თუ ცხოვრობ შიდა ქართლის რეგიონის რომელიმე სოფელში და გსურს ინტერნეტი სასარგებლოდ გამოიყენო ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, შეგიძლია სრულიად უფასოდ გაიარო შესაბამისი ექსპრეს კურსი და გადადგა პირველი ნაბიჯები თანამედროვე სამყაროსკენ.
კურსი ჩატარდება გორში, 2026 წლის თებერვალსა და მარტში და ჯამში 6 ინტენსიური შეხვედრა გაიმართება, სადაც თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკულ უნარებსაც შეიძენ.
კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
სოციალური ქსელების ეფექტური მართვა.
ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებით ტექსტების, ფოტოების და ვიდეოების გენერაცია
ამბის მოყოლა (Storytelling) – როგორ უნდა დააინტერესო შენი საქმიანობით ინტერნეტის მომხმარებლები.
ბრენდინგი და ციფრული მარკეტინგი
ციფრული ჰიგიენა და უსაფრთხოება – ტროლ-ბოტების ამოცნობა და მონაცემესბის დაცვა.
კურსი დაგეხმარება ინტერნეტით და სოციალური ქსელებით მეტად პოპულარუული გახადო შენი საქმიანობა ან აშენი იდეა აქციო შემოსავლის წყაროდ. რაც მთავარია ეს ყველაფერი დაცულ და უსაფრთხო სივრცეში. კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს.
გადამზადებული მონაწილეები გაივილიან კურსის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატებს და შეძლბენ მიღებული ცოდნა სხვებსაც გაუზიარონ, რთა აღნიშნული შესაძლებლობები სხვებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდეს.
კონკურსის წესით შეირჩევა მხოლოდ 15 მონაწილე. სწავლა სრულიად უფასოა! რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2026 წლის 29 იანვარი. კურსი დაიწყება 1 თებერვლიდან.
“მეცნიერებათა სკოლა გორში” არის პირველი საგანმანათლებლო დაწესებულება შიდა ქართლის მასშტაბით, რომელიც “ტექნოპარკის” მხარდაჭერით, სკოლაში ოფიციალურად ნერგავს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებას!
ამისთვის, დღეს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლითაც სკოლა განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადადის.
თანამშრომლობის ფარგლებში, 2026 წლის იანვარში უკვე დაიგეგმა ინტენსიური კურსი, სადაც პედაგოგები ხელოვნურ ინტელექტს და სხვა ციფრულ ტექნოლოგიებს დაეუფლებიან.
“ტვინების ბრძოლის” ფინალში გორის მე-8 და “მეცნიერებათა სკოლის” გუნდებმა რეგიონის სკოლებს შორის ყველაზე მეტი ქულა მიიღეს. საერთო ეროვნულ რეიტინგში, კი სადაც თავმოყრილია ყველა რეგიონის საუკეთესო შედეგები, შიდა ქართლს (გორის მე-8 სკოლა და “მეცნიერებათა სკოლა”) მხოლოდ 3 რეგიონი უსწრებს. მიღწეულ წარმატებას ლიდერი სკოლების წარმომადგენლები აფასებენ. “მეცნიერებათა სკოლიდან” მოსწავლეები 2 ასაკობრივ კატეგორიაში იღებდნენ მონაწილეობას. მისი დირექტორის თქმით, მსგავსი პროექტები ბავშვებს მეტ მოტივაციას და გამოცდილებას აძლევს.
“ნებისმიერი კონკურსი და მათ შორის “ტვინების ბრძოლა” მნიშვნელოვანი თამაშია მოსწავლეებისთვის. ეს პროექტი მათ აძლევს მოტივაციას, რომ უფრო მეტად იშრომონ, იკითხონ, ისწავლონ და მიიღონ განათლება. თამაში უძლიერებს მათ აზროვნების უნარს, გუნდურობასა და ფიქრს, რაც საბოლოოდ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას აძლევს. ჩვენი სკოლის ორი გუნდის ფინალში გასვლა ნიშნავს, რომ თუ სკოლაში ჯანსაღი გარემოა, მოსწავლეებს აქვთ საუკეთესო შესაძლებლობა საკუთარი თავის წარმოჩენისთვის”, – ამბობს “მეცნიერებათა სკოლის” დირექტორი, ეკატერინე სუხიშვილი.
