“12 წელი გვაოცნებეს, ველოდებით უკეთეს ცხოვრებას” – საარჩევნო მოლოდინები შიდა ქართლის სოფლებში

Share post:

ნეო ტვ -ს პროექტის მონაწილეები წინასაარჩევნოდ შიდა ქართლის სოფლებში მოქალაქეებს ხვდებიან. სოფლებში გავრცელებული დეზინფორმაციის საპირწონედ, მოსახლეობას ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციას უზიარებენ და მათ განწყობებს სწავლობენ.

ჯამში 100-მდე ამომრჩეველი გამოიკითხა, რომელთაგან პროექტის გუნდმა ყველაზე ხშირად გამოკვეთილი საკითხები შეაჯამა. შეხვედრები პროექტის ფარგლებში შიდა ქართლის 10 სოფელში მიმდინარეობდა.

მოლოდინებია სოფლებში წინასაარჩევნოდ და რა  სახის ცვლილებები სურს მოსახლეობას?

“ამ არჩევნებზე ახალი მთავრობის მოსვლის იმედი ნაკლებად მაქვს, მაგრამ ძალიან მინდა შეიცვალოს. ყველაზე ცუდი მაინც ის არის, რაც ამ ქვეყანას გაუკეთეს, თავიაანთი ქმედებით. ახალი მთავრობისგან ველოდებით უფრო გონივრულ ნაბიჯებს და ამ ქვეყანის სწორ გზაზე დაყენებას“, – ამბობს მოხისის დევნილთა დასახლებაში მაცხოვრებელი.

მოსახლეობის ნაწილი თვლის, რომ პოლიტიკა მისი საქმე არ არის, თუმცა ქვეყანაში უკეთესი მომავალი სურს და არჩევნებზე მისვლასაც სწორედ ამ მიზნით აპირებს.

„პოლიტიკაში არ ვერევი, რამდენჯერაც ჩავერიე ჩემთვის არასასიამოვნოდ დასრულდა, ძალიან პატრიოტი ვარ და მინდა ცხოვრება უკეთესობისკენ წავიდეს. მოლოდინები ნაკლებად მაქვს. იმედს ვიტოვებ უკეთესობისკენ შეიცვლება, თუმცა ყველას საარჩევნო დაპირებები აქვს, რაც შემდეგ მივიწყებას ეძლევა და რეალურად არაფერი კეთდება“, -ამბობს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვრის მკვიდრი.

ერთ-ერთი აქტუალური საკითხი რეგიონში ემიგრანტების დაბრუნებაა. მაგალითად, სოფელ აძვში გასული წლების მონაცემებით, 450-მდე ოჯახიდან 20-მდე  წევრი საცხოვრებლად ან სამუშაოდაა საზღვარგარეთ წასული.

„ველოდები უკეთეს ცხოვრებას, ყველა ემიგრანტი, რომ დაბრუნდეს სახლში. მე მგონია, რომ აუცილებლად შეიცვლება ეს მთავრობა, ამისთვის მე პირადად წავალ არჩევნებზე და დავაფიქსირებ ჩემ ხმას. ძალიან მაღელვებს ჩემი ქვეყნის ბედი, გულით მინდა ხვალ უკეთესი დილა გათენდეს. როდესაც ეს მთავრობა მოდიოდა მეგონა ყველაფერი შეიცვლებოდა და აქტიურად ვუჭერდი მხარს, მაგრამ იმედები გამიცრუვდა. ახლა უკვე ვფიქრობ ტყუილების და დაპირებების გარდა, რა გაუკეთებიათ ჩემი ქვეყნისთვის, ალბათ – არაფერი. საშინლად იმედგაცრუებული ვარ და მინდა მალე წავიდნენ ჩემი ქვეყნის ხელისუფლებიდან. ახალი ძალა სჭირდება ამ ქვეყანას, რომელიც ძირეულ ცვლილებებსა და რეფორმებს გაატარებს, უკეთეს მომავალს შეუქმნიან ჩვენს ახალგაზრდებს, რათა შეწყდეს ქვეყნიდან ამდენი ტვინის გადინება“, -ამბობენ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში.

