მთავარი Blog გვერდი 10

როგორ აისახება დეზინფორმაცია არჩევნებზე, მედიასა და ევროინტეგრაციის პროცესზე?

XXI საუკუნეში, როდესაც ტექნოლოგიები და ინტერნეტი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასთან მჭიდროდაა დაკავშირებული, ინფორმაციის სწრაფი გავრცელება და მანიპულირება სხვადასხვა პლატფორმებზე, საზოგადოებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა. გამონაკლისი არც ქართული მედიაა, დეინფორმაციის გავრცელების კუთხით, რაც პოტენციურად ზიანს აყენებს საზოგადოების ცნობიერებას, ეჭვქვეშ აყენებს ფაქტებს და აბრკოლებს ქვეყნის დემოკრატიული პროცესების განვითარებას.

როგორ გვესმის ინფორმაციული უსაფრთხოება?

ინფორმაციული უსაფრთხოება გულისხმობს იმ აუცილებელ ზომებს, რაც ხელს უწყობს ინფორმაციის დაცვას ზიანისგან, უნებლიე ცვლილებებისა და მანიპულაციებისგან. ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ონლაინ მედიისთვის, რომელიც ინტერნეტის და სოციალური ქსელების გავლენით უწყვეტი ინფორმაციის ნაკადით არის გარემოცული, როდესაც მასალის შინაარსი სწრაფად ვრცელდება და დიდი აუდიტორია მას მარტივად იღებს. ამ პროცესის დროს მცირე შეცდომებმაც კი შესაძლოა კატასტროფული შედეგები გამოიწვიოს.

ქართული მედია, განსაკუთრებით ონლაინ პლატფორმები, ხშირად ხდება ცრუ ინფორმაციის სამიზნე, ასევე იდეოლოგიური ბრძოლის და პოლიტიკური მანიპულაციების ობიექტი. ყალბი ამბები განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში ვრცელდება, როდესაც დიდია საზოგადოების აზრზე ზემოქმდების მცდელობა.

დეინფორმაციის გავრცელების მაგალითები საქართველოში

ერთ-ერთი მასშტაბური კამპანია დეზინფორმაციის გავრცლების კუთხით, პანდემიის პერიოდში გამოვლინდა, როდესაც COVID-19-თან დაკავშირებული სიცრუეები – ქართულ მედიაში აქტიურად, ყოველგვარი დასაბუთებისა და ფაქტის გარეშე გავრცელდებოდა. როგორიცაა, მაგალითად, ტყუილი და გამოგონილი ამბები ვაქცინების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მსგავს დეზინფორმაციას ხშირად არა მხოლოდ სოც. მედიაში, არამედ ზოგიერთ ტრადიციულ მედიაშიც ჰქონდა ადგილი, რამაც საზოგადოებაში შიშისა და გაურკვევლობის ატმოსფერო შექმნა.

გარდა ამისა, ქართულ მედიაში არსებობს შემთხვევები, როდესაც ცალკეული პოლიტიკური ძალები თუ ჯგუფები სპეციალურად ავრცელებენ არასწორ, დამახინჯებულ ფაქტებს საკუთარი მიზნების მიღწევისთვის. მაგალითად, ხალხში დამაბნეველი ან არასწორი ინფორმაციის მეშვეობით ცდილობენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენას.

დეზინფორმაციის ზიანი დემოკრატიისა და ევროინტეგრაციის განვითარებისთვის საქართველოში

დეზინფორმაცია (ყალბი ინფორმაცია) ქართულ საზოგადოებაში, განსაკუთრებით მედია სივრცეში, კრიტიკულად სახიფათოა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და ევროინტეგრაციისთვის. დეზინფორმაცია არა მხოლოდ ცრუ ან დამახინჯებულ ფაქტებს ავრცელებს, არამედ შეუძლია შექმნას მანიპულირების, დაყოფისა და სოციალური არეულობისთვის ხელშემწყობი გარემო. მისი გავრცელება სერიოზულ გამოწვევებს ქმნის, როგორც მოქალაქეთა ინფორმირებულობის, ისე ქვეყნის შიდაპოლიტიკური და საერთაშორისო პოზიციების თვალსაზრისით.

