მთავარი Blog გვერდი 4

5000 ლარი “არარსებული” Toyota Camry-ს ნაწილებისთვის – რა უჯდება ხაშურის მერიას ავტოპარკის შენახვა

2022–2025 წლებში ხაშურის მერიის მიერ ელექტრონული ტენდერით (აუქიონის გარეშე), ავტომობილების შენახვაში დაახლოებით 473 917 ლარია დახარჯული. ღია წყაროების მიხედვით, ერთი შეხედვით, ყველაზე ჩვეულებრივი და ყოველდღიური ხარჯი, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალებების შენახვაზეა გაწერილი – რეალურად შესაძლოა ყველაზე მკაფიოდ აჩვენებდეს, რამდენად გამჭვირვალე და გონივრულია მუნიციპალიტეტის ფინანსური პოლიტიკა.

საწვავის, ავტოშეკეთების, სათადარიგო ნაწილების, ასევე ავტორეცხის სერვისების ხარჯები წლების მიხედვით:

წელისაწვავი (ლარი)სერვისი/ნაწილები (ლარი)რეცხვის სერვისი (ლარი)ჯამი (ლარი)
202295,38232,6006,744134,726
202383,29212,9824,995101,269
2024~85,0005,0037,94497,947
2025~85,00045,9759,000139,975
ჯამი348,67496,56028,683473,917

ცხრილი ნათლად აჩვენებს, რომ ოთხ წელიწადში მხოლოდ საწვავში დაიხარჯა თითქმის 350 ათასი ლარი, სერვისსა და ნაწილებში – თითქმის 100 ათასი, ხოლო მანქანების რეცხვისთვის – 30 ათას ლარზე მეტი.

2022 წელს, როცა მერიის ავტოპარკის ხარჯების მონიტორინგი დავიწყეთ, სურათი შედარებით დაბალანსებულია: საწვავზე 95 ათასი ლარი, სერვისსა და ნაწილებში – 32 ათასზე მეტი, რეცხვისთვის კი დაახლოებით 7 ათასი. ამავე წელს ძირითადი სერვისის მიმწოდებელი იყო კომპანია „ავტო ფართს“, რომელსაც მერია დაუფარავდა სოლიდურ თანხას.

2023 წელს საწვავის ხარჯი მცირდება, თუმცა თითქმის იგივე მასშტაბში რჩება – 83 ათასი. სერვისში გადახდილი თანხა კი მკვეთრად ეცემა და მხოლოდ 13 ათას ლარს აღწევს. ერთი შეხედვით, თითქოს მანქანების მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა გარკვეული ეჭვებიც იკვეთება: თუ მანქანები იგივე მოცულობით მოძრაობენ (რაც საწვავის ხარჯებში ჩანს), რატომ არ სჭირდებათ სერვისი? (ან, შესაძლოა ამ სერვისის ხარჯები სხვა კატეგორიაში გადაიტანეს?)

2024 წელს საწვავის ხარჯი ისევ იგივეა – დაახლოებით 85 ათასი, მაგრამ სერვისი და ნაწილები მკვეთრად მცირდება და მხოლოდ 5 ათასი ლარია. ამავე დროს, რეცხვის სერვისი იზრდება და თითქმის 8 ათას ლარს აღწევს.

2025 წელს კი სურათი სრულად იცვლება. საწვავი ისევ იგივე მასშტაბშია, მაგრამ სერვისისა და ნაწილების ხარჯები ერთბაშად იზრდება – 46 ათას ლარამდე. განსაკუთრებით თვალშისაცემია KIA Sorento-ზე დახარჯული თანხა: მაისში 26,963 ლარი, ხოლო აგვისტოში კიდევ 5,805 ლარი. მხოლოდ ერთი მანქანა წელიწადში მერიის ნახევარი მოცულობის საწვავს უტოლდება.

მერიის მიერ დახარჯული თანხების ანალიზი კიდევ უფრო საინტერესო ხდება მაშინ, როდესაც აღმოჩნდა, რომ ხაშურის მერიამ ფული გადაიხადა იმ ავტომობილის სერვისში, რომელიც მის ბალანსზე არსებული მანქანების ოფიციალურ ჩამონათვალში საერთოდ არ ფიქსირდება. საუბარია Toyota Camry-ზე (სახელმწიფო ნომერი LP 919 PP, VIN: JTNBF4FK503022352), რომელიც ღია წყაროებით ხელმისაწვდომ დოკუმენტებში თითქოსდა არ არსებობს, მაგრამ სხვადასხვა სერვისულ ხელშეკრულებებში მისი VIN კოდი და სახელი ხშირად ჩნდება.

ამ ავტომობილის ისტორია ყველაზე თვალსაჩინოდ აჩენს მერიის გამჭვირვალობის პრობლემას. 2024 წლის ივლისში Camry-ს სერვისსა და სათადარიგო ნაწილებში მერიამ 3 183 ლარი გადაიხადა, ხოლო 2025 წლის მარტში – ორ სხვადასხვა შესყიდვაში ჯამში თითქმის 3 600 ლარი. ეს იმას ნიშნავს, რომ ორი წლის განმავლობაში, მინიმუმ, 6 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა მანქანაზე, რომელიც ოფიციალურ ბალანსში არ ჩანს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთი მანქანის რეგულარული მომსახურება ხაშურში მთლიანი ავტოპარკის საშუალო საწვავის წლიურ ხარჯთან ახლოსაა, ჩნდება კითხვა – ვისი სარგებლობისთვის იხარჯება ეს თანხა?

Camry-ს მონაცემები საერთოდ არ ფიქსირდება სამრეცხაოს სერვისის სიებში. ანუ, მანქანა არ ირეცხება, თითქოს არ არსებობს, მაგრამ მუდმივად საჭიროებს სერვისსა და ნაწილებს. ამგვარი წინააღმდეგობა შეიძლება მიუთითებდეს ორ გარემოებაზე: ან მერიის მანქანების ოფიციალური სია არასრულია და მოქალაქეებს სრული სურათი არ მიეწოდებათ, ან Camry უკვე ჩამოწერილი/გაყიდულია და მიუხედავად ამისა, მასზე ბიუჯეტის თანხები მაინც იხარჯება. ორივე ვარიანტი პრობლემურია, რადგან ეს ნიშნავს, რომ ხარჯვა ან არაზუსტად აღირიცხება, ან საერთოდ არამიზნობრივად ხორციელდება.

კიდევ ერთი საინტერესო დეტლი – სერვისისა და სათადარიგო ნაწილების თითქმის ყველა დიდი ტენდერი მოგებული აქვს ინდ. მეწარმე თეიმურაზ ლომუაშვილს, რომელიც ხშირ შემთხვევაში, ელექტრონულ ტენდერებში ხაშურის მერიის “უკონკურენტო” მიმწოდებელია. ის 2021 წელსაა რეგისტრირებული, თუმცა აღნიშნულ პროცესში 2023 წლიდან ჩნდება.

როდესაც ერთიდაიგივე მომწოდებელი წლების განმავლობაში იგებს მერიის თითქმის ყველა ხელშეკრულებას შესყიდვის ერთიდაიმავე კატეგორიაში, ეს ნიშნავს, რომ ან მერია სპეციალურად არ ქმნის კონკურენტულ გარემოს, ან მიმწოდებელს აქვს განსაკუთრებული მჭიდრო კავშირი მერიასთან. ორივე შემთხვევა პრობლემაზე მიუთითებს, რადგან კონკურენციის გარეშე ფასები ბუნებრივზე მაღალია.

თუ ავტონაწილების სერვისზე დახარჯულ თანხებს შევადარებთ საწვავის წლიურ ხარჯთან, ვნახავთ, რომ 2025 წელს მხოლოდ KIA Sorento-ს სერვისში დახარჯეს 27 ათასი ლარი. ეს თანხა თითქმის უტოლდება მთელი ავტოპარკის წლიური საწვავის ხარჯს. მათ შორის Camry, რომელიც თითქოს არსად ჩნდება, მაგრამ მისთვის მაინც იხარჯება რამდენიმე ათასი ლარი წელიწადში.

