მარი ვალიშვილი
მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ფონზე, სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აქტიურად მონაწილეობდნენ დაგეგმილ აქციებში თუ გაფიცვებში. მათ შორის არიან ახალგაზრდები შიდა ქართლის რეგიონიდან. განსაკუთრებული აქტიურობით ამ მხრივ გამოირჩევა სტუდენტური მოძრაობა “თავისუფალი აუდიტორია”. ჩემი რესპონდენტიც მისი ერთ-ერთი წევრი ლიაა, რომელიც გვიზიარებს, თუ როგორ შეიქმნა ეს მოძრაობა და რა სირთულეებს ხვდებიან მისი წევრები. მისი განმარტებით, მოძრაობის ჩამოყალიბების იდეა დაებადათ მაშინ, როდესაც არჩევნების შემდეგ დაიკავეს თსუ-ს 023 აუდიტორია. დაშლა მალევე მოუწიათ, ვინაიდან მათი ერთ-ერთი წევრი ზვიად ცეცხლაძე დააკავეს 225-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მის წევრობას.
“არ დავშლილვართ ვაგრძელებდით აქციებზე სიარულს და გვინდოდა მოძრაობის შექმნა, რომელიც ხმამაღლა გააჟღერებდა სტუდენტების ხმასა და ძალას. ასე შევქმენით „თავისუფალი აუდიტორია. პირველი აქტივობა იყო კამპანია “მესაუბრე“, რომელიც ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით იმართებოდა. ხუთი დღის განმავლობაში დავდიოდით თსუ-ს ერთი კორპუსიდან მეორეში და ვცდილობდით ხალხის აზრის გაგებას. გვინდოდა ჯანსაღი დებატები, თუმცა შედეგი არ გამოიღო ჩვენმა კამპანიამ, რადგან სტუდენტები არ ერთვებოდნენ. ძალიან ცოტა სტუდენტი იყო, ვინც გამოვიდა ჩვენთან კონტაქტზე. გაიმართა სტუდენტებისა და ლექტორების გაერთიანებული მარში, სადაც გაჟღერდა ჩვენი ხმა”.
“თავისუფალი აუდიტორიის” აქტივობები ამით არ დამთავრებულა. შემდეგი ნაბიჯი იყო სწავლის შეჩერება თსუ-ში. რის გამოც ახალგაზრდებმა დაიკავეს ფოიე და დღემდე გრძელდება პროტესტი. აღსანიშნავია, რომ “თავისუფალი აუდიტორიის” სახელით არ მოხდა ფოიეს დაკავება, რადგან ბევრი სტუდენტი იყო იქ, რომლებიც არ იყვნენ მოძრაობის წევრები.
“ამ ყველაფრის შემდეგ ვცდილობდით მოგვეფიქრებინა რამე, რომ უფრო მეტი სტუდენტი ჩაგვერთო და მეტი ვყოფილიყავით. ამ დროს გავიგეთ, რომ სერბეთში სტუდენტებმა მოახდინეს ბლოკირება უნივერსიტეტის და შეწყდა სწავლა. გვინდოდა იგივე გაგვეკეთებინა საქართველოში, რა თქმა უნდა ამას მოკლე დროში ვერ გავაკეთებდით , ვგეგმავდით დიდი ხანი და ამასთანევ კონტაქტი გვქონდა სხვა უნივერსიტეტებთანაც.პირველ ღამეს 50-მდე ვიყავით, თუმცა შემდეგ რაოდენობა 20-მდე ჩამოვიდა”.
ლიას მიაჩნია, რომ თსუ-დან, როგორც კავკასიაში პირველი უნივერსიტეტიდან, განსაკუთრებით უნდა ისმოდეს სტუდენტების ხმა. ამ პროტესტის დროს კედელზე გაკეთებული წარწერის გამო დააკავეს თსუ-ს სტენდენტები და “თავისუფალი აუდიტორიის” წევრები – არჩილ გოჩიტაშვილი და ლუკა ხიზაძე, ასევე ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი – გიორგი ბარბაქაძე. წარწერა, რაც მათი დაკავების მიზეზი გახდა შემდეგია: “დაასრულე სიღარიბე, დაასრულე მილიცია, დაასრულე ივანიშვილის რეჟიმი”.
„48 საათი იყვნენ იზოლატორში და შემდეგ არჩილი და ლუკა ჯარიმით გამოუშვეს, ხოლო გიორგი სიტყვიერი გაფრთხილებით, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ მასაც მოუვიდა ჯარიმა, ედავებოდნენ იმას, რაც არ გაუკეთებია”
ლია ასევე საუბრობს სტუდენტების მხრიდან სიჩუმეზე და განიხილავს მიზეზებს, თუ რა იწვევს ამას.
“აქციაზე დგომისას ვამჩნევ, რომ სტუდენტები უმცირესობაში ვართ ყოველთვის, ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ვერ ვიაზრებთ ჩვენს ძალას. ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამის შეცვლა. ახალგაზრები ხშირად ფიქრობენ – “მე რა უნდა შევცვალო, მაინც აზრი არ აქვს”. ხშირად იმედი იკარგება, ზოგს კი სჭირდება რამე ისეთი, რომ გამწარდეს და გამოვიდეს, რაც სამწუხაროა, რადგან ამაზე მეტი რაღა უნდა მოხდეს-რა მიზეზიც არ უნდა იყოს ვერ გავამართლებ“.
ლიას თქმით, “თავისუფალი აუდიტორია” არ აპირებს შეჩერებას. მათი მთავარი მოთხოვნა სამართლიანი არჩევნები და დაკავებული ადამიანების გათავისფლებაა. აქვთ დაგეგმილი სხვადასხვა აქტივობა, აქციები. იგეგმება ასევე განათლების სამინისტროსთან ახალგაზრდების კომუნიკაციაც მიმდინარე პროცესების შესახებ.