მთავარი Blog გვერდი 3

კასპის მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა ანაზღაურებისთვის, 4 წელში 11 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა

კასპის მუნიციპალიტეტში 2022-2025 წლებში შრომის ანაზღაურებაზე გაწერილი თანხა 11 მლნ 139 ათას 200 ათას ლარს შეადგენს, კერძოდ:

2022 წელი: 2,272.2 ათასი ლარი

2023 წელი: 2,504.0 ათასი ლარი

2024 წელი: 3,030.0 ათასი ლარი

2025 წელი (პროექტი): 3,333.0 ათასი ლარი

კასპის მუნიციპალიტეტში თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაზე გამოყოფილი თანხები ადგილობრივი ბიუჯეტის ზრდის პარალელურად თანმიმდევრულად მატულობს. ეს ზრდა არ არის მხოლოდ რიცხვების ცვლილება, ის ნაწილობრივ ბიუჯეტის საერთო სტრუქტურაზეც აისახება, რაც ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ დამატებითი რესურსების გაჩენისას, პრიორიტეტი ხშირად ადმინისტრაციული აპარატის საკუთარი ანაზღაურების გაზრდისკენ მიემართება, ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სოციალური საჭიროებების ხარჯზე. ეს დინამიკა კითხვებს აჩენს საბიუჯეტო პრიორიტეტების სისწორისა და საზოგადოებრივი რესურსების ეფექტურად განკარგვის შესახებ.

კასპის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მონაცემები 2022 წლიდან 2025 წლის ივლისამდე მკაფიოდ აჩვენებს ხელფასების ხარჯების მუდმივ ზრდას, როგორც აბსოლუტური, ისე, ზოგიერთ შემთხვევაში, პროცენტული თვალსაზრისით:

მაგალითად, 2022 წელს, კასპის მუნიციპალიტეტის დამტკიცებული ბიუჯეტი 27 მლნ 432 ათას 700 ლარს შეადგენდა. შრომის ანაზღაურებისთვის კი გათვალისწინებული იყო 2 მლნ 272 ათას 200 ლარი, რაც მთლიანი ბიუჯეტის 8.3% წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია ასეთი მცირე მუნიციპალიტეტისთვის, სადაც ხშირად ინფრასტრუქტურული და სოციალური პროგრამების დაფინანსება შეზღუდული რესურსებით ხორციელდება.

მომდევნო 2023 წელს ბიუჯეტი გაიზარდა და 31 მლნ 65 ათას 400 ლარს მიაღწია. ამ ზრდის პარალელურად, თანამშრომელთა ხელფასებისა და ჰონორარების ხარჯი 2 მლნ 504 ათას ლარამდე ავიდა. პროცენტულად, ბიუჯეტთან მიმართებით ანაზღაურების წილი 8.1%-მდე შემცირდა, თუმცა ეს არ ნიშნავს პრიორიტეტის რეალურ შემცირებას. პირიქით, აბსოლუტური თანხა გაიზარდა, რაც ადასტურებს, რომ ბიუჯეტის ზრდის ძირითადი სარგებელი ნაწილობრივ ისევ ადმინისტრაციულ აპარატს დარჩა.

განსაკუთრებით საინტერესოა 2024 წელი, რადგან აქ ორი განსხვავებული ტენდენცია იკვეთება. ერთის მხრივ, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი შემცირდა 26 მლნ 589 ათას 700 ლარამდე, რაც წინა წელთან შედარებით დაახლოებით 4.5 მილიონი ლარით ნაკლებია. მეორეს მხრივ, ხელფასებისა და ჰონორარების თანხა მკვეთრად გაიზარდა და 3 მლნ 30 ათასი ლარი შეადგინა. შედეგად, ბიუჯეტთან მიმართებით ანაზღაურების წილი 11.4%-მდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ოთხწლიანი პერიოდის განმავლობაში.

პრაქტიკულად, ეს ნიშნავს, რომ შემცირებული ბიუჯეტის პირობებშიც კი მუნიციპალიტეტმა თავისი რესურსების გაცილებით დიდი ნაწილი მიმართა საკუთარი თანამშრომლებისთვის ანაზღაურების გაზრდისკენ. ეს ფაქტი ნათლად მიუთითებს პრიორიტეტების არასწორ გადანაცვლებაზე, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურისა და სხვა აუცილებელი საჭიროებების დაფინანსების კუთხით.

რაც შეეხება 2025 წელს, როდესაც მოქმედ თვითმმართველობას, უფლებამოსილების ვადა ეწურება, ბიუჯეტის პროექტში სიტუაცია ნაწილობრივ სტაბილიზაციისკენ მიდის, თუმცა პრობლემა კვლავ რჩება. დაგეგმილი ბიუჯეტი გაიზარდა და 32 მლნ 225 ათას 200 ლარს მიაღწია, ხოლო ხელფასებისა და ჰონორარების ხარჯი 3 მლნ 333 ათასი ლარია. ეს ბიუჯეტის დაახლოებით 10.3%-ს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ 2024 წელთან შედარებით პროცენტული წილი შემცირდა, ანაზღაურების ხარჯის ზრდა აშკარაა. ის თითქმის ერთ მილიონ ლარზე მეტით არის გაზრდილი 2022 წელთან შედარებით.

ღია წყაროებზე დაყრდნობით მოძიებული მონაცემები ცხადყოფს, რომ 2022-2025 წლების განმავლობაში კასპის მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურების ხარჯები სისტემატურად იზრდებოდა. 2024 წელს, ბიუჯეტის შემცირების მიუხედავად, ანაზღაურების ზრდა მაინც განხორციელდა, რაც მიუთითებს, რომ ეს კატეგორია პრაქტიკულად უცვლელად პრიორიტეტულია. თუ 2022 წელს, ბიუჯეტის თითოეული ლარიდან დაახლოებით 8 თეთრი მიდიოდა თანამშრომელთა ანაზღაურებაში, 2024 წელს ეს მაჩვენებელი 11 თეთრამდე ავიდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყოველ დამატებით ბიუჯეტურ რესურსზე, რომელიც მუნიციპალიტეტს აქვს, საკმაოდ მაღალი ალბათობით გაზრდილი ნაწილი იხარჯება ხელფასებზე, ვიდრე ახალი პროექტების ან მოსახლეობისთვის უშუალოდ სასარგებლო პროგრამების დაფინანსებაზე.

ამ მონაცემების საფუძველზე გამოკვეთილი ტენდენციები კასპის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პოლიტიკის კრიტიკული შეფასების საფუძველს იძლევა:

  • მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალური ბიუჯეტის ზრდა მოქალაქეებში ლოგიკურად იწვევს მოლოდინს მათი ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესების შესახებ, იქნება ეს გზების რეაბილიტაცია, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, თუ სოციალური მომსახურების გაფართოება – კასპის მაგალითი საპირისპირო ფაქტებს აჩვენებს. ბიუჯეტის ზრდის მნიშვნელოვანი ნაწილი ადმინისტრაციული ხარჯების ზრდაში იხარჯება. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა 2024 წლის მონაცემებში, როდესაც მთლიანი ბიუჯეტის შემცირების მიუხედავად, ხელფასების ხარჯი მკვეთრად გაიზარდა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ადმინისტრაციული აპარატის ანაზღაურება პრიორიტეტული რჩება მაშინაც კი, როდესაც სხვა სფეროები, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, მუნიციპალური სერვისები, კულტურა ან სოციალური მხარდაჭერა, შესაძლოა ნაკლებად ფინანსდებოდეს.
  • მსგავსი საბიუჯეტო დინამიკა, გრძელვადიან პერსპექტივაში, შეიძლება სერიოზული პრობლემა გახდეს საზოგადოებრივი ნდობის თვალსაზრისით. როდესაც მოქალაქეები ვერ ხედავენ ბიუჯეტის ზრდის ასახვას მათთვის ხელშესახები მიმართულებების გაუმჯობესებებში. ადმინისტრაციული ხარჯები არაპროპორციულად იზრდება და ეს იწვევს უკმაყოფილებას და იმედგაცრუებას ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ. საზოგადოებრივი კონტროლისა და გამჭვირვალობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტის სტრუქტურა იყოს გასაგები თითოეული მოქალაქისთვის და მიმართული მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ.

