15-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს ევროკავშირის შესახებ ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობა ეძლევათ. საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ონლაინ კურსის – “ევროკავშირი და შენ! EU & You!“ – მეორე ნაკადზე რეგისტრაციას აცხადებს.
სასწავლო პროგრამა 24 სექტემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. კურსის ფარგლებში მონაწილეები ევროკავშირის შექმნისა და გაფართოების ისტორიას, გაერთიანების პოლიტიკას და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო კრიტერიუმებსა და პროცედურებს გაეცნობიან.
კურსის ერთ-ერთი მიმართულება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს დაეთმობა. მონაწილეები განიხილავენ ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის თავისუფალ ვაჭრობასა და ვიზალიბერალიზაციას, ასევე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების სტრუქტურას, შინაარსსა და მიზნებს.
სასწავლო პროგრამა ასევე მოიცავს თემებს, რომლებიც ევროკავშირის გაფართოებასა და მის მიმართ საფრანგეთის პოლიტიკას შეეხება. მონაწილეები იმსჯელებენ, არის თუ არა ევროკავშირის გაფართოება სტრატეგიული შესაძლებლობა თუ პოლიტიკური გამოწვევა. კურსის კიდევ ერთი მიმართულება საქართველოს წინააღმდეგ გავრცელებულ პროპაგანდასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა იქნება.
“კურსის დასრულების შემდეგ სერტიფიკატის მისაღებად მონაწილე ლექციების მინიმუმ 60%-ს, ანუ ექვს შეხვედრას, უნდა დაესწროს. სერტიფიკატების გადაცემა 27 ნოემბერს, ჩვენი ორგანიზაციის დაფუძნების ერთი წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იგეგმება” – ამბობეს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი, მარიკა ვაჭარაძე.
რეგისტრაცია 4 სექტემბერს დაიწყო და 20 სექტემბრამდე გაგრძელდება. დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სპეციალური ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა შემდეგ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdTdK7NUbcY-6DIi77VHk6Ugl-981z1cTmzI38Vh1wPxqzOTw/viewform
ორგანიზაციის ინფორმაციით, კურსის მიზანია ახალგაზრდებისთვის ევროკავშირის, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ცოდნის გაღრმავება.