მნიშვნელოვანი პროექტები, რასაც მოსახლეობა ბოლო 10 წლიდან გამოარჩევს?

ერთ-ერთი საკითხი, რაც პროექტის მონაწილეებს აინტერესებდათ მოქალაქეებისთვის ბოლო 10 წელში განხორციელებულ გამორჩეულ პროექტს ეხებოდა. გამოკითხულთა უმრავლესობა ძირითადად ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე მიუთითებდა, თუმცა უფრო მეტად მოუგვარებელი პრობლემები ახსენდებოდათ.

„ყველაზე კარგი, რაც გააკეთეს ჩემს სოფელში დააგეს გზა, ყველაზე ცუდი კი ქვეყნის კურსის ცვლილებაა ბოლო პერიოდში. არჩევნების ძალიან მეშინია, ვფიქრობ უბრძოლველად არ ჩაივლის ამ არჩევნების საკითხი, მე აუცილებლად ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ხმის მიცემის პროცესში და ჩემი აზრი დავაფიქსირო.  ერთ-ერთ უბანზე რეგისტრატორადაც ვარ დანიშნული და აქტიურად ვემზადები ამ დღისთვის, ყველაზე კარგი, რაც გაუკეთებიათო მკითხეთ, გამეცინა და ოდნავ იუმორით გიპასუხებთ – გვაოცნებეს ქართული საზოგადოება, ცუდი კი უამრავი შეიძლება ჩამოვთვალო. მთავარი მაინც ბოლო პერიოდში მომხდარი ამბებია მე ეს ღალატად მიმაჩნია და ვერ ვაპატიებ ვერასდროს“, -ამბობენ მერეთის თემში.

გამოკითხვაში ახალგაზრდები, დევნილები, სოციალურად დაუცველები და შუახნის ქალები მონაწილეობდნენ. მათთან საუბრისას გაირკვა რომ რიგ საკითხებზე მათ, ახალ თაობასთან შედარებით, არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ. ნეო ტვ-ს პროექტის მონაწილეებისგან მოსმენილი ფაქტების შემდეგ კი აცხადებდნენ, რომ ქვეყანას განვითარებული საზოგადოება სჭირდება, რისთვისაც მხარდაჭერას ქვეყანა ევროკავშირისა და ამერიკისგან იღებს.

„გვსურს ვიცხოვროთ დემოკრატიულ განვითარებულ საქართველოში. ველოდები სიახლეებს. მჯერა ახალგაზრდები წარმოვადგენთ დიდ ძალას. ჩვენი დაკვირვებით გამოფხიზლდა ქართული საზოგადოება, ვეღარ მოგვატყუებენ ასე ადვილად. დევნილი ვარ და უნივერსიტეტში სწავლის გადასახადი დამიფინანსეს, ესაა ერთადერთი სიკეთე რაც ამ მთავრობისგან მახსენდება, თუმცა ბოლოდროინდელმა განცხადებებმა ყველაფერი გადახაზა. დევნილებს თავზე გვახვევენ აზრს, თითქოს ომი საქართველომ დაიწყო. თითქოს ჩვენ გვინდოდა საკუთარი სახლების დატოვება. საბოდიშო არავისთან გვაქვს, ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა და ღალატი ამ ქვეყნისა და გმირების წინაშე, რაც ახალგაზრდებს გვართმევს განვითარების შანსს“, – ამბობს დევნილი სტუდენტი, ლიახვის ხეობიდან.

რა უნდა გააკეთოს ქვეყანაში ახალმა მთავრობამ უკეთესი ცხოვრებისთვის?