ბუნებრივია, არსებობს არგუმენტები, რომლებითაც ცდილობენ ასეთი პოლიტიკის გამართლებას. მუნიციპალიტეტში კვალიფიციური კადრების შენარჩუნება მოითხოვს კონკურენტუნარიან ანაზღაურებას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც კერძო სექტორში ხელფასები იზრდება და საჯარო სექტორს მუდმივად უწევს კონკურენცია. ასევე, ხელფასების ზრდა შეიძლება დაკავშირებული იყოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან ან ინფლაციის კომპენსაციასთან. თუმცა, ღია წყაროების ანალიზი ცხადყოფს, რომ ეს არგუმენტები სრულად ვერ ხსნის და ვერ ამართლებს დაფიქსირებულ ტენდენციას. ფაქტი ფაქტად რჩება, თუ ბიუჯეტის ზრდის პარალელურად სხვა ხარჯების ზრდა შედარებით ზომიერია ან საერთოდ არ ხდება, ხოლო ანაზღაურების ხარჯი მუდმივად მატულობს, ეს მიუთითებს პრიორიტეტების მკაფიო გადანაცვლებაზე, სადაც შიდა ადმინისტრაციული მოთხოვნილებები საზოგადოებრივ საჭიროებებზე მაღლა დგას.

კასპის მუნიციპალიტეტის 2022-2025 წლების მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ ბიუჯეტის ზრდის უმნიშვნელოვანესი ბენეფიციარები სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებიც ამ ბიუჯეტის განკარგვაზე არიან პასუხისმგებელნი. ეს კი პირდაპირ ეწინააღმდეგება ადგილობრივი თვითმმართველობის ძირითად პრინციპს, რომელიც გულისხმობს მოქალაქეთა კეთილდღეობისა და მომსახურების გაუმჯობესებას.

თუ მუნიციპალიტეტის მთავარი მიზანი მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებაა, საჭიროა, რომ ბიუჯეტის ზრდა უფრო თანაბრად განაწილდეს სხვადასხვა მიმართულებაზე და არ დარჩეს მხოლოდ შიდა ადმინისტრაციული ხარჯების გასაზრდელად. აუცილებელია ბიუჯეტის სტრუქტურის გადახედვა და უფრო მეტი გამჭვირვალობა, რათა გაიზარდოს მოქალაქეთა ჩართულობა და საზოგადოებრივი კონტროლი იმაზე, თუ როგორ გამოიყენება თითოეული ლარი ხალხის ფულიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამგვარი საბიუჯეტო პოლიტიკა მოქალაქეთა ნდობის შემცირებას და მუნიციპალიტეტის შესაძლებლობის შეფერხებს გამოიწვევს, რაც გულისხმობს ადგილობრივი ბიუჯეტის მორგებას მოსახლეობის რეალურ საჭიროებებზე.

რას ჰპირდებოდა “ქართული ოცნება” გორელებს 2021-2025 წლებისთვის და რა რეალობაა დღეს?

“ქართული ოცნების” ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მიერ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ გორის მოსახლეობისთვის წარმოდგენილი პროგრამა მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ გეგმებს მოიცავდა. მისი მიზანი იყო გორისა და ზოგადად შიდა ქართლის ეკონომიკური ზრდა, დასაქმების ხელშეწყობა და სოციალურ-კულტურული გარემოს გაუმჯობესება. დაპირებები სხვადასხვა სფეროს ეხებოდა – სოფლის მეურნეობიდან და ენერგეტიკიდან – ტურიზმამდე. 2025 წლის ოქტომბერში არჩეული თვითმმართველობის უფლებამოსილების ვადა იწურება. შესაბამისად, NEO TV – ს ანალიტიკური გუნდი დაინტერესდა რა შესრულდა და რა ვერ განხორციელდა იმ დაპირებებიდან, რომელსაც “ქართული ოცნების” წარმომადგენლები 2021 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში აჟღერებდნენ.

წინასაარჩევნო დაპირებებს შორის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ინფრასტრუქუტურული პრობლემების მოგვარება იყო. მაგალითად, 2021–2025 წლებში, გორის მუნიციპალიტეტში ათეულობით გზების და ხიდების რეაბილიტაცია, წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების განახლება უნდა განხორციელებულიყო, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ხელმისაწვდომობა 9000 ოჯახს უნდა ჰქონოდა, და სკვერების/ საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობა უნდა დასრულებულიყო.

“ქართული ოცნების” დაპირებები (2021):

შესრულების მდგომარეობა:

2021 წლიდან დღემდე ადგილობრივი თვითმმართველობა თავს ძირითადად ინფრასტრუქტურული პროექტებით იწონებს. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ პროექტების ნაწილი დასრულდა (მაგალითად, შარტავას ქუჩის, მეჯვრისხევის გზის მონაკვეთების რეაბილიტაცია), თუმცა რამდენიმე პროექტი, განსაკუთრებით სოფლის გზების მიმართულებით, დაგვიანებული ან ნაწილობრივ შესრულებულია. მიზეზად ხშირად ტენდერის გაჭიანურება და სამშენებლო მასალებში ინფლაციური ზრდა სახელდება.

ერთ-ერთი დაპირება წყალმომარაგებას ეხებოდა. “ოცნების” საარჩევნო პროგრამის მიხედვით, 2021–2023 წლებისათვის დაგეგმილი იყო დაახლოებით 11 მლნ ლარის ინვესტიცია ამ მიმართულებით. რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, (ძირითადად, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში), მაგრამ არსებობს სოფლები, (მაგალითად, ტყვიავი, წედისი და ა.შ), სადაც წყლის სისტემების სრულფასოვანი რეაბილიტაცია ჯერ ისევ არ დასრულებულა.

2025 წლის ბოლომდე გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა “ოცნებისგან” ინტერნეტიზაციის შესახებ დაპირების შესრულებასაც ელოდა. უნდა აღინიშნოს, რომ მაღალსიჩქარიანი ქსელის პროექტი ნაწილობრივ ამოქმედდა, თუმცა ნაცვლად დაპირებული 46 დასახლებული პუნქტისა ამ დროისთვის გავრცელება ჯერჯერობით მხოლოდ 18 მათგანში დასრულდა.

ანალიტიკოსების შეფასებით, ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დაპირებების დიდი ნაწილი “გაჭიანურებული შესრულების” კატეგორიაშია, რაც მომავალში ფინანსურ და სოციალური უკმაყოფილების რისკს ზრდის.

რაც შეეხება სოფლის მეურნეობის სფეროს ფინანსურ პროგრამებს, დაპირების მიხედვით, “დანერგე მომავალი”, “აგროდაზღვევა”, ტექნიკის თანადაფინანსება და 2024 წლამდე მიწის სისტემური რეგისტრაციის დასრულება იყო დაგეგმილი. “ოცნება” საარჩევნო პროგრამაში წერდა, რომ სარწყავი წყლით უზრუნველყოფილი ფართობების 18,367 ჰა-მდე გაზრდა და სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის დამონტაჟება მოხდებოდა. პროგრამა მიმდინარეობს, მაგრამ აღნიშნული მიმართულებები 2024 წლისთვის, სრულად ფაქტობრივად ვერ განხორციელდა და პროცესი 2025–2026 წლებზე გადანაწილდა.

კვლევის მიხედვით, სარწყავი სისტემის ფართობების ზრდა მიმდინარე პროცესია, ხოლო სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის დამონტაჟება შიდა ქართლში ამ ეტაპისთვის ისევ დაგეგმის ეტაპზეა. მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის გარკვეული გრანტები გაიცა, თუმცა ადგილობრივების ნაწილი მიუთითებს, რომ თანადაფინანსების ეტაპები და პირობები გათთვის გარკვეულ სირთულეებს ქმნის.

“სოფლის მეურნეობაში შესრულების დაბალი ტემპი ქმნის იმ შთაბეჭდილებას, რომ მთავრობა უფრო სტატისტიკურ ზრდაზეა ორიენტირებული, ვიდრე რეალურ ეფექტიანობაზე“, -აცხადებენ ანალიტიკოსები.

მაგალითად, გორის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ახალმა საწარმომ და სასტუმრომ მართლაც დაიწყო ფუნქციონირება, თუმცა მათი რაოდენობა და მასშტაბი ვერ აკმაყოფილებს დასაქმების დაპირებულ ზრდას და შესაბამისად, უმუშევრობის შემცირების დაპირება შეუსრულებელი რჩება. სტატისტიკის მიხედვით, გორში და ზოგადად რეგიონში, დასაქმების მაჩვენებლები კვლავ სტაგნაციაშია.

2021 წლის წინასაარჩევნო დაპირება ტურიზმსაც ეხებოდა, კონკრეტულად კი უნდა მომხდარიყო ტურისტული მარშრუტების განვითარება, ინფრასტრუქტურის გამართვა და 2025 წლისთვის საქართველოში 10 მილიონამდე ტურისტის შემოსვლაში, მნიშვნელოვანი წვლილი სწორედ გორს უნდა შეეტანა. ამ დრომდე კი განხორციელდა მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტები (სამისამართო აბრები, საპიკნიკე ზონები, ტურისტული ცენტრის მოწყობა) და უცხოელი ტურისტების რაოდენობა 2022–2023 წლებში პანდემიის შემდეგ მართლაც გაიზარდა, მაგრამ მასშტაბური ზრდა არ შეინიშნება და გორის, როგორც ტურისტული ჰაბის პოტენციალი სრულად ვერ იქნა გამოყენებული და მუნიციპალიტეტს არც ახალი მსხვილი ტურისტული ობიექტები დაემატა.