რაც შეეხება რეცხვის სერვისს, მისი ხარჯები ოთხ წელიწადში ჯამში 30 ათას ლარს აღემატება. პარალელები, რომ გავავლოთ გასათვალისწინებელია, რომ ხაშურში საშუალო ოჯახი წლიურად კომუნალურ გადასახადებში ბევრად ნაკლებს იხდის. მერიის მანქანების რეცხვა კი ხაშურელებს საკუთარ გადასახადებზე ბევრად ძვირი უჯდებათ.

ღია წყაროებით მოპოვებული მონაცემების დამუსავების შედეგად სამი მთავარი კითხვა იკვეთება:

  1. რატომ არ ფიგურირებს Toyota Camry ავტომანქანების რეცხვის სერვისის სიაში, მაგრამ მაინც რეგულარულად იღებს სხვა ავტოსერვისს?
  2. როგორ ხარჯავს მერია ერთ მანქანაზე ათასობით ლარს სერვისში, მაშინ როცა იგივე ოდენობის ფული მთელი ავტოპარკის საწვავს ჰყოფნის?
  3. რატომ არის თითქმის ყველა ხელშეკრულება ერთი და იმავე პირის სახელზე და რატომ არ ტარდება ელექტრონული ტენრეი კონკურენტულ გარემოში?

სპეციალისტების შეფასებით, 2022–2025 წლებში ხაშურის მერიის მიერ ავტომანქანების შენახვაზე დახარჯული თითქმის ნახევარ მლნ-მდე ლარის ხარჯვა წარმოადგენს სოლიდურ თანხას ისეთი პატარა მუნიციპალიტეტისთვის, როგორიც ხაშურია და სადაც უამრავი სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემა არსებობს. როცა ცალკეულ მანქანებზე სერვისის ხარჯები აჭარბებს საწვავის წლიურ დანახარჯს, ასევე Toyota Camry – ის შემთხვევაში თანხები იხარჯება მანქანაზე, რომელიც წლების განმავლობში “არ ირეცხება” – სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს.

რაც შეეხება, კონსოლიდირებულ ტენდერებს, ანალოგიურ მომსახურებებში (ავტო ნაწილები, შეკეთება და ა.შ) ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან ჯამში, 1 მლნ 33 ათას 365 ლარია დახარჯული.

აღნიშნულ გარემოებებზე ხაშურის მერიას საჯარო ინფორმაციის გაცემაც არ სურს, ანალიტიკოსების მიერ მოთხოვნილი პასუხები კონკრეტულ კითხვებზე ხაშურის მერიამ უპასუხოდ დატოვა და დაარღვია “საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 37-ე მუხლით განსაზღვრული დათქმა და ამავე კოდექსის მე- 40 მუხლით დადგენილი ვადები.

შესაბამისად, პასუხგაუცემელი რჩება კითხვა – ნამდვილად ასე ძვირი ჯდება ხაშურის მერიის ავტოპარკის შენახვა, თუ ეს ფული ზედმეტად იხარჯება და კონკრეტული პირები, პირადი ინტერესებისთვის სარგებლობენ ბიუჯეტით?

აღნიშნული გარემოებები ცხადყოფს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებში ფინანსური მონიტორინგი და საჯარო კონტროლი არა მხოლოდ აუცილებელია, არამედ მოქალაქის პირდაპირი ვალდებულება უნდა გახდეს. რადგან საბოლოოდ, ეს ხარჯები სწორედ ადგილობრივების ჯიბიდან მოდის.

ხაშურის მერიის “რჩეული მიმწოდებლები”, რომლებმაც ბიუჯეტიდან 37 მლნ მიიღეს

022–2025 წლებში ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებში (აუქციონის გარეშე) რამდენიმე კომპანია და ინდივიდუალური მეწარმე გამოირჩევა. ისინი ხშირად უკონკურენტო პრეტენდენტები არიან. ხშირ შემთხვევაში სისტემატურად იგებენ ტენდერებს და მილიონობით ლარის ღირებულების კონტრაქტებს ითვისებენ.

2022-2025 წლებში 5 რჩეულ მიმწოდებელს ხაშურის ბიუჯეტიდან 37 მლნ ლარი აქვთ მიღებული.

ღია წყაროებით მოძიებული მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ მიუხედავად ტენდერების ფორმალური მრავალფეროვნებისა, მერიის მხრიდან აშკარად იკვეთება ლიდერი მიმწოდებლები, რომელთა შორის დომინანტი კომპანია შპს ჰედეფ ჯორჯიაა.

ჰედეფ ჯორჯია — ინფრასტრუქტურის უპირობო ლიდერი

2022–2025 წლებში „ჰედეფ ჯორჯიამ” ხაშურის მერიის 66 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, აქედან 41 გამარჯვება მოიპოვა. კომპანიის მთავარი პროფილი საგზაო ინფრასტრუქტურაა. სწორედ ამ მიმართულებით იღებს ის ყველაზე მსხვილ კონტრაქტებს.

თანხობრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ კომპანიამ მხოლოდ 2022 წელს რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების გზის სარეაბილიტაციო პროექტები მოიგო:

  • მარტსა და აპრილში 1.7 მლნ, 1.39 მლნ და 943 ათას ლარიანი ხელშეკრულებები;
  • სექტემბერში, კიდევ ორი მსხვილი კონტრაქტი – 1.15 მლნ და 1.86 მლნ ლარის.

2023–2025 წლებში მსგავსი ტენდენცია გრძელდება: პრაქტიკულად ყოველ წელს „ჰედეფი“ იღებს მრავალმილიონიან პროექტებს. მაგალითად, მხოლოდ 2024 წლის ივლისში კომპანიამ ორი ხელშეკრულება მოიპოვა საერთო ჯამში 3.45 მლნ ლარზე. უფრო კონკრეტულად,

  • 2022 წელს თითქმის ყოველ თვეში აქვს გამარჯვება;
  • 2023 წელს საშუალოდ 1/2 თვეში ერთხელ;
  • 2024 წელს კი განსაკუთრებით აქტიურია, მხოლოდ თებერვალში 4 გამარჯვება (ერთ თვეში);
  • 2025 წელსაც, ამ დროის მონაცემებით, თვეში ერთხელ ან ორჯერ იმარჯვებს.

საერთო ჯამში „ჰედეფ ჯორჯიამ” 2022–2025 წლებში დაახლოებით 30,7 მილიონი ლარი მიიღო, რაც მას აბსოლუტურ ლიდერად აქცევს.

საეჭვო გარემოება ის არის, რომ ტენდერების დიდი ნაწილი უკონკურენტო იყო – ანუ კომპანიას პირდაპირ არ ჰყავდა რეალური მეტოქე. ამას ემატება ისიც, რომ ყველა მსხვილი საგზაო პროექტი სწორედ ერთ კომპანიას ეძლევა, რაც უკვე ადგილობრივი ბაზრის მონოპოლიზაციის ნიშნებს ატარებს.

ნიუ სითი — „ჰედეფის“ პარალელური პარტნიორი

თუ გზების მიმართულებით „ჰედეფი” ლიდერობს, შენობების სარემონტო–სამშენებლო სამუშაოების სეგმენტში შპს ნიუ სითის დომინანტობა იკვეთება.

2022–2025 წლებში კომპანიამ 15 ტენდერში მიიღო მონაწილეობა და 13 გამარჯვება მოიპოვა. თანხობრივი მოცულობა „ჰედეფთან” შედარებით ნაკლებია, თუმცა მაინც მნიშვნელოვან თანხებზეა საუბარი – საშუალო კონტრაქტები 60–240 ათას ლარს შორის მერყეობს:

  • 2023 წელს მხოლოდ ერთი მცირე კონტრაქტი ჰქონდა;
  • 2024 წელს უკვე თებერვლიდან მაისამდე თითქმის ყოველთვიურად იმარჯვებს;
  • 2025 წელს კი განსაკუთრებით აქტიურია. აპრილიდან აგვისტოს ჩათვლით თითქმის ყველა თვეში მოიგო ტენდერი.

საერთო ჯამში „ნიუ სითიმ” 2022–2025 წლებში დაახლოებით 1,6 მილიონი ლარი მიიღო ხაშურის ბიუჯეტიდან.

საეჭვო გარემოება აქაც თვალშისაცემია: მიუხედავად სამშენებლო კომპანიების სიმრავლისა, ხაშურში მერია სისტემატურად ირჩევს ერთსა და იმავე კონტრაქტორს.

