გორის მერიამ პიარში 1 მლნ ლარზე მეტი დახარჯა – რა მიიღო მოსახლეობამ, ინფორმაცია თუ არაეფექტური ხარჯი?

Share post:

გორის ამჟამინდელი თვითმმართველობის მანდატი 2025 წლის ოქტომბერში სრულდება. ამ ვადის შესაფასებლად მნიშვნელოვანია ადგილობრივ დონეზე როგორც განხორციელებული პროექტების შედეგების, ისე ამ საქმიანობის პოპულარიზაციისთვის დახარჯული თანხების შეჯამება. კონკრეტულად კი იმის გაანალიზება, თუ რა უჯდება წლიდან წლამდე მუნიციპალიტეტს, ერთის მხრივ საზოგადოებასთან ინფორმაციის მიტანა და მეორეს მხრივ მერიის საქმიანობის რეკლამა.

ამასთან, საინტერესოა რა შინაარსის ინფორმაციას აწვდის ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლება გორის მოსახლეობას და შეესაბამება თუ არა ეს ყველფერი მოქალაქეთა ინტერესებს და რეალურ საჭიროებებს?

გორის მერია წლებია საკუთარ საქმიანობაზე თავად საუბრობს და ამისთვის ბიუჯეტიდან თანხებსაც იხდის. ვიდრე მოქალაქე თავად შეაფასებს რამდენად ეფექტური და შედეგიანი იყო ესა თუ ის პროექტი, მერია ამას მანამდე არეკლამებს და ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ათეულობით ათას ლარსაც ხარჯავს.

NEO TV – ს მიერ ღია წყაროებით მოძიებული ინფორმაციის მიხედვით, 2022 წლის იანვრიდან დღემდე გორის მერიამ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის მიმართულებით, ჯამში 1 075 373 ლარი დახარჯა. ეს თანხა გადანაწილებულია, როგორც ამ მიმართულებით შტატით დანიშნული თანამშრომლების ხელფასებზე, ვებგვერდზე და გაზეთზე, ისე შერჩეული ახალი ამბების სააგენტოების დაფინანსებასა და Facebook გვერდის რეკლამირებაზე.

მაგალითად, 2022-2025 წლებში, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებისთვის, რომელსაც 4 თანამშრომელი ჰყავს, ჯამში 343 056 ლარი დაიხარჯა:

გორის მერია შიდა რესურსების გარდა, წლების განმავლობაში “ინფორმაციის გავრცელების” მიზნით, შერჩულ მედიასაშუალებებსაც აფინანსებს, რისთვისაც ამჟამინდელმა თვითმმართველობამ ჯამში 2022-2025 წლებში 21 845 ლარი დახარჯა (ძირითადი კონტრაქტორები: შპს “ახალი ამბები” (ipn.ge) და შპს “ფრონტ ნიუსი“). ხოლო სოციალურ ქსელში რეკლამირებისთვის ბიუჯეტიდან , ამავე პერიოდში გადახდილმა თანხამ ჯამში, 325 072 ლარი შეადგინა.

გაზეთი “გორის მაცნე” – მერიის “შიდა მედიაა”, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების პოზიციას ავრცელებს, 2022-2025 წლებში ის 385 400 ლარითაა დაფინანსებული. 2022 წელთან შედარებით, გამოცემის ბიუჯეტი, ამჟამად 41.8 ათასი ლარით არის გაზრდილი.

აღსანიშნავია, რომ გორი ერთადერთი მუნიციპალიტეტია შიდა ქართლში, რომელიც მსგავსი მომსახურებისთვის თანხებს ხარჯავს. ქარელის, კასპის და ხაშურის მუნიციპალიტეტებს 2022 წლიდან დღემდე რეკლამირებისა და PR კამპანიისთვის თანხები არ დაუხარჯავთ და ისინი ამ მიზნით მხოლოდ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებებს აფინანსებენ.

  

რას იღებს მოსახლეობა ამ ხარჯის სანაცვლოდ?