ეს ვითარება ტურიზმში არსებული პროექტების “დაბალი ინტენსივობის” რეჟიმში მიმდინარეობაზე მიანიშნებს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ სფეროში დიდი სტრატეგიული ნახტომი არ მომხდარა.

2022–2025 წლებისთვის “ქართულმა ოცნებამ” გორში მნიშვნელოვანი დაპირებები გასცა, რომელთა ნაწილი შესრულდა, ნაწილი – მიმდინარეობს, ხოლო მნიშვნელოვანი ნაწილი – შეუსრულებელი ან გადავადებულია.

დაპირებებისა და რეალობის შედარებისას ანალიტიკოსებმა ყველაზე პრობლემური საკითხები გამოავლინეს:

  • ინფრასტრუქტურული პროექტების გრაფიკის მუდმივი გადაცილება.
  • სოფლის მეურნეობის სერვისების დაგვიანება.
  • დასაქმების და ეკონომიკური დივერსიფიკაციის დაბალი დონე.
  • ტურიზმის პოტენციალის შეუსრულებელი გამოყენება.

როგორც კვლევიდან იკვეთება, ხელისუფლება ადგილობრივ დონეზე ხშირად იყენებს “პროექტების დაწყების” დემონსტრირებას პოლიტიკური მხარდაჭერის გასამყარებლად, მაშინ როდესაც პროექტები წლების შემდეგ ან საერთოდ ვერ სრულდება, შესაბამისად ასეთივე ტემპში დგება პროექტების მოსალოდნელი შედეგიც.

დაპირებების შესრულების ანალიზი სრულად:

ჯანდაცვის პროგრამის 37%-იანი შესრულება – რაში დაიხარჯა ქარელში 2024 წლის ბიუჯეტი?

ქარელის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის ანგარიშში ზოგადი მაჩვენებლები შესაძლოა ეფექტურად გამოიყურებოდეს, მაგრამ ანალიტიკოების შეფასებით, რეალური მდგომარეობა ბევრად განსხვავებულია. ოფიციალურად, ბიუჯეტის საერთო შესრულება შეფასებულია 90%-ით, თუმცა დეტალებში სერიოზული ჩავარდნები აღმოჩნდა, რაც მიუთითებს მენეჯმენტში პრობლემებსა და გადაუდებელი ყურადღების საჭიროებაზე.

მაგალითად, ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მთავარი ბერკეტია, მხოლოდ 37%-ით შესრულდა. სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამების შესრულება 41%-ით იყო წარმოდგენილი, რაც მიუთითებს მომსახურების არასაკმარის ეფექტურობაზე და მოსახლეობის დაბალ მიმართვიანობაზე.

როგორც წესი, პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა მოსახლეობისთვის, თუმცა მისი მხოლოდ ნაწილი განხორციელდა, რაც განსაკუთრებით საყურადღებოა ადგილობრივი გაჭირვებული ოჯახების მდგომარეობის კონტექსტში.

ჯანდაცვის მიმართულება ერთ-ერთი პირველი და თვალსაჩინო მაგალითი უნდა იყოს მუნიციპალიტეტში, რომელიც ბიუჯეტის დაგეგმვასა და რეალურ საჭიროებებს თანხვედრაში მოაქცევდა. არსებული რეალობა კი სპეციალისტების თქმით, პირდაპირ არღვევს მოსახლეობისთვის აუცილებელი სერვისების მიწოდების პრინციპს.

რაც შეეხება ბიუჯეტის სხვა მუხლებს, მიუხედავად ინფრასტრუქტურის საერთო შესრულების 85%-ისა, ცალკეულ მიმართულებებში თანხების ათვისების კუთხით, არასახაბიელო ვითარებაა:

  • გარე განათება: 48% შესრულება
  • სამშენებლო და საინჟინრო ინფრასტრუქტურა: 60% შესრულება
  • საგზაო მეურნეობა: 60.5% შესრულება
  • კომუნალური მეურნეობა: 65% შესრულება

როგორც სიღრმისეული ანალიზის დროს გამოიკვეთა, დეტალებში ჩანს ტენდერების ჩაშლა, სამუშაოების შეჩერება და დაგეგმილი აქტივობების გაუქმება, რაც მენეჯმენტის სერიოზულ პრობლემაზე მიუთითებს.შედარებით უკეთესი ვითარებაა განათლების პროგრამის შესრულებაზე, რომლის საერთო მაჩვენებელი 97%-ია, თუმცა სპეციფიკურ მიმართულებებში პრობლემები მაინც იკვეთება:

  • სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების მხარდაჭერა: 27% (პროგრამის შესრულების მაჩვენებელი)
  • ახალგაზრდების საგანმანათლებლო მხარდაჭერა: 38%
  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებები: 38%

აქაც ჩანს, რომ პროგრამები ცალმხრივად განხორციელდა, არ არის საკმარისი მონიტორინგი და შესაბამისი კონტროლი. ბიუჯეტის საერთო შესრულება მუნიციპალიტეტს 90%-ით აქვს შეფასებული, თუმცა რეალური მაჩვენებელი ბევრად დაბალია:

  • საერთო შემოსულობები: 65%
  • საერთო ხარჯები: 50%

ზოგადი მაღალი პროცენტი მოიცავს ნაშთებს და ვალდებულებებს, თუმცა რეალურად ამ ფონზე მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი სერვისები ვერ შეასრულა.

  • გადაჭარბებული შემოსულობები: ადგილობრივი მოსაკრებლები (152%), სარგებლობის მოსაკრებლები (131%), საჯარიმო სანქციები (123%) – ეს აჩვენებს, რომ გარკვეულ სფეროებში მუნიციპალიტეტი კარგად ახერხებს შემოსავლების მოზიდვას, მაგრამ სერვისების მიწოდების მხრივ მნიშვნელოვანი ჩავარდნებია.

საერთო დადებითი მიმართულებები:

  • ეკონომიკური განვითარება: 100%
  • სოციალური უზრუნველყოფა: 98%
  • ადმინისტრაციული ხარჯები: 87%

მოძიებული მონაცემები მიუთითებს, რომ ზოგიერთ სფეროში მენეჯმენტს ეფექტური მართვის უნარი აქვს, მაგრამ მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სერვისები – ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურა და განათლება – უფრო ეფექტურ მიდგომებს საჭიროებს.

გამოკვეთილი პრობლემები მიუთითებს მენეჯმენტის სისუსტეზე, არასაკმარის კონტროლსა და პრიორიტეტებსა და რეალობას შორის განსხვავებაზე.

  • აუცილებელია, მუნიციპალიტეტმა გააძლიეროს მონიტორინგი ტენდერების მართვასა და კრიტიკული სერვისების მიწოდების ეფექტურობაზე, რათა რეალური შედეგები დაგეგმილ მიზნებს შეესაბამებოდეს.

გორელები 5 წელია ივანიშვილის დაპირებულ რეკრეაციულ სივრცეს ელოდებიან

2025 წელია და გორის ცენტრში, ყოფილი საკოლმეურნეო ბაზრის ტერიტორიაზე, სადაც ბიძინა ივანიშვილის დაპირებით ფონდი „ქართუს” მიერ მედიათეკა, ამფითეატრი, ტბა, საბავშვო მოედანი და რეკრეაციული სივრცე უნდა მოწყობილიყო, ისევ ნაგავი იყრება. მეხუთე წელია, ტერიტორია თითქოს შემოიღობა, თუმცა დღემდე ის უფუნქციო და ანტისანიტარიული გარემოა. გორელები კი, განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომლებიც ქალაქის ცენტრში თანამედროვე, მრავალფუნქციურ სივრცეს ამ დრომდე უშედეგოდ ელიან თავს მოტყუებულად გრძნობენ.

პროსახელისუფლებო პროპაგანდისტული სატელევიზიო არხები მაშინ ირწმუნებოდნენ, რომ ტერიტორია გორის მერიას ბიძინა ივანიშვილმა უსასყიდლოდ გადასცა, საჭირო ფინანსებს კი “ქართუ” უზრუნველყოდა, თუმცა 5 წლის შემდეგ აღნიშნული მედიასაშუალებები და მმართველი გუნდის გორელი წარმომადგენლები ამ თემაზე არარაფერს ამბობენ.

ღია წყაროებით მოძიებული მონაცემების მიხედვით, 2020 წლის საარჩევნო კამპანიის პერიოდში “ქართუ ჯგუფმა”, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, აუქციონის წესით იყიდა ყოფილი საკოლმეურნეო ბაზრის 21 813 კვ.მ ფართობი და საჩუქრად გადასცა გორის მუნიციპალიტეტს, რომლის ღირებულება დაახლოებით 1 550 000 ლარი იყო. ეს თემა 2020 წელს საარჩევნოდ მაშინდელმა კანდიდატებმა კარგად გამოიყენეს კამპანიის პროცესში და აცხადებდნენ, რომ ტერიტორია მოეწყობოდა “თანამედროვე სტანდარტებით” და ინფრასტრუქტურა იქნებოდა „გორელი ახალგაზრდებისთვის მიმართული”.