შპს გურო და ინდ.მეწარმე შორენა თაბაგარი – სკვერებისა და მოედნების „გაყოფილი სფერო“

სკვერებისა და სპორტული მოედნების მოწყობის მიმართულებით ორი მოთამაშე დომინირებს: შპს გურო და ინდ. მეწარმე შორენა თაბაგარი.

  • გურო: 38 ტენდერიდან 21 მოგებული, ჯამურად ≈ 2,3 მლნ ლარი.
  • თაბაგარი: 18 ტენდერიდან 12 მოგებული, ჯამურად ≈ 2,3 მლნ ლარი.

„გურო“ განსაკუთრებით 2022 წელს აქტიურობს, ის თითქმის ყოველ თვე იღებს კონტრაქტს. შემდგომ წლებში მისი გამარჯვებები უფრო რეგულარულია. საშუალოდ, ყოველ კვარტალში ერთხელ.

ი.მ შორენა თაბაგარი განსაკუთრებით 2023 წელს აქტიურობს, ის მაისიდან დეკემბრამდე თითქმის ყოველთვიურად იღებს ხელშეკრულებას, მაშინ როცა სხვა წლებში შედარებით ნაკლები აქვს მიღებული.

ამგვარად, ჩანს, რომ სკვერებისა და მოედნების პროექტები პრაქტიკულად ამ ორ კონტრაქტორს შორის იყოფა, კონკურენციის გარეშე.

თეიმურაზ ლომუაშვილი – “მცირე, მაგრამ მუდმივი” მომწოდებელი

განსხვავებული შემთხვევაა ინდ. მეწარმე თეიმურაზ ლომუაშვილი, რომელიც ხაშურის მერიას ავტოსერვისის მიმართულებით აწვდის სათადარიგო ნაწილებს.

  • 2023 წელს საშუალოდ ყოველ ორ თვეში იღებს მცირე კონტრაქტს;
  • 2024 წელს ერთხელ ჩანს;
  • 2025 წელს კი მარტიდან ივლისამდე პრაქტიკულად – ყოველთვიურად.

საერთო თანხა 2022–2025 წლებში მხოლოდ ≈ 57 ათას ლარს შეადგენს, თუმცა ტენდერებში მისი სისტემატური გამოჩენა აჩვენებს, რომ მერიისთვის „სტრატეგიულ პატარა მომწოდებლად” ითვლება.

საერთო ჯამში თუ დავაკვირებით გამოდის, რომ აღნიშნული რჩეული მიმწოდებლებისთვის ხაშურის საბიუჯეტო თანხები შემდეგნაირადაა გადანაწილებული:

  • ჰედეფ ჯორჯია – ≈ 30,7 მლნ ლარი
  • ნიუ სითი – ≈ 1,6 მლნ ლარი
  • გურო – ≈ 2,3 მლნ ლარი
  • შორენა თაბაგარი – ≈ 2,3 მლნ ლარი
  • თეიმურაზ ლომუაშვილი – ≈ 57 ათასი ლარი

ანალიზი აჩვენებს, რომ ხაშურის მერიის ტენდერები მკაფიოდ კონცენტრირებულია რამდენიმე კომპანიაზე, ხოლო კონკურენციის ხარისხი უმეტეს შემთხვევაში დაბალია.

მთავარი საეჭვო გარემოებები:

  1. ერთსა და იმავე სფეროში სისტემატურად იმარჯვებს ერთი და იგივე კონტრაქტორი.
  2. მრავალი ტენდერი უკონკურენტო იყო.
  3. მასშტაბური პროექტები მხოლოდ ერთი კომპანიის ხელშია.
  4. ტენდერების თემატიკა თითქოს გაყოფილია გზები – “ჰედეფს”, სკვერები „გუროს” და თაბაგარს, შენობები „ნიუ სითის”.

ეს ქმნის მონოპოლიზაციისა და წინასწარი შეთანხმების შთაბეჭდილებას, რაც უკვე ანტიკონკურენტული გარემოს ნიშნებია.

თითოეული “შერჩეული” კომპანია, როგორც წესი, სპეციალიზდება კონკრეტულ სფეროებში, რაც მათ რეგულარულ გამარჯვებებს შესაძლოა “ლოგიკურს” ხდის, მაგრამ მონაცემების მთლიან კონტექსტში მაინც საეჭვოდ გამოიყურება.

კონკურენციის არარსებობა, ან მისი ფორმალური ხასიათი, შეიძლება მიუთითებდეს სატენდერო პროცესის მანიპულირებაზე, ან იმაზე, რომ ბაზრის სხვა მონაწილეებს არ აქვთ რეალური შანსი მოიგონ ტენდერები ხაშურის მუნიციპალიტეტში. ეს ხელს უშლის საუკეთესო ფასისა და ხარისხის მიღწევას საჯარო შესყიდვებში.

თითოეული კომპანიის ტენდერების სია მოიცავს თითქმის ყველა წელს მოცემულ პერიოდში (2022, 2023, 2024, 2025), რაც აჩვენებს მათი გამარჯვებების უწყვეტ ხასიათს.

ხაშურის მუნიციპალიტეტის ტენდერების ანალიზი აჩვენებს, რომ 2022–2025 წლებში რამდენიმე კომპანია პრაქტიკულად “ფიქსირებულ გამარჯვებულად” იქცა. მილიონობით ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული და სამშენებლო პროექტები წლების განმავლობაში სწორედ მათ შორის ნაწილდება.

თუ ადგილობრივი თვითმმართველობის მიზანი ნამდვილად კონკურენტული გარემოს შექმნაა, მაშინ ასეთი სურათი საპირისპიროს მიუთითებს – კონკურენციის ფაქტობრივი არარსებობა და „რჩეული კომპანიები”, რომელთაც მერია კვლავ და კვლავ ანდობს მილიონიან ბიუჯეტებს.

გრძელვადიანი და სტაბილური ურთიერთობა შეიძლება იყოს ეფექტური, მაგრამ ის ასევე ზრდის კორუფციის რისკებს, თუ არ არსებობს ადეკვატური გამჭვირვალობა და კონტროლის მექანიზმები. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ტენდერები უკვე მოგებულია 2025 წლის ჩათვლით, რაც გრძელვადიან დაგეგმვაზე მიუთითებს, თუმცა ამგვარი დაგეგმვის პროცესი და გამჭვირვალობა საჭიროებს დამატებით შესწავლას.

ეს ყველაფერი კი ლოგიკურ კითხვას აჩენს: საქმე გვაქვს ბუნებრივად “ძლიერ” კომპანიებთან, თუ უკვე ჩამოყალიბებულ სისტემასთან, სადაც კონკრეტულ კომპანიებს მუნიციპალიტეტის ხელშეკრულებები გარანტირებულად რჩებათ?

კასპის მერიას გართობა 188 222 ლარი დაუჯდა

კასპობა 2025″ – სთვის 42 146 ლარი დაიხარჯება. თანხა მერიამ ელექტრონული ტენდერის გზით შერჩეულ შპს “სპორტ აქტივისთვის” გამოყო, რომელიც წელს ღონისძიების მოწყობას უზრუნველყოფს. ერთი შეხედვით, მუნიციპალიტეტი საკუთარ დღესასწაულს გეგმავს და მომსახურების მიმწოდებელ კომპანიას ირჩევს, თუმცა, როგორც ცნობილი ხდება “კასპობა” და მსგავსი გასართობი ღონისძიებები წლების განმავლობაში კასპის ბიუჯეტს საკმაოდ სოლიდური თანხები უჯდება, მაშინ როცა ქალაქსა თუ სოფლებში წლიდან წლამდე არაერთი პრობლემა მოუგვარებელი რჩება.

2021 წელს არჩეულმა თვითმმართველობამ გასართობი ღონისძიებების დაფინანსებისთვის თანხები პირველივე წლებში უხვად გასცა და უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე იგივე ტენდენცია შეინარჩუნა. მაგალითად, 2022 წელს “კასპობისთვის” „ღამის რაინდების” მომსახურება 44 210 ლარი დაუჯდათ, “ღამის შოუს ბენდში” კი დამატებით 12 000 ლარი გადაიხადეს. ანუ, ერთი დღის გართობაზე საერთო ჯამში ბიუჯეტიდან, 56 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. მაშინ როდესაც იმავე წელს, იგივე ბიუჯეტიდან შეიძლებოდა რამდენიმე სოფლის გზის ან წყლის მილების შეკეთება, რაც ათასობით მოქალაქეს მნიშვნელოვანი პრობლემები მოუგვარდებოდა, მაგრამ მათი ინტერესების უგულებელყოფით, პრიორიტეტად მაინც კონცერტი ჩაითვალა.