სასწავლო პროცესში ანალიტიკური აზოვნების განვითარებაზე მიუთითებს კიდევ ერთი წარმატებული სკოლის ხელმძღვანელი ნანა ედიშერაშვილი. მისი განმარტებით, წაკითხულის გააზრება, მსჯელობა და გუნდური მუშაობა მოსწავლეებს ადრეული ასაკიდანვე საჭირო და აუცილებელ უნარებს უყალიბებს.
“თვალსაწიერის გაფართოება, ზოგადი ერუდიცია, წაკითხულის გაგება-გააზრება და სწრაფი, ანალიტიკური აზროვნების უნარი – ეს ის თვისებებია, რომელთა განვითარებასაც მსგავსი კონკურსები უწყობს ხელს. მნიშვნელოვანია თანამშრომლობის უნარი, წიგნიერების ხელშეწყობა, მოგებისა და მარცხის ჯანსაღი მიღება და თვითგანვითარების სურვილი. სწორედ ამ კომპლექსური მიდგომით მოხერხდა იმ მაღალი ქულების მოპოვება, რაც ჩვენმა გუნდმა ფინალურ ეტაპზე აჩვენა”, – განმარტა გორის მე-8 საჯარო სკოლის დირექტორი, ნანა ედიშერაშვილი.
“ტვინების ბრძოლის” ოფიციალურ პლატფორმაზე გამოქვეყნებული მონაცემების შედარებითი ანალიზი აჩვენებს, რომ შიდა ქართლის რეგიონი, გორის სკოლების შედეგებით, ქვეყნის მასშტაბით ამ დროისთვის მე-4 პოზიციას იკავებს. საერთო რეიტინგში შიდა ქართლს მხოლოდ თბილისი, იმერეთი და აჭარა უსწრებს. შიდა ქართლის ლიდერი გუნდების ქულები მნიშვნელოვნად აღემატება სხვა რეგიონების, მათ შორის სამეგრელოს, კახეთისა და ქვემო ქართლის საუკეთესო მაჩვენებლებს.
21 დეკემბერს საქართველოს მასშტაბით, საუკეთესო შედეგების მქონე გუნდები შეიკრიბებიან, რათა სამივე ასაკობრივ კატეგორიაში (U5, U8, U12) ქვეყნის ჩემპიონები გამოავლინონ. ამ საპატიო ტიტულთან ერთად, გუნდები იბრძოლებენ რამდენიმე პარტნიორი ორგანიზაციის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზებისა და “ტვინების ბრძოლის” მთავარი ჯილდოსთვის – “ტვინების ბრძოლის” ბანაკში საგზურის მოსაპოვებლად.
გუნდური ინტელექტუალური თამაში სკოლის მოსწავლეთათვის იმართება, ფინალში ის გუნდები იღებენ მონაწილეობას, რომლებმაც გადალახეს სასკოლო, საქალაქო და რეგიონული ტურები.