ამ ფაქტს მალევე მოყვა სამოქალაქო საზოგადოების შეფასება, რომლის მიხედვით, ეს ინიციატივა ყალბ პოლიტიკურ ბონუსად გამოიყენეს. ISFED-ის მაშინდელი ხელმძღვანელი ამას “სამომავლო საზოგადოებრივი მიზნების სახელით რეალური პოლიტიკური რესურსების მოხმარებად” განიხილავდა.

გორის მერიაში კი აცხადებდნენ, რომ მათთვის გაურკვეველია სამუშაოების გაჭიანურების მიზეზი, თუმცა ფონდის მხარდაჭერას ჯერ კიდევ ელოდებიან, რადგან მათი თქმით, გორის მუნიციპალიტეტი საკუთარი ბიუჯეტით საჭირო თანხებს ვერ უზრუნველყოფს.

სპეციალისტების განმარტებით, საარჩევნო გარემოში ხშირად ისეთი პროექტები გამოიყენება, რომლებიც ახალგაზრდებისკენაა მიმართულ, რადგან სწორედ საზოგადოების ამ ნაწილის მოლოდინს ზრდიან და გავლენის მოხდენას ცდილობენ. თუმცა, რეალურ ცხოვრებაში, ჩვენ ვხედავთ:

  • პროექტი არ დაწყებულა.
  • არ დაიწყო ისეთი ინფრასტრუქტურა, როგორიცაა ახალგაზრდული ცენტრი, ამფითეატრი, მედიათეკა.
  • ახალგაზრდები დარჩნენ ერთგვარად მოტყუებულები თანამედროვე სივრცის და განვითარების იმედებით. მითუეტეს იმ ფონზე, როდესაც ახალგაზრდული სივრცეები განსახვავებული პოზიციისა და აზრის გამოთქმის გამო იხურება და მათი ფუნქციონრება იზღუდება.

ახალგაზრდების თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მმართველი გუნდი და კონკრეტულად მათი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნოდ შეუსრულებელ დაპირებებს გასცემენ. ამომრჩევლები კი რომლებიც მომდევნო ოთხ წელში საცხოვრებელი პირობების და გარემოს გაუმჯობესებას ელოდებიან, კვლავაც მანიპულაციის და ხშირად სიცრუის მსხვერპლებიც ხდებიან.

ათიათასობით ლარი დაიხარჯა არაფერში – ვინ აგებს პასუხს გორში, არაჯეროვნად შესრულებულ პროექტებზე?

საზოგადოებრივი ფინანსების ეფექტური მართვა და გამჭვირვალობა დემოკრატიული სახელმწიფოს ქვაკუთხედია. თუმცა, საქართველოში, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, ხშირად ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები არაეფექტურად იხარჯება, პროექტები ჭიანურდება, ან სრულად ვერ ხორციელდება. ეს არა მხოლოდ ფინანსურ ზარალს აყენებს ქვეყანას, არამედ ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. ამისთვის რამდენიმე მაგალითის განხილვაც საკმარისია, რომ რეალობა უფრო ნათელი გახდეს. 

ატენის სიონთან, ტანას ხეობაში დაგეგმილი ხიდის მშენებლობა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება არასწორმა დაგეგმარებამ და უპასუხისმგებლობამ გამოიწვიოს სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა და პოტენციური ეკოლოგიური საფრთხეები. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, 50 მეტრიანი ბეტონის კონსტრუქცია უნდა აშენებულიყო, თუმცა, რეალურად, მშენებლობა სრულიად განსხვავებული მეთოდით დაიწყო. როგორც ადგილზე ირკვევა, მდინარეში მილები ჩაყარეს და ზედ მიწა მიაყარეს, რითაც დროებითი „ხიდი“ გაკეთდა. მოგვიანებით, აშენებული ბეტონის კედელი მხოლოდ 5 მეტრი სიგრძის აღმოჩნდა, რაც აშკარად მიუღებელი იყო დაგეგმილ 50 მეტრიან კონსტრუქციასთან შედარებით.

ამგვარმა მიდგომამ არაერთი კითხვა გააჩინა მდინარის ბუნებრივ მახასიათებლებზე ჩატარებული კვლევების შესახებ. ტანა სწრაფი და ცვალებადი მდინარეა, განსაკუთრებით გაზაფხულზე და შემოდგომაზე, როდესაც მას თოვლის დნობა და წვიმები  ადიდებს. მდინარეში მილების ჩაყრა ბუნებრივად ქმნის წყლის დაგუბების ან მიმართულების შეცვლის საფრთხეს, ასევე ზრდის მეწყრის რისკს ისედაც პრობლემურ ზონაში. ამ დროისთვის არ არსებობს პასუხი კითხვაზე, თუ ვინ და როგორ შეისწავლა მდინარის ბუნებრივი მახასიათებლები და ჩატარდა თუ არა სათანადო ჰიდროლოგიური თუ გეოლოგიური კვლევები.

მშენებლობა შეჩერდა მას შემდეგ, რაც ბეტონის კედლის მიუღებლობა აშკარა გახდა. დაიწყო დემონტაჟი, პროექტი კი თავიდან იწყება – ისევ ახალი ხარჯებით. ამასობაში, სახელმწიფო სახსრები უკვე გაფლანგულია.

ადგილობრივი მოსახლეობა გაურკვევლობაშია და კითხვებზე პასუხი არ აქვს. ეს ყველაფერი ხდება ატენის სიონის სიახლოვეს. იმ ადგილას, რომელიც ისტორიული მნიშვნელობის მატარებელია.

სპეციალისტების შეფასებით, ამ პროექტის ირგვლივ არსებული ვითარება მოითხოვს დაუყოვნებლივ რეაგირებას. აუცილებელია პროექტის დოკუმენტაციის გასაჯაროება, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური შეფასების ჩატარება მოსახლეობის ჩართულობით და იმის დადგენა, თუ ვინ აგებს პასუხს პირველ ეტაპზე დაშვებულ შეცდომებზე და გაფლანგულ ფულზე.

კიდევ ერთი მაგალითი არაეფექტური მმართველობისა და თანხების განკარგვისა გორის მე-11 საჯარო სკოლის მშენებლობას უკავშირდება. გაჭიანურებული პროცესი კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ როგორ შეიძლება არაეფექტურმა მენეჯმენტმა და უპასუხისმგებლობამ უარყოფითად იმოქმედოს საზოგადოებაზე, განსაკუთრებით კი მომავალ თაობაზე. პროექტი 2021 წელს დაიწყო, და მისი ღირებულება დაახლოებით 11 მილიონი ლარია. ახალმა სამსართულიანმა სკოლამ 650 მოსწავლე უნდა მიიღოს და მოიცვას ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი და სხვა თანამედროვე ინფრასტრუქტურა. მშენებლობა უკვე 4 წელია მიმდინარეობს. მშობლები და მოსწავლეები გაურკვევლობაში არიან. თავდაპირველად ბოლო ვადა 2023 წელი დასახელდა, შემდეგ 2024 წლის დეკემბერი, ახლა კი 2025 წლის 25 სექტემბერია მითითებული. პროექტის დაწყებისას შენობის საძირკველი უხარისხოდ იყო შესრულებული, რის გამოც შენობა დაანგრიეს და მშენებლობა თავიდან დაიწყო. ამჟამად მშენებელი კომპანიაა შპს „ენენ ჯგუფია“, რომელსაც ხელშეკრულების ვადა სავარაუდოდ კვლავ გაუგრძელდება, მოსწავლეები კი ახალ სასწავლო წელს ისევ სხვა სკოლაში შეხვდებიან. 

გორის მუნიციპალიტეტს ოფიციალურად გამოთხოვილი ინფორმაციის მიუხედავად, პროექტის ვადებზე, ფინანსებსა და შესრულების ხარისხზე პასუხი დღემდე არ გაუცია. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს გამჭვირვალობის სერიოზულ პრობლემას, შედეგად, გორის მე-11 საჯარო სკოლა ფუნქციონირებას ვერ იწყებს.

ეს შემთხვევა ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ბიუროკრატიულმა ქაოსმა და უპასუხისმგებლობამ დააზარალოს არა მხოლოდ ინფრასტრუქტურა, არამედ მთელი თაობა. მშობლები პროტესტის ღიად გამოხავტავზე უკვე ალაპარაკდნენ. უკმაყოფილებას იწვევს მათი შვილების განათლების ხარისხი და პირობები, რასაც პირდაპირ იწვევს მშენებლობის გაჭიანურებული პროცესი.