2023 წელსაც იგივე ტენდენცია გაგრძელდა: სახალხო დღესასწაულის გამართვა ინდ. მეწარმე ტარიელ არჩვაძეს დაევალა, მერიას კი ეს “სიამოვნება” 34 216 ლარი დაუჯდა. გარდა ამისა, საახალწლო ღონისძიებებისთვის ჯგუფ “მიქსტურამ” კასპის ბიუჯეტიდან 15 150 ლარი მიიღო. ანუ ერთ წელიწადში თითქმის 50 ათასი ლარი კვლავ გართობისთვის გაიცა.

2024 წელს მერიამ უკვე გამარტივებულ შესყიდვებს მიმართა – ელექტრონული ტენდერის/აუქციონის გარეშე. ამ გზით კასპის მერიამ „ქართული ხმებისთვის“ 12 500 ლარი დახარჯა, ლაშა ნოზაძის ჯგუფ „რეგიონს” კი 20 000 ლარი გადაუხადა. დამოუკიდებლობის დღისთვის მოწვეულ ზუკა ხუციშვილს კი კასპელების ფულიდან 8 000 ლარი ერგო. საბოლოოდ, 2024 წელს 40 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა მხოლოდ იმაზე, რომ მერიას სცენა და კონცერტები მოეწყო.

თუ მთლიანობაში შევაჯამებთ, ელექტრონული ტენდერით და პირდაპირი გამარტივებული შესყიდვით, (შესყიდვის კატეგორია – “გასართობი მომსახურებები” ) 2022–2025 წლებში კასპის მერიამ ბიუჯეტიდან, მხოლოდ გასართობ ღონისძიებებზე 188 000 ლარზე მეტი დახარჯა.

წელიჯამი (ლარი)
202256 210
202349 366
202440 500
202542 146
სულ188 222

ეს თანხები, რომლებიც მოსახლეობის გადასახადებიდან იხარჯება, მკვეთრ კონტრასტშია მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ რეალობასთან. ახალგაზრდებს ელემენტარული სპორტული მოედნები არ აქვთ, სოფლებში გზები მიუვალია, ტრანსპორტის საკიტხი – მოუგვარებელი, მაგრამ მერიისთვის მთავარი მაინც გართობა და კონცერტებია.

ამ ფონზე განსაკუთრებით ცინიკურად გამოიყურება გასული წლის მთავარი წინასაარჩევნო დაპირება კასპელებისთვის – ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვა. თითქოს ეს იყო კასპის ყველაზე დიდი პრობლემა, მაშინ როცა რეალური პრობლემები, როგოებიცაა წყლის, გზების და ტრანსპორტის თემა — დღის წესრიგშიც კი არ დგას. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ხალხი “ტრადიციული ოჯახის” დაცვის სიმბოლოთი მოატყუეს, ხოლო პარალელურად ბიუჯეტის ასიათასობით ლარი ისევ შოუებსა და სცენებს ხმარდებოდა.

ეს ყველაფერი ნათლად აჩვენებს, რომ კასპში პრიორიტეტები არა მოსახლეობის საჭიროებებზე, არამედ პოლიტიკური და პირადი პიარის ინტერესებზეა მორგებული. “კასპობაც” იქცა არა საზოგადოების დღესასწაულად, არამედ ხელისუფლებისთვის — საკუთარი ძალაუფლების დემონსტრაციის სცენად.

ამ ფონზე მთავარი კითხვა ისევ პასუხგაუცემელი რჩება მერიის მხრიდან: რეალურად ვის სჭირდება ეს გართობა – კასპელებს, რომლებსაც ყოველდღიური საჭიროებების ძიებაში უწევთ ცხოვრება, თუ პოლიტიკოსებს, რომლებიც ბიუჯეტის ფულით მორიგ “საარჩევნო ფეიერვერკს” ამზადებენ?

გორის მერია დასავლური გრანტების გარეშე – ვინ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში მსხვილი პროექტების დაფინანსებას?

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და შემზღუდავი კანონები მუნიციპალიტეტების საქმიანობის ეფექტურობაზეც აისახება. თუ აქამდე მოსახლეობაში თავს იწონებდნენ ევროკავშირის მხარდაჭერით გაკეთებული საქმეებით, ახლა დამოუკიდებლად მათი მუშაობის შედეგები ნაკლბად თვალსაჩინოა. შემზღუდავი კანონების ფონზე დღის წესრიგი შეიცვალა გორის მერიაშიც. თვითმმართველობას ახლა დამატებითი სახსრების გამონახვა უწევს იმ პრობლემების მოგვარებისთვის, რომლებიც ადგილობრივებს, განსაკუთრებით სოფლად აწუხებთ.

მუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო მხარდაჭერით დაფინანსებული პროექტების ხარჯის ჩანართები ბიუჯეტში არ ჩანს, ტექნიკურმა დოკუმენტებმა („2022–2025 წლების პრიორიტეტები“) დაადასტურა, რომ ბიუჯეტის შემოსულობებში სწორედ საერთაშორისო მხარდაჭერით მიღებული სარგებელია ასახული.
  • 2022 წელს ბიუჯეტში “საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტები” ჩანდა მხოლოდ 236.6 ათასი ლარის ოდენობით, მაშინ როცა გრანტების საერთო ხაზი — 12 026.9 ათასი ლარით იყო წარმოდგენილი.
  • 2023, 2024 და 2025 წლებში კი ეს მაჩვენებელი მცირდება და 0 ლარი ხდება.

თუ გადავხედავთ მთელ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის “გრანტების” სტრუქტურას, ასეთ მონაცემებს ვნახავთ:

  • 2023 წელს — 180 361.8 ათასი ლარი — საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტი;
  • 2024 წლის გეგმა — 129 800.0 ათასი ლარი;
  • 2025 წლის გეგმა — 37 484.0 ათასი ლარი, მათ შორის “მიმდინარე დანიშნულების გრანტები” მხოლოდ 18 084.0 ათასი ლარი (EU-დან გრანტი კი მხოლოდ 2 534.0 ათასი ლარი)

ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკა, რომ ევროკავშირის გრანტებს იღებენ და ამით თითქოს “უცხოეთის აგენტები” არიან, მათი დამოკიდებულება საერთაშორისო დონორებზე უფრო გამყარებულად და მეტი სიმკვეთრით იყო წლების განმავლობასი წარმოდგენილი.

მაგალითად, გორის მერის მიერ მიღებული ევროკავშირის გრანტები “მერები ეკონომიკური ზრდისთვის” (Mayors for Economic Growth, M4EG): გორის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთ პირველ ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის იყო საქართველოში, რომელმაც M4EG-ის პროგრამის ფარგლებში მიიღო ევროკავშირის გრანტი. გრანტის ჯამური ღირებულება – 600 000 ევრო, პროექტის სრული ბიუჯეტი – 958 836,30 ევრო, ხოლო მუნიციპალიტეტის თანადაფინანსების წილი – 358 836,36 ევრო იყო.

აღნიშნული თანხით განხორციელდა ტურისტული ინფრასტრუქტურის აღდგენა. გარდა სხვა აქტივობებისა, აშენდა საინფორმაციო ცენტრი, საგამოფენო სივრცეები, პარკინგები, ველო-ბილიკები, მოწესრიგა ინფრასტრუქტურა და სახელოსნოები ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

ევროკომისიამ საქართველოში რამდენიმე მუნიციპალიტეტისთვის, მათ შორის გორისთვის, გამოიყენა M4EG-ის პროექტი და გამოყო €1,4 მილიონი გრანტის სახით (მონაწილე მუნიციპალიტეტები: ბოლნისი, გორი და თბილისი).