დეზინფორმაციის ზიანი დემოკრატიისთვის

დემოკრატია გულისხმობს მოქალაქეების თავისუფალ არჩევანსა და გადაწყვეტილებებს, მაგრამ როდესაც საზოგადოებას მიეწოდება ყალბი ან დამახინჯებული ინფორმაცია, არჩევანიც იქნება – შეცდომაში შეყვანილი. ამის შედეგად, მოქალაქეებმა შესაძლოა არ მიიღონ სწორად ინფორმირებული გადაწყვეტილებები, რაც ხელს უწყობს დემოკრატიის ხარისხის უკუსვლას ქვეყანაში. შესაბამისად, დეზინფორმაცია აზიანებს დემოკრატიული პროცესების განვითარებას და გამჭვირვალობას.

დეზინფორმაციის გავლენა არჩევნებზე

ბოლო წლების განმავლობაში წინასაარჩევნოდ დეზინფორმაციის გავრცელება საქართველოში საგრძნობლად შესამჩნევი გახდა. ყალბი ამბები ხშირად მიმართულია ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების დისკრედიტაციისკენ, რაც ხელს უშლის მყარი და სამართლიანი კონკურენციის ჩამოყალიბებას. არასწორი ინფორმაციის გავრცელებით პროპაგანდისტები ცდილობენ დაარწმუნონ საზოგადოება, რომ არჩევნები წინასწარ გადაწყვეტილია, რაც აზარალებს მოქალაქეების აქტიურობას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათ ჩართვას.

დეზინფორმაციის ზიანი ევროინტეგრაციისთვის

საქართველო, როგორც ევროპული და ევროატლანტიკური ორიენტაციის მქონე ქვეყანა, ცდილობს გაწევრიანდეს ევროპულ სტრუქტურებში, როგორიცაა ევროკავშირი და ნატო. თუმცა, დეზინფორმაციის მავნე გავლენას, განსაკუთრებით კი რუსეთის მხრიდან, რომელიც ცდილობს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეფერხებას, შეუძლია სერიოზული პრობლემების შექმნა.

საქართველოში ხშირად ვრცელდება ყალბი ინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის, ნატოსა და სხვა დასავლური ინსტიტუტების მიმართ სანდოობის ეჭვქვეშ დაყენებას. ამგვარი დეზინფორმაცია ხშირად უკავშირდება მცდარ იდეოლოგიურ მითებს, როგორიცაა “ევროკავშირი და ნატო საქართველოსთვის არ მოიტანს სარგებელს” ან “აშშ მხოლოდ საკუთარ ინტერესებს იცავს და ამისთვის ის ევროპული ვალდებულებების შესრულებას აიძულებს”. ამგვარი პროპაგანდის მიზანია მოქალაქეების დაშინება და მათში ეჭვის გაღვივება დასავლეთთან თანამშრომლობის შესახებ.

სხვა ქვეყნის ძალები, რომლებიც დაინტერესებულები არიან საქართველოში დაპირისპირებას შეუწყონ ხელი, აქტიურად იყენებენ დეზინფორმაციას. მაგალითად, რუსეთის სახელმწიფო მედია და პროპაგანდისტული პლატფორმები სისტემატურად ავრცელებენ ყალბ ინფორმაციას, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს აფერხებს და ამისთვის დასავლური ფასეულობების მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებებს ქმნის.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რის გამოც დეზინფორმაცია ვრცელდება, პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირდება. ქვეყნის შიდა და გარე პოლიტიკური ძალები იყენებენ დეზინფორმაციას იმისთვის, რომ მანიპულირება მოახდინონ საზოგადოებრივ აზრზე, გააძლიერონ საკუთარი გავლენა, ან დისკრედიტაცია მოახდინონ პოლიტიკურ ოპონენტებზე. ეს მიზნები შეიძლება მოიცავდეს ისეთ აქტივობებს, როგორიცაა არჩევნებზე გავლენის მოხდენა, საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოპოვება და ეროვნული სტაბილურობის ჩაშლა.