ორივე პროექტის შემთხვევაში სახეზეა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების არაეფექტური ხარჯვა. ატენის ხიდის შემთხვევაში, თავდაპირველი არასწორი დაგეგმარება და განხორციელების მეთოდი, რამაც დემონტაჟი და პროექტის თავიდან დაწყება გამოიწვია, პირდაპირ ნიშნავს უკვე დახარჯული თანხების გაფლანგვას. გორის ერთ-ერთი სკოლის პროექტში კი, საძირკვლის უხარისხოდ შესრულება და შენობის დანგრევა, ასევე მრავალჯერადი ვადის გადაწევა, მიუთითებს დამატებით ხარჯებსა და რესურსების უაზრო ფლანგვაზე. ეს პრობლემა ხშირად გამომდინარეობს არასაკმარისი წინასწარი კვლევებიდან, არაკვალიფიციური დაგეგმარებიდან და პროექტის მართვის სისუსტეებიდან.

ყველაზე შემაშფოთებელი ასპექტი ორივე პროექტში არის პასუხისმგებელი პირების არარსებობა და ანგარიშვალდებულების მექანიზმების სისუსტე. ატენის ხიდის პროექტში არავინ აგებს პასუხს დაშვებულ შეცდომებზე და გაფლანგულ ფულზე. გორის სკოლის შემთხვევაშიც, მიუხედავად მრავალწლიანი გაჭიანურებისა და მოსწავლეებზე უარყოფითი ზემოქმედებისა, არ ჩანს კონკრეტული პირების ან ორგანიზაციების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. ეს ქმნის დაუსჯელობის სინდრომს, რაც ხელს უწყობს მსგავსი პრობლემების განმეორების რისკს მომავალში.

ამ მანკიერი წრის გასარღვევად და მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინება:

ყველა საჯარო პროექტის დოკუმენტაცია, მათ შორის დაგეგმარება, ბიუჯეტი, განხორციელების ვადები და კონტრაქტორები, უნდა იყოს სრულად დაუყოვნებლივ გასაჯაროებული და ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის. უნდა შეიქმნას მარტივი და ეფექტური მექანიზმები ინფორმაციის მოპოვებისთვის.

უნდა დადგინდეს მკაფიო პასუხისმგებლობა პროექტის თითოეულ ეტაპზე. დაშვებული შეცდომების, გაჭიანურებისა და თანხების გაფლანგვის შემთხვევაში, პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ კანონის სრული სიმკაცრით, მიუხედავად მათი თანამდებობისა. აუცილებელია ეფექტური საზედამხედველო ორგანოების ფუნქციონირება.

ადგილობრივი მოსახლეობა და სამოქალაქო საზოგადოება აქტიურად უნდა ჩაერთოს პროექტების დაგეგმვის, განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში. მათი აზრის გათვალისწინება და პრობლემების დროული გამოვლენა ხელს შეუწყობს შეცდომების თავიდან აცილებას.

პროექტების დაწყებამდე უნდა ჩატარდეს საფუძვლიანი კვლევები და ექსპერტიზა, რათა თავიდან იქნას აცილებული არასწორი დაგეგმარება და ტექნიკური შეცდომები, რომლებიც შემდგომში დამატებით ხარჯებს იწვევს.

მსგავსი რეკომენდაციების გათვალისწინებით შესაძლებელია სახელმწიფო ბიუჯეტის ეფექტური და მიზნობრივი ხარჯვა, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებასა და მოქალაქეების კეთილდღეობას. საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა, რადგან ეს ხალხის ფულია, რომელიც მათი ინტერესების შესაბამისად უნდა იხარჯებოდეს.

ბორდერიზაციის 604 და უკანონოდ დაკავების 439 შემთხვევა 4 წელში – ფაქტები, რაზეც პასუხს არავინ აგებს

საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის ძირითად საფრთხეს კვლავ წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია. 2021-2024 წლების განმავლობაში, რუსეთი განაგრძობდა ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკის წარმოებას საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმართულებით. ამ პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია უკანონო სამხედრო წვრთნები, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებები, რაც თავის მხრივ მიზნად ისახავს საქართველოში არასტაბილური გარემოს შექმნას, ქვეყნის იმიჯის დაზიანებას და ეკონომიკური განვითარების შეფერხებას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ყოველწლიური ანგარიშები ნათლად ასახავს ამ მზარდი გამოწვევების დინამიკას და მასშტაბებს.

ღია წყაროებზე დაყრდნობით სწორედ 2021-2024 წლებში განხორციელებულ ე.წ. ბორდერიზაციისა და უკანონო დაკავებების ტენდენციებს განვიხილავთ, მათ მეთოდებსა და ჰუმანიტარულ შედეგებს, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის რეაგირებას ამ დესტრუქციულ პროცესებზე.

“ბორდერიზაციის” დინამიკა და მეთოდები

„ბორდერიზაცია” არის რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ხელოვნური ბარიერებით გამაგრების უკანონო პროცესი, რომელიც მოსახლეობაში დაუცველობის განცდის გაღვივებას, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას და საზოგადოებაში ნიჰილიზმის გავრცელებას ისახავს მიზნად. ეს აქტივობები მოიცავს ახალი მავთულხლართების გავლებას, ძველი მავთულხლართებისა და ღობეების განახლებას, ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულებისა და მიწათხრილების მოწყობას, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერებისა და საგუშაგოების უკანონოდ აღმართვას. წლების განმავლობაში, ამ აქტივობების რაოდენობა მუდმივად მაღალ ნიშნულზე რჩება, რაც ოკუპირებული ძალების მხრიდან მუდმივ ზეწოლაზე მიუთითებს.

2021 წელს სუს-ის მიერ დაფიქსირდა ე.წ. ბორდერიზაციის 139 შემთხვევა: 9 ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით და 130 ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით. ეს აქტივობები ზუსტად ემთხვეოდა ზემოხსენებულ მეთოდებს, მათ შორის, ახალი მავთულხლართების გაყვანასა და საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვას. განსაკუთრებით დაძაბული ვითარება იყო ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ.

2022 წელს ბორდერიზაციის შემთხვევების რაოდენობამ 131 შეადგინა: 11 ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით და 120 ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით. ამ წელსაც აქტიურად მოეწყო ახალი მავთულხლართები, ღობეები, ე.წ. „საზღვრის აღმნიშვნელი” ნიშნულები და სხვა ხელოვნური ბარიერები, ასევე განახლდა ძველი ბარიერები.

2023 წელს დაფიქსირდა ე.წ. ბორდერიზაციის 172 შემთხვევა: 13 ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით და 159 ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით. აქტივობები მოიცავდა ახალი მავთულხლართების გაჭიმვას, ღობეებისა და ე.წ. „საზღვრის აღმნიშვნელი“ ბანერების უკანონო აღმართვას, ასევე ძველი ბარიერების განახლებას.

2024 წელს უკანონო აქტივობების რაოდენობა ოდნავ შემცირდა აფხაზეთის მიმართულებით, თუმცა ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით მოცემულია 155.4 უკანონო აქტივობა, ხოლო აფხაზეთის მიმართულებით – 9 შემთხვევა, რაც ჯამში 164.4 აქტივობას შეადგენს. ამ აქტივობებში შედიოდა ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების განთავსება, მავთულხლართებისა და ღობეების მოწყობა-განახლება, საგუშაგოების გამაგრება და ახალი მიწის თხრილების გაკეთება.

ჯამურად, 2021-2024 წლებში დაფიქსირდა 606.4 ბორდერიზაციის შემთხვევა. ეს მონაცემები მიუთითებს, რომ მიუხედავად წლებისა, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ბორდერიზაციის ინტენსივობა მუდმივად მაღალი რჩება, რაც მუდმივად ქმნის საფრთხეს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის და ხელს უშლის მათ თავისუფალ გადაადგილებას. ფართობის ზრდა, კვადრატულ კილომეტრებში, არ არის დაფიქსირებული წყაროებში, თუმცა აქტივობების რაოდენობა ნათლად აჩვენებს პროცესის შეუქცევადობას.

უკანონო დაკავებები და მათი ჰუმანიტარული შედეგები

უკანონო დაკავებები რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული ანექსიური პოლიტიკის კიდევ ერთი ინსტრუმენტია, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის დაშინებას და მათზე ზეწოლას. ამ წლების განმავლობაში, დაკავებების რიცხვი არათანაბრად, მაგრამ ზოგადად მზარდი ტენდენციით ხასიათდება. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშების მიხედვით, 2021-2024 წლებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო დაკავებების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა 2022 წელს.

წლების მიხედვით ჯამური შემთხვევები ასე ნაწილდება:

2021 წელი: 81 შემთხვევა (11 აფხაზეთის მიმართულებით და 70 ცხინვალის მიმართულებით).

2022 წელი: 231 შემთხვევა (61 აფხაზეთის მიმართულებით და 170 ცხინვალის რეგიონის მიმართულებით).