მოძიებული ინფორმაციით დასტურდება, რომ საერთაშორისო მხარდაჭერაზე თავად ადგილობრივი თვითმმართველობაც მჭიდროდ იყო დაკავშირებული და მსხვილ პროექტებს მუნიციპალიტეტში სწორედ უცხო ქვეყნების დაფინანსებით ახორციელებდნენ. შესაბამისად, ამ დროისთვის პროგნოზი რთულია, თუ როგორ გააგრძელებს ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი საჭიროებების დაკმაყოფილებას მხოლოდ საკუთარი და ცენტრალური მთავრობის სახსრებით, თუმცა აშკარაა, რომ დაუსრულებელი პროექტებით, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებით და ბიუჯეტში აუთვისებელი ნაშთებით ყოველდღიურად უფრო მეტი კითხვა ჩნდება, თანაც ისე რომ მთელ რიგ დარღვევებზე, რასაც თავად სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც ხაზგასმით წერს, ამ დრომდე არავინ დასჯილა.

პლატფორმებით, რომლისთვისაც გორის მერია მილიონ ლარს ხარჯავს, მოქალაქეები ვერ სარგებლობენ

პლატფორმებზე, რომლისთვისაც გორის მერია მილიონ ლარს ხარჯავს, მოქალაქეების ნაწილს წვდომა არ აქვს. აღნიშნულ საკითხზე დღეს კვლევის შედეგები NEO TV – ს ანალიტიკოსებმა წარმოადგინეს და ადგილობრივ მედიას მიაწოდეს ინფორმაცია, თუ რა თანხებია გაწერილი მერიის პიარისთვვის 2022-2025 წლებში.

მოქალაქეთა როლი დემოკრატიის მშენებლობაში – დისკუსია მედიაცენტრში

NEO TV – ს მიერ დაფუძნებულ მედიაცენტრში დისკუსია მოეწყო, რომელიც მიმდინარე პროცესების და მოქალაქეთა წინაშე არსებული გამოწვევების განხილვას დაეთმო. შეხვედრის ორგანიზატორთა თქმით, მედიასა და საზოგადოებას შორის ნდობის დონე კლებულობს, კომუნიკაციის საშუალებები ქრება და მოქალაქეები ხშირად თავს იკავებენ საჯარო დისკუსიებში მონაწილეობისგან. სწორედ ამიტომ, NEO TV პარტნიორ ორგანიზაციებტან ერთად, გორში, მედიაცენტრი მსგავსი ფორმატის დიალოგების ორგანიზებას მომავალშიც გააგრძელებს, იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ღია საუბარს, კრიტიკული აზრის გავრცელებას და საზოგადოებასა და მედიას შორის ჩატეხილი ხიდების აღდგენას.

დემოკრატიის უკუსვლა – ყველა საერთაშორისო კვლევით, საქართველოში ვითარება უარესდება

დემოკრატია, როგორც სახალხო სუვერენიტეტის პრინციპი – მოქალაქეთა მონაწილეობისა და შეთანხმებულობის საფუძველია. თანამედროვე დემოკრატიები ადრეული ინგლისისა და საფრანგეთის რევოლუციების შედეგად განვითარდა და საერთაშორისო დონეზე კონსტიტუციური მმართველობის, ადამიანის უფლებათა დაცვას ემყარება.

საქართველოც, საბჭოთა წარსულისგან გათავისუფლების შემდეგ, 1991 წელს დამოუკიდებლობასთან ერთად დემოკრატიულ ტრანსფორმაციას შეუდგა. 2003 წლის ვარდების რევოლუცია გახდა ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ეტაპი, რის შემდეგაც კორუფციასთან ბრძოლა მთავარი მიზანი იყო და ახალი პოლიტიკა მოქალაქის ინტერესებს ემსახურებოდა. მართლაც, 2000-იანი წლებისთვის საქართველო საერთაშორისოდ აღიარებულ იქნა, როგორც კორუფციასთან წარმატებით გამკლავებული ქვეყანა, იურიდიულ რეფორმებზე, საჯარო სერვისების გამჭვირვალობასა და სამოქალაქო ზედამხედველობაზე ორიენტირებული.

მიუხედავად რთული ისტორიისა, საქართველოს დემოკრატიის ნაწილი მოიცავს არსებითს:

საქართველოს მოქალაქის უფლებაა: არჩევნებში მონაწილეობა, სიტყვისა და შეკრების თავისუფლება, პარტიული პლურალიზმი და სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებლობა.

არჩევნები ტარდება, თუმცა იჩენს პრობლემურ ტენდენციებს, მათ შორის ოლიგარქიულ გავლენას და სახელმწიფო კონტროლისა და მედიის თავისუფლების შენელებას.

კიდევ უფრო რთული ვითარებაა სოფლად. ხშირად თავიანთი გადაწყვეტილებებით ნაკლებად სარგებლობენ პოლიტიკურ დისკუსიებში მონაწილეობით.

ადგილობრივ დონეზე თვითმმართველობა შეზღუდულია. ძალაუფლების ბოროტად გამოყენების რისკი და მმართველი პარტიის დომინანტული პოზიცია საკრებულოებში აშკარაა, რაც არაერთი კვლევით დადასტურდა.

რა არის რეალური დემოკრატია?

რეალური დემოკრატია არ გულისხმობს მხოლოდ ფორმალურ არჩევნებს, არამედ: ხალხის ნებით ფულის და საჯარო რესურსების გამჭვირვალე, ანგარიშვალდებულ გამოყენებას; სასამართლოს, მედიის, სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებლობას; აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლს; მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში – არა მხოლოდ არჩევნებზე, არამედ პოლიტიკის ფორმირებაში.

როცა ხალხი ფიქრობს, რომ “ვიღაც სიკეთეს აკეთებს” და არ იცის, რომ რეალურად ეს არის მისი ფული — არ ესმის, რომ ხელისუფლებამ მოქალაქის ნებართვით უნდა მართოს ეს თანხები – ეს დისფუნქციური დემოკრატიის მაჩვენებელია.

2024 წლის ანგარიში აჩვენებს, რომ საქართველო შედის “ჰიბრიდული რეჟიმის” ჯგუფში. ქვეყანაში რეიტინგი 4.70, (10 წარმოადგენს სრულ დემოკრატიას.

ეს არის რეკორდული ვარდნა წინა წლებთან შედარებით: 2023 წელი — 5.20 პუნქტი; მკვეთრი წლების ვარდნა არის მხოლოდ 2018-ში.

2024 წელს, კვლევა აჩვენებს 5 საფეხურიან დაქვეითებას რეიტინგში (89-დან 94-მდე)

საქართველო კლასიფიცირდა, როგორც “არჩევნული ავტორატორია” (electoral autocracy), რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა არის დემოკრატიის ნიმუშიდან განსხვავებული და რეიტინგმა მკვეთრად დაიკლო.

2024 წელი დაფიქსირდა, როგორც ყველაზე ძლიერი დემოკრატიული უკუსვლის პერიოდად ქვეყნის დამოუკიდებლობის 1991 წლის შემდეგ.

2018–2023 წლებში დაიწყო ავტორიტარული ტენდენციების ზრდა; 2024 წელს კი კატასტროფული გაუარესება მოხდა.

Freedom House-ის Freedom in the World 2025 ანგარიშში საქართველო კვლავ “Partly Free” სტატუსით არის აღწერილი. საერთო ქულა: 55/100 (პოლიტიკური უფლებები 21/40; სამოქალაქო თავისუფლება 34/60) — დაზუსტებულია, რომ მდგომარეობა უარესდება.

სამოქალაქო საზოგადოების სიძლიერე შემცირებულია, რასაც უარყოფითი გავლენა ექნება მომავალშიც.

“რუსული კანონები”, მედიის კონტროლი, პროტესტების შეზღუდვა და არჩევნების სანდოობაში ეჭვი – ეს ყველაფერი მიუთითებს მცდელობაზე დემოკრატიის ფორმალობად გადაქცევის შესახებ.

საქართველო, დამოუკიდებლობის შემდეგ, იდეალური თუ არა, დემოკრატიული მიდგომების ქვეყანა იყო. განსაკუთრებით იმპულსი ჰქონდა 2003 და 2012 წლებში, მაგრამ ბოლო 4 წლის განმავლობაში დემოკრატია მნიშვნელოვნად უკან იხევს.

ყველა საერთაშორისო ინდექსი — EIU Democracy Index, V-Dem, Freedom House, IDEA — ერთსა და იმავე შეფასებას აკეთებს და ესაა – უკუსვლა.

