დევნილმა ოჯახმა უკრაინელ დედას ბავშვის საწოლი აჩუქა – საოცარ ამბებს ინახავს ისტორია – ეკა სუხიშვილი

Share post:

ერთი კარგი თვისება გვაქვს ქართველებს. საკმარისია რამე უბედურება მოხდეს,უმალ ფეხზე დავდგებით და ვისაც რა შეგვიძლია ვეხმარებით.

დიდი ხანი ემუქრებოდა რუსეთი უკრაინას, რომ ომს დაიწყებდა, მაგრამ ამის დაჯერება და რეალური საფრთხის აღქმა მაინც გვიჭირდა. არც ჩემი უკრაინელი მეგობრები იჯერებდნენ ამას, რომლებიც ომამდე ჩემთან ცხოვრობდნენ და იმ დროს დაბრუნდნენ კიევში, როცა ყველაზე დაძაბული სიტუაცია იყო. თითქოს გული მიგრძნობდა, 2008 წლის დღეები ქრონოლოგიურად განმიახლდა და დაჟინებით ვთხოვდი ჩემ უკრაინელ მეგობრებს დაეტოვებინათ ქვეყანა. ვეპატიჟებოდი საქართველოში ან ვთხოვდი სხვა ქვეყანაში გადასვლას.

2008 წლის სცენარი ზუსტად მეორდებოდა, უბრალოდ მასშტაბები იყო განსხვავებული. ავისმომასწავლებელი სიჩუმე, ინფორმაციის დეფიციტი და ომისთვის მოუმზადებელი ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

გორში რა თქმა უნდა მაშინვე მივიღეთ ლტოლვილები, უცებ შეგროვდა მათთვის საჭირო ნივთები, ბევრმა სახლები დაუთმო უსასყიდლოდ. მათ გონზე მოსვლა და უცხო ქვეყანაში ადაპტირება სჭირდებოდათ. ნეო ტვ-ს წარმომადგენლები, ვფიქრობდით, რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა როგორც მედიას, ომით დაზარალებული ადამიანების მხარდასაჭერად. გადავწყვიტეთ საპროექტო იდეა უკრაინიდან ლტოლვილი ქალების ჩართულობისა და მათი ფსიქო-რეაბილიტაციის მიმართულებით შეგვემუშავებინა. მხარდაჭერამაც არ დააყოვნა და იდეის განხორციელებისთვის ხელშეწყობა “ქალთა ფონდისგან” მივიღეთ.

დავიწყეთ უკრაინიდან ლტოლვილი ოჯახების მოძიება და მათი საჭიროებების შესწავლა. საჭირო იყო მათ შესახებ უფრო ფართო აუდიტორიას სცოდნოდა, რაც ხელს შეუწყობდა პირველ რიგში ერთმანეთთან კავშირს, მათი საჭიროებების ჩვენებას და იმ პირების ჩართვას, რომლებსაც მათი დახმარება შეეძლოთ. ვაკითხავდით ადგილზე, ვეცნობოდით მათ საცხოვრებელ პირობებს, ვიკვლევდით ვის რა სახის დამხარების გაწევა შეეძლო მათთვის ჩვენს გარშემო მყოფი სოციუმიდან. ლტოლვილ ქალებს პირადად ვესაუბრებოდი და ვსვამდი კითხვას: რატომ აირჩიეთ თავშესაფრად საქართველო? ყველას პასუხი თითქმის იდენტური იყო. „აქ უფრო მეტი სითბო, თანადგომა და სიყვარულია“. საქართველო აღმოჩნდა მათთვის მეორე სამშობლო. სწორედ მათი მონაწილეობით დავიწყეთ გადაცემების ჩაწერა, რომლის საშუალებით გორის მოსახლეობამ, არნახული თანადგომა და დახმარება გაუწიეს ჩვენს უკრაინელ ბენეფიციარებს.

ერთ-ერთი ოჯახი, სადაც მომავალი დედა ჯერ კიდევ არ იყო კოშმარიდან გამოსული და მალე იმშობიარებდა, ყველაზე მეტად საჭიროებდა დახმარებას მისი მდგომარეობიდან გამომდინარე. ორსულმა გოგონამ დედამთილთან ერთად ურთულესი გზა გამოიარა, სანამ საქართველოში ჩამოაღწევდა. ეს იყო რისკის, შიშის და გადარჩენის გზა. საჭირო გახდა სამშობიარო პირობების შექმნა, ყველა საჭიროების მოძიება ახალშობილისთვის და კიდევ უამრავი წვრილმანი. ბინა მათ ერთ-ერთმა კეთილმა ოჯახმა დაუთმო,  მარინა ღარიბაშვილი,რომელიც გორის მთავარი ნეონატოლოგია,სამედიცინო მომსახურების უსაფრთხო გარემო შეუქმნა, გამოჩნდნენ ადამიანები, ვინც საბავშო ეტლიდან დაწყებული, ყველა სხვა საჭირო ნივთი შეუგროვეს. ძალიან ემოციური იყო საბავშო საწოლის ჩუქების პროცესი. ოჯახი, რომელიც თვითონაც სამაჩაბლოდან დევნილია და საკმაოდ შეჭირვებულად ცხოვრობს, ჩვენი გადაცემის გასვლისთანავე დაგვიკავშირდა და სრულიად ახალი საბავშო საწოლის ჩუქება შემოგვთავაზა უკრაინიდან ლტოლვილი მომავალი დედისთვის. ემოციურია როცა ასეთი ოჯახიდან ამხელა სიკეთეს იღებ და ხვდები, რომ მთლად არ დაგვიწყებია ურთიერთსიყვარული და პატივისცემა.

სიკეტე გადამდებია, ურთიერთთანადგომა გადაგვარჩენს!

ეკა სუხიშვილი

ნეო ტვ-ს დამფუძნებელი

დაკავშირებული სტატიები

Chakrulo – ქართული ინოვაცია კოსმოსური ბიოლოგიის სფეროში

ანა სვიანაძე თანამედროვე სამყაროში, სადაც კოსმოსური მოგზაურობა სულ უფრო ახლოვდება კერძო პირებისთვისაც, ადამიანის ფიზიკური და ფსიქოლოგიური მზადყოფნის შეფასება მნიშვნელოვანი...

ციფრული ჩართულობის მასტერკლასი ქუთაისში – აქტიური საზოგადოებისთვის

გსურთ, რომ თქვენს გარშემო უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს ციფრულ ცხოვრებაში? გინდათ, მიიღოთ ცოდნა და უნარები, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენს...

გაუმჭვირვალე თვითმმართველობები და მოქალაქეთა ჩართულობის პრობლემები – NEO TV – მ პროექტის შედეგები შეაჯამა

დასრულდა NEO TV-ის პროექტი შიდა ქართლში, რომლის მთავარი მიზანი მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა და ადგილობრივი თვითმმართველობების პასუხისმგებლობის და მათი...

NEO TV – მ კორუფციის თემაზე კვლევის პრეზენტაცია მოაწყო

კორუფციული ნიშნები შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში - NEO TV - ს კვლევების მიგნებები ანალიტიკოსებმა მედიას გააცნეს. NeoTv.ge ზე...