როგორ უნდა მოიქცეთ, თუ სამსახურიდან გაგათავისუფლეს?

Share post:

შორენა ლოლაძე – იურისტი

სამსახურიდან მოულოდნელად გათავისუფლება დღეს ერთ-ერთ აქტუალურ თემას წარმოადგენს, ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის ფონზე. ზოგადად ეს საკითხი მკაცრად არის რეგულირებული როგორც საჯარო სამსახურის შესახებ კანონით, ასევე შრომის კოდექსით, რომელიც კერძო სექტორში დასაქმებულთა შრომით ურთიერთობებს არეგულირებს.

პირველ რიგში, თუ გაიგეთ, რომ დამსაქმებელმა მიიღო გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტისა და თქვენი გათავისუფლების შესახებ, აუცილებელია, მოითხოვოთ გათავისუფლების ბრძანება წერილობითი ფორმით. შემდეგ უნდა გაირკვეს, რა საფუძველი არის მითითებული ამ ბრძანებაში, რათა ამის მიხედვით მოიძიოთ დამატებითი მტკიცებულებები. მტკიცებულებად შეიძლება გამოდგეს ნებისმიერი წერილობითი დოკუმენტი, მიმოწერა, ასევე მოწმეთა ჩვენებები. აღნიშნული დოკუმენტები მნიშვნელოვანია, თუ სასამართლოში აპირებთ გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას და სამსახურში აღდგენას.

თუ გაქვთ ეჭვი ან მტკიცებულება, რომ გათავისუფლების მიზეზი პოლიტიკური ნიშნით დევნა იყო, შეგიძლიათ ამაზე განაცხადოთ, როგორც სახალხო დამცველის აპარატში, ასევე სასამართლოში და მოითხოვოთ დისკრიმინაციის დადგენა და, ამასთან ერთად, მორალური ზიანის ანაზღაურება.

დისკრიმინაციული მოპყრობის დასადასტურებლადაც მნიშვნელოვანია წერილობითი დოკუმენტები, მიმოწერა და მოწმეთა ჩვენებები. სასამართლოს ან სახალხო დამცველის აპარატს უნდა წარედგინოს მინიმუმ ისეთი მტკიცებულება, რომ შეიქმნას საფუძველი განსხვავებული მოპყრობის არსებობის ეჭვისთვის. დისკრიმინაცია სწორედ იმას ნიშნავს, რომ პირი განსხვავებული მოპყრობის მსხვერპლია კონკრეტული ნიშნით – მაგალითად, პოლიტიკური შეხედულებებით, განსხვავებული მოსაზრებით ან სხვა მსგავსი საფუძვლით.

აღსანიშნავია, რომ ასეთ საქმეებზე სამართლებრივი დავა კონკრეტულ ვადებში უნდა დაიწყოს. გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნის ვადა ერთი თვეა, რაც იმას ნიშნავს, რომ სარჩელი სასამართლოში ამ ვადაში უნდა წარადგინოთ. ხშირად დამსაქმებლები ცდილობენ, გააჭიანურონ გათავისუფლების ბრძანების გადაცემა, რათა შეაფერხონ თანამშრომლების შესაძლებლობა, დროულად დაიცვან თავიანთი უფლებები. მაგრამ თქვენ უფლება გაქვთ, მოითხოვოთ როგორც ბრძანების ტექსტი, ისე მისი დასაბუთება, სადაც მითითებული იქნება გათავისუფლების საფუძველი და ფაქტობრივი გარემოებები.

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა საჯარო მოხელეთა გათავისუფლება რეორგანიზაციის საფუძველით. თავად რეორგანიზაცია უწყების შიდა სტრუქტურულ ცვლილებებს გულისხმობს, რაც შეიძლება გამოიწვიოს თანამშრომელთა გათავისუფლება, შტატების შემცირება ან საკადრო ცვლილებების აუცილებლობა. ამ შემთხვევაშიც, თუ ყოფილი თანამშრომელი გადაწყვეტს დავას, მას ასევე სჭირდება ინფორმაცია და მტკიცებულება რეორგანიზაციის რეალურ საფუძვლებზე, რადგან ხშირად მსგავს შემთხვევაში თანამშრომლებს სჭირდებათ დაასაბუთონ, რომ რეორგანიზაცია მხოლოდ ფორმალურად იყო ჩატარებული.

დაკავშირებული სტატიები

ციფრული ჩართულობის მასტერკლასი ქუთაისში – აქტიური საზოგადოებისთვის

გსურთ, რომ თქვენს გარშემო უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს ციფრულ ცხოვრებაში? გინდათ, მიიღოთ ცოდნა და უნარები, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენს...

გაუმჭვირვალე თვითმმართველობები და მოქალაქეთა ჩართულობის პრობლემები – NEO TV – მ პროექტის შედეგები შეაჯამა

დასრულდა NEO TV-ის პროექტი შიდა ქართლში, რომლის მთავარი მიზანი მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა და ადგილობრივი თვითმმართველობების პასუხისმგებლობის და მათი...

NEO TV – მ კორუფციის თემაზე კვლევის პრეზენტაცია მოაწყო

კორუფციული ნიშნები შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში - NEO TV - ს კვლევების მიგნებები ანალიტიკოსებმა მედიას გააცნეს. NeoTv.ge ზე...

რეპრესიები “სამართლის” სახელით – პატიმრობაში კიდევ 8 აქტივისტი გაუშვეს

პროევროპული აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესები ქვეყანაში დღეს ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს წარმოადგენს. პროცესი "ახალ ფაზაში" გადავიდა,...