ყველა ეს ფაქტი ხაზს უსვამს პირველ რიგში მოქალაქეობრივ აქტიურობას, დამოუკიდებელი მედიის და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების აუცილებლობას, რაც თავის მხრივ დემოკრატიულ პროცესებს გააძლიერებს. ეს ყველაფერი კი უნდა გაკეთდეს ხალხისთვის ხალხის მიერ.

გორის ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება, რა იცვლება ადგილობრივების ცხოვრებაში? (2022-2024 წლების ბიუჯეტის ანალიზი)

გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, საერთო ასიგნებების მოცულობა წლიდან წლამდე იზრდება და შესრულების პროცენტულ მაჩვენებლებში გარკვეული პროგრესი შეინიშნება, თუმცა დოკუმენტების დეტალური განხილვა აშკარას ხდის, რომ გეგმასა და რეალობას შორის მნიშვნელოვანი სხვაობებია. ამ ფაქტს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების 2022, 2023 და 2024 წლების ანგარიშები ადასტურებს, რომელთა შედარებითი ანალიზი რამდენიმე მკაფიო ტენდენციასა და საეჭვო გარემოებაზე მიუთითებს.

არათანმიმდევრული გეგმები, შესრულების დაბალი მაჩვენებელი იქ, სადაც ყველაზე მეტი საჭიროებაა, ზედმეტი თანხების მობილიზება ნაკლებად პრიორიტეტულ მიმართულებებზე და პროგრამები, რომლებიც თითქოს არსებობს, მაგრამ რეალურად ბევრს არაფერს ცვლის – ეს ის მთავარი საკითხებია, რაც NEO TV – ს ანალიტიკურმა ჯგუფმა გამოავლინა.

მაგალითად, ბოლო სამი წლის განმავლობაში გორის ბიუჯეტი გაიზარდა, თუმცა ვერცერთ შემთხვევაში გეგმის სრულად განხორციელება ვერ გახდა შესაძლებელი:

ადგილობრივი ბიუჯეტის ზრდა წესით წლიდან წლამდე მუნიციპალიტეტში ცხოვრების გაუმჯობესებას უნდა იწვევდეს (მეტი ფული, მეტი სარგებელი), თუმცა მოსახლეობის უმრავლესობა სასიკეთო ცვლილებებს საკუთარ ოჯახებში ვერ გრძნობს.

ყოველი წლის ბოლოს სხვადასხვა ანგარიშიდან მოქალაქეებს არწმუნებენ, ბიუჯეტის ეფექტურად განხორციელებაში, თუმცა 2023 წლის შემოსავლების მაჩვენებლებში შესრულების პროცენტს (102.8%) თუდავაკვირდებით, ვნახავთ, წარმოდგენილი რიცხვი არ შეესაბამებოდა მთლიან დაგეგმილ თანხას. ეს ფაქტი მიანიშნებს, რომ დიდი ნაწილი წინა წლის ნაშთიდან გადმოდის, მუნიციპალიტეტი ახალ შემოსავლებს ვერ ქმნის და დამოკიდებულია დარჩენილ თანხებზე. ეს ფაქტი მოწმობს, რომ ადგილი აქვს ციფრებით მანიპულაციას: ტექნიკურად ყველაფერი “შესრულებულია”, მაგრამ რეალურად, ეფექტი საეჭვოა.

ამ ტენდენციის კიდევ ერთი დამადასტურებელი მაგალითია სპორტული მოედნების თემა. 2022 წელს გორის მუნიციპალიტეტში 3 მოედნის მოწყობა იყო დაგეგმილი თუმცა განხორციელდა – 2. 2023 წელს დაგეგმილი 10 მოედნიდან მოეწყო – 3. 2024-ში, პირიქით, მხოლოდ 2 იყო გათვალისწინებული და გაკეთდა 11.

ეს ყველაფერი არა მარტო საეჭვო გარემოებებს წარმოშობს, არამედ არღვევს დაგეგმვის მთავარ პრინციპს – განსაზღვრო რეალისტური მიზნები და მიიღო გაზომვადი შედეგი. როცა პროგრამა ერთი წლის განმავლობაში 30%-ით სრულდება და მეორე წელს 550%-ით, ეს სერიოზულ სისტემურ გაუმართაობაზე მეტყველებს.

აღსანიშნავია ასევე გზების მოვლა-შენახვის პროგრამა. 2022 წელს დაგეგმილი 630 ათასი ლარიდან დაიხარჯა მხოლოდ 325.9 ათასი – შესრულების მაჩვენებელმა მხოლოდ 51.7% შეადგინა.

მომდევნო წელს ის თითქმის გაორმაგდა და შესრულებაც 99.2%-ს მიაღწია, მაგრამ უკვე 2024-ში შესრულება კვლავ დაეცა – 86.1%-მდე.

სპეციალისტების შეფასებით, ასეთი მერყეობა ტექნიკურთან ერთად მენეჯმენტის პრობლემაზეც მიანიშნებს. თუ გზების მოვლა ერთ რომელიმე წელს არ ხორციელდება, ეს არა მხოლოდ დისკომფორტია, არამედ დროთა განმავლობაში მდგომარეობის გაუარესებას იწვევს და მომავალში მუნიციპალიტეტს უფრო ძვირი დაჯდება.

ინფრასტრუქტურულ პროექტებს რომ ჩავუღრმავდეთ, არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლში 2022 წელს დაგეგმილი იყო 41.7 მილიონი ლარის პროექტები, შესრულდა მხოლოდ 31 მილიონის. ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით 25% ვერ განხორციელდა. თუმცა შემდეგ წელს შესრულება გაუმჯობესდა – 92.2%-მდე. მიუხედავად ამისა, 2024 წელს კვლავ შემცირდა 87.5%-მდე. ერთი შეხედვით თითქოს არაფერი საგანგაშო არ არის, მაგრამ როცა საქმე ინფრასტრუქტურას ეხება (გზებს, საბავშვო ბაღებს, წყალსადენებს) ასეთი არასტაბილურობა ნიშნავს, რომ გეგმები ჩაიშალა ან გადაიდო. პროექტების დაგვიანება კი მოქალაქეებს აზარალებს.

უფრო საგანგაშოა სიტუაცია სოციალური პროგრამების ნაწილში. ერთ-ერთი მათგანია ზრუნვის მიღმა დარჩენილი ახალგაზრდების დახმარება (ანუ ბავშვები, რომლებიც სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ იყვნენ და სრულწლოვანების შემდეგ დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება უწევთ).

2022-2024 წლებში არცერთხელ მომხდარა პროგრამის მინიმუმ 50%-ით შესრულება, ბენეფიციართა რაოდენობის მიხედვით. მაგალითად, 2023 წელს დაგეგმილი იყო 28 ბენეფიციარის მხარდაჭერა, ხოლო დახმარება მიიღო მხოლოდ 4-მა, რაც 14%-ს უდრის. ამ ფაქტს მუნიციპალიტეტი “მომართვიანობის სიმცირით” ხსის. დოკუმენტალურად არსად არაა დადასტურებული როგორ ხდებოდა პროგრამის შესახებ ინფორმაციის გავრცელება. ამ და სხვა მიზეზების, მაგალითად, ზედმეტად რთულ ბიუროკრატიული პროცედურების გამო, რომელიც ახალგაზრდებმა უბრალოდ ვერ გადალახეს, მათთვის გათვალისწინებული თანხა არ დახარჯულა. ახალგაზრდები კი ვისაც ამ პროგრამით უნდა ესარგებლა, დახმარების გარეშე დარჩნენ.

მიუხედავად იმისა, რომ თანხები არსებობს, პროგრამები ქაღალდზეა და პოლიტიკოსები ხშირად საუბრობენ სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ, იგივე პრობლემას ვხედავთ სხვა მიზნობრივ ჯგუფთან, მაგალითად – ყოფილ პატიმრებთან. 2023 წელს დაგეგმილი იყო დახმარება 2 ბენეფიციარზე, შესრულება – 0%. რაც ნიშნავს პროგრამის სრულ ჩავარდნას. (თუნდაც მცირე მოცულობის იყოს პროგრამა, მისი ნულოვანი შესრულება ვერანაირად ვერ ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად).