შიდა ქართლიდან დასკვნით ეტაპზე შემდეგი სკოლები იასპარეზებენ:
U5-3,4,5 კლასი:
გორი – შინდისის საჯარო სკოლა (კაპიტანი: ნუცა ხაჭაპურიძე)
გორი –“მეცნიერებათა სკოლა” (კაპიტანი: დემეტრე ბუთხუზი)
ხაშური – დაბა სურამის მე-4 საჯარო სკოლა (კაპიტანი: ნინი ლომიძე)
გორი – ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელსის გიმნაზია (კაპიტანი: მარიამ ხიმშიაშვილი)
გორი – მე-6 საჯარო სკოლა (კაპიტანი: თეკლა ნახუცრიშვილი)
გორი – მე-7 საჯარო სკოლა (კაპიტანი: თამარ ბარბაქაძე)
გორი – მე-8 საჯარო სკოლა (კაპიტანი: ლუკა კვირიკაშვილი)
ხაშური – მე-3 საჯარო სკოლა (კაპიტანი: საბა ლომსაძე)
კასპი – მე-4 საჯარო სკოლა (კაპიტანი: გაბრიელ ქვრივიშვილი)
ხაშური – ქვიშხეთის საჯარო სკოლა (კაპიტანი: მათე ლომიძე)
კასპი – სკოლა გიმნაზია (კაპიტანი: ანასტასია მურღული)
გორი – მე-12 საჯარო სკოლა (კაპიტანი: ბესიკ წაველიძე)
ხაშური – ქვიშხეთის საჯარო სკოლა (კაპიტანი: ელისაბედ ღონღაძე)
ფინალის დაწყების დრო და ლოკაცია:
11:00 საათი – U5 კატეგორია (3,4,5 კლასები)
14:00 საათი – U8 კატეგორია (6,7,8 კლასები)
17:00 საათი – U12 კატეგორია (9,10,11,12 კლასები)
თბილისში – ითამაშებენ თბილისის,შიდა ქართლის,ქვემო ქართლის,კახეთისა და სამცხე ჯავახეთის გუნდები (ჩატარების ადგილი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მის: ილია ჭავჭავაძის გამზირი, N1)
ქუთაისში – ითამაშებენ იმერეთის, სამეგრელოს,სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის გუნდები (ჩატარების ადგილი: ქუთაისის N41 საჯარო სკოლა (დაწყებითი კორპუსი), მის: ჯავახიშვილის ქუჩა, N12)
ბათუმში – ითამაშებენ აჭარისა და გურიის გუნდები (ჩატარების ადგილი: ბათუმის N25 საჯარო სკოლა, მის: ფრიდონ ხალვაშის გამზირი, N102ა)
თანამედროვე სამყაროში, სადაც კოსმოსური მოგზაურობა სულ უფრო ახლოვდება კერძო პირებისთვისაც, ადამიანის ფიზიკური და ფსიქოლოგიური მზადყოფნის შეფასება მნიშვნელოვანი გამოწვევაა. სწორედ ამ საჭიროებაზე პასუხობს Chakrulo ინოვაციური პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ხელოვნურ ინტელექტს, ნეირომეცნიერებას, ბიოლოგიასა და საზოგადოებრივ ჯანდაცვას, რათა გააუმჯობესოს მომავალი ასტრონავტების და კოსმოსური მოგზაურების ჯანმრთელობის მონიტორინგი.
რა არის Chakrulo? Chakrulo არის ვებ და მობილური აპლიკაცია, რომელიც აფასებს და აკონტროლებს ადამიანის ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიურ მზადყოფნას კოსმოსური მოგზაურობისთვის. პლატფორმა იყენებს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ალგორითმებს ჯანმრთელობის კითხვარისა და ლაბორატორიული მონაცემების დასამუშავებლად, რის შედეგადაც იქმნება პერსონალიზებული შეფასებები და რეკომენდაციები.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? NASA-ს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ასტრონავტების ჯანმრთელობის მონაცემების ხელმისაწვდომობა, ანალიზი და პრაქტიკულად გამოყენება მომავალი მისიებისა და კომერციული კოსმოსური მოგზაურობებისთვის. Chakrulo ამ გამოწვევას პასუხობს პირდაპირ იგი გარდაქმნის კოსმოსური ბიოლოგიის სამეცნიერო ცოდნას რეალურ, მარტივად გამოყენებად ინსტრუმენტად. შედეგად, პლატფორმა არამარტო მეცნიერებს და მისიის დაგეგმვაზე მომუშავე გუნდებს ეხმარება, არამედ კერძო სექტორის მონაწილეებსაც, რომლებიც ემზადებიან კოსმოსში გასაფრენად.
როგორ მუშაობს სისტემა? Chakrulo აერთიანებს მონაცემებს სხვადასხვა წყაროდან
ბიომეტრიული და ლაბორატორიული ანალიზებიდან,
ფსიქოლოგიური გამოკითხვებიდან,
ნეიროფიზიოლოგიური ტესტებიდან.