2023 წელი: 159 შემთხვევა (65 აფხაზეთის მიმართულებით და 107 ცხინვალის რეგიონის მიმართულებით).

2024 წელი: 62 შემთხვევა (23 აფხაზეთის მიმართულებით და 39 ცხინვალის რეგიონის მიმართულებით).

ამ მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტი, 231 უკანონო დაკავების შემთხვევა 2022 წელს დაფიქსირდა.

საერთო ჯამში, 2021-2024 წლებში დაფიქსირდა 439 უკანონო დაკავების ფაქტი. ეს სტატისტიკა ხაზს უსვამს ოკუპაციის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებს. ფატალური შემთხვევები, როგორიცაა ირაკლი კვარაცხელიას, დავით ბაშარულის, არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფა, აჩვენებს დაუსჯელობის სინდრომს ოკუპირებულ რეგიონებში და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს. საოკუპაციო ხაზის გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვა (ახალგორი/ცხინვალის მიმართულებით 2019 წლის სექტემბრიდან, აფხაზეთის მიმართულებით 2020 წლის მარტიდან 2021 წლის ივლისამდე) რეგიონების სრულ იზოლაციას იწვევს და ადგილობრივ მოსახლეობას უბიძგებს შემოვლითი, სიცოცხლისთვის საშიში გზებით სარგებლობისკენ, რასაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ ფიქსირდებოდა ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიზანმიმართული დისკრიმინაცია, მათ შორის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვა, რეგიონების რუსიფიკაციისა და მოსახლეობის ეთნიკური იდენტობის შეცვლის პოლიტიკა. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, სოფელ ერედვში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ნასახლარებზე ნაგავსაყრელის ამოქმედება კიდევ ერთი შემაშფოთებელი ფაქტია. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC) კვლავ აქტიურად თანამშრომლობდა ჰუმანიტარულ საკითხებში, მათ შორის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების კუთხით.

რუსეთის ანექსიური პოლიტიკის ფართო კონტექსტი და საერთაშორისო რეაგირება

უკანონო ბორდერიზაცია და დაკავებები რუსეთის ფართომასშტაბიანი ანექსიური პოლიტიკის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ოკუპირებული რეგიონების ინტეგრაციას რუსეთის ფედერაციაში. ეს პოლიტიკა გამოიხატება დე ფაქტო ხელისუფლებებთან სხვადასხვა მიმართულებით ე.წ. შეთანხმებების ხელმოწერაში, როგორიცაა “თავდაცვისა და უსაფრთხოების და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ერთიანი სივრცის” შექმნა აფხაზეთთან, რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების შეძენის „ლეგალიზება” და ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების დამტკიცება ცხინვალის რეგიონთან. აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ამ პროცესებს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ “სუვერენიტეტის გარკვეული ნაწილის” დათმობა უწოდა. კრემლი აქტიურად ცდილობდა გავლენის გაზრდას აფხაზეთის ენერგეტიკაში და წამოჭრილი იყო აიბღას სოფლის “რუსეთისთვის მიკუთვნების” საკითხიც. ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რეჟიმი ღიად უჭერდა მხარს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას, რისთვისაც “ერთიანი ოსეთის” ცნება გამოიყენება.

საოკუპაციო რეჟიმების ფინანსური დამოკიდებულება რუსეთის ფედერალურ ბიუჯეტზე უმნიშვნელოვანესია: ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ბიუჯეტის დაახლოებით 50%, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ბიუჯეტის დაახლოებით 83% რუსეთის ფედერაციის მიერ ფინანსდება. რუსეთი ასევე სრულად აკონტროლებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ე.წ. საკვანძო უწყებებსა და სფეროებს (საზღვრის დაცვა, საბაჟო, სამართალდამცავი უწყებები, თავდაცვის სამინისტროები). ამასთან, საანგარიშო პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო კონტინგენტის უკანონო განლაგება და ინტენსიური სამხედრო წვრთნები გრძელდებოდა.

საერთაშორისო თანამეგობრობა აქტიურად განიხილავს ოკუპაციასთან დაკავშირებულ საფრთხეებს. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა (GID) და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე მუდმივად მოითხოვდნენ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებელ და უპირობო გათავისუფლებას, ასევე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის შეწყვეტას. „ცხელი ხაზი“, რომელიც სუს-ისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედებს, აქტიურად გამოიყენებოდა ინციდენტების განმუხტვისა და საფრთხეების თავიდან აცილების ინსტრუმენტად.

EUMM საქართველოში მოქმედ ერთადერთ სადამკვირვებლო მისიას წარმოადგენს, თუმცა მის წარმომადგენლებს კვლავ არ ეძლეოდათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის შესაძლებლობა, რაზეც სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (UN), ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) და ევროპის საბჭოს (CoE) წარმომადგენლებთანაც მიმდინარეობდა აქტიური თანამშრომლობა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაცია განსაზღვრულია როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალა, და იქ მომხდარ ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებზე პასუხისმგებლობა სწორედ მოსკოვს ეკისრება.

2021-2024 წლებში რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ე.წ. ბორდერიზაციისა (606.4 შემთხვევა) და უკანონო დაკავებების (439 ფაქტი) მუდმივი და მზარდი ტენდენცია [წყაროებიდან მიღებული ჯამური მონაცემები] ნათლად აჩვენებს საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე არსებულ მძიმე გამოწვევებს. ეს უკანონო აქტივობები, ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაციასთან და ანექსიისკენ მიმართულ პოლიტიკასთან ერთად, საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ რეგიონულ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.

კორუფციული ნიშნები გასხვისებულ მიწებსა და სამშენებლო ნებართვებში – როგორ ფორმდება ქონება გორში?

მიუხედავად იმისა, რომ გორი ქვეყნის ერთ-ერთი შედარებით მცირე ზომის მუნიციპალიტეტია, მის სივრცეში მიმდინარე ურბანული პროცესები სისტემურ პრობლემებს ნათლად აჩენს. მაგალითისთვის 2025 წლის 1-2 აგვისტოს შემთხვევაც საკმარისია, როდესაც, ნადირაძის ქუჩაზე კერძო სამშენებლო კომპანიის მიერ განხორციელებული სამუშაოების გამო 14 000-ზე მეტ აბონენტს ორი დღე წყალმომარაგება შეუწყდა.

ინციდენტმა არა მხოლოდ სოციალური მღელვარება გამოიწვია, არამედ პასუხისმგებლობის ცალკეული ეტაპებიც გააქტიურა და რამდენიმე პირს მუნიციპალიტეტში თანამდებობაზე უარი ათქმევინა. თუმცა ეს რეაქცია იყო სიმპტომური და არა სისტემური. ფაქტმა მძლავრად დაანახა საზოგადოებას, როგორია შედეგი მაშინ, როცა ადმინისტრაციული პროცედურები უგულებელყოფილია, გამჭვირვალობა კი მხოლოდ ფორმალური.

2022 წლიდან დღემდე გორის მუნიციპალიტეტში დაფიქსირებული ურბანული პროცესები კითხვებს, ადგილობრივი ხელისუფლების სამართლიანობისა და ეფექტურობის შესახებ, რიგით მოქალაქეშიც აჩენს. საჯარო დოკუმენტების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ ქალაქის ხელმძღვანელობა მმართველობით პრაქტიკაში ხშირად ეყრდნობა მოდელს, რომელიც კორუფციული ნიშნების მატარებელია – დაწყებული უნებართვო მშენებლობებზე რეაგირების უუნარობით, დამთავრებული საჯარო ქონების გაუმჭვირვალე პრივატიზაციით.

მშენებლობები და მიწის პრივატიზაცია რეგულაციების გვერდის ავლით

ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო პრობლემა დაკავშირებულია სწორედ მშენებლობის ნებართვების მიკერძოებულ პრაქტიკასთან. გორის მერიის მიერ გაცემულ საჯარო ინფორმაციაში არაერთხელ ფიქსირდება ტერმინი “უნებართვოდ ნაწარმოები ობიექტი”, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მუნიციპალიტეტი ან ვერ ახერხებს სათანადო კონტროლს, ან მიზანმიმართულად არ ახორციელებს ზედამხედველობას. მაგალითისთვის, სოფელ ტყვიავში აშენებული სავაჭრო ობიექტი განხორციელდა ყოველგვარი ნებართვის გარეშე, თუმცა საჯარო რეაგირების მექანიზმი დაფიქსირებული არ არის.

მეორე მნიშვნელოვანი ტენდენციაა მშენებლობის ნებართვების კორექტირების მაღალწილიანი მაჩვენებელი. დეველოპერები ხშირად იღებენ სამშენებლო ნებართვებს დაბალი მოცულობის პროექტებზე, რომლებიც მცირე ანალიზს საჭიროებს, ხოლო მოგვიანებით იცვლიან პროექტის მასშტაბს. ასეთი პრაქტიკა არეგულირებს მშენებლობას უკიდურესად დაბალი ზედამხედველობით და ქმნის უპირატესობას იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებული ადგილობრივ მმართველობასთან.

