აბრეშუმის გალერეაში ჯგუფური გამოფენა მოეწყო, რომელშიც მონაწილეობდა 22 წლის თვითნასწავლი ხელოვანი გელა ლეკიშვილი – ყვარელიდან, სოფელ სანავარდოდან. მან ერთ წელიწადში ლითონის მავთულით შექმნილი სკულპტურებით საზოგადოებაში დიდი მოწონება დაიმსახურა. ფაქტობრივად, ის ახალი მიმდინარეობის დამკვიდრებას ცდილობს და პარალელურად, ხელოვნების პოპულარიზაციას საკუთარ რეგიონში. სწორედ ამ მიზნებს უკავშირდება მისი სამომავლო გეგმები, რომელთა ნაწილიც უკვე განხორციელებულია. თავისი შემოქმედების, მოტივაციისა და მიზნების შესახებ დღეს ის ნეო ტვ-ს ესაუბრება.
როგორ და როდის დაიწყეთ სკულპტურების შექმნა?
-1 წლის წინ ჩემ თავში აღმოვაჩინე ქანდაკების კეთების სურვილი. არსად არ მისწავლია, პირველად როცა ვცადე, გამომივიდა .პრაქტიკამ ჩემი ნამუშევრების ხარისხი საგრძნობლად გააუმჯობესა. როდესაც ჩემთვის ახლობელ ადამიანებს, და არამარტო, მოეწონათ ჩემი ნახელავი, სტიმული გამიჩნდა, რომ უფრო მასშტაბური და შინაარსიანი ნაკეთობები შემექმნა.
სულ რამდენი ნაკეთობა გაქვთ ამ დროისთვის შექმნილი?
-8 ნაკეთობა მაქვს ამ დროისთვის.შინაგანი ძალა ,ანგელოზი,სამოთხის ნაწილი,თავისუფლება,ბალანსი,იუსტიცია, საქართველოს რუკა-მემატიანე და ორსახოვნება.
რომელი იყო თქვენი პირველი და ბოლო ნამუშევარი?
ჩემი პირველი ნამუშევარია “თავისუფლება” ,რომელიც არწივის ფორმით გამოვსახე. არწივი ჩემთვის თავისუფლების სიმბოლოა.
ბოლო ნამუშევარია “ანგელოზი”, მთლიანად ლითონის მავთულით შექმნილი. მას აქვს მარმარილოს სადგამი, სიმაღლეში 2.70 მ, სიგანეში – 3.10 მ. მისი შექმნა რამდენიმე თვე დამჭირდა. ტექნიკურად ურთულესი იყო – ორი საყრდენით გავაკეთე, და არცერთი შაბლონი არ მქონია.

როგორია თქვენი სკულპტურების სტილი?
ჩვეულებრივ, შავ ფონზე ვმუშაობ ოქროსფერი მასალით. შავი ფონი სარკის ეფექტს ქმნის – ისე ჩანს, თითქოს ფიგურები ორივე მხრიდან ლამობენ გადმოსვლასო,ამავდროულად, ეს ნამუშევრები ფუნქციურია და მოძრაობს.
პროპორციების შესანარჩუნებლად რას იყენებთ?
-მხოლოდ ჩემს გონებას. არანაირი შაბლონი, ზომა ან ჩარჩო.
„საქართველოს რუკა – მემატიანე“ საინტერესო ნამუშევარია. როგორ შეიქმნა ის?
-ეს ჩემი მეორე ნამუშევარია, შექმნილი პატრიოტული მოტივით. ის გადმოსცემს საქართველოს ისტორიას ძვ.წ. XIII საუკუნიდან 2025 წლამდე. ყველაზე ძველი ფიგურაა კოლხეთის სამეფო ,რომელიც ოქროს საწმისითაა გამოხატული, ხოლო ყველაზე ახალი – ქართლის დედა, თვალებზე ახვეული სისხლიანი მოსახვევით. ყოველი დეტალი მნიშვნელოვანია – შეიძლება ეს პირველ შეხედვაზე ვერ შეამჩნიო, მაგრამ ნამუშევარში დიდი იდეა დევს.
რით არის დაკავებული გელა ლეკიშვილი ხელოვნების მიღმა?