AI მოდული ამ მონაცემების საფუძველზე ადგენს ინდივიდუალურ ჯანმრთელობის პროფილს, აფასებს რისკებს და სთავაზობს რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა მოამზადოს სხეული და გონება კოსმოსური პირობებისთვის.
Chakrulo-ს გუნდის ხედვაა, რომ ჯანმრთელობის მეცნიერება გახდეს ხელმისაწვდომი, ინტელექტუალური და უნივერსალური კოსმოსური ეპოქისთვის. ჩვენი მიზანია, კოსმოსური ბიოლოგიის მიღწევები დავუკავშიროთ ყოველდღიურ ცხოვრებას და გავხადოთ ისინი პრაქტიკული არა მხოლოდ ასტრონავტებისთვის, არამედ დედამიწაზე მცხოვრები ადამიანებისთვისაც.
Chakrulo არ არის მხოლოდ ტექნოლოგიური პროექტი ეს არის მოძრაობა კოსმოსურ ჯანდაცვაში ახალი ეპოქისკენ. ქართული ინოვაცია, რომელიც სამყაროს უსასრულო სივრცისკენ მიმავალ გზაზე ადამიანის ჯანმრთელობასა და ცნობიერებაზე ზრუნავს.
გსურთ, რომ თქვენს გარშემო უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს ციფრულ ცხოვრებაში? გინდათ, მიიღოთ ცოდნა და უნარები, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენს თემში ახალი შესაძლებლობების განვითარებაში? მაშინ ეს მასტერკლასი თქვენთვისაა!
თუ წარმოადგენთ მინიმუმ ორი ადამიანისგან შემდგარ გუნდს (გთხოვთ, მოძებნეთ პარტნიორი და ორივემ ცალ-ცალკე შეავსეთ ფორმა);ხართ 18 წელს ზევით და მუშაობთ ან დაკავშირებული ხართ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, ადგილობრივ მოძრაობებთან, სამეწარმეო საქმიანობასთან, ცხოვრობთ ან მუშაობთ ერთ-ერთ რეგიონში: იმერეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო ან კახეთი, შესაძლებლობა გაქვთ ჩაერთოთ მასტერკლასში, რომელიც ქუთაისში, 22–23 ან 25–26 სექტემბერ გაიმართება.
რას მიიღებთ მასტერკლასიდან?
ორდღიან ინტენსიურ შეხვედრას ქუთაისში – ისწავლით, როგორ გაზარდოთ ციფრული ცნობიერება, როგორ შექმნათ ინიციატივები და იმუშაოთ გუნდურად;
შეძლებთ შემდგომი აქტივობების დაგეგმვას თქვენს რეგიონში – პრაქტიკული ცოდნის გასაზიარებლად;
მასტერკლასი ითვალისწინებს კვების, ტრანსპორტის და საცხოვრებელი ხარჯების დაფარვას.
შეხვედრები ჩატარდება ინგლისურ ენაზე, კურსის გავლის შემდეგ მონაწილეები სერტიფიკატებს მიიღებენ.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2025 წლის 14 სექტემბერი. შერჩეულ მონაწილეებს შედეგები ელ-ფოსტით, 15 სექტემბრამდე ეცნობებათ.
მასტერკლასი ტარდება e-Governance Academy (eGA)-ს მიერ, პროექტის “Rural Empowerment through Digital Inclusion (REDI)” ფარგლებში. ღონისძიება ხორციელდება ევროკომისიის მხარდაჭერით.
დასრულდა NEO TV-ის პროექტი შიდა ქართლში, რომლის მთავარი მიზანი მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა და ადგილობრივი თვითმმართველობების პასუხისმგებლობის და მათი საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდა იყო.
პროექტის ფარგლებში სხვადასხვა პროფესიის მქონე 10 ადგილობრივი აქტიური მოქალაქე გადამზადდა ღია წყაროების ხელსაწყოებისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებაში. მათ მიიღეს ახალი ცოდნა, განივითარეს ანალიტიკური უნარები და შედეგად მოამზადეს 20 კვლევა, რომლებიც მოიცავდა გორის, ქარელის, ხაშურისა და კასპის მუნიციპალიტეტების მუშაობის შეფასებას მოქმედი 4-წლიანი მანდატის დასრულებამდე.