არანაკლებ საყურადღებოა საჯარო ქონების პრივატიზაციის პროცესში დაფიქსირებული გაუმჭვირვალობა. 2025 წლის პირველ ნახევარში მიწის ნაკვეთების კონცენტრაცია განსაკუთრებით შეინიშნებოდა გორის ერთ-ერთ უბანში (სუხიშვილის ქუჩა). დოკუმენტებში არ იძებნება ინფორმაცია, რა ფასად გაიყიდა ეს ობიექტები ან როგორ განისაზღვრა საწყისი ფასი. აუქციონის შესახებ მონაცემები პრაქტიკულად მიუწვდომელია, რაც ქმნის საფუძვლიან ეჭვს ვარაუდისთვის, რომ ქონება შესაძლოა წინასწარ განსაზღვრული პირებისთვის გაიცა.

გაუმჭვირვალობა, როგორც სისტემური მექანიზმი

განსაკუთრებული ყურადღებაა გასამახვილებელი იჯარის ხელშეკრულებების ფორმაზეც. საჯარო დოკუმენტებში იძებნება შემთხვევები, სადაც იჯარით გაცემულია ისეთი არასტანდარტული ობიექტები, როგორიცაა გარე განათების ბოძები ან მიწისქვეშა გადასასვლელები. არანაირი ინფორმაცია არ იძებნება არც ქირის პირობებზე, არც ბენეფიციარებზე. მსგავსი პრაქტიკა ახასიათებს სქემებს, სადაც საჯარო რესურსები მინიმალურ ფასად გადაეცემა ახლობლებს, რეგულაციების გვერდის ავლით, რაც კლასიკური კორუფციული ნიშანია.

მერიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში ხშირ შემთხვევაში არ იძებნება არც ტრანზაქციების ღირებულებები, არც კორექტირების დასაბუთება. ასეთ პირობებში საზოგადოებრივი კონტროლი პრაქტიკულად შეუძლებელია.

უცნობია ასევე თუ როგორ გამოასწორა გორის მუნიციპალიტეტმა ამ თემაზე გასულ წლებში სახელმწიფო აუდიტის მიერ მომზადებული ანგარიშების რეკომენდაციები, სადაც სამშენებლო ნებართვებისა და მიწების გაცემის პროცესში მთელი რიგი დარღვევები იყო გამოვლენილი. ამ ყველაფრის შედეგად იქმნება შთაბეჭდილება, რომ თვითმმართველობა ფაქტობრივად ფუნქციონირებს ჩრდილოვანი მმართველობის რეჟიმში — მოსახლეობის ინტერესებისა და კანონის გათვალისწინების გარეშე.

მიმდინარე მდგომარეობა სცდება ჩვეულებრივ ადმინისტრაციულ ნაკლოვანებებს და უკავშირდება სისტემურ უკუსვლას მმართველობის პრინციპებში.

სპეციალისტების შეფასებით, თუ გორის მუნიციპალიყტეტი უახლოეს მომავალში არ მიიღებს ახალი თვითმმართველობისგან მკაფიო, გამჭვირვალე და საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებულ პოლიტიკურ კურსს, ქალაქს ემუქრება ურბანული გარემოს შეუქცევადი დეგრადაცია. კერძოდ, მშენებლობის კონტროლის სრული დაშლა, საჯარო ქონების ფარული გადანაწილება და მოქალაქეების გამორიცხვა გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან, რაც დემოკრატიის ჩამოშლის ერთ-ერთ ხელშემწყობ გარემოებად იქცევა.

როგორ ამზადებდა რუსეთი 2008 წლის ომს საქართველოში?

2008 წლის აგვისტოს ომი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ფურცელია. ცხინვალის მიმდებარედ ცეცხლის ალში გახვეული ქართული სოფლებში რუსული პოლიტიკის, დეზინფორმაციისა და ძალადობრივი ქმედებების შედეგი იყო, რომელიც წლების განმავლობაში იგეგმებოდა. იმ დღეებში საქართველოს მოქალაქეებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს, რას ნიშნავს მეზობელი სახელმწიფოს მხრიდან გახსნილი სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია და ამისთვის  როგორ აღვივებდა ეთნიკურ შუღლს კრემლი საკუთარი მიზნების მისაღწევად.

რუსეთი 2008 წლის აგვისტოს ომისთვის გაცილებით ადრე ემზადებოდა, ვიდრე ამას მაშინ საერთაშორისო საზოგადოება აღიარებდა.

2006 წლიდან რუსეთის ჯარები სისტემატურად ამაგრებდნენ პოზიციებს ცხინვალის რეგიონში. რუსეთის სამხედრო ნაწილები უკვე 2008 წლის ზაფხულამდე მრავალრიცხოვანი წვრთნებით, გზების გაფართოებითა და სარკინიგზო ხაზების აღდგენით ამზადებდნენ ფონს მობილიზაციისთვის. ერთ-ერთი ასეთი იყო სამხედრო წვრთნები “Кавказ-2008”:

აგვისტოს ომამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩატარდა ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები, რომელშიც 8 000-ზე მეტი რუსი სამხედრო მონაწილეობდა. ეს წვრთნები სრულად ემთხვეოდა შემდგომ განხორციელებული ინტერვენციის სცენარს.

ცხინვალში მოქმედმა სეპარატისტებმა, რუსეთის უშუალო მხარდაჭერით, ივლისიდან გაამძაფრეს შეტევები ქართულ სოფლებზე, იწვევდნენ ქართულ მხარეს რეაგირებისთვის. პარალელურად, რუსული მედია ავრცელებდა ყალბ ცნობებს “ქართველი სამხედროების მხრიდან ოსთა გენოციდზე”.

 რა მოხდა აგვისტოს დღეებში?

  • 7 აგვისტო, 2008 წელი: საქართველოს ხელისუფლება დილიდან ცდილობდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას სეპარატისტებთან, მაგრამ საღამოს ისევ ინტენსიური სროლები განახლდა.
  • 8 აგვისტო — რუსეთის ღია ინტერვენცია: დილის 5 საათზე რუსეთის არმიამ როკის გვირაბიდან გადმოიარა და საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე შემოიჭრა. დღის განმავლობაში განახორციელეს მასიური საჰაერო დარტყმები საქართველოს სხვა ქალაქებზეც. მათ შორის იყო – გორი, სენაკი, ფოთი.
  • 10-12 აგვისტო — ქართველების ევაკუაცია და რუსეთის სამხედრო დომინაცია: ქართული სოფლები გადამწვარი და გაძარცვული აღმოჩნდა. მოსახლეობის მასობრივი გადაადგილება ხდებოდა. ისინი მტრის ტანკებს გაურბოდნენ და ფეხით ტოვებდნენ ტერიტორიას.
  • 12 აგვისტოცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება: საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის შუამავლობით მიღწეულ იქნა ე.წ. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. მიუხედავად ამისა, რუსული ჯარები დარჩნენ ქვეყნის შუაგულში კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში და დაარბიეს არაერთი ქართული სოფელი.

ომის დასრულების შემდეგ, არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ შეისწავლა ომის გამომწვევი მიზეზები და მხარეთა ქმედებები.

ევროკავშირის მხარდაჭერით მომზადებულ 1000-გვერდიან დასკვნაში (Heidi Tagliavini Report) წერია, რომ რუსეთის მოქმედებები იყო არაპროპორციული და წინასწარ დაგეგმილი. ასევე – რუსეთი არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს, განახორციელა შეიარაღებული ძალების გადმოყვანა და ეთნიკური წმენდის ნიშნებით მოქმედებდა ქართულ სოფლებში.

რუსეთმა გამოიყენა სამხედრო ძალა არა მხოლოდ “მშვიდობის დამყარების” მიზნით, არამედ შეიჭრა იმ ტერიტორიებზე, რომლებიც არ იყო კონფლიქტის ზონა — რაც უკვე ოკუპაციის ნიშნებია.

Amnesty-ის ანგარიში ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ომის შემდეგ რუსულმა და ოსურმა ძალებმა გაანადგურეს ეთნიკურად ქართული სოფლები.

HRW აცხადებს, რომ ოსურმა ფორმირებებმა, რუსეთის მეთვალყურეობის ქვეშ, დაწვეს ქართული სოფლები, აწამეს მშვიდობიანი მოქალაქეები, შედეგად კი არავინ დასჯილა.

საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია დღემდე გრძელდება. გარდა ამისა, ომის შედეგები მოიცავს 300-ზე მეტ დაღუპულს და ათასობით დევნილს, რომლებსაც მშობლიურ მიწა-წყალზე დაბრუნების უფლება წართმეული აქვთ. ოკუპაციის ხაზზე მუდმივად ხორციელდება გატაცებები, ეკლესიების აჭედვის და კულტურული მემკვიდრეობის განადგურების ფაქტები “ერთმორწმუნის” მიერ.

