი ქვეყნის ბაზების განთავსებამ საქართველოს. სწორედ ესაა ამ შიშისა და მიუღებლობის ერთ-ერთი მიზეზიც.
“რატომ უნდა განთავსდეს ან არ განთავსდეს რომელიმე უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზები,თქვენს ტერიტორიაზე. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნების ტერიტორიაზე არის რამდენიმე ქვეყნის სამხედრო ბაზა, განსაკუთრებით სამხედრო-საჰაერო ძალები, იმიტომ, რომ როგორც იცით ბალტიისპირეთი ძალიან ახლოსაა და ესაზღვრება კიდეც რუსეთის ფედერაციას და რადგან ფინანსურად არ ჰქონდა რესურსი ბალტიის სამ ქვეყანას იმისა, რომ ძლიერი საჰაერო თავდაცვის ელემენტის პარალელურად ძლიერი საჰაერო ელემენტიც ჰქონოდა ანუ თვითმფრინავები შეენახა, პილოტები მოემზადებინა და ა.შ, ნატო აძლევს მათ იმის შესაძლებლობას რომ ცა ჰქონდეთ დაცული, ამიტომ რიგრიგობით სხვადასხვა ქვეყნის სამხედროები მორიგეობენ ბალტიის ცაში და ამით აკონტროლებენ საზღვრებს”.
როდესაც მითებზე ვსაუბრობთ არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ისიც, რომ ხშირად,საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც პრორუსულ საზოგადოებასთანაა გაერთიანებული, აქტიურად ცრუობს საქართველოს ნატოში გაწევრიანების პირობებსა და იმ საკითხებზე, რომლებსაც ნატო-საქართველოს ურთიერთობაში ვაწყდებით. ხშირ შემთხვევაში იმ სიტუაციას,რომელიც ახლაა შექმნილი ხალხის შესაშინებლად იყენებენ და ამბობენ, რომ საქართველო ვერასდროს შეძლებს გახდეს ნატოს ანუ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი.
“სანამ ყველა ის სისუსტეა,რომელზეც ნატო საუბრობს, არ იქნება იმ დონეზე განვითარებული,რაც ნატოს წევრ სახელმწიფოებს მოეთხოვებათ,მანამდე ძალიან რთულია იმის თქმა, რომ შენ ყველაფერი გააკეთე და ახლა ნატოსგან რაღაც სხვა ტიპის გადაწყვეტილებას ელოდები. ხშირად ახსენებენ ხოლმე, რომ მაგალითად სანამ ოკუპირებული რეგიონები გვაქვს, მანამდე ნატოს წევრი ვერ გავხდებით და ამ მითის გავრცელებას, რუსეთის ფედერაცია აფინანსებს კიდეც…რატომ ვერ ვართ ჯერ ნატოს წევრები?იმიტომ რომ ბევრი რამე გვაქვს ჯერ გასაკეთებელი, რაზეც ნატო ღიად საუბრობს კიდეც. ეს არის დაწყებული პოლიტიკურ სისტემაში მიმდინარე რეფორმებით, დამთავრებული სასამართლო რეფორმებით, რომ ნატო არ არის მხოლოდ სამხედრო ორგანიზაცია, ესაა სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, რომელიც თავის თავში გულისხმობს, რომ, შენ თუ სამხედრო ორგანიზაციის წევრი ხარ, პოლიტიკური სისტემაც უნდა გქონდეს ისეთი, როგორიც დასავლურ და დემოკრატიულ სახელმწიფოს ეკადრება და შეშვენის”, – აღნიშნა დავით ძიძიშვილმა.