ხშირად ბიუჯეტში ჩნდება ტერმინები, რომლებიც ადამიანებისთვის ბუნდოვანია, მაგალითად, როგორიცაა “სხვა ხარჯები”. 2022 წელს ამ მუხლში გათვალისწინებული იყო 4.4 მილიონი ლარი და დაიხარჯა მხოლოდ 1.9 მილიონი ლარი. ბუნებრივია ჩნდება კითხვა, რატომ იყო ამ რაოდენობის თანხა ჩაწერილი, თუ არ აპირებდნენ ხარჯვას? გადადეს? გადაიფიქრეს? – მსგავს კითხვებზე მოქალაქეებს პასუხები არ მიუღია.

ფინანსური დოკუმენტები ადასტურებს, რომ ბიუჯეტის ყოველწლიურად ზრდა არაფერს ნიშნავს, თუ მისი შესრულება არ იქნება ეფექტური და თუ ის არ გამოიხატება კონკრეტულ ცვლილებებში მოქალაქეთა ცხოვრების გაუმჯობესების კუთხით ადგილობრივ დონეზე.

მუნიციპალიტეტს აქვს ვალდებულება და პასუხისმგებლობა – არა მხოლოდ თანხების გათვლაზე, დოკუმენტის შედგენასა და პრიორიტეტების განსაზღვრაზე, არამედ იმაზე, რომ ყოველწლიურად ამ დოკუმენტებში გაწერილი თანხები მივიდეს ადამიანამდე და ფულის ხარჯვა აისახოს მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე.

გორის მერიამ პიარში 1 მლნ ლარზე მეტი დახარჯა – რა მიიღო მოსახლეობამ, ინფორმაცია თუ არაეფექტური ხარჯი?

გორის ამჟამინდელი თვითმმართველობის მანდატი 2025 წლის ოქტომბერში სრულდება. ამ ვადის შესაფასებლად მნიშვნელოვანია ადგილობრივ დონეზე როგორც განხორციელებული პროექტების შედეგების, ისე ამ საქმიანობის პოპულარიზაციისთვის დახარჯული თანხების შეჯამება. კონკრეტულად კი იმის გაანალიზება, თუ რა უჯდება წლიდან წლამდე მუნიციპალიტეტს, ერთის მხრივ საზოგადოებასთან ინფორმაციის მიტანა და მეორეს მხრივ მერიის საქმიანობის რეკლამა.

ამასთან, საინტერესოა რა შინაარსის ინფორმაციას აწვდის ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლება გორის მოსახლეობას და შეესაბამება თუ არა ეს ყველფერი მოქალაქეთა ინტერესებს და რეალურ საჭიროებებს?

გორის მერია წლებია საკუთარ საქმიანობაზე თავად საუბრობს და ამისთვის ბიუჯეტიდან თანხებსაც იხდის. ვიდრე მოქალაქე თავად შეაფასებს რამდენად ეფექტური და შედეგიანი იყო ესა თუ ის პროექტი, მერია ამას მანამდე არეკლამებს და ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ათეულობით ათას ლარსაც ხარჯავს.

NEO TV – ს მიერ ღია წყაროებით მოძიებული ინფორმაციის მიხედვით, 2022 წლის იანვრიდან დღემდე გორის მერიამ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის მიმართულებით, ჯამში 1 075 373 ლარი დახარჯა. ეს თანხა გადანაწილებულია, როგორც ამ მიმართულებით შტატით დანიშნული თანამშრომლების ხელფასებზე, ვებგვერდზე და გაზეთზე, ისე შერჩეული ახალი ამბების სააგენტოების დაფინანსებასა და Facebook გვერდის რეკლამირებაზე.

მაგალითად, 2022-2025 წლებში, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებისთვის, რომელსაც 4 თანამშრომელი ჰყავს, ჯამში 343 056 ლარი დაიხარჯა:

გორის მერია შიდა რესურსების გარდა, წლების განმავლობაში “ინფორმაციის გავრცელების” მიზნით, შერჩულ მედიასაშუალებებსაც აფინანსებს, რისთვისაც ამჟამინდელმა თვითმმართველობამ ჯამში 2022-2025 წლებში 21 845 ლარი დახარჯა (ძირითადი კონტრაქტორები: შპს “ახალი ამბები” (ipn.ge) და შპს “ფრონტ ნიუსი“). ხოლო სოციალურ ქსელში რეკლამირებისთვის ბიუჯეტიდან , ამავე პერიოდში გადახდილმა თანხამ ჯამში, 325 072 ლარი შეადგინა.

გაზეთი “გორის მაცნე” – მერიის “შიდა მედიაა”, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების პოზიციას ავრცელებს, 2022-2025 წლებში ის 385 400 ლარითაა დაფინანსებული. 2022 წელთან შედარებით, გამოცემის ბიუჯეტი, ამჟამად 41.8 ათასი ლარით არის გაზრდილი.

აღსანიშნავია, რომ გორი ერთადერთი მუნიციპალიტეტია შიდა ქართლში, რომელიც მსგავსი მომსახურებისთვის თანხებს ხარჯავს. ქარელის, კასპის და ხაშურის მუნიციპალიტეტებს 2022 წლიდან დღემდე რეკლამირებისა და PR კამპანიისთვის თანხები არ დაუხარჯავთ და ისინი ამ მიზნით მხოლოდ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებებს აფინანსებენ.

  

რას იღებს მოსახლეობა ამ ხარჯის სანაცვლოდ?

გორის მუნიციპალიტეტის მიერ საზოგადოებასთან კომუნიკაციის მიმართულებით განხორციელებული ხარჯები, რაც 2022 წლიდან დღემდე 1 მლნ ლარს აღემატება, ტოვებს გარკვეულ კითხვებს ამ მიმართულებით ეფექტიანობის შესაფასებლად. მაგალითად, არსებობს თუ არა უკუკავშირი ან რაიმე სახის შეფასების სისტემა, რომელიც რეალურად გამოავლენდა, რამდენად შედეგიანია თითოეული ხარჯი და უზრუნველყოფს თუ არა გაღებული თანხები მოქალაქეების ინფორმირების დონის და ჩართულობის გაზრდას მუნიციპალიტეტისთვის აქტუალური საკითხების გადაჭრის პროცესში.

თუ ამ ყველაფერზე არ არსებობს შეფასების დოკუმენტი, მაშინ გამოდის, რომ ათიათასობით ლარი წლების განმავლობაში, ადმინისტრაციული რესურსის თვითპიარისთვის იხარჯება და არა მოქალაქეებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებისთვის. მაგალითად, ადგილობრივებისთვის იმის განმარტება, თუ რატომ ვერ ესწრება დაგეგმილი პროექტების დასრულება კონკრეტულ ვადებში ამა თუ იმ დასახლებებში, როგორ არის შესაძლებელი მოქალაქეთა ჩართულობა აუთვისებელი ნაშთების გადანაწილების პროცესში და ა.შ. ანუ ისეთი საკითხებით ინფორმირება, რომლებსაც დემოკრატიული პრინციპების დაცვა და გამჭვირვალობა ითვალისწინებს.

განსაკუთრებით საეჭვოდ გამოიყურება ათეულობით ათასი ლარის გადარიცხვა კერძო საინფორმაციო სააგენტოებში, მაშინ როდესაც იგივე რესურსი შეიძლება მოხმარდეს ღია და ინკლუზიური პლატფორმების განვითარებას, სადაც მოქალაქეებს ექნებათ არა მხოლოდ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა, არამედ უკუკავშირით, მოქალაქეთა რეალური ჩართულობის საშუალება.

საბოლოო ჯამში, სწორედ მოქალაქეებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, შეაფასონ ამ ბიუჯეტური დანახარჯები – ეს თანხები მათი ინფორმირებისა და ჩართულობის გაზრდას ემსახურება თუ მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლების პოზიტიური იმიჯის შენარჩუნებას?

რა დარღვევები უნდა აღმოეფხვრა გორის თვითმმართველობას 2021-2025 წლებში?

