მედია რეპრესიების პირობებში – დემოკრატიის გზა და ისტორიული პარალელები

Share post:

საქართველოში მედიის თავისუფლება დღეს ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხს წარმოადგენს. დემონსტრანტების წინააღმდეგ დაწყებულმა რეპრესიებმა და გამჭვირვალობის სახელით დამტკიცებულმა “რუსუომა კანონმა” ნათლად აჩვენა, რომ ხელისუფლება ცდილობს კრიტიკული ხმის შეზღუდვას. მსგავს სცენარებს ვხედავთ რეგიონში და მის ფარგლებს გარეთაც. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, გავაკეთოთ პარალელები: სად მივყავართ მედიის ჩახშობის მცდელობას და როგორია განსხვავება იმ ქვეყნებთან, სადაც მედია დაცულია.

ავტორიტარული პარალელები

  1. რუსეთი
    • დამოუკიდებელი მედიის დახურვა (Echo Moskvy, Dozhd, Novaya Gazeta).
    • ჟურნალისტების დევნა, ციხე და იძულებითი ემიგრაცია.
    • „უცხოეთის აგენტების“ კანონი იქცა მთავარ ინსტრუმენტად კრიტიკული ხმის ჩასახშობად.
  2. უნგრეთი
    • ვიქტორ ორბანის მმართველობის პირობებში მედიის ბაზრის „რეკონსტრუქცია“.
    • კრიტიკული გამოცემების შესყიდვა ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესების მიერ.
    • სარეკლამო ბაზრის კონტროლი და ფინანსური ზეწოლა არასასურველ მედიაზე.
  3. თურქეთი
    • 2016 წლის გადატრიალების მცდელობის შემდეგ მასობრივი დაჭერები ჟურნალისტებზე.
    • დამოუკიდებელი არხების დახურვა და ინტერნეტის ცენზურა.
    • მედიის თითქმის სრული მიტაცება პროსამთავრობო სტრუქტურების მიერ.

ეს მაგალითები გვაჩვენებს, რომ რეპრესიული კანონები და პოლიტიკური კონტროლი საბოლოოდ მთლიანად ანგრევს მედიის დამოუკიდებლობას. შედეგი კი არის საინფორმაციო ვაკუუმი, დეზინფორმაციის ზრდა და საზოგადოებაში კრიტიკული აზრის ჩახშობა.

დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილება

  1. გერმანია
    • საჯარო მაუწყებლობის სისტემა (ARD, ZDF), რომელიც ფინანსდება მოქალაქეთა გადასახადებით და არა ხელისუფლების პირდაპირი ბიუჯეტიდან.
    • მედიას აკონტროლებს არა მთავრობა, არამედ დამოუკიდებელი საბჭოები, სადაც სხვადასხვა სოციალური ჯგუფია წარმოდგენილი.
    • ჟურნალისტების უფლებები კონსტიტუციით მკაცრად არის დაცული.
  2. აშშ
    • პირველი შესწორება (First Amendment) ჟურნალისტიკას აბსოლუტურ დაცვას ანიჭებს ხელისუფლებისგან.
    • ძლიერი საგამოძიებო ჟურნალისტიკის ტრადიცია („ვაშინგტონ პოსტის” “უოთერგეიტი” – მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება მედიის ძალამ პრეზიდენტიც კი გადააყენოს).
    • მედია-პლურალიზმი: სხვადასხვა პოლიტიკური სპექტრის არხები და გაზეთები ერთდროულად არსებობს.
  3. სკანდინავია (ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი)
    • მუდმივად ლიდერობენ World Press Freedom Index-ში.
    • სახელმწიფო უწყებების მუშაობა მაქსიმალურად გამჭვირვალეა, ოფიციალური დოკუმენტების ხელმისაწვდომობა თითქმის აბსოლუტურია.
    • ჟურნალისტების მიმართ თავდასხმა მკაცრად ისჯება, ხოლო პრესის კრიტიკა ხელისუფლების ბუნებრივ ნაწილად განიხილება.

ეს მაგალითები გვიჩვენებს, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში ხელისუფლება არ ცდილობს მედიის “ჩახშობას”; პირიქით, ისინი ქმნიან ინსტიტუციურ მექანიზმებს, რათა კრიტიკული ხმა ყოველთვის არსებობდეს.

სად დგას საქართველო დღეს?

დღევანდელი სურათი პარადოქსულია: ერთი მხრივ, ხელისუფლება სულ უფრო მეტად იყენებს კანონმდებლობასა და სასამართლოს, როგორც ინსტრუმენტს კრიტიკული მედიის შესაზღუდად. ჟურნალისტები ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლი, სარეკლამო ბაზარი კი პოლიტიკურ ინტერესებთან მჭიდროდ არის გადაჯაჭვული. ეს ყველაფერი უფრო ავტორიტარული პრაქტიკებისკენ მიუთითებს, ვიდრე დემოკრატიისკენ.