კვლევებმა გამოავლინა რიგი სისტემური პრობლემები:
კორუფციული გარიგებების ნიშნები;
საეჭვო გარემოებები მუნიციპალურ შესყიდვებში;
მმართველი გუნდის შემომწირველებისთვის მიღებული უპირატესობები;
სხვა დარღვევები, რომლებიც საფრთხეს უქმნის დემოკრატიული მმართველობის ხარისხს.
თითოეული კვლევის შედეგები დეტალურად განიხილებოდა გადაცემაში „ფაქტი“, სადაც კვლევების ავტორები მსჯელობდნენ შერჩეულ თემებზე, გამოვლენილ ხარვეზებზე და იმაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას საზოგადოებამ ვითარების გამოსასწორებლად.
გარდა ამისა, პროექტის გუნდმა მოსახლეობას შეახსენა “ქართული ოცნების” მიერ შიდა ქართლში, 2021 წელს გაცემული წინასაარჩევნო დაპირებები და შეადარა ისინი რეალობას. აღმოჩნდა, რომ ფლაერებში გაჟღერებული მრავალი პუნქტი შეუსრულებელი რჩება.
კვლევების პრეზენტაციები სხვადასხვა აუდიტორიასთან გაიმართა, მათ შორის სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებთანაც, რომლებსაც აქამდე მსგავსი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა არ ჰქონიათ.
“პროექტის ფარგლებში მომზადა 20 ანალიტიკური სტატია, ამდენივე სატელევიზიო გადაცემა, შეხვედრები მოქალაქეებთან კვლევის შედეგების გასაცნობად, ბრიფინგები ადგილობრივ მედიებთან და ა.შ. ვფიქრობთ, მოკლე დროის მიუხედავად, მნიშვნელოვანი თემების აქტუალიზებას შევუწყეთ ხელი და საზოგადოება არაერთ საინტერესო საკითხზე დავაფიქრეთ, მათ შორის საკუთარ როლზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში და უკეთსი მომავლის შესაქმნელად”, -აღნიშნა პროექტის ხელმძღვანელმა და NEO TV-ს დირექტორმა, ნინო ჩიბჩიურმა.
მიუხედავად იმისა, რომ პროექტი დასრულდა, NEO TV აგრძელებს მუშაობას კორუფციის გამოვლენისა და დემოკრატიული პროცესების გაძლიერების მიმართულებით. მედია ორგანიზაცია მოქალაქეებს ეტაპობრივად მიაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ და რა მიმართულებით იხარჯება ხალხის გადასახადებიდან ბიუჯეტში შესული თანხები.
კორუფციული ნიშნები შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში – NEO TV – ს კვლევების მიგნებები ანალიტიკოსებმა მედიას გააცნეს. NeoTv.ge ზე 20 ანალიტიკური მასალაა გამოქვეყნებული, რომელთა შესახებ პროექტის გუნდი მოქალაქეებთან მართავს შეხვედრებს. ადგილობრივებისთვის ამ დრომდე უცნობი იყო, თუ სად ხარჯავდა თვითმმართველობა, ხალხის გადასახადებიდან, ბიუჯეტში შესულ თანხებს.
პროევროპული აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესები ქვეყანაში დღეს ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს წარმოადგენს. პროცესი “ახალ ფაზაში” გადავიდა, საუბარია რეპრესიული ინსტრუმენტების გამკაცრებაზე ქუჩის პროტესტის მონაწილეთა მიმართ და ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე, მათ შორის წამების პრაქტიკის, ზრდაზე. ამ მოვლენებს თან ახლავს საზოგადოებაში პოლიტიკური თავისუფლებების საფრთხის განცდის გაღრმავება.