-მე ვარ სტუდენტი – ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, პოლიტიკის მიმართულებით.
როგორ უთავსებთ სწავლას, ხელოვნებასა და პირად ცხოვრებას?
-ალბათ იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ. ვცდილობ, მაქსიმალურად ბევრი რამ შევისწავლო – ახალგაზრდობას ამის შესაძლებლობა აქვს.
რა არის თქვენი აზრით მთავარი – ნიჭი თუ შრომა?
-ნიჭი მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ 10%. დანარჩენი შრომაა და პრაქტიკული გამოცდილება. ხატვა, სხვათა შორის, დასწავლადია – ყველაფერი დამოკიდებულია მონდომებაზე.
რა არის თქვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევა?
-ყოველი ახალი იდეა ჩემთვის გამოწვევაა. მაგალითად, ანგელოზის სკულპტურის გაკეთება ჩემთვის უდიდესი გამოწვევა იყო – მსგავსი რამ აქამდე არ მენახა.
როგორ ფიქრობთ, რით დაამახსოვრდებით საზოგადოებას?
-იმედია – განსხვავებული სტილითა და ლითონის სკულპტურებით, რომლებიც ვიზუალურად ლამაზია, მაგრამ იდეით სავსე.
გაქვთ თქვენი სივრცე, სადაც მუშაობთ?
-ვარ სოფელ სანავარდოდან, იქ მაქვს საკუთარი სახელოსნო და ვხსნი სკოლის ტიპის შემოქმედებით სივრცეს. ორი თვის განმავლობაში მე და ჩემი მეგობარი (რომელიც ფერწერას ასწავლის) შევასწავლით სკულპტურას და ხელოვნებას. მინდა, ბავშვებისთვის მივცე ის, რაც მე მაკლდა მათ ასაკში. სამომავლოდ კი ჩემი მიზანია,რომ ეს ადგილი ხელმისაწვდომი იყოს ყველა ასაკისთვის.
ამჟამად რას ქმნით?
-ვმუშაობ ახალ ნამუშევარზე: ორი ადამიანის შორის განსხვავება და ოქროს ჯაჭვი, რომელიც მათ აკავშირებს. რასაც ალეგორიულად გადმოვცემ ა ჭადრაკის დაფის სახით
მომავალში რას გეგმავთ შემოქმედებითად?
-მინდა უფრო მასშტაბური და დეტალიზებული ქანდაკება შევქმნა. ზუსტად ვერ ვხსნი ჯერ როგორ გამოიყურება ,რადგან არ ვიცი როგორ ავსნა ის რაც ჩემ წარმოსახვაშია.
დღეში რამდენ დროს უთმობთ მუშაობას?
-გააჩნია ხასიათს. შემიძლია ღამეებიც გადავათენო, ხანდახან კი ერთი საათი ვიმუშაო.

სად და როდის გქონდათ პირველი გამოფენა?
-ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ იყო შემოდგომის ბოლოს ან ზამთრის დასაწყისში. მხატვართა სამყაროს მიერ ორგანიზებულ გამოფენაზე მქონდა ნამუშევრები: “სამოთხის ნაწილი” და “ქართველთა ერთობა”.
პერსონალური გამოფენა კი მქონდა ყვარელში 30 აპრილიდან 5 მაისამდე. გამოფენასთან ერთად გაიმართა ღონისძიება “ლურჯი აპრილი”, რომელიც ივანე ქართველის ხელმძღვანელობით ჩატარდა. 800-ზე მეტი ბავშვი იყო მოსული.
ბავშვები დაინტერესებულები არიან თქვენს მხარეში ხელოვნებით?
-შეიძლება ითქვას ,რომ ბევრი ჩემით დავაინტერესე. ინდივიდუალურად ჩავატარე მასტერკლასები თითოეულ ჯგუფთან.
მომავალში სად აპირებთ სწავლის გაგრძელებას?
-დავასრულებ ილიაუნს, შემდეგ ხელახლა ჩავაბარებ ეროვნულებს და ვეცდები გავაგრძელო სწავლა სამხატვრო აკადემიაში
ესაუბრა მარი ვალიშვილი