ნეო ტვ-ს პროექტის მონაწილეები, მოლოდინებთან ერთად, პოლიტიკოსების დაპირებებთან დაკავშირებით სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შეფასებებსაც სწავლობდნენ. კეთილდღეობა მათთვის გაზრდილ ხელფასებთან, მომატებულ პენსიასთან და პროდუქტების ფასების დარეგულირებასთან ასოცირდება. 

„მთავრობა უნდა ზრუნავდეს ხალხის კეთილდღეობაზე, ლარი უნდა გამყარდეს, ხელფასები და ფასები უნდა შეესაბამებოდეს ერთმანეთს. საშუალო ხელფასი 600-1000 ლარამდე მერყეობს, მუშაობ მონურად და არ გიფასდება. ყველაფერი დღითიდღე ძვირდება. სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს ეს ფასები. პირობების შექმნა უნდა მოხდეს, რეფორმები გატარდეს. ამდენი ოჯახის, განსაკუთრებით ახალგაზრდების გადინება საზღვარგარეთ საგანგაშოა”, – აღნიშნავენ ხაშურის მუნიციპალიტეტში.

გამოკითხული მოქალაქეების ნაწილი რამდენიმე წლიანი საბანკო ვალდებულებით გამოწვეულ სირთულეებზეც საუბრობს და ახალ მთავრობას კერძო სექტორის მხარდაჭერასაც სთხოვს.

“სესხების განულება ან პროცენტების დაკლება არავის შეუძლია? ეს ძალიან გააძლიერებდა ოჯახებს. ველოდები ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას, სურსათის გაიაფებას, ხალხის დასაქმებას, ჯანდაცვა გახადონ ხელმისაწვდომი, გაჭირვებული ხალხი ვერ ყიდულობს აფთიაქში წამალს”,ამბობს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები.

მოქალაქეთა ნაწილს განათლების სისტემაში რეფორმების განხორციელებაც სურს. ისინი მოუწოდებენ პარტიებს შეიმუშაონ შესაბამისი პროგრამა, რომლის ახალ პარლამენტში დამტკიცებაც სკოლებში სწავლის დონეს გააუმჯობესებს. მათი აზრით,  ზოგადი განათლების მისაღებად, მოსწავლეს რეპეტიტორთან მომზადება და დამატებითი ხარჯების გაღება აღარ უნდა სჭირდებოდეს.

ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია NEO TV და შესაძლოა ის არ გამოხატავდეს ევროკავშირის ან/და ISFED-ის შეხედულებებს.

დაკავშირებული სტატიები

გორის მუნიციპალიტეტში, 8-დან 5 სოფელში სასმელი წყალი დაბინძურებულია

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ბროწლეთში, ტყვიავში, ტირძნისში, ფხვენისში, კარალეთში, ქიწნისში, ქვემო ხვითსა და შავშვებში სასმელი წყლის ხარისხი შეამოწმეს....

ევროკავშირზე გავრცელებული მითების გაქარწყლება ფაქტებით შეგვიძლია – თათია ინჯგია

თათია ინჯგია ისტორიულად, საქართველოს საგარეო პოლიტიკა და მისი ეროვნული არჩევანი ყოველთვის დასავლური სამყაროსკენ სწრაფვით იყო განპირობებული. ჩვენი ქვეყნის ქრისტიანულმა...

ევროინტეგრაცია და დემოკრატია საქართველოში 2024 წლის მოვლენების ფონზე

ლიკა მზარეულიშვილი 2024 წელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ეტაპია ევროინტეგრაციისა და დემოკრატიის განვითარების გზაზე. ბოლო წლები სერიოზულ გამოწვევებს და საკვანძო გადაწყვეტილებებს...

“რუხი ზონა” – ჰიბრიდული ომის შესახებ გორში დისკუსია გაიმართა

"ჰაკერები თავისუფალი ხალხია. ისინი ჰგვანან ხელოვანებს, რომლებიც თუ კარგ ხასიათზე არიან, დილით დგებიან და იწყებენ ხატვას. ჰაკერებიც ასე...