“ქართული ოცნების” სასამართლო სისტემაში გამოტანილი მძიმე განაჩენები უკვე სისტემატურ ხასიათს იძენს. მაგალითად, მოსამართლე მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით, დღეს შიდა ქართლის მკვიდრი ვეფხია კასრაძე 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთით პატიმრობაში გაუშვეს. მსგავსი სასჯელი მიიღო კიდევ სხვა შვიდმა აქტივისტმა. (ირაკლი მიმინოშვილი – 2 წელი, ზვიად ცეცხლაძე – 2 წელი და 6 თვე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი – 2 წელი, ინსაფ ალიევი – 2 წელი, ვასილ კაძელაშვილი – 2 წელი და 6 თვე, თორნიკე გოშაძე – 2 წელი, გიორგი გორგაძე – 2 წელი).
თავდაპირველად აქტივისტებს ბრალი ედებოდათ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მიხედვით (“ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა”). თუმცა, “საბოლოოდ, სასამართლომ საქმეები გადააკვალიფიცირა 226-ე მუხლის საფუძველზე, რაც “ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიურ მონაწილეობას ითვალისწინებს.”
სამოქალაქო საზოგადოება მიიჩნევს, რომ “სასამართლო აქტივისტების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ განაჩენებს იღებს.” ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ საქმეები მხოლოდ „საჯარო წესრიგის დარღვევას” უკავშირდება.
დაკავებულთა შორის შიდა ქართლიდან ორი მოქალაქეა – ვეფხია კასრაძე და ანატოლი გიგაური. ანატოლი გიგაურის საქმე “ადამიანის უფლებების დამცველების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა, რადგან მასზე გავრცელებული ცნობებით დაკავებისას მის მიმართ, ფიზიკური ძალადობა და არასათანადო მოპყრობა მოხდა.” (ომბუდსმენის ოფისი გიგაურის საქმეში “საუბრობს შესაძლო წამების ნიშნებზე”).
კასრაძის განაჩენი და გიგაურის დაკავება, ქვეყანაში განვითარებულ პროცესებთან ერთად, ადგილობრივ საზოგადოებაში დიდ უკმაყოფილებას იწვევს, განსაკუთრებით გორში, სადაც ახალგაზრდები სოლიდარობის აქციებს ყოველდღიურად მართავენ.”
ამ დროისთვის საერთო სურათი ასეთია:
400-ზე მეტი მოქალაქე ადმინისტრაციული წესით იქნა დაკავებული პროევროპულ აქციებზე.
ეს მონაცემები აჩვენებს, რომ სამართალდამცავთა ქმედებები ერთეულ შემთხვევებს სცილდება და სისტემურ პრობლემაზე მიუთითებს.
საია-ს (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია) განცხადებით, 28 ნოემბრის შემდეგ, განვითარებული რეპრესიები “ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად” უნდა შეფასდეს.” საია აცხადებს, რომ “ეს აღარ არის მხოლოდ შემთხვევითი გადაცდომები. ჩვენ ვხედავთ სისტემურ ჩაგვრას, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, სასამართლო გადაწყვეტილებებს, რომლებიც რეალურად პოლიტიკურ შეკვეთას ასრულებს”.
“ხელისუფლება მშვიდობიან პროტესტს სახელმწიფო საფრთხედ აღიქვამს.”
“ქუჩაში მდგომი ადამიანების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა კვლავ უცვლელია: უკანონო პატიმრების გათავისუფლება და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარება.”
“საზოგადოებაში იზრდება განცდა, რომ თავისუფალი სიტყვა და აზრის გამოხატვა პირდაპირ საფრთხეშია.”
ანალიტიკოსების შეფასებით, საქართველოში მიმდინარე სასამართლო რეპრესიები პროევროპული აქტივისტების წინააღმდეგ მიუთითებს მზარდ ავტორიტარიზმსა და ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებზე. მძიმე განაჩენები, ბრალდებების პოლიტიკური მოტივაცია და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები, მათ შორის წამების შესაძლო ნიშნები, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. შიდა ქართლის აქტივისტების, ვეფხია კასრაძისა და ანატოლი გიგაურის საქმეები,სხვა უკანონოდ დაკავებულ პირებტან ერთად, რეპრესიული პოლიტიკის სიმბოლოა. საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების შეფასებები ხაზს უსვამს არსებული ვითარების სიმძიმეს, რამაც გამოიწვია მოთხოვნა უკანონო პატიმრების გათავისუფლებისა და პოლიტიკური თავისუფლებების დაცვის შესახებ.
