მაია (მაკო) ბიძინაშვილი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი მომღერალი, ვოკალის პედაგოგი და “მაკოს სტუდიის” დამფუძნებელია. 5-წლიანი წარმატებული გამოცდილების შემდეგ, მან ეს სივრცე გააფართოვა. მისი მრავალმხრივი პროფესიული გზა აერთიანებს მრავალწლიან მუსიკალურ გამოცდილებას, დიპლომატიის მაგისტრის ხარისხს, პედაგოგიურ საქმიანობასა და მუდმივ სწრაფვას ინოვაციებისკენ. ის აქტიურად მოღვაწეობდა გორის ქალთა კამერულ გუნდში, არის საერთაშორისო კონკურსების ჟიურის თავმჯდომარე და არაერთი სიმღერის ავტორ-შემსრულებელი. განახლებულ სტუდიაზე, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და სამომავლო გეგმებზე ის დღეს NEO TV – ს ესაუბრა.
– მაკო, ახლახან თქვენმა სტუდიამ სრულიად განახლებულ, თანამედროვე სივრცეში გადაინაცვლა, სადაც უკვე სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებს იღებთ. რა ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს ეს გარემო მსურველებს და პირადად თქვენთვის რას ნიშნავს ეს სიახლე?
– სტუდიის ახალ, განახლებულ სივრცეში (გორი, მშვიდობის ქ. N1) გადასვლა ჩემთვის უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯია. ეს არის სიმშვიდის, შემოქმედებითი თავისუფლებისა და ახალი ენერგიის წყარო. ჩვენ ვმუშაობთ, როგორც ბავშვებთან და მოზარდებთან, ასევე ზრდასრულებთან, ვისთვისაც მუსიკა სულის ნაწილია. ახალი გარემო მსურველებს სთავაზობს სრულიად თანამედროვე პირობებს: ვოკალის პროფესიონალურ შესწავლას, დრამის გაკვეთილებს, უმაღლესი ხარისხის ხმის ჩამწერ სტუდიას და სივრცეს, სადაც თითოეულ მოსწავლეს შეუძლია საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენა.

– ვიცით, რომ მუდმივად ეძებთ განვითარების ახალ გზებს. ცოტა ხნის წინ AI გლობალური განათლების ასოციაციის წევრი გახდით და AI აკადემიის სპეციალური სატრენინგო კურსიც გაიარეთ. რამ განაპირობა ტექნოლოგიებითა და ხელოვნური ინტელექტით თქვენი ასეთი დაინტერესება?
– სამყარო სწრაფად იცვლება და მიმაჩნია, რომ ხელოვანი თუ პედაგოგი არ უნდა ჩამორჩეს დროს. ხელოვნური ინტელექტით ჩემი დაინტერესება სწორედ იმ სურვილმა განაპირობა, რომ სასწავლო და შემოქმედებითი პროცესი გამეხადა უფრო ეფექტური, საინტერესო და ინოვაციური. AI გლობალური განათლების ასოციაციაში გაწევრიანებამ და შესაბამისმა ტრენინგებმა სრულიად ახალი პერსპექტივები მაჩვენა.
– საინტერესოა, როგორ აპირებთ ამ უახლესი, თანამედროვე ტექნოლოგიების პრაქტიკაში დანერგვას? როგორ დაეხმარება AI ინსტრუმენტების ეფექტური გამოყენება “მაკოს სტუდიას”?
– ხელოვნურ ინტელექტს განვიხილავ არა ადამიანური შემოქმედებითობის შემცვლელად, არამედ ძლიერ ასისტენტად. AI ინსტრუმენტებს გამოვიყენებთ სამი ძირითადი მიმართულებით:
- სასწავლო პროცესში – ინდივიდუალური სავარჯიშოების სტრუქტურირებისა და მუსიკალური მასალის მოსამზადებლად.
- მუსიკალურ პროექტებში – იდეების გენერირების, არანჟირების საწყისი ეტაპებისა და ახალი ჟღერადობების ძიებისას.
- სტუდიურ მენეჯმენტში – პროექტების დაგეგმვისა და კრეატიული კონცეფციების სწრაფად ფორმულირებისთვის.

– მუსიკა, პედაგოგიკა, დიპლომატია, ახლა უკვე ტექნოლოგიებიც – როგორ ეხმარება თქვენი პიროვნული თვისებები და მუდმივი სწრაფვა სიახლეებისკენ ამ მრავალფეროვანი ინტერესების დაბალანსებასა და წარმატებით მართვაში?
– მუსიკა, პედაგოგიკა, საერთაშორისო ურთიერთობები/დიპლომატია და ტექნოლოგიები – ყველაფერი ერთი დიდი ფაზლის ნაწილებია. დიპლომატიამ მასწავლა კომუნიკაცია, სტრატეგიული აზროვნება და მართვა; პედაგოგიკამ – თითოეულ ადამიანთან მიდგომის პოვნა; ხოლო მუსიკა არის ის ფუნდამენტი, რაც ამ ყველაფერს აერთიანებს. დისციპლინა, სიახლეებისადმი უშრეტი ინტერესი და საქმისადმი სიყვარული მეხმარება, რომ ეს მრავალფეროვნება ჰარმონიულად ვმართო.
– როგორია თქვენი ხედვა მომავლის მიმართ? როგორ წარმოგიდგენიათ “მაკოს სტუდია” 5 წლის შემდეგ?
– 5 წლის შემდეგ “მაკოს სტუდია” მესახება, როგორც რეგიონული და ქვეყნის მასშტაბის ინოვაციური საგანმანათლებლო-შემოქმედებითი ჰაბი. ჩემი მიზანია, სტუდიამ შეინარჩუნოს თბილი, ოჯახური გარემო, მაგრამ ამავდროულად იყოს ტექნოლოგიურად უახლესი სტანდარტების მატარებელი სივრცე, სადაც იბადება თანამედროვე მუსიკალური პროექტები და ყალიბდებიან ახალი თაობის ხელოვანები.
– და ბოლოს, გარდა საგანმანათლებლო და სტუდიური საქმიანობისა, უახლოეს მომავალში რა კონკრეტულ შემოქმედებით გეგმებზე მუშაობთ უშუალოდ თქვენ, როგორც სიმღერების ავტორ-შემსრულებელი?
– როგორც ავტორ-შემსრულებელი, მუდმივად ვმუშაობ ახალ კომპოზიციებზე. უახლოეს მომავალში ვგეგმავ რამდენიმე ახალი საავტორო სიმღერის ჩაწერასა და პუბლიკაციისთვის მომზადებას. ვცდილობ, ჩემს მუსიკაში გავაერთიანო როგორც ტრადიციული, ემოციური მელოდიურობა, ასევე თანამედროვე ჟღერადობის ელემენტები, რომლებსაც ახალი გამოცდილებები და ტექნოლოგიები მკარნახობს.
ესაუბრა ნინო ჩიბჩიუირი