როდის სჭირდება ბავშვს ფსიქოლოგი და რა როლი აქვთ მშობლებს ამ პროცესში – ფსიქოლოგის რჩევები

Share post:

დღევანდელ ცხოვრებაში მშობლები ნაკლებ დროს ატარებენ ბავშვებთან და ხშირად მათ პრობლემებს გვიან ან საერთოდ ვერ იაზრებენ. ასევე ხშირად მათ უკმაყოფილებას ბავშვების გაჯეტებთან მიჯაჭვულობაც იწვევს. ამავე დროს მშობელს “მეტი დროის პირადი სივრცისთვის დასათმობად” ურჩევნია ბავშვს რაიმე გასართობი (მათ შორის პლანშეტი, სმარტფონი, კომპიუტერი და ა.შ.) თავად მისცეს და სკოლიდან ან ბაღიდან დაბრუნების შემდეგაც “საქმეების” მიზეზით ნაკლებად იურთიერთოს შვილთან. სპეციალისტების შეფასებით მშობლებისგან “დაიგნორებული” ბავშვები ამ პროტესტს ქცევაში გამოხატავენ. არიან აგრესიულები, კომუნიკაცია უჭირთ თანატოლებთან, თავს მეტად კომფორტულად სწორედ კომპიუტერულ მოწყობილობაში გრძნობენ და ა.შ. ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მშობლების გარკვეული კატეგორია უარს ამბობს ფსიქოლოგთან კონსულტაციაზე და უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ეთაკილება საზოგადოებაში ამ ამბის არასწორად აღქმის გამო. სად გვაქვს პრობლემა, როგორ უნდა მივხვდეთ სპეციალისტთან მიმართვის აუცილებლობას და რა უნდა გავითვალისწინოთ ბავშვებთან ურთიერობის დროს, ამ და სხვა საინტერესო თემებზე Neo Tv – ს კითხვებს პასუხობს თემურ სამხარაძე  ფსიქოლოგი, ფსიქოკონსულტანტი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიიის პრაქტიკოსი, მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტი (CPD).

თემურ, დღეს საკმაოდ აქტიური თაობა გვყავს, მშობლები ხშირად საუბრობენ მათთან ურთიერთობის პრობლემებზე, თქვენი დაკვირვებით, რა ვითარებაა ამ კუთხით შიდა ქართლის რეგიონში და რამდენად რეალურია ამ ყველაფრის შედეგად მშობლისა და შვილის ურთიერთგაუცხოების საფრთხე?

 – ნამდვილად, დღევანდელი თაობა ბევრად აქტიურია წინა თაობასთან შედარებით. ალბათ ამ ყველაფერში დიდი როლი ტექნიკურ პროგრეს მიუძღვის, რომლის დადებით და უარყოფით მხარებსაც ვაწყდებით ზუსტადაც, რომ გაციებულ ადამიანურ ემოციურ კავშირებში (ურთიერთობებში). ტენდენციად იქცა, რომ ძალიან ხშირად მოზარდები და მშობლები  დროის დეფიციტს უჩივიან, თითქოს დრო არ აქვთ ერთმანეთთან ურთიერთობისთვის, საკუთარი თავისთვის, გართობისთვის, მეგობრებთან ურთიერთობისთვის ან თუნდაც საოჯახო სადილისთვის, რომელიც ოჯახის ყველა წევრის ყოფნას ითვალისწინებს სუფრაზე და ოჯახური ურთიერთობების გაღრმავებისთვის აუცილებელი წინაპირობაა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთობლივ  ოჯახურ სადილს თერაპიული ეფექტის მოხდენა შეუძლია ოჯახზე და მის თითოეულ წევრზე.

 ასევე, ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვები განუსაზღვრელი დროით არიან კომპიუტერებთან, ტელევიზორებთან, სმარტფონებთან მიჯაჭვულნი.  ეს ყველაფერი უარყოფითად მოქმედებს, როგორც მომავალი თაობის ზოგად ჯანმრთელობაზე, ასევე ფსიქიკურ მდგომარეობაზე, რადგან ციფრულ ტექნიკასთან ასეთი დამოკიდებულება მუდმივ დაძაბულ რეჟიმში ამყოფებს ჩვენს სხეულს, ამ ფაქტის აღმოფხვრას ხშირად ვერ ახერხებენ მშობლები ან მათ თვალსაწიერს ეს ფაქტები გამორჩება ხოლმე. 

აქვთ თუ არა მშობლებს ადექვატური რეაქცია, ბავშვებში აღმოჩენილ მიუღებელ ქმდებებზე, ძირითადად როგორ ცდილობენ (საერთოდ თუ ცდილობენ) პრობლემის აღმოფხვრას?