საქართველოში მედიის თავისუფლება დღეს ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხს წარმოადგენს. დემონსტრანტების წინააღმდეგ დაწყებულმა რეპრესიებმა და გამჭვირვალობის სახელით დამტკიცებულმა “რუსუომა კანონმა” ნათლად აჩვენა, რომ ხელისუფლება ცდილობს კრიტიკული ხმის შეზღუდვას. მსგავს სცენარებს ვხედავთ რეგიონში და მის ფარგლებს გარეთაც. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, გავაკეთოთ პარალელები: სად მივყავართ მედიის ჩახშობის მცდელობას და როგორია განსხვავება იმ ქვეყნებთან, სადაც მედია დაცულია.
ავტორიტარული პარალელები
რუსეთი
დამოუკიდებელი მედიის დახურვა (Echo Moskvy, Dozhd, Novaya Gazeta).
ჟურნალისტების დევნა, ციხე და იძულებითი ემიგრაცია.
„უცხოეთის აგენტების“ კანონი იქცა მთავარ ინსტრუმენტად კრიტიკული ხმის ჩასახშობად.
უნგრეთი
ვიქტორ ორბანის მმართველობის პირობებში მედიის ბაზრის „რეკონსტრუქცია“.
კრიტიკული გამოცემების შესყიდვა ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესების მიერ.
სარეკლამო ბაზრის კონტროლი და ფინანსური ზეწოლა არასასურველ მედიაზე.
თურქეთი
2016 წლის გადატრიალების მცდელობის შემდეგ მასობრივი დაჭერები ჟურნალისტებზე.
დამოუკიდებელი არხების დახურვა და ინტერნეტის ცენზურა.
მედიის თითქმის სრული მიტაცება პროსამთავრობო სტრუქტურების მიერ.
ეს მაგალითები გვაჩვენებს, რომ რეპრესიული კანონები და პოლიტიკური კონტროლი საბოლოოდ მთლიანად ანგრევს მედიის დამოუკიდებლობას. შედეგი კი არის საინფორმაციო ვაკუუმი, დეზინფორმაციის ზრდა და საზოგადოებაში კრიტიკული აზრის ჩახშობა.
დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილება
გერმანია
საჯარო მაუწყებლობის სისტემა (ARD, ZDF), რომელიც ფინანსდება მოქალაქეთა გადასახადებით და არა ხელისუფლების პირდაპირი ბიუჯეტიდან.
მედიას აკონტროლებს არა მთავრობა, არამედ დამოუკიდებელი საბჭოები, სადაც სხვადასხვა სოციალური ჯგუფია წარმოდგენილი.
ჟურნალისტების უფლებები კონსტიტუციით მკაცრად არის დაცული.
აშშ
პირველი შესწორება (First Amendment) ჟურნალისტიკას აბსოლუტურ დაცვას ანიჭებს ხელისუფლებისგან.
ძლიერი საგამოძიებო ჟურნალისტიკის ტრადიცია („ვაშინგტონ პოსტის” “უოთერგეიტი” – მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება მედიის ძალამ პრეზიდენტიც კი გადააყენოს).
მედია-პლურალიზმი: სხვადასხვა პოლიტიკური სპექტრის არხები და გაზეთები ერთდროულად არსებობს.
სკანდინავია (ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი)
მუდმივად ლიდერობენ World Press Freedom Index-ში.
სახელმწიფო უწყებების მუშაობა მაქსიმალურად გამჭვირვალეა, ოფიციალური დოკუმენტების ხელმისაწვდომობა თითქმის აბსოლუტურია.
ჟურნალისტების მიმართ თავდასხმა მკაცრად ისჯება, ხოლო პრესის კრიტიკა ხელისუფლების ბუნებრივ ნაწილად განიხილება.
ეს მაგალითები გვიჩვენებს, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში ხელისუფლება არ ცდილობს მედიის “ჩახშობას”; პირიქით, ისინი ქმნიან ინსტიტუციურ მექანიზმებს, რათა კრიტიკული ხმა ყოველთვის არსებობდეს.
