იმუნიზაციამ ბოლო 50 წელში, 150 მლნ-ზე მეტი სიცოცხლე გადაარჩინა – რას შეცვლის ამ პროცესში AI?

Share post:

დეზინფორმაცია ბოლო პერიოდში ერთ-ერთ აქტუალურ საკითხს წარმოადგენს საქართველოში. დამახინჯებული ამბები და მითები თითქმის ყველა სფეროს აზარალებს და უარყოფით შედეგებს იწვევს მოქალაქეთა ცნობიერებაზე გავლენის მოხდენის გზით. გამონაკლისი არც ჯანდაცვის მიმართულებაა, რაც პანდემიის პერიოდშიც არაერთი მაგალითით დადასტურდა. იყო შემთხვევები, როდესაც დეზინფორმაციით გამოწვეული უნდობლობა, მათ შორის ჯანდაცვის სისტემისადმი, ფატალური შედეგებითაც დასრულდა. ანტივაქსერული მიდგომები განსაკუთრებით გამოხატულია სოფლად, სადაც ნაკლებია როგორც სანდო ინფორმაციაზე წვდომა, ისე ჯანდაცვის არასაკმარისი პერსონალი და ვაქცინების ეფექტური მიწოდებაც კი.

რისთვის გვჭირდება იმუნიზაცია?

მნიშვნელოვანია საზოგადოებას ესმოდეს, რომ ვაქცინების მეშვეობით, იმუნიზაცია აძლიერებს სხეულის იმუნურ სისტემას, კონკრეტული პათოგენების ამოცნობასა და მის წინააღმდეგ ბრძოლას. პროაქტიული მიდგომები ხელს უშლის ინფექციური დაავადებების გავრცელებას და შედეგად უამრავი სიცოცხლის გადარჩენა ხდება შესაძლებელი. ხოლო ვაქცინაციის გაჩენამდე, როგორც მედიცინის დოქტორი, პროფესორი და კომუნიკაციის ექსპერტი ეკა სანიკიძე ამბობს, ინფექციურმა დაავადებებმა და პანდემიებმა უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა გასულ საუკუნეში:

იმუნიზაციის პროგრამებმა ისეთი დაავადებების შემთხვევების მკვეთრი შემცირება გამოიწვია, როგორიცაა წითელა, პოლიომიელიტი, დიფტერია და ყივანახველა და ა.შ. ვაქცინამ ხელი შეუწყო ჩვილთა და ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირებას, რაც საქართველოში ჯანმრთელი და ხანგრძლივი სიცოცხლის აუცილებელი პირობაა.

ბოლო კვლევების თანახმად, იმუნიზაციამ მსოფლიოში, სულ მცირე 154 მილიონი სიცოცხლე გადაარჩინა ბოლო 50 წლის განმავლობაში.

იმუნიზაციის დონე საქართველოში

Covid-19 -ით “მიღებული გაკვეთილების” საპასუხოდ, შესაბამისმა სამსახურებმა და სპეციალისტებმა არაერთი სტრატეგია შეიმუშავეს. განხორციელდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის კამპანიები, რაც მიზნად ისახავდა ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და გავრცელებული მითების აღმოფხვრას. ამ მიმართულებით ხაზგასასმელია საქართველოში წითელი ჯვრის საზოგადოების როლიც, რომელიც მნიშვნელოვან ძალისხმევას იჩენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინიციატივების, მათ შორის ვაქცინაციის პროგრამების მხარდაჭერაში, განსაკუთრებით კი კონფლიქტით დაზარალებულ და დაუცველ თემებში.

თავის მხმრივ გარკვეული ინვესტიცია ჩადო ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში მთავრობამაც და ამ სფეროში ხელი შეუწყო დასაქმებულთა გადამზადებას, ვაქცინაციის სერვისების შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველსაყოფად. ამ მიდგომების კომბინაციით, ქვეყანა ცდილობს გადალახოს იმუნიზაციის ბარიერები და ხელი შეუწყოს მოსახლეობის ჯანმრთელობას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, საქართველომ ბოლო წლებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია იმუნიზაციის მოცვის კუთხით, თუმცა გამოწვევები მაინც რჩება, განსაკუთრებით კი რთულად მისასვლელ დასახლებებსა და მარგინალიზებულ მოსახლეობაში. მიუხედავად იმისა, რომ იმუნიზაციამ მნიშვნელოვნად შეამცირა ინფექციური დაავადებების ტვირთი, არსებული ბარიერები თავის მხრივ მაინც ახდენს გავლენას, ვაქცინაციის მაჩვენებელზე და საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე.

ძირითადი პრობლემები

არსებული გამოწვევების შესწავლისას გამოიკვეთა, რომ საქართველოში იმუნიზაციის პრობლემებს ძირითადად შემდეგი სახის დაბრკოლებები ქმნის:

  • სერვისებზე დაბალი ხელმისაწვდომობა
  • გეოგრაფიული ბარიერები
  • ფინანსური შეზღუდვები და ეკონომიკური უთანასწორობა
  • ინფორმაციის ნაკლებობა და დეზინფორმაცია

უახლესი ტექნოლოგიების როლი ბარიერების აღმოფხვრის პროცესში

თანამედროვე მსოფლიოში ტექნოლოგიების უსწრაფესმა განვითარებამ  არაერთი სერიოზული პრობლემა გადაჭრა. მისი დანერგვა და გამოყენება მკვეთრად გაიზარდა სხვადასხვა ინდუსტრიაში, მათ შორის – ჯანდაცვის სფეროშიც. ტექნოლოგიები ექიმებს დიაგნოსტიკაში, მკურნალობის დაგეგმვასა და სამედიცინო კვლევებში ეხმარება. ამასთან, ახალი ტექნოლოგიები აუმჯობესებენ ეფექტურობას, ამცირებენ ხარჯებს და სამყაროში ახალ შესაძლებლობებს ქმნიან.