 – უპირველესად უნდა ვთქვა, რომ ჩვენს გარშემო არსებული სოციალური მიკროსამყარო, ოჯახური ატმოსფერო, მშობლებთან დამოკიდებულება, სკოლა  და სამეზობლო (სამეგობრო), ბავშვის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მოქმედებს. ეს აისახება მის ნორმალურ ქცევასა თუ პრობლემაზეც. რაც შეეხება პრობლემის აღმოჩენას მშობლების მხრიდან, მაქვს ბევრი ასეთი შემთხვევა: მშობელი მთელი სემესტრის განმავლობაში ბავშვს არ კითხულობს, როგორ სწავლობს და მხოლოდ კრებაზე იგებს შვილის დაბალ აკადემიურ მოსწრებას, ბრუნდება სახლში და მის შვილს ეჩხუბება, უყვირის, სჯის. ეს ხდება მაშინ, როცა მთელი სემესტრის განმავლობაში არასოდეს უკითხავს თავისი შვილისთვის, რამდენად კარგად ართმევდა სკოლის მასალას თავს, ან სჭირდებოდა თუ არა მშობლის დახმარება გარკვეულ საგნებში. მისთვის ფუნდამენტური საკითხი ბავშვის საკვებით დაკმაყოფილებაზე გადიოდა და ასევე იმაზე, რომ მშობელი ნაკლებად შეეწუხებინა სერიალის ყურების ან სხვა სქროლვის დროს. ამ ყველაფრის მერე კი მოდის მშობელი სრული გულწრფელობით კონსულტაციაზე და ყვება მის რეალურ ამბავს, იწყებს თავისი თავის გამოსწორებას, მისთვის და მისი შვილის კეთილდღეობისთის. ის ხვდება, რომ მისთვის უკეთესი აღზრდის სტილი  ავტორიტეტულია და ამ ფორმით იწყებს მუშაობას ბავშთან .

რეგიონში ბოლო დროს მომხდარი შემთხვევებიდან გამომდინარე ძალიან აქტიურად მიდის საუბრები სკოლებში ფსიქოლოგის მუშაობის აუცილებლობაზეაზე, როგორაა ამდენ ბავშვებთან მუშობა შესაძლებელი და თქვენი აზრით, რა შედეგეგზე შესაძლოა გავიდეთ მინიმუმ 1 წლის შემდეგ, თუ კი ყველა სკოლას ეყოლება ფსიქოლოგი?

– სკოლაში ფსიქოლოგის მუშაობა ჩვენს დროში აუცილებლობას წარმოადგენს, ვინაიდან ბავშვის პიროვნული ჩამოყალიბება ყველაზე ხანგრძლივად სკოლაში სწავლის დროს მიმდინარეობს. ამ დროის განმავლობაში მას ბევრი ასაკობრივი კრიზის გადალახვა უწევს. მათ შორის ყველაზე რთული თვითდამკვიდრების ეტაპია სოციუმში. მაგ: ფსიქო-სოციალური განვითარების მიხედვით  6-დან 12 წლამდე პერიოდში კრიზისია: კომპეტენტურობა VS არასრულფასოვნების განცდა, მისი დამახასიათებელი ნიშნები კი  სოციუმში თვითდამკვიდრებისკენ სწრაფვა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარის გამომუშავებაა, “შემიძლია გავხდე იმდენად დახელოვნებული, რომ გადავრჩე და სამყაროში განვიცადო ადაპტაცია?!”  მთავარი თვისება, ამ პერიოდში შრომისმოყვარეობაა. წარმატებულად გადალახვის შემთხვევაში მოზარდს განუვითარდება კომპეტენტურობა, რაც თავის მხრივ ნიშნავს “მე მნიშვნელოვანი ვარ”, ანუ დავიმკვიდრე სოციუმში თავი და შემიძლია დამოუკიდებლად მუშაობაც. წარუმატებლობის შემთხვევაში, მას არასრულფასოვნების განცდა ეუფლება.  წინასწარ პროგნოზირება შეგვიძლია ასაკის მიხედვით, რომელ კლასში რა სირთულემ შეიძლება იჩინოს თავი, ეს კი სკოლაში ბევრი პრობლემის სირთულის გადალახვას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, სკოლაში ვაწყდებით რთულ ქცევას, რომელთან გამკლავების მექანიზმები ხშირად არ იციან მასწავლებლებმა, ასევე ვაწყდებით სხვადასხვა სახის დარღვევებს, რომელთა იდენტიფიცირება ვერ ხდება არაკომპეტენტურობის გამო, აქაც ისევ საჭიროა ფსიქოლოგი. ვფიქრობ, მოკლე დროშიც კი მნიშვნელოვანი შედეგი ექნებათ ამ მხრივ სკოლებს თუ კი ფსიქოლოგის ინსტიტუტის აუცილებლობა დადგება დღის წესრიგში. 

მშობლებმა რა დროს უნდა მიმართონ ფსიქოლოგს, როგორ უნდა აღმოვაჩინოთ, რომ ჩვენს შვილს აუცილებლად სჭირდება სპეციალისტი, ასევე დედა როგორ უნდა მიხვდეს, რომ მისთვისაც საჭიროა ეს, ანუ როდის გვჭირდება ფსიქოლოგის დახმარება?

– თუკი თქვენ, თქვენს შვილს, ოჯახის წევრს ან ახლობელ ადამიანს გაქვთ შემდეგი სახის პრობლემები და არ გაქვთ გადაჭრის სტრატეგიები:

● პიროვნული და პიროვნებათშორისი პრობლემები (დაბალი თვითშეფასება, კონფლიქტები შვილთან, მეუღლესთან, პარტნიორთან, ოჯახის სხვა წევრებთან)

● პრობლემები სკოლაში: ბულინგი, კლასში ჩართულობა, ჩაკეტილობა, აკადემიური მოსწრების გაუარესება, კონფლიქტები მეგობრებთან

● გარდატეხის ასაკის თანმხლები პრობლემები (საკუთარი თავის მიუღებლობა, თვითდამკვიდრებისთვის ბრძოლა ოჯახში, სამეგობრო წრეში, სკოლასა და სოციუმში, ,,ჩემი არ ესმით“)

● სტრესი/გადაღლილობა (დიდი მოთხოვნები სამსახურში, გამოცდებთან დაკავშირებული მაღალი შფოთვა, ბევრი ინფორმაცია და მასთან გამკლავება)

●პოსტტრავმატული სტრესული მდგომარეობა (ახლობლის გარდაცვალება,მძიმე დაავადებები,განქორწინება, შეყვარებულთან დაშორება,სამსახურის დაკარგვა, საყვარელი ადამიანის ავადმყოფობა, მშობიარობის შემდგომი პერიოდი)

და ბოლოს, რა იქნება თქვენი მთავარი სათქმელი მშობლებისა და პედაგოგოების მიიმართ, როგორ უნდა მიუდგნენ ბავშვებს, რომლებსაც მაგალითად ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ, გარდა იმისა რომ პერიოდულად მიმართონ ფსიქოლოგს. საზოგადოების ხელშეწყობა, სადაც ბავშვს უხდება ყოფნა, როგორაა შესაძლებელი?

 – ნებისმიერ გარემოში ამინდს ვქმნით ჩვენ, ადამიანები. მასწავლებლებს ვეტყოდი, რომ შეძლონ ბავშვების უპირობო სიყვარული, მშობლებს კი –  გაინაწილონ პასუხისმგებლობები, რომ არ იყოს არცერთი ბავშვი მხოლოდ ერთი მშობელის მეთვალყურეობის ქვეშ. გაატარონ შვილებთან რაც შეიძლება დიდი დრო, გაისეირნონ ქალაქგარეთ ან თუნდაც პარკში ერთად. იყვნენ შვილების მეგობრები და დაეხმარონ ყველა სირთულის აღმოფხვრაში.

დაკავშირებული სტატიები

“არა რუსულ კანონს” – გორში ახალგაზრდების მარში დაიგეგმა

არა რუსულ კანონს! არა რუსულ რეჟიმს! - ამ ლოზუნგებით გორში, 19 მაისს, 19:00 საათზე ახალგაზრდების მარში გაიმართება. ახალი...

“ვდგავართ ჩვენი ქვეყნის გვერდით ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე” – გორის უნივერსიტეტის სტუდენტები

არა რუსულ კანონს! არა ძალადობას! ქვეყანაში განვითარებულ პროცესებს გორის უნივერსიტეტის სტუდენტებიც ეხმაურებიან და მხარდაჭერას უცხადებენ ქვეყნის განვითარებას ევროინტეგრაციის...

“ალტერნატიული აზრი” – როგორ დავიცვათ თავი ონლაინ სივრცეში?

გადაცემის თემაა სექსტინგი და ონლაინ სივრცეში არსებული საფრთხეების თავიდან აცილების გზები/დამცავ მექანიზმები. გადაცემა მომზადებულია "ასოციაცია ჰერა 21"-ის მიერ...

“ოკუპირებულ სოფელში წელსაც არავინ მიაკითხავს მამას საფლავს” – მერი ტაბატაძე

აღდგომა დევნილი მოსახლეობისთვის სადღესასწაულო განწყობასთან ერთად ტკივილსა და სევდასაც უკავშირდება. ოკუპირებულ სოფლებში ტრადიციებთან ერთად, იძულებით გადაადგილებულ პირებს მიცვალებულთა...