გამარტივებული შესყიდვები წინასაარჩევნოდ – რა დაუჯდათ კასპელებს სახალხო დღესასწაულის აღნიშვნა?

Share post:

6 ოქტომბერს კასპში სახალხო დღესასწაული “კასპობა”აღინიშნა, რისთვისაც მუნიციპალიტეტმა მზადება რამდენიმე თვით ადრე დაიწყო. კონკრეტულად კი ღონისძიების (მათ შორის შემოდგომის კუთხის, საბავშვო ატრაქციონების, ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთა ტრანსპორტირება და ა.შ) მოსაწყობად, მერიამ ტენდერი 2024 წლის 16-27 აგვისტოს გამოაცხადა, რის შედეგადაც, გამარჯვებულად ი/მ ტარიელ არჩვაძე დასახელდა.

მერიამ მასთან, აღნიშნული მომსახურებისთვის, 34 207 ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა და ანგარიშსწორებას ერთჯერადად, მიმწოდებლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე დაჰპირდა. ხელშეკრულებაში ბოლო ცვლილება 2 ოქტომბერს შევიდა, საიდანაც ირკვევა, რომ მერიამ ღონისძიებისთვის გათვალისწინებული ფერადი მაშხალების გაშვება გადაიფიქრა და მის ნაცვლად, სამწვადე ხორცის შეძენა გადაწყვიტა.

“როგორც მოგეხსენებათ 2024 წლის 6 ოქტომბერს, ქალაქ კასპში იგეგმება სახალხო დღესასწაული, “კასპობა”.  ღონისძიებისთვის გათვალისწინებული იყო ფოიერვერკის შეძენა. გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე საჭირო გახდა ფოიერვერკი ჩანაცვლდეს სამწვადე ხორცით,” – წერია მერიის დოკუმენტში.

სახალხო დღესასწაულისთვის კასპის მერიას მხოლოდ აღნიშნული თანხა არ დაუხარჯავს. ტენდერში გამარჯვებულ ინდ. მეწარმესთან (რომელიც კიდევ ორი კომპანიის დირექტორი და 100% – იანი წილის მესაკუთრეა, შპს სპორტულა და შპს ოპტიმუმ+) გაფორმებული ხელშეკრულება “კასპობის” მუსიკალურ გაფორმებას არ ითვალისწინებდა. მერიამ ამისთვის დამატებით 32 500 ლარი დახარჯა. 

მიუხედავად იმისა, რომ კასპის მუნიციპალიტეტის მერიას წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი შემოდგომაზე სახალხო დღესასწაულის აღნიშვნა, მუსიკალური ჯგუფების მომსახურების შესარჩევად მთელი წლის განმავლობაში ტენდერი არ გამოუცხადებია და ეს შესყიდვა გამარტივებული წესით წინასაარჩევნო პერიოდში განახორციელა. ერთი – “ქართულ ხმებთან” (12 500 ლარი – 1.5 საათი), მეორე “რეგიონთან” (20 000 ლარი – 1 საათი).

წყარო : სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

ორივე მუსიკალურ ჯგუფთან გამარტივებული შესყიდვის განხორციელების ნებართვას, მერია შესყიდვების სააგენტოს სექტემბრის ბოლოს სთხოვდა და განმარტავდა, რომ მომსახურების საფასური მხარეებს შორის ურთიერთშეთანხმების შედეგად განისაზღვრა, აღნიშნული ჯგუფები კი მერიის განმარტებით, კასპელების მოთხოვნის შესაბამისად შეირჩა.


კასპის მერიის განმარტება “ქართული ხმების” შერჩევაზე:


– „კასპის მუნიციპალიტეტში ყოველი წლის შემოდგომაზე, ტრადიციულად იმართება სახალხო დღესასწაული „კასპობა”, რომელიც წლის განმავლობაში დაგეგმილი ყველა სხვა კულტურულ ღონისძიებასთან შედარებით უფრო მნიშვნელოვან დატვირთვას ატარებს და გამოირჩევა ხალხმრავლობით. მიმდინარე წელს აღნიშნული ღონისძიების გამართვა დაგეგმილია 6 ოქტომბერს. ქართული ტრადიციებიდან გამომდინარე, სახალხო ღონისძიება „კასპობა“-ს საზეიმო კონცერტის გახსნა იგეგმება ტრადიციული, ქართული ჟღერადობის ფოლკლორული და ქალაქური სიმღერების კომპოზიციებით.

 ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციის მიზნით, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ სახალხო ღონისძიებაზე მოვიწვიოთ ანსამბლიქართული ხმები“, რომლებმაც სასცენო მოღვაწეობის 38 წლის განმავლობაში მსოფლიოს 25-ზე მეტ ქვეყანას გააცნო უნიკალური ქართული ხალხური და ქალაქური სიმღერები. მრავალი სიმღერა დღეს ექსკლუზიურად ანსამბლის შესრულებით ჰიტებად არის ცნობილი. ანსამბლქართულ ხმებსმინიჭებული აქვს სახელმწიფო პრემიის ლაურატის, ღირსების ორდენის კავალერის და კულტურის ქურუმის წოდებები.

კასპის მერიის განმარტება “რეგიონის” შერჩევაზე:

– „კასპის მუნიციპალიტეტში ყოველი წლის შემოდგომაზე, ტრადიციულად იმართება სახალხო დღესასწაულიკასპობა“, რომელიც წლის განმავლობაში დაგეგმილი ყველა სხვა კულტურულ ღონისძიებასთან შედარებით უფრო მნიშვნელოვან დატვირთვას ატარებს და გამოირჩევა ხალხმრავლობით. მიმდინარე წელს აღნიშნული ღონისძიების გამართვა დაგეგმილია 6 ოქტომბრს.  მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მოთხოვნით შერჩეული იქნა პოპულარული ჯგუფირეგიონი“, რომელიც თავისი რეპერტუარითა და შოუპროგრამით ფართო საზოგადოებაში მაღალი რეიტინგით, დიდი სიყვარულითა და პოპულარობით სარგებლობს.

კასპის მერიის მიერ გამოქვეყნებული აფიშის მიხედვით ღონისძიებაში სხვა შემსრულებლებიც მონაწილეობდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ შესყიდვების მიღმა, გარკვეული შეთანხმება სხვა პირებთანაც შედგა. მერია გამოქვეყნებულ დოკუმენტებში მიუთითებს, რომ აღნიშნული მუსიკალური ჯგუფების შერჩევა მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად მოხდა, თუმცა ადგილობრივი აღმასრულებელი თუ წარმომადგენლობითი ორგანოების მხრიდან რაიმე სახის მსგავსი დოკუმენტი არსად იძებნება. შესაბამისად, უცნობია, უღირდა თუ არა კასპს 66 000 ლარზე მეტის დახარჯვა რამდენიმე საათისთვის, მაშინ როდესაც მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელში სასმელი წყალიც კი სანატრელი აქვთ.

ეს სტატია მომზადებულია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია NEO TV და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.


დაკავშირებული სტატიები

ინდოეთში Telegram-ის აკრძალვამ VPN-ებსა და კონკურენტ აპლიკაციებზე მოთხოვნა გაზარდა

ინდოეთში Telegram-ის აკრძალვის პერსპექტივამ მომხმარებლები VPN-ებსა და კონკურენტ აპლიკაციებზე გადაიყვანა. Telegram კი მოითხოვს, რომ მთელი პლატფორმის ნაცვლად მხოლოდ კონკრეტული კონტენტი დაიბლოკოს.

Apple-მა ბრაზილიაში App Store-ი კონკურენტებისთვის გახსნა

Apple-მა ბრაზილიაში App Store-ი კონკურენციისთვის გახსნა, რაც კომპანიას ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელა. ეს ცვლილება მომხმარებლებს სხვა პლატფორმებიდანაც აპლიკაციების ჩამოტვირთვის საშუალებას აძლევს.

რატომ იწვევს Weibo-ს პატარა VibeThinker-3B-ი კამათს ხელოვნური ინტელექტის სამყაროში

Sina Weibo-ს გუნდმა წარადგინა VibeThinker-3B მოდელი, რომელიც 3 მილიარდი პარამეტრით AIME 2026-ზე 94.3 ქულას აღწევს. ეს სიახლე ხელოვნური ინტელექტის სამყაროში ბენჩმარქების სანდოობაზე ახალ კამათს იწვევს.

Uber-ი 2027 წელს ჰიუსტონში პრემიუმ რობოტაქსის სერვისს გაუშვებს

Uber აპირებს 2027 წელს ჰიუსტონში პრემიუმ რობოტაქსის სერვისის გაშვებას Lucid-ის ელექტრომობილებითა და Nuro-ს თვითმართვადი სისტემით. ეს იქნება კომპანიის მეორე ბაზარი, სადაც ასეთი სერვისი ხელმისაწვდომი გახდება.