2021-2025 წლების პერიოდი გორის მუნიციპალიტეტისთვის გრძელვადიანი განვითარების, გამჭვირვალე მმართველობისა და ეფექტური რესურსების მართვის ეტაპი უნდა ყოფილიყო, რადგან სახელმწიფო აუდიტის ბოლო ანგარიშით (2023 წლის 27 ოქტომბერი) მთელი რიგი ხარვეზებია ნაჩვენები, რაც მუნიციპალიტეტის მხრიდან გადაუდებელი ნაბიჯების გადადგმას გულისხმობდა. აუდიტი პრობლემების აღმოფხვრის რეკომენდაციებს იძლეოდა, რადგან ამ უწყებამ სერიოზული ხარვეზები გამოავლინა 2020-2021 წლების საქმიანობაში, რაც მოიცავდა სისტემურ პრობლემებს ფინანსური რესურსების განკარგვაში, ინფრასტრუქტურულ პროექტებში, სახელმწიფო შესყიდვებსა და ქონების მართვაში.

სახელმწიფო აუდიტისთვის უფრო შემაშფოთებელი ის გარემოება აღმოჩნდა, რომ წინა აუდიტის რეკომენდაციები ახალი თვითმმართველობის მხრიდან უგულებელყოფილი იყო. ეს მიგნებები ნათლად მიუთითებს, რომ მუნიციპალიტეტს არა მხოლოდ იმ პერიოდისთვის, არამედ მთლიანად 2021-2025 წლების განმავლობაში უნდა შეემუშავებინა სტრატეგიული ხედვა და მყარი ადმინისტრაციული ჩარჩო.

რა წერია სახელმწიფო აუდიტის 2023 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში გორის მუნიციპალიტეტის შესახებ?

2020-2021 წლებში საბიუჯეტო შესრულება 18%-ით და 24%-ით ჩამორჩა გეგმას, რაც მიუთითებს დაგეგმვის არასრულფასოვნებაზე. პარალელურად კი, დაგროვდა საგრძნობი თავისუფალი ნაშთი – 2021 წლის ბოლოს 9 მილიონ ლარზე მეტი, რაც მიუთითებს რესურსების არამიზნობრივ დაგროვებაზე ხარჯვითი ეფექტიანობის ნაცვლად.

შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ 375 ათასი ლარი გადარიცხული იყო კონკრეტულ ფიზიკურ პირზე არაავთენტური დოკუმენტაციის საფუძველზე. მსგავსი შემთხვევები კრიტიკულად ამცირებს ნდობას ადგილობრივი თვითმმართველობისადმი და საჭიროებს ფინანსური კონტროლის მკვეთრ გაძლიერებას.

გარდა ამისა, 546.8 ათასი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები — სკოლები, ბაღები, სპორტული ობიექტები — ექსპლუატაციაში მიღებიდან მალევე დაზიანდა. აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ძირითადი პრობლემა მდგომარეობდა მერიაში არსებული ზედამხედველობის სუსტ მექანიზმებსა და საგარანტიო ბერკეტების გამოუყენებლობაში.

პროექტების დაგეგმვაც სერიოზულ ხარვეზებს შეიცავდა. მაგალითად, კარალეთის ბაღმა განსაზღვრულ პერიოდში ვერ დაიწყო ფუნქციონირება ინვენტარის არქონის გამო, ხოლო სასწავლო დაწესებულებებში წყალმომარაგების და სველი წერტილების პრობლემები დიდხანს გრძელდებოდა. დაუსრულებელი სკოლების რაოდენობაც ( 19-დან 15_ ცხადად მიუთითებდა ამ მიმართულებით გატარებული პოლიტიკის ხარვეზებზე.

დოკუმენტში წერია, რომ სატენდერო პროცესების მართვის ნაკლოვანებები და არაეკონომიური გადაწყვეტილებები კიდევ ერთი სერიოზული გამოწვევა იყო.

“მუნიციპალიტეტმა დისკვალიფიკაციის არასათანადო დასაბუთებით უარყო დაბალფასიანი პრეტენდენტი და უფრო ძვირად შეისყიდა იგივე მომსახურება — რაც ბიუჯეტს დამატებით 144.2 ათასი ლარი დაუჯდა”, – წერია ანგარიშში.

პრობლემები იყო ხელშეკრულებების ადმინისტრირების თვალსაზრისითაც. მერია არ იყენებდა კანონით გათვალისწინებულ ჯარიმებს, რითაც ბიუჯეტმა დაკარგა 58.5 ათასი ლარის შემოსავალი. კონტროლის მექანიზმების სისუსტე და პასუხისმგებლობის დეფიციტი კიდევ ერთხელ აჩვენებს შესყიდვების მართვის რეფორმირების საჭიროებას.

ქონების არაეფექტური განკარგვა კიდევ ერთი სფეროა, სადაც აუდიტის განმარტებით, მუნიციპალიტეტმა ვერ გამოავლინა სათანადო პროფესიონალიზმი. 2021 წლის ბოლოსთვის გორის ბიუჯეტმა 228.7 ათასი ლარის დაკარგული შემოსავალი აღრიცხა, რაც გამოწვეული იყო როგორც ქირავნობის სიმბოლურ ფასებში გაცემით, ისე იჯარის კონტრაქტების არქივირების პრობლემებით.

“არც ინვენტარიზაციის ჩატარება ყოფილა პრიორიტეტი. ეს კი ქმნის რეალურ რისკს, რომ მნიშვნელოვანი აქტივები დაიკარგოს ან დაზიანდეს რეაგირების გარეშე. კონტროლის მექანიზმების არარსებობა სისტემური პრობლემაა, რაც უკავშირდება შიდა აუდიტის არაეფექტურობასაც”, – წერს აუდიტი.

კიდევ უფრო მწვავედაა აღწერილი მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების მდგომარეობა. იმ პერიოდში 121 სოფლიდან მხოლოდ 34 ჰქონდა უწყვეტი წყალმომარაგება, ხოლო მომსახურებას არალიცენზირებული პირი ახორციელებდა.

აუდიტის ანგარიშში საუბარია საკრებულოს წევრებზე გაწეული ხარჯების შესახებაც, რომლის მიხედვით, დეპუტატებზე გაცემულ ხარჯებზე (159.2 ათასი ლარი) საკრებულოს არ გააჩნდა სათანადო დოკუმენტური დასაბუთება, რაც ეწინააღმდეგება ფინანსური გამჭვირვალობის პრინციპებს. ამისთვის ბიუჯეტიდან ანაზღაურებული თანხა (78.2 ათასი ლარი) მიუთითებს მმართველობითი გადაწყვეტილებების პრობლემებზე.

ყველაზე საგანგაშო მიგნებათაგანი აუდიტის ბოლო ანგარიშში ის არის, რომ 2017-2018 წლების აუდიტის რეკომენდაციების ნაწილი არ შესრულდა და იგივე დარღვევები კვლავ განმეორდა. ეს ფაქტი ადასტურებს, რომ მუნიციპალიტეტს აკლია სტრატეგიული მიდგომა რისკების იდენტიფიცირებასა და პრევენციაში.

2021-2025 წლებში ახალ თვითმმართველობას შემდეგი რეკომენდაიები უნდა გაეთვალისწინებინა:

  1. საბიუჯეტო დაგეგმვის გაუმჯობესება და თავისუფალი ნაშთის პრევენცია
  2. ინფრასტრუქტურის ხარისხის კონტროლის გაძლიერება და საგარანტიო მექანიზმების გამოყენება
  3. შესყიდვების გამჭვირვალობის გაზრდა და გამარტივებული წესის ბოროტად გამოყენების აღმოფხვრა
  4. ქონების მართვის მექანიზმების გამკაცრება და შემოსავლების მობილიზაცია
  5. წყალმომარაგებისა და დასუფთავების სისტემების რეფორმირება
  6. შიდა აუდიტის სამსახურის რეფორმა რეალური კონტროლის ინსტრუმენტად

ანალიტიკოსების შეფასებით, გორის მუნიციპალიტეტის მიერ 2020-2021 წლებში დაშვებული მმართველობითი შეცდომები არ შეიძლება დარჩეს უპასუხოდ. 2021-2025 წლებისთვის აუცილებელი იყო სისტემური რეფორმები ყველა ზემოხსენებულ მიმართულებაში. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ მომავალში აუდიტის რეკომენდაციები მხოლოდ ფორმალურ დოკუმენტებად არ დარჩეს და ის რეალურ ცვლილებათა გზამკვლევად იქცეს ადგილობრივ მმართველობაში.