ნეო ტვ-ს რეპორტიორებმა, უსაფრთხოების შესახებ საველე კურსი გაიარეს

Share post:

ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი ორგანიზაციის, “საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაციის” ორგანიზებით, ჟურნალისტებისთვის გადამზადების ექსპრეს კურსი განხორციელდა. მასში მონაწილეობა ნეო ტვ-დან, ნათია სიდამონიძემ და ლიკა ომაძემ მიიღეს.

“გავიარეთ ტრენინგები, სადაც დეტალურად განვიხილეთ საბრძოლო ვითარების დროს უსაფრთხოდ გადაადგილებისა და თავდაცვის ტექნიკები. ხოლო დასასრულს, წინასწარ მომზადებული სიმულაციის ფარგლებში, უშუალოდ პრაქტიკაში გამოვცადეთ მიღებული ცოდნა. პირადად მე პირველად ვიყავი მსგავსი სახის პროექტში ჩართული და ვთვლი, რომ კარგი გამოცდილება მივიღე. გარდა ამისა, კარგი იქნება თუ მსგავს გადამზადებას უფრო მეტი ჟურნალისტი გაივლის. სამწუხაროდ, ჩვენს ყოველდღიურობაში, პირდაპირი ჩართვების დროსაც ხშირად ვხედავთ, თუ როგორ გადაადგილდებიან ჟურნალისტები ყოველგვარი თავდაცვის აღჭურვილობის გარეშე ცხელ წერტილებში და თავს საფრთხეში იგდებენ. მაშინც, როდესაც შეიძლება შესაბამისი ცოდნითა და გამოცდილებით უამრავი საფრთხე აიცილონ თავიდან. გულდასაწყვეტია, რომ ამ კუთხით გადამზადება არ ხდება სახელმწიფოებრივ დონეზე და მხოლოდ ფონდების და ორგანიზაციების ძალისხმევით ტარდება”, – აღნიშნა ნათია სიდამონიძემ.

კურსი ჟურნალისტთა უსაფრთხოებას და ომის რეპორტიორთა მუშაობის სპეციფიკას ეხებოდა. პროექტი თეორიულ ნაწილთან ერთად ითვალისწინებდა პრაქტიკულ საველე სწავლებასაც.

“რთულია იყო ჟურნალისტი და კიდევ უფრო რთულია გერქვას ომის ჟურნალისტი. ამ სფეროში საქართველოში და არა მარტო, ძალიან დიდ პრობლემებს ვაწყდებით, რადგან არ გვაქვს საჭირო აღჭურვილობა და არც შესაბამისი მომზადება, რათა შევძლოთ ომის პირობებში მუშაობა. სამი დღის განმავლობაში გავიარეთ ინტენსიური სწავლება, როგორი აღჭურვილობით და მომზადებით უნდა წავიდეთ ომის გასაშუქებლად. საველე გასვლა, ნამდვილად საინტერესო აღმოჩნდა. ვისწავლეთ თუ როგორ უნდა ავიცილოთ საფრთხე თავიდან და როგორ უნდა ვიმუშავოთ სწორად. ზოგიერთი ჟურნალისტი უსაფრთხოებას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს და მხოლოდ კადრებისა და ინტერვიუს მოპოვებას ცდილობს, რაც სწორი ნამდვილად არ არის. ტრენინგზე კიდევ უფრო მეტად გავიაზრეთ, რომ პირველ რიგში უსაფრთხოება უნდა დავაყენოთ და შემდეგ – საქმე. ეს ყველაფერი პრაქტიკაშიც დავინახეთ”, – ამბობს ლიკა ომაძე.

ტრენინგში სულ 10 ჟურნალისტი მონაწილეობდა. კურსს ორგანიზებას უწევდა ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციის წარმომადგენელი ბელგიიდან, თავად ტრენერი კი – დიდი ბრიტანეთიდან იყო.

ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია, ნორვეგიის ხელისუფლების ფინანსური მხარდაჭერით, უკვე წლებია ახორციელებს ჟურნალისტთა გადამზადებას სხვადასხვა ქვეყნებში (მათ შორის საქართველოშიც), რომელიც ეხება მათ უსაფრთხოებას და წინასწარ თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებას ცხელ წერტილებში რეპორტაჟების კეთებისას. გასულ წელს აღნიშნული კურსი შიდა ქართლიდან, მერი კორინთელმა და მარიამ გაბლიშვილმაც გაიარეს.

დაკავშირებული სტატიები

“არასდროს დაბრუნდე საბჭოთა კავშირში” – მესიჯი, რომელმაც ელჩების ყურადღება მიიპყრო

გორში, ხელოვნების სახლში გამართულ გამოფენაზე დღეს, სტუმრების ყურადღება სამოქალაქო აქტივისტის, თეონა ფანქველაშვილის მესიჯმა მიიპყრო, რომელიც მაისურზე ჰქონდა გამოსახული.  ღონისძიებას...

“ნეომედი” – თირკმლის მსოფლიო დღე და არსებული გამოწვევები

13 მარტი თირკმლის მსოფლიო დღეა. სწორედ თირკმლის ქრონიკულ დაავადებასთან დაკავშირებული თემების განხილვას ეთმობა გადაცემა "ნეომედი" - ეკა სუხიშვილთან...

რა ისტორია აქვს 8 მარტის აღნიშვნას?

8 მარტი მსოფლიოში ქალთა საერთაშორისო დღედ აღინიშნება, მათ შორის საქართველოში, სადაც ეს თარიღი სახელმწიფო დღესასწაულადაა გამოცხადებული. სხვა ქვეყნებში,...

“გაიღვიძეთ, ქვეყანას ვკარგავთ” – სტუდენტების ხმა”თავისუფალი აუდიტორიიდან”

მარი ვალიშვილი მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ფონზე, სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აქტიურად მონაწილეობდნენ დაგეგმილ აქციებში თუ გაფიცვებში. მათ შორის არიან...