21-ე საუკუნეში კლიმატის გლობალური ცვლილება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მისი უარყოფითი ზემოქმედების წინააღმდეგ ბრძოლაში საზოგადოების ყველა ჯგუფის ჩართვა მნიშვნელოვანი და აუცილებელია. განსაკუთრებით კი ამ თემის აქტუალიზებას მედიასაშუალებები უნდა ახდენდნენ, იმისთვის, რომ სისტემატური განხილვა ერთი მხრივ ამაღლებდეს მოქალაქეთა ცნობიერების დონეს გარემოსდაცვით საკითხებზე, მეორე მხრივ ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდას ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე.
სწორედ ამ მიზნით, უმასპინძლა გურიაში 3-დღიან მედიატურს “კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა” (CENN), ევროკავშირის მხარდაჭერითა და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან პარტნიორობით, მიმდინარე პროექტების “საქართველოს კლიმატის პროგრამა (GEO CAP)” და “მწვანე გურია” ფარგლებში. გასვლითი შეხვედრების თემა ამჯერად იყო “აღმოაჩინე გურია – კლიმატის ცვლილება და სოფლის განვითარება ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში.”
“ჩემთვის, როგორც მედიის წარმომადგენლისთვის ეს მედიატური საკმაოდ ინფორმატიული და დამაფიქრებელი აღმოჩნდა. უშუალოდ გავეცანით გურიის რეგიონს, რომელსაც განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ეს საზოგადოებამ ნაკლებად იცის, რადგან სათანადოდ არ ხდება მისი პოპულარიზაცია. მედია სათანადო დროს არ უთმობს კლიმატის ცვლილების თემაზე რეგიონულ დონეზე საკითხების განხილვას, შესაბამისად საზოგადოებაში ამ მხრივ ცნობერების დონე ნაკლებია.
მედიატურის ფარგლებში გავეცანით ადგილობრივ მეწარმეებს, როგორც ჩაის კულტურაში, ისე საოჯახო სასტუმროსა და ადგილობრივ კერძებში. მდინარის დაბინძურების და სტიქიური ნაგავსაყრელების პრობლემა გურიაშიც აქტუალურია, ისე როგორც მთელი ქვეყნისთვის. ამ დროს ზოგიერთ რეგიონში მედია არ არსებობს და ადგილობრივ მოსახლეობამდე ამ თემების მიტანა ვერ ხერხდება. გაუცნობიერებული ნაბიჯები კი, რაც ადგილობრივ დონეზე გარემოს დაბინძურებას იწვევს, ისევ ჩვენს მომავალს აზიანებს”,-ამბობს ნეო ტვ-ს “ღია მონაცემების ჰაბის” წევრი რეზო კერესელიძე, რომელმაც მედიატურში მიიღო მონაწილეობა.
მასთან ერთად მედიატურში მონაწილოება შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, გურიისა და თბილისის მედიაორგანიზაციების ჯამში, 12-მა წარმომადგენელმა მიიღო. აქტივობის მიზანი მედიის სფეროში კლიმატის ცვლილებისა და სოფლის მდგრადი განვითარების საკითხებზე ცნობიერების ამაღლება იყო.
სამ დღიანი საინფორმაციო ტურის განმავლობაში, ჟურნალისტებთან განხილულ საკითხებს შორის ერთ-ერთი ქარსაფარ ზოლებს და მათ მნიშვნელობას ეხებოდა კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში.
ორგანიზატორთან ინფორმაციით, საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული ქარსაფარი ზოლები, თუმცა მათი უმრავლესობა 90-იან წლებში განადგურდა. მოსახლეობა ქარსაფარ ზოლებს ჭრიდა და შეშად იყენებდა.
დღეისათვის, ხშირია შემთხვევები, როდესაც ადგილობრივი ფერმერები ცეცხლს სასოფლო-სამეურნეო სავარგულის გასუფთავების მიზნით ანთებენ, შემდეგ კი მის მართვას ვეღარ ახერხებენ და ხანძარი ქარსაფარ ზოლსაც ანადგურებს. ეს შემთხვევებიც ცნობიერების დაბალი დონიდან მომდინარეობს. უფრო კონკრეტულად კი კლიმატის ცვლილებისა და მისი უარყოფითი ზემოქმედების წინააღმდეგ ბრძოლაში სამოქალაქო საზოგადოების როლის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ დონეზე ნაკლებია.
“ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლები გვხვდება სასოფლო–სამეურნეო სავარგულების მიმდებარედ და მათი ძირითადი ფუნქცია, ქარის უარყოფითი გავლენისაგან ნიადაგისა და სავარგულის დაცვაა.
- ამცირებს ქარის სიჩქარესა და ნიადაგს იცავს ქარისმიერი ეროზიისაგან;
- ამცირებს მოსავლის დანაკარგს;
- ქმნის საცხოვრებელს ბიომრავალფეროვნებისთვის;
- ამცირებს ხმაურს;
- იცავს გარემოს დამაბინძურებლებისაგან.
გარდა ამისა, მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ საინფორმაციო სესიებს გურიის რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალსა და ევროკავშირის მიერ დანერგილ – სოფლის განვითარების LEADER მიდგომაზე, გაიგეს მეტი ადგილობრივი სამოქალაქო განვითარების ჯგუფების მნიშვნელობასა და მათი ჩართულობის სამომავლო შესაძლებლობებზე გურიის რეგიონში.
პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების მიზნით, მათ ადილობრივი მეწარმეებიც მოინახულეს, გაეცნენ ჩაისა და ჩირების წარმოების სპეციფიკას, აგრო და ეკოტურისტულ ობიექტებსა და ტურიზმის განვითარების სხვადასხვა შესაძლებლობას რეგიონში. ერთ-ერთი მასპინძელი ორგანიზაცია სათემო ფონდი “ლოტუსი” იყო, რომელმაც რეგიონში ქარსაფაარი ზოლის აღდგენის მიმართულებით მნიშვნელოვან პროექტს ხელმძღვანელობს.
“პროექტის “ნაკლებქარიანობა” განხორციელებაში ხალხი მოხალისეობრივადაც გვერდში გვედგა, თუმცა გვჭირდებოდა მძიმე ტექნიკა, რომელიც მერიამ გამოგვიყო. ასევე უნდა აღწერილიყო და მონიშნულიყო ის ხეები, რომლებიც უკვე დაზიანებული იყო, რადგან მსგავსი ხეები მოჭრილიყო. ეს ხეები მოინიშნა და მოიჭრა. შემდეგ ეს ადგილები გასუფთავდა. შემდეგ დაიწყო მიწის დამუშავება, შემოღობვითი სამუშაოები და პარალელურად დარგვა. ეს ყველაფერი ხანგრძლივი პროცესი იყო. სამუშაოები შემოდგომიდან გაზაფხულამდე გაგვიგრძელდა.
დავრგეთ 3000 – მდე ნერგი. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთეთ, რადგან ქარიანობა დიდი პრობლემაა მოსახლეობისთვის. ის საფრთხეს უქმნის მოსავლიანობასაც. შუამავალი ორგანიზაცია ჩვენსა და CENN-ს შორის იყო ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი, ძალიან დავინტერესდით ამ პროექტით, შემდეგ იდეა გავაგზავნეთ, რომელიც მოიწონეს, მიგვიწვიეს ბულაჩაურში, ერთ კვირიან ტრენინგზე. ის ნაყოფიერი და ინფორმაციული იყო. ამ ტრენინგებმა დიდი როლი შეასრულა ჩვენი პროექტის დახვეწაში. საბოლოოდ მივაღწიეთ წარმატებას და მოვიპოვეთ მხარდაჭერა ამ პროექტის განსახორციელებლად”,-აღნიშნა ჟურნალისტებთან შეხვედრისას, სათემო ფონდის “ლოტუსი” დამფუძნებელმა ლია კოტრიკაძემ.
CENN -ის ინფორმაციით, “მწვანე გურია ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის,” მხარს უჭერს და ეხმარება საქართველოს მთავრობას გურიის რეგიონში სიღარიბის შემცირებაში, მოწყვლადი თემებისთვის ეკონომიკური და სოციალური გარემოსა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში – სამოქალაქო ჩართულობის, სოფლის ინკლუზიური განვითარებისა და მწვანე ზრდის მხარდაჭერის გზით.
მედიატური კი გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული შემდეგი პროექტების ფარგლებში:
“საქართველოს კლიმატის პროგრამა”, რომლის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდა კლიმატის ცვლილების პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში. პროექტს ახორციელებს CENN, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან (KRDF), ჭიათურელთა კავშირთან (ACU), რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაციასთან (RLS-ADA) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) თანამშრომლობით ოთხ სამიზნე რეგიონში: გურია, იმერეთი, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.