დეზინფორმაცია გამოიყენება ასევე საერთაშორისო პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლადაც. მაგალითად, საარჩევნოდ, სისტემატურად ვრცელდებოდა ყალბი ამბები, რომლებიც მიზნად ისახავს ქვეყნის დემოკრატიული პროცესების დისკრედიტაციას და დასავლური ქვეყნების მხრიდან ეჭვების გაღვივებას საქართველოს პოლიტიკურ სისტემაზე. ამგვარი ტიპის დეზინფორმაცია წარმოიშობა გარე სახელმწიფოების, მათ შორის რუსეთის, მხრიდან, რომლებიც ინტერესდებიან საქართველოს დემოკრატიის განვითარების შეფერხებით.

დეზინფორმაცია ხშირად გამოიყენება საზოგადოებაში კონფლიქტების გაღვივებისა და დაპირისპირების გამოწვევისთვის. ეს მეთოდი მიმართულია ეროვნული ერთიანობის და ქვეყნის საერთო ინტერესების წინააღმდეგ. რაც უფრო იზრდება მოსახლეობის გახლეჩვის დონე, მით უფრო ადვილი ხდება მათი კონტროლი და მანიპულირება, რაც საბოლოო ჯამში აფერხებს ქვეყანაში სტაბილურობას და განვითარებისათვის აუცილებელ გარემოს.

შესაბამისად, დეზინფორმაციის გავრცელება საქართველოში მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ განვითარებასა და ევროინტეგრაციის პროცესს. ეს არა მხოლოდ აზიანებს ქვეყნის შიდაპოლიტიკურ სტაბილურობას, არამედ ართულებს მის საერთაშორისო ურთიერთობებს და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. იმისთვის, რომ საქართველომ წარმატებულად გააგრძელოს დემოკრატიისა და ევროინტეგრაციის გზა, აღნიშნული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია დეზინფორმაციის გავრცელებისგან ეფექტური დაცვა, როგორც შიდა, ისე გარე საფრთხეებისგან.

მედიის როლი დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში

ინფორმაციის გადამოწმების კუთხით აუცილებელია მედიის წარმომადგენლების გაძლიერებაც. ეს მოიცავს როგორც ტრადიციულ მედიას, ასევე ონლაინ პლატფორმებს. მედიამ უნდა განახორციელოს ფილტრაცია, არ გახდეს გამტარი დაუდასტურებელი და არასწორი ინფორმაციის.

აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის, რომელიც ზიანს აყენებს საზოგადოებას. ამიტომ, აუცილებელია, რომ სახელმწიფომ აქტიურად იმუშაოს მგავსი კანონდარღვევების გამოვლენისა და სისხლის სამართლის დანაშაულების პრევენციის მხრივ.

ინფორმაციული უსაფრთხოების ცოდნა ქართულ მედიას განსაკუთრებით სჭირდება, რადგან ეს იცავს არა მხოლოდ საკუთარი აუდიტორიის ნდობას, არამედ ზოგადად ქვეყნის დემოკრატიულ პროცესებს. მედია სეგმენტი ყოველთვის იყო და იქნება თავდასხმის სამიზნე, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მედია ორგანიზაციებმა შექმნან ეფექტური მექანიზმები დეინფორმაციის წინააღმდეგ, რაც შეიძლება მოიცავდეს: ტექნიკურ, სამართლებრივ და საზოგადოებრივ ღონისძიებებს. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ინფორმაცია ძალაა, და მის არასწორ გამოყენებას შეუძლია შეცვალოს საზოგადოების მსოფლმხედველობა.

მასალა მომზადებულია დანიის სამეფოს “ახალი დემოკრატიის ფონდის” მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში

ოპოზიცია საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში, საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად არ შეუშვეს

“საჭიროა სუსთან დაკავშირება და მეილით შეთანხმება” – ასე უპასუხეს არცევი-ქვეშის მიმართულებით მიმავალ ოპოზიციას, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრას აპირებდა. “გახარია-საქართველოსთვის” წარმომადგენელი გორში, მამუკა ფანიაშვილი აცხადებს, რომ საგუშაგოსთან საათზე მეტ ხანს