რას ნიშნავს მიგრაცია? მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ადამიანის გადაადგილება ქვეყნის შიგნით ან მის საზღვრებს გარეთ, რასაც შესაძლოა, ჰქონდეს, როგორც დროებითი, ასევე მუდმივი ხასიათი. ამ პრობლემის აქტუალურობას ადასტურებს ისიც, რომ საქსტატის მონაცემების თანახმად, საქართველოს რეგიონებში მოსახლეობის რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება. პრობლემის ერთ-ერთი განშტოება კი ახალგაზრდების შიდა მიგრაციაა. შესაბამისად, ჩემს ბლოგში ვისაუბრებ სწორედ ახალგაზრდების შიდა მიგრაციის პრობლემაზე, მის გამომწვევ მიზებსა და გადაჭრის გზაზე, უშუალოდ შიდა ქართლის რეგიონის მაგალითზე.
ახალგაზრდების შიდა მიგრაცია შესაძლოა, მრავალი მიზეზით იყოს განპირობებული, მაგალითად დედაქალქში განათლების მიღების, დასაქმების კუთხით შესაძლებლობების გაზრდის ან სულაც დამოუკიდებლობის მოპოვების სურვილით. თუმცა, ვფიქრობ, ეს მიზეზები ძირითადად ახალგაზრდების დაბალი ინფორმირებულობით და სტერეოტიპული დამოკიდებულებებითაა განპირობებული.
რელურად, არ აქვს მნიშვნელობა სწავლობ დედაქალაქში, თუ რეგიონში, მთავარია რამდენად ხარისხიანად მუშაობ საკუთარ პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე. ხარისხიანი განათლების მიღება და სტუდენტობის პერიოდში პროფესიული გამოცდილების დაგროვება კი შრომის ბაზარზე ბევრად უფრო კონკურენტუნარიანებად გვაქცევს, ვიდრე სხვა ახალგაზრდებს, რომლებიც შესაძლოა დედაქალაქში სწავლობდნენ, თუმცა განათლების მიღებას და პროფესიულ განვითარებას ნაკლებ დროს უთმობდნენ. ყველა ვთანხმდებით, რომ ნებისმიერ დამსაქმებელს სწორედ კონკურენტუნარიანი კადრი სჭირდება, შესაბამისად, ხარისხიანი განათლების საფუძველზე მოპოვებული სამსახური ჩვენ, ახალგაზრდებს დამოუკიდებლობასაც გვანიჭებს.
იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა არჩევანის წინაშე დგახართ და შიდა ქართლის რეგიონიდან დედაქალაქში წასვლას სწორედ ზემოთ ნახსენები მიზეზების გამო აპირებთ, წარმატებას გისურვებთ. თუმცა, აქვე პირადად ჩემს, როგორც ერთ-ერთი რიგითი გორელი ახალგაზრდის, გამოცდილებასაც გაგიზიარებთ და გეტყვით, რომ 2018 წელს მეც თქვენსავით არჩევანის წინაშე ვიდექი, თუმცა შიდა ქართლში დარჩენა და იურიდიული განათლების გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღება გადავწყვიტე. უნივერსიტეტში სახელმწიფო გრანტით ჩავირიცხე, 4 წლის განმავლობაში სახელმწიფო სტიპენდიას ვიღებდი, რაც სწორედ ჩემი დამოუკიდებლობის მოპოვების ერთ-ერთი საწინდარი იყო. წერისადმი განსაკუთრებული სიყვარულის გამო, 40-მდე ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციაში მივიღე მონაწილეობა. გავცდი შიდა ქართლის ფარგლებს და 15-მდე უნივერსიტეტში სამართლის სფეროში მოღვაწე გამორჩეული პროფესიონალების წინაშე წარვსდექი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით. აღნიშნულ კონფერენციებში მრავალჯერ გავიმარჯვე და ჩემი სტატიები საავტორო უფლებათა დაცვით დაიბეჭდა არა ერთ ჟურნალში.
პრაქტიკის დაგროვების მიზნით, სტაჟირება გავიარე გორის რაიონულ სასამართლოში, ვმუშაობდი რეალურ საქმეებზე და გარდა ამისა წლების განმავლობაში, ალბათ, არ ყოფილა რაიმე პროექტი, რომელშიც ჩართული არ ვყოფილვარ. ამ გამოცდილების მიღებაში ხელს მიწყობდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელმაც არა ერთხელ მიმაღებინა მონაწილეობა ძალიან ინოვაციურ და საინტერესო პროექტებში. დავაგროვე ძალიან კარგი გამოცდილება როგორც პროფესიული, ასევე არაფორმალური განათლების კუთხით. უნივერსიტეტი წარჩინებით დავასრულე, მაგისტრატურის გაგრძელება კი, რა თქმა უნდა, გადავწყვიტე კვლავ ჩემს მშობლიურ უნივერსიტეტში, იქ სადაც ჩემი წარმატების ისტორია მე და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერთად შევქმენით.
დღეს, შიდა ქართლის და საქართველოს მასშტაბით ახალგაზრდულ და სამართლებრივ სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ქტური არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ახალგაზრდები საზოგადოების უფლებებისთვის“ დამფუძნებელი ვარ და წლების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას ჩემი რეგიონის ახალგაზრდების გაძლიერებისთვს ვიყენებ.
რატომ გიყვებით ამ ყველაფერს? იმისთვის, რომ ჩემი, როგორც ცოცხალი მაგალითის საფუძველზე ირწმუნოთ საკუთარი თავის, დაამსხვრიოთ სტერეოტიპები, დარჩეთ შიდა ქართლში, შექმნილი ბარიერები აქციოთ შესაძლებლობებად და იზრუნოთ თქვენი და თქვენი რეგიონის განვითარებაზე.
და ბოლოს, რა არის გამოსავალი? უნდა ვიბრძოლოთ საკუთარი მიზნებისთვის, მივყვეთ ჩვენს ოცნებებს და არასდროს შევწყვიტოთ წინსვლა, რადგან, ბრძლის გარეშე არ არსებობს პროგრესი!