უკრაინელებთან ერთად ისევ ომში ვარ, 2008 წლის ტრავმა განახლდა ჩემში – ნინო ცეცხლაძე

0
132

გორელების ნაწილმა იცის რამხელა ლაქა დატოვა ომმა ჩემს გულში. თითოეული ფოტო, სადაც უკრაინელების მძიმე დღეებია აღბეჭდილი, 2008 წლის აგვისტოს მახსენებს. ამ ყველაფერმა ყველა ემოცია და ტრავმა განაახლა ჩემში, რაც იმ პერიოდში დაბომბვის პერიოდში მივიღე.

ნინო ცეცხლაძე

ყოველ დილით იმ იმედით ვიღვიძინებ, რომ უკრაინაში ომი დასრულდება, თუმცა მეორე დღეს ისევ იმედგაცრუებული ვიძინებ. ჩემი განვლილი წუთები იმდენად ახლოსაა, რომ ამ ხალხთან ერთად ახლიდან ისევ ომში ვარ. იმედს მაინც არ ვკარგადვ, მაგრამ…

რამდენიმე კვირის წინ ფეისბუქზე პუტინი გავაკრიტიკე და ჩემი გულისტკივილი ვთქვი, რაც მისმა ძალებმა მე და ჩემი ოჯახის წევრებს დაგვმართა. ისეთი კომენტარი დამიწერა ერთ-ერთმა ქართველმა, აღარ ვიცოდი გავბრაზებულიყავი და გამელანძღა თუ მომეყოლა ჩემი განწყობის საფუძველი. კიდევ ერთი ფაქტი, რამაც გამაოცა რუსეთიდან წამოსული ხალხის კეთილგანწყობით მიღება იყო საქართველოს მთავრობის მიერ. ვფიქრობ, ნუთუ ამ ხალხს ასე მალე დაავიწყდა რა ჯოჯოხეთი გამოგვატარა რუსეთმა, თუმცა 2008 წლის ომი ხომ საქართველოს ყველა მოქალაქეს არ შეხებია..

ვერ აგიხსნით, როგორ მტკივა და მესმის უკრეინელების წუხილი. მინდა უდედმამოდ დარჩენილი უკრაინელი ბავშვები ჩამოიყვანო და გავზარდო, თუ კი შესაძლებელია. იქნებ ამაში მაინც ვპოვო შვება.. საშინელი ქაოსი მაქვს შინაგანად ამ ომის გამო. ძალიან მძიმეა, როცა იცი, რას განიცდიან ახლა ისინი. გინდა რამით უშველო ამ უსუსურ არსებებს და არ შეგიძლია..

როცა ვისმენ ინფორმაციას მათ დაბომბვასა და ბავშვების სიკვდილზე საკუთარ თავს აღარ ვეკუთვნი, უკვე ვეღარ ვაზროვნებ. როდემდე უნდა ავიტანოთ, ვინ იქნება შემდეგი, ნუთუ არ არსებობს მსოფლიოში ამ საშინელებების შესაჩერებლად არაფერი, რატომ..?

მე ახლა კვიპროსზე ვცხოვრობ. გორში, ვერხვების დასახლებისკენ გახედება აღარც მინდა..ის ადგილი მკლავს.. არ ვიცი როგორ გადავურჩით დაბომბვას მე და ჩემი ძმისშვილი, რომელთან ერთადაც არც კი ვიცოდი საით გავქცეულიყავი (მაზლი და მაზლის ცოლი ადგილზე დაიღუპნენ). გადიოდა წლები და თითქოს ვცდილობდი აღარ მეფიქრა იმ წუთებზე, რომელმაც მთლიანად გამანადგურა და ფსიქიკა დამიზიანა, მაგრამ ცხოვრებაში რომ ვერ წარმოიდგენს ადამიანი ისეთ სიძნელეებთან უწევს ბრძოლა.. არ ვიცი რა იქნება ხვალ, ზეგ. მე ჩემ ქმარ-შვილთან ერთად საზღვარგარეთ ვარ, მაგრამ ოჯახის სხვა წევრები საქართველოში ცხოვრობენ. უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს არანაკლებ განიცდიან ისინიც.

ცოტა ხნის წინ, რომ გავიგე კვიპროსზე უკრაინელების თვითმფრინავი ჩამივიდაო ისეთი გრძნობა დამეუფლა, მინდოდა გავქცეულიყავი და თითოეულს ჩავხუტებოდი და ისე მეთანაგრძნო მათთვის. თუკი რამე მქონდა პროდუქტი, ჩემი შვილების ახალი ტანსაცმელი სხვა საჭირო ნივთები, უკან არ დამიხევია. არც მე და არც ჩემს აქაურ მეზობლებს და მეგობრებს.. აქ მათ არაფერი უჭირთ ახლა, ჩვენ ყველა მათ გვერდით ვართ, მაგრამ მედარდებიან ის ადამიანები, განსაკუთრებით ქალები და ბავშვები, რომლებიც ქარ-ცეცხლში ცხოვრობენ, ვერ გამოდიან და ჩვენ მათ ვერაფერს ვშველით..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here