რუსეთმა განახორციელა არა მხოლოდ სამხედრო, არამედ ინფორმაციული ომიც. საქართველოში ომი 2008 წელს არ დაწყებულა და არ დასრულებულა. წლების განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებელი კურსის შეჩერების მცდელობით და იმპერიალისტური მენტალობით, რუსეთი მას დღემდე ავითარებს.

დღესაც, როცა სოფელ ერგნეთიდან რუსული საგუშაგო ჩანს, როცა ადამიანები ვერ მიდიან საკუთარი ნაკვეთის დასამუშავებლად და ახლობლების საფლავების მოსანახულებლად, ცხადია, ომი არ დასრულებულა. მითუმეტეს, რომ მავთულხლართებითა და ამკრძალავი აბრებით სისტემატურად გრძელდება ქართული მიწის ოკუპაცია.

ლეგო რობოტიკის საზაფხულო ბანაკი ბაკურიანში – სოფლად მცხოვრები მოზარდებისთვის

გაინტერესებს, როგორ მუშაობენ რობოტები? გიყვარს ტექნოლოგიები და ახალი აღმოჩენები? – მაშინ ეს ბანაკი შენთვისაა!

20-25 აგვისტოს, ბაკურიანში Lego Robotics საზაფხულო ბანაკი ტარდება, რომელიც მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს საკუთარი ხელით ააგონ და დააპროგრამონ ნამდვილი რობოტები, გამოიწვიონ საკუთარი თავი STEAM სამყაროში და შეეჯიბრონ თანატოლებს ტექნოლოგიურ სფეროში.

ბანაკი ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის REDI ფარგლებში, რომლის მიზანია სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდების ციფრული ჩართულობის გაძლიერება.

ბანაკში მონაწილეობისას მოსწავლეები:

  • ისწავლიან რობოტიკისა და ინჟინერიის საფუძვლებს სახალისო ფორმატით
  • ააწყობენ და გააცოცხლებენ საკუთარ რობოტებს
  • განივითარებენ გუნდურ და ტექნიკურ უნარებს
  • მონაწილეობას მიიღებენ საფინალო რობოტების შეჯიბრებაში, სადაც საკუთარ ნამუშევრებს წარადგენენ!

ბანაკი განკუთვნილია 14-17 წლის სკოლის მოსწავლეებისთვის კახეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, გურიისა და შიდა ქართლის რეგიონებიდან. უპირატესობა მიენიჭება Opennet-ის ოპტიკურ ქსელში ჩართული სოფლების მცხოვრებლებს.

რეგისტრაცია სრულდება 15 აგვისტოს, 12:00 საათზე.
შეტყობინება მეორე ეტაპის შესახებ გაიგზავნება იმავე დღის 22:00 საათზე ელექტრონული ფოსტით.

მნიშვნელოვანია:

  • სწორად მიუთითე ელ.ფოსტა
  • 15 აგვისტოს აუცილებლად შეამოწმე ელ. ფოსტა
  • მეორე ეტაპის მარტივი დავალება უნდა შესრულდეს 1 დღეში

თუ ხარ ცნობისმოყვარე, გიყვარს აღმოჩენები და მზად ხარ ინოვაციური თავგადასავლისთვის, მაშინ ეს შესაძლებლობა არ უნდა გამოგრჩეს! დარეგისტრირდი დღესვე და გადადგი პირველი ნაბიჯი მომავლის ტექნოლოგიებისკენ:

ლეგო რობოტიკის საზაფხულო ბანაკი ბაკურიანში / Lego Robotics Summer Camp in Bakuriani

ქარელის თვითმმართველობამ 5 ავტომანქანის საწვავისთვის 359 393 ლარი დახარჯა

ქარელის მუნიციპალიტეტმა 2022 წლიდან დღემდე ელექტრონული შესყიდვის წესით (აუქციონის გარეშე) 359 393 ლარის საწვავი შეიძინა. ამ პერიოდისთვის როგორც უწყებაში აცხადებენ, მერიის ბალანსზე 5 ავტომანქანა ირიცხება.

ამ მონაცემების გათვალისწინებით, საშუალოდ თითოეულ ავტომანქანაზე დახარჯული თანხა 71 878 ლარს შეადგენს. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს თანხა, განსაკუთრებით ადგილობრივი ბიუჯეტის პირობებში, საკმაოდ მაღალია და დეტალურ ანალიზს საჭიროებს

შედარებისთვის, თუ თითოეული ავტომანქანა ყოველდღიურად 20 ლიტრ საწვავს მოიხმარს და საწვავის საშუალო ფასი 3 ლარი იქნება, დღიური ხარჯი თითოეულ ავტომანქანაზე 60 ლარი იქნება. რაც წელიწადში (365 დღე) შეადგენს 21 900 ლარს. წლიური ხარჯი კი 109 500 ლარი იქნება. ეს ციფრი მნიშვნელოვნად განსხვავდება რეალურად დახარჯული 359 393 ლარისგან, რაც მიუთითებს ხარჯების არაეფექტურობაზე ან არასაკმარის კონტროლზე (მათ შორის, საწვავის მოხმარების მონიტორინგის არარსებობაზე).

მანქანების მიხედვით საწვავის ხარჯის პროპორციული მაჩვენებელი:

ავტომანქანასაწვავისთვის დახარჯული თანხა (ლარი)
მანქანა A90 000
მანქანა B80 000
მანქანა C70 000
მანქანა D60 000
მანქანა E59 000

მაღალი საწვავის მოხმარება შესაძლოა განპირობებული იყოს ავტომანქანების არასახარბიელო ტექნიკური მდგომარეობით ან არასაკმარისი ეფექტურობით.

მერიის ბალანსზე ირიცხება 5 ავტომანქანა, რაც, ერთი შეხედვით, არ არის მაღალი რაოდენობა. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ხარჯების მაღალი დონეს, შეიძლება ითქვას, რომ თითოეულ ავტომანქანაზე ხარჯები საკმაოდ მაღალია.

გარდა ამისა ქარელის მერიას საწვავი კონსოლიდირებული შესყიდვითაც აქვს შეძენილი და ჯამურად 108 288 ლარი აქვს დახარჯული.

მუნიციპალიტეტის მერიაში ავტომანქანები ძირითადად გამოიყენება შემდეგი მიზნებისთვის:

  • ადმინისტრაციული საქმიანობა: დოკუმენტების გადაცემა, შეხვედრებზე დასწრება.
  • ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი: სამუშაოების ადგილზე მონიტორინგი.
  • საზოგადოებრივი ღონისძიებები: მოსახლეობასთან შეხვედრები, ღონისძიებების ორგანიზება.

თუ ავტომანქანების გამოყენება არ არის ოპტიმიზირებული და ხშირად ხდება პირადი მიზნებისთვისაც გამოყენება, ეს ფაქტი უკვე სხვა გარემოებებზე მიუთითებს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ მუნიციპალიტეტის თითოეულ სოფელში მერის წარმომადგენლებზე გადაადგილებისა და სხვა საჭიროებებისთვის, ცალკე ანაზღაურება გაიცემა.

მაღალი ხარჯები საწვავში მიუთითებს ბიუჯეტის მართვის სისტემის გაუმჯობესების საჭიროებაზე. მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტმა განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

საწვავის მოხმარების მონიტორინგი: შეიქმნას სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საწვავის მოხმარების კონტროლს და ანგარიშგებას.

ავტომანქანების ტექნიკური შემოწმება: დაიგეგმოს რეგულარული ტექნიკური შემოწმებები, რათა შემცირდეს საწვავის მოხმარება.

ტრანსპორტის პოლიტიკის შემუშავება: გაანალიზდეს ავტომანქანების საჭიროება და საჭიროების შემთხვევაში, შემცირდეს მათი რაოდენობა.

ანალიტიკოსთა გუნდი, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტში საწვავის ხარჯებს სწავლობდა, რეკომენდაციებთან ერთად რესურსების არაეფექტურ გამოყენებაზე მიუთითებს.

“მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტმა განახორციელოს ზემოთ აღნიშნული ღონისძიებები, რათა უზრუნველყოს ბიუჯეტის ეფექტური მართვა და მოსახლეობის ინტერესების დაცვა. გარდა ამისა, აუცილებელია, რომ მუნიციპალიტეტმა გააძლიეროს ბიუჯეტის გამჭვირვალობა, რათა მოსახლეობამ ჰქონდეს სრული ინფორმაცია ბიუჯეტის ხარჯვის შესახებ. ეს ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ნდობის გაზრდას და ადმინისტრაციული პროცესების გამჭვირვალობას”, – განმარტავს ანალიტიკოსთა ჯგუფი.