სად დგას საქართველო დღეს?
დღევანდელი სურათი პარადოქსულია: ერთი მხრივ, ხელისუფლება სულ უფრო მეტად იყენებს კანონმდებლობასა და სასამართლოს, როგორც ინსტრუმენტს კრიტიკული მედიის შესაზღუდად. ჟურნალისტები ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლი, სარეკლამო ბაზარი კი პოლიტიკურ ინტერესებთან მჭიდროდ არის გადაჯაჭვული. ეს ყველაფერი უფრო ავტორიტარული პრაქტიკებისკენ მიუთითებს, ვიდრე დემოკრატიისკენ.
მეორე მხრივ, დემოკრატიულ ქვეყნებთან შედარება გვაჩვენებს, რამდენად მყიფეა საქართველოში ჟურნალისტიკის უსაფრთხოება. არ არსებობს ძლიერი ინსტიტუციური გარანტიები, რომლებიც მედიის თავისუფლებას სისტემურად დაიცავდა. საჯარო მაუწყებელი საზოგადოების ნდობას ვერ იმსახურებს, ხოლო ჟურნალისტის ფიზიკური უსაფრთხოება მუდმივად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. უფრო მეტიც, თავისუფალი მედიის ერთ-ერთი წარმომადგენელი, მზია ამღლობელი დღეს ციხეშია და აბსურდული ბრალდებების გამო სასჯელს იხდის.
თუ საქართველოს დემოკრატიის გზაზე სურს სვლა, მედიის როლი აღიარებული უნდა იყოს არა როგორც საფრთხე, არამედ როგორც სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ინსტიტუტი. ამისთვის საჭიროა:
საჯარო მაუწყებლის რეალური დამოუკიდებლობა – გერმანიის მოდელის მსგავსად, სადაც რედაქციულ გადაწყვეტილებებში ხელისუფლებას ჩარევის უფლება არ აქვს.
კონსტიტუციური გარანტიები – ისეთი მტკიცე, როგორიც აშშ-ის პირველ შესწორებაშია, სადაც სიტყვის თავისუფლება არ ექვემდებარება დათქმებს.
გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა – სკანდინავიის ქვეყნების გამოცდილების მიხედვით, სახელმწიფო ინფორმაცია მოქალაქისთვის უნდა იყოს ღია და მარტივად ხელმისაწვდომი.
მოქალაქეების ჩართულობა – საზოგადოებამ უნდა გაიაზროს, რომ მედიის თავისუფლება მხოლოდ ჟურნალისტის პრივილეგია კი არა, მათი საკუთრი უფლებისა და თავისუფლების გარანტიაა.
საქართველოს მედია ამჟამად გზაჯვარედინზე დგას. ერთი გზა რუსული და უნგრული მოდელისკენ მიდის, სადაც კრიტიკული ხმა თანდათან იხშობა. მეორე გზა დასავლურ გამოცდილებას მიჰყვება, სადაც ჟურნალისტიკა დემოკრატიის საფუძველია და საზოგადოების ინტერესების დაცვას ემსახურება.
არჩევანი მხოლოდ ხელისუფლების გადასაწყვეტი არ არის — ეს საზოგადოების პასუხისმგებლობაცაა. მოქალაქემ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა იცხოვროს ქვეყანაში, სადაც ჟურნალისტს შეუძლია ხელისუფლებისთვის უსიამოვნო კითხვა დასვას და ამის გამო არ დაისაჯოს.
მნიშვნელოვანია თითოეულმა მოქალაქემ გაიაზროს, რომ თავისუფალი სიტყვის გარეშე არ არსებობს სამართლიანი არჩევნები, რეალური პარლამენტი და არც მოქალაქის დაცული უფლება.
მედია მხოლოდ პროფესია არ არის. ის არის დემოკრატიის საზომი. იქ, სადაც ჟურნალისტს თავისუფლად შეუძლია სიმართლის თქმა, იქ მოქალაქესაც შეუძლია თავისუფლად ცხოვრება.