გორის მუნიციპალიტეტის მიერ საზოგადოებასთან კომუნიკაციის მიმართულებით განხორციელებული ხარჯები, რაც 2022 წლიდან დღემდე 1 მლნ ლარს აღემატება, ტოვებს გარკვეულ კითხვებს ამ მიმართულებით ეფექტიანობის შესაფასებლად. მაგალითად, არსებობს თუ არა უკუკავშირი ან რაიმე სახის შეფასების სისტემა, რომელიც რეალურად გამოავლენდა, რამდენად შედეგიანია თითოეული ხარჯი და უზრუნველყოფს თუ არა გაღებული თანხები მოქალაქეების ინფორმირების დონის და ჩართულობის გაზრდას მუნიციპალიტეტისთვის აქტუალური საკითხების გადაჭრის პროცესში.

თუ ამ ყველაფერზე არ არსებობს შეფასების დოკუმენტი, მაშინ გამოდის, რომ ათიათასობით ლარი წლების განმავლობაში, ადმინისტრაციული რესურსის თვითპიარისთვის იხარჯება და არა მოქალაქეებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებისთვის. მაგალითად, ადგილობრივებისთვის იმის განმარტება, თუ რატომ ვერ ესწრება დაგეგმილი პროექტების დასრულება კონკრეტულ ვადებში ამა თუ იმ დასახლებებში, როგორ არის შესაძლებელი მოქალაქეთა ჩართულობა აუთვისებელი ნაშთების გადანაწილების პროცესში და ა.შ. ანუ ისეთი საკითხებით ინფორმირება, რომლებსაც დემოკრატიული პრინციპების დაცვა და გამჭვირვალობა ითვალისწინებს.

განსაკუთრებით საეჭვოდ გამოიყურება ათეულობით ათასი ლარის გადარიცხვა კერძო საინფორმაციო სააგენტოებში, მაშინ როდესაც იგივე რესურსი შეიძლება მოხმარდეს ღია და ინკლუზიური პლატფორმების განვითარებას, სადაც მოქალაქეებს ექნებათ არა მხოლოდ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა, არამედ უკუკავშირით, მოქალაქეთა რეალური ჩართულობის საშუალება.

საბოლოო ჯამში, სწორედ მოქალაქეებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, შეაფასონ ამ ბიუჯეტური დანახარჯები – ეს თანხები მათი ინფორმირებისა და ჩართულობის გაზრდას ემსახურება თუ მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლების პოზიტიური იმიჯის შენარჩუნებას?

დაკავშირებული სტატიები

1 ივნისიდან გორში ახალშობილთა სერვისების კაბინეტი “ფლამინგო” იხსნება

ბავშვის დაბადება ყოველი მშობლის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი, თუმცა, ამავდროულად, ყველაზე მშფოთვარე პერიოდია. უძილო ღამეები, უამრავი კითხვა პატარას მოვლაზე,...

AI ჯანდაცვაში – სამედიცინო სფეროს ლიდერები ინოვაციურ ასოციაციაში ერთიანდებიან

მსოფლიოში ციფრული ტრანსფორმაციის პროცესის პარალელკლურად, საქართველოში AI ჯანდაცვის მომავალი უკვე იწერება. "ხელოვნური ინტელექტის მედიცინის ასოციაციამ", კლინიკა "ნოვაციოსთან" პარტნიორობით,...

“სასწავლო წლის დასასრული რუტინის გარეშე” – ვებინარი მხოლოდ AI ასოციაციის წევრებისთვის

15 მაისს, 20:00 საათზე, საქართველოში პირველად, AI გლობალური განათლების ასოციაცია ატარებს უპრეცედენტო მასშტაბის ვებინარს, რომელიც განათლების სისტემაში მომავლის...

პედაგოგებს დღეიდან AI გლობალური განათლების ასოციაციაში გაწევრიანება შეუძლიათ

ხელოვნური ინტელექტის გლობალური განათლების ასოციაცია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ პედაგოგებს სთავაზობს სპეციალურ პლატფორმას, რომელიც მათ ციფრული ეპოქის ლიდერებად...