მაგალითად, ხელოვნური ინტელექტის (AI) შესაძლებლობების გამოყენებით, საქართველოს შეუძლია რევოლუცია მოახდინოს იმუნიზაციის პროგრამებში და მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ვაქცინაციის მაჩვენებლები. მეტი კონკრეტიკისთვის განვიხილოთ თითოეული პრობლემის გადაჭრის პოტენციური შესაძლებლობა AI – ის გამოყენებით.

AI-ის ლოგისტიკა: ალგორითმების საშუალებით შესაძლებელია ვაქცინის მიწოდების მარშრუტების ოპტიმიზაცია, რაც უზრუნველყოფს დროულ განაწილებას ყველაზე რთულად მისასვლელ ადგილებშიც კი.

დაავადების ადრეული გამოვლენა: მოსახლეობის მონაცემებისა და ვაქცინაციის ტენდენციების გაანალიზებით, AI-ს შეუძლია პოტენციური აფეთქებების პროგნოზირება და რესურსების პროაქტიულად განაწილება. AI-ზე მომუშავე ინსტრუმენტები შესაძლებელს გახდის მონაცემთა ბაზების უმოკლეს დროში გაანალიზებას, ეპიდემიის ადრეული ნიშნების გამოსავლენად, რაც უზრუნველყოფს სწრაფ რეაგირებას და პრევენციული ღონისძიებების გატარებას.

ხარჯთეფექტური გადაწყვეტილებები: AI შესაძლებელს გახდის რესურსების განაწილების ოპტიმიზაციას და იმუნიზაციის პროგრამების საერთო ხარჯების შემცირებასაც.

დეზინფორმაციის განეიტრალება: AI გააანალიზებს სოციალურ მედიას, გამოკითხვებს და სხვა საჯარო მონაცემებს, რათა გამოავლინოს ზოგადი ტენდენციები და ის სფეროები, სადაც ვაქცინაციის ყოყმანის ალბათობა მაღალია. ეს საშუალებას მისცემს ჯანდაცვის ორგანოებს პროაქტიულად მიმართონ შესაბამისი საინფორმაციო კამპანიები. გარდა ამისა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა მნიშვნელოვნად გააძლიერებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ძალისხმევას საჭირო დროს შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების თვალსაზრისით.

რეალურ დროში მონიტორინგი:  AI-ს შეუძლია ასევე ვაქცინაციის მაჩვენებლების თვალყურის დევნება, დაფარვის ხარვეზების იდენტიფიცირება და გვერდითი მოვლენების რეალურ დროში მონიტორინგი.

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, იმ შესაძლებლობების ფანჯარაში, საიდანაც ჯანდაცვის სფეროსთვის სრულიად ახალი და განსხვავებული რეალობა ჩანს.

ხელოვნური ინტელექტის დანერგვით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა იმუნიზაციასთან ერთად, კიდევ უამრავ გამოწვევას გადალახავს, რითიც შეძლებს გააუმჯობესოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შედეგები და დაიცვას მოქალაქეები პრევენციული დაავადებებისგან. ამისთვის, მთავარი პოლიტიკური ნება და პრიორიტეტების სათანადოდ განსაზღვრაა, რადგან თანამედროვე სამყარო წარმატების მისაღწევად, ტექნოლოგიებისთვის “ფეხის აწყობას” მოითხოვს.

ნინო ჩიბჩიური

დაკავშირებული სტატიები

გადაცემა “ფაქტი” – ევროკავშირის სიკეთეები ახალგაზრდებისთვის

როგორ ამოვიცნოთ დეზინფორმაცია, რა გავლენას ახდენს ყალბი ამბები და რა სიკეთეები მოაქვს ევროინტეგრაციას ახალგაზრდებისთვის? - ამ თემაზე საუბრობენ...

ტრენერთა ტრენინგი მედიაწიგნიერებისა და ადვოკატირების შესახებ

მედიაწიგნიერებისა და ადვოკატირების შესახებ ტრენერტა ტრეინინგი ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში მცხოვრებმა ახალგაზრდებამ, მათ...

ტოტალური კონტროლი – ღირსებისა და ზნეობის სახელით

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტმა მუშაობა, "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონთა პაკეტის მიღებით დაასრულა. მმართველი გუნდის წარმომადგენელი დეპუტატების...

საქართველოში, საარჩევნო დარღვევების შესასწავლად, EU – ს “ტექნიკური მისია” ჩამოვა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილებით, საქართველოში ევროკავშირის კომისიის "ტექნიკური მისია" ჩამოვა.  ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს საქართველოს საკითხი, სადაც აღინიშნა,...