მეორე მხრივ, დემოკრატიულ ქვეყნებთან შედარება გვაჩვენებს, რამდენად მყიფეა საქართველოში ჟურნალისტიკის უსაფრთხოება. არ არსებობს ძლიერი ინსტიტუციური გარანტიები, რომლებიც მედიის თავისუფლებას სისტემურად დაიცავდა. საჯარო მაუწყებელი საზოგადოების ნდობას ვერ იმსახურებს, ხოლო ჟურნალისტის ფიზიკური უსაფრთხოება მუდმივად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. უფრო მეტიც, თავისუფალი მედიის ერთ-ერთი წარმომადგენელი, მზია ამღლობელი დღეს ციხეშია და აბსურდული ბრალდებების გამო სასჯელს იხდის.

თუ საქართველოს დემოკრატიის გზაზე სურს სვლა, მედიის როლი აღიარებული უნდა იყოს არა როგორც საფრთხე, არამედ როგორც სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ინსტიტუტი. ამისთვის საჭიროა:
  • საჯარო მაუწყებლის რეალური დამოუკიდებლობა – გერმანიის მოდელის მსგავსად, სადაც რედაქციულ გადაწყვეტილებებში ხელისუფლებას ჩარევის უფლება არ აქვს.
  • კონსტიტუციური გარანტიები – ისეთი მტკიცე, როგორიც აშშ-ის პირველ შესწორებაშია, სადაც სიტყვის თავისუფლება არ ექვემდებარება დათქმებს.
  • გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა – სკანდინავიის ქვეყნების გამოცდილების მიხედვით, სახელმწიფო ინფორმაცია მოქალაქისთვის უნდა იყოს ღია და მარტივად ხელმისაწვდომი.
  • მოქალაქეების ჩართულობა – საზოგადოებამ უნდა გაიაზროს, რომ მედიის თავისუფლება მხოლოდ ჟურნალისტის პრივილეგია კი არა, მათი საკუთრი უფლებისა და თავისუფლების გარანტიაა.
საქართველოს მედია ამჟამად გზაჯვარედინზე დგას. ერთი გზა რუსული და უნგრული მოდელისკენ მიდის, სადაც კრიტიკული ხმა თანდათან იხშობა. მეორე გზა დასავლურ გამოცდილებას მიჰყვება, სადაც ჟურნალისტიკა დემოკრატიის საფუძველია და საზოგადოების ინტერესების დაცვას ემსახურება.

არჩევანი მხოლოდ ხელისუფლების გადასაწყვეტი არ არის — ეს საზოგადოების პასუხისმგებლობაცაა. მოქალაქემ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა იცხოვროს ქვეყანაში, სადაც ჟურნალისტს შეუძლია ხელისუფლებისთვის უსიამოვნო კითხვა დასვას და ამის გამო არ დაისაჯოს.

მნიშვნელოვანია თითოეულმა მოქალაქემ გაიაზროს, რომ თავისუფალი სიტყვის გარეშე არ არსებობს სამართლიანი არჩევნები, რეალური პარლამენტი და არც მოქალაქის დაცული უფლება.

მედია მხოლოდ პროფესია არ არის. ის არის დემოკრატიის საზომი. იქ, სადაც ჟურნალისტს თავისუფლად შეუძლია სიმართლის თქმა, იქ მოქალაქესაც შეუძლია თავისუფლად ცხოვრება.

დაკავშირებული სტატიები

ციფრული ჩართულობის მასტერკლასი ქუთაისში – აქტიური საზოგადოებისთვის

გსურთ, რომ თქვენს გარშემო უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს ციფრულ ცხოვრებაში? გინდათ, მიიღოთ ცოდნა და უნარები, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენს...

გაუმჭვირვალე თვითმმართველობები და მოქალაქეთა ჩართულობის პრობლემები – NEO TV – მ პროექტის შედეგები შეაჯამა

დასრულდა NEO TV-ის პროექტი შიდა ქართლში, რომლის მთავარი მიზანი მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა და ადგილობრივი თვითმმართველობების პასუხისმგებლობის და მათი...

NEO TV – მ კორუფციის თემაზე კვლევის პრეზენტაცია მოაწყო

კორუფციული ნიშნები შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში - NEO TV - ს კვლევების მიგნებები ანალიტიკოსებმა მედიას გააცნეს. NeoTv.ge ზე...

რეპრესიები “სამართლის” სახელით – პატიმრობაში კიდევ 8 აქტივისტი გაუშვეს

პროევროპული აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესები ქვეყანაში დღეს ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს წარმოადგენს. პროცესი "ახალ ფაზაში" გადავიდა,...