საქართველოს შესაძლებლობები ევროინტეგრაციის გზაზე, რუსეთის პროპაგანდის პარალელურად

Share post:

რამდენიმე დღის წინ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, რასაც სულმოუთქმელად ელოდებოდა ქართველი ერი. ნაწილისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის (მათ შორის ჩემთვის, რომელიც ევროინტეგრაციას საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებას უკავშირებს), ეს გადაწყვეტილება საქართველოს ისტორიაში პოზიტიური ცვლილებების დაწყებასთან ასოცირდება: ცხოვრება კორუფციისა და ნეპოტიზმის გარეშე, ღირსეული და უსაფრთხო სამუშაო პირობები რელევანტური ანაზღაურებით, ჯანსაღი და ლაბორატორიულად შემოწმებული საკვები, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ურთიერთობის ამოქმედება გლობალურ ბაზაზე, ეკოლოგიური სისუფთავე, შესაძლებლობების ფართო სპექტრი და სხვა მრავალი.


“მშვიდობა და უსაფრთხოება, ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობა, წევრი ქვეყნების კულტურული თვითმყოფადობის დაცვა და ღირებულებები – როგორიცაა პლურალიზმი, ტოლერანტობა, სამართლიანობა და სოლიდარობა – არის ის იდეა, რაც ევროკავშირში შემავალი 27 სახელმწიფოსა და მის 446 მილიონ მოქალაქეს აერთიანებს.”


ამ ყველაფრის პარალელურად საქართველოში არაერთი მითი გვხდება, რომელიც რუსეთის პროპაგანდის გამტარებელია, განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:


მითი N1– ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ , ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ურთიერთობების ამოქმედება ქვეყანაში ეკონომიკურ სირთულეებს გამოიწვევს.


რა თქმა უნდა, როცა ექსპორტზე ვსაუბრობთ ხარისხის დაცვა აუცილებელია, რადგან სხვანაირად ევროპის ბაზარზე ადგილობრივი ნაწარმი სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებს და არაკონკურენტული იქნება. რაც შეეხება თავად ადგილობრივ ბაზარს, ამ შემთხვევაში მომხმარებელს აქვს არჩევანის საშუალება ან აირჩევს ევროკავშირის სტანდარტებით დაცულ პროდუქციას, ან დაბალხარისხიან პროდუქციას. ანუ თუ მწარმოებელს დიდ ბაზარზე უნდა თავის დამკვიდრება უნდა დაიცვას ეს წესები, ხოლო თუ ადგილობრივი ბაზარი აკმაყოფილებს მისი დაცვა სავალდებულო აღარ არის. ევროკავშირის ბაზის სტანდარტები ხელს არ შეუშლის ადგილობრივ ბაზარს, რადგან თავისი მომხმარებელი ყოველთვის ეყოლება. მაგალითად განვიხილოთ გერმანია, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა მსოფლიოს მასშტაბით და მკაცრად იცავს სტანდარტებს, თუმცა ამის პარალელურად ყოველკვირეულად დიდ ქალაქებში იმართება “გლეხების ბაზრობა”, სადაც გლეხებს რაიონებიდან ჩამოაქვთ თავიანთი პროდუქცია და აწყობენ ბაზრობას, რასაც საკმაოდ ბევრი მომხარებელი ჰყავს.


კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ ევროკავშირის წევრობა არ ნიშნავს, ადგილობრივი ბაზრის, გლეხების ვაჭრობის განადგურებას. პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს საქართველოს ბაზრის მომზადება, ადგილობრივი მწარმოებლების გაძლიერება, შესაბამისი სტანდარტების დანერგვა და მათი გადამზადება, რათა იყვნენ კონკურენტუნარიანები. მოხდეს ისეთი პროდუქციის შექმნა რომელიც იქნება ხარისხიანი და სერტიფიცირებული, რაც ვფიქრობ პირდაპირ კავშირშია რიგი დაავადებების პრევენციასთან და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასთან.


მითი N 2– ევროპასთან ახლო ურთიერთობა საფრთხეს უქმნის მართლმადიდებლობას და ერის კულტურულ იდენტობას, რაც რეალობას აბსოლუტურად მოკლებულია და ჩვენი ,,ერთმორწმუნე ძმის“, რუსეთის პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი იარაღია.


ევროკავშირი რომელიმე ქვეყნის კულტურის შეცვლას კი არ ცდილობს, არამედ იღწვის ევროპის კულტურათა მრავალფეროვნების დაცვისათვის. თვითონ ორგანიზაციის დევიზია “ერთიანობა მრავალფეროვნებაში”, რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ყველა წევრი სახელმწიფოს კულტურული მრავალფეროვნება და განსაკუთრებული ხასიათი ევროკავშირში მაქსიმალურადაა დაცული. ევროკავშირის წევრები არიან მართლმადიდებლური სამყაროს ისეთი მნიშვნელოვანი ქვეყნები, როგორიცაა საბერძნეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ბულგარეთი (40 მილიონამდე ადამიანი). ამასთან, ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის – სერბეთის მოსახლეობის უმრავლესობაც მართლმადიდებელი ქრისტიანია. შესაბამისად, ევროკავშირში გაწევრიანებას ზემოაღნიშნული ქვეყნების მართლმადიდებლური ეკლესიებისათვის, ისევე, როგორც ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების მართლმადიდებელი მოსახლეობისთვის, არანაირი საფრთხე არ შეუქმნია. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე ერთმორწმუნე რუსეთის ქომაგები, ხშირად ეწევიან ამ კუთხით პროპაგანდას.

რას უნდა დავაბრალოთ ეს ყოველივე: ინფორმაციის ნაკლებობას ? გაუნათლებლობას? – რთულია პასუხის გაცემა, რადგან არაერთი საკმაოდ განვითარებული და განათლებული პიროვნება ემხრობა რუსეთთან დამეგობრებას და მას “ერთმორწმუნე ძმად” მოიხსენიებს. როგორ შეიძლება არ გადავხედოთ ისტორიას? ისტორიის რომელ ეტაპზე არ გვიღალატა ერთმორწმუნე რუსეთმა? ასპინძის ბრძოლა, (1770 წელი) 5 2008 წლის ომი რომელიც დღემდე გრძელდება, მცოცავი ოკუპაციის სახით, სადაც კარგად ჩანს “ერთმორწმუნე ძმის” ნამდვილი სახე.


გამომდინარე იქიდან, რომ 2008 წლის ომსა და მცოცავ ოკუპაციას შევეხეთ კარგი იქნება, თუ ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ მითს შევეხებით.


მითი N3 – ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საქართველოს მოუწევს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაზე უარის თქმა, რაც რა თქმა უნდა რეალობას არ შეესაბამება. ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავს მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით, რა თქმა უნდა, აფხაზეთისა და ცხინვალის (ამჟამად ოკუპირებულ) რეგიონებთან ერთად. ამას გარდა იმ შემთხვევაში თუ საქართველო ევროკავშირის ,,ქუდის“ ქვეშ მოექცევა მას გაეხსენება გზა განვითარებისკენ. საქართველო მიმზიდველი იქნება ყველასთვის, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის და დიდწილად შეუწყობს ხელს ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნებას. ნატო და ევროკავშირი ის ორი ორგანიზაციაა, რომლებიც უზრუნველყოფენ საქართველოს უსაფრთხოებას, დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას.


საქართველოს ევროინტეგრაცი ასოცირდება ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებასთან, სადაც დაცული იქნება თითოეული პიროვნების უფლება, მინიმუმამდე იქნება დაყვანილი კორუფცია, ნეპოტიზმი, გაძლიერდება ეკონომიკა, ტურიზმი, ვაჭრობა და ჩამოყალიბდება ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი გამოხატულებაა.

ავტორი: ანი ჯაბახიძე

მასალა მომზადებულია “ფონდი ტასოს” მიერ მხარდაჭერილი პროექტის განხორციელების პერიოდში, ნეო ტვ-ს მიერ გამოხადებული კონკურსის ფარგლებში.

დაკავშირებული სტატიები

“27 ოქტომბერს “იაკობობა” აღინიშნება თუ არა ჯერ არ ვიცით” – გორის მერია

27 ოქტომბერს, ქართველი მწერლის და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 184 წელი სრულდება, თუმცა სხვა წლებისგან განსხვავებით ეს...

ქარელის მერიას ტენდერში მონაწილე კომპანია უჩივის – ვინ განაახლებს აგარის კულტურის სახლს?

ქარელის მერიამ აგარის კულტურის სახლის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა, თუმცა ორი თვის განმავლობაში  მლნ 827 ათას 132 ლარის ფარგლებში...

“ფოიერვერკის ნაცვლად – სამწვადე ხორცი” – რისთვის დაიხარჯა “კასპობაზე” 66 000 ლარზე მეტი?

6 ოქტომბერს კასპში სახალხო დღესასწაული "კასპობა"აღინიშნა, რისთვისაც მუნიციპალიტეტმა მზადება რამდენიმე თვით ადრე დაიწყო. კონკრეტულად კი ღონისძიების (მათ შორის...

მოდი არჩევნებზე! – NEO TV მაყურებელს სპეციალურ გადაცემას შესთავაზებს

“არჩევნები – 2024” – ნეო ტვ 5 ოქტომბრიდან სპეციალურ გადაცემას იწყებს, რომელსაც რუსკა ბუზიაშვილი გაუძღვება. გადაცემიდან მაყურებელი საარჩევნო საკითხებს, სხვადასხვა პროფესიის...