- მოქალაქეთა ნაწილს ატყუებენ, რომ მათ საარჩევნო ხმებს გააკონტროლებენ, რაც ფიზიკურად შეუძლებელია.
- მიმდინარეობს პირადობების მოწმობების შეგროვება და კონკრეტულ ლოკაციებზე რეგისტრირებული ამომრჩევლების ადგილსამყოფელის აღწერა, რაც მიუთითებს მოსალოდნელ გადაცდომებზე, რომელთა აღმოსაფხვრელად საჭიროა ერთობლივი რესურსებით, სათანადო რეაგირება.
ეს იყო მთავარი თემები, რომლებიც გორში, “ქართული მედია ჯგუფის” ინიციატივით გამართულ საკოორდინაციო შეხვედრაზე განიხილეს. შეხვედრას ოპოზიციური პარტიების ადგილობრივი ლიდერები ესწრებოდნენ, რომლებმაც მოსახლეობის განწყობები გაახმაურეს და მათი დაკვირვებით გამოკვეთილი, მოსალოდნელი გამოწვევები დაასახელეს.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის, ბექა ქორჩილავას ინფორმაციით, მოქალაქეთა ნაწილს პირადობების მოწმობები გამოართვეს და მათზე გარკვეულ ზემოქმედებებს ახდენენ.
“ქართული ოცნებისთვის უკვე კარგად აპრობირებული მეთოდია ყალბი პირადობებით სხვადასხვა უბანზე ერთი და იგივე ადამიანების მიყვანა და ამ ფორმით არჩევნების გაყალბება. განსაკუთრებით ეს ხდება საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლებში. ჩვენი ინფორმაციით, წელსაც „ქართული ოცნება“ აპირებს სხვადასხვა გზით არჩევნების გაყალბებას, თუმცა ოპოზიცია, ერთიანი ძალებით შევეცდებით თითოეული ამომრჩევლის ხმის დაცვას”,-აღნიშნა ბექა ქორჩილავამ.
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში პროცესების გართულებას ოპოზიცია ყველაზე მეტად ელოდება. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სხვა უბნებისგან განსხვავებით, აქ კომუნიკაციის პრობლემებიცაა მოსალოდნელი, რადგან რიგ სოფლებში რუსული ბაზების მდებარეობიდან გამომდინარე, მობილურ ტელეფონს და ინტერნეტს მუშაობა უჭირს.
“კომუნიკაციის პრობლემების გარდა ამ მხარეში ყველაზე მეტი ყურადღების გამოჩენა გვმართებს ისეთ სოფლებში, სადაც მაღალჩინოსნების ოჯახები ცხოვრობენ. მაგალითად, პარლამენტარი გიორგი სოსიაშვილი დიციდანაა, სუსის უფროსი ოთარ ნონიკაშვილი – ხიდისთავიდან და ა.შ. ჩვენ შეგვიძლია ასეთი უბნები დავასახელოთ და განსაკუთრებული ყურადღება გამოვიჩინოთ. ტირძნისი, ტყვიავი, ფლავი – აქ მათ თავის წარმომადგენლობა ჰყავთ, სადაც მოსახლეობასთან ზეწოლებს მოახდენენ, მაგრამ ხალხის ნებას ვერ აღუდგებიან და ამიტომაა მნიშვნელოვანი რომ ბევრი ადამიანი მივიდეს 26 ოქტომბერს საარჩევნო უბანთან”,– ამბობს ოპოზიციის წარმომადგენელი, გელა შარვაშიძე.
საოკუპაციო ხაზის სოფლებში საარჩევნოდ კიდევ ერთი ბარიერი დასახელდა. სტუდენტების ნაწილმა სწავლის დაფინანსების მიღების გამო თავის დროზე ამ მხარეში მოახდინეს რეგისტრაცია, რეალურად კი სხვა ქალაქებსა თუ სოფლებში ცხოვრობენ. ოპოზიცია ვარაუდობს, რომ უმრავლესობა რეგისტრაციის მისამართზე ჩასვლას ვერ მოახერხებს და მათი ხმების გამოყენებაც წინასწარ იქნება განსაზღვრული.
“საოკუპაციო ხაზის სოფლებში ადამიანები თავის დროზე ჩაწერილები არიან იმ მიზნით, რომ სწავლის გადასახადის განახევრებით ან სახელმწიფო დაფინანსებით ესარგებლათ, ბუნებრივია ამ ოჯახებს დასაბრუნებელი აქვთ ეს ვალი სახელმწიფოსთვის. დარწმუნებული ვარ ეს ახალგაზრდები ამ სოფლებში არ მივლენ ხმის მისაცემად და ეს ხელისუფლებისთვის იქნება კარგი საშუალება ამ ადამიანების ნაცვლად „ხმა სხვამმისცეს”, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დამკვირკვებლები იყვნენ ყურადღებით, რომ უბანზე შესული პიროვნება ხმას აძლევდეს რეალურად მისი პირადობის მოწმობით, ან შეიძლება სახელი და გვარი ემთხვეოდეს მაგრამ სხვა სურათი იყოს პირადობაზე, ამიტომ ასეთი დეტალები მაქსიმალურად უნდა გავაკონტროლოთ”,- აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენელმა მამუკა ფანიაშვილმა.
ოპოზიციის ადგილობრივი წარმომადგენლების განმარტებით, ბოლო პერიოდში ფსიქოლოგიური ზეწოლის შემთხვევებიც ფიქსირდება, რაც მათივე შეფასებით, მოქალაქეთა საარჩევნო განწყობებს უკავშირდება.
“ფსიქოლოგიური ტერორი, რასაც საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტზე ახორციელებენ, გამომდინარე ასაკიდან, ლოკაციიდან და ა.შ. მიმართულია არჩევნების გაყალბების მცდელობისკენ, რომ იქნებ რამენაირად საკუთარ ყულაბაში რაც შეიძლება მეტი ხმა მოათავსონ, თუმცა ძალიან დარწმუნებით შემიძლია მოგახსენოთ, რომ აბსოლუტურად ფუჭი ქმედება იქნება, რადგან ვხვდებით მოსახლეობას და ვხედავთ, რომ ძალიან ვიწყო წრის გარდა, ანუ იმ ადამიანების და მათი ოჯახების გარდა, ვინც ბიუჯეტზე საკუთარი ჯიბეებით არიან მიბმულები, ანუ ჭიპლარებით დაკავშირებული, რეალურ მხარდამჭერი ხელისუფლებას არავინ დარჩა”, -აცხადებს ოპოზიციის წარმომადგენელი, მინდია გოდერძიშვილი.
საკოორდინაციო შეხვედრაზე ოპოზიცია შეთანხმდა, რომ 26 ოქტომბერს, თითოეული მოქალაქის ხმის დასაცავად, ერთმანეთთან მჭიდრო კომუნიკაციით იმოქმედებენ და ე.წ. რთულ უბნებზე, მოსალოდნელი გამოწვევების აღმოფხვრას, ერთობლივი რესურსით შეეცდებიან.
ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია
NEO TV და შესაძლოა ის არ გამოხატავდეს ევროკავშირის ან/და ISFED-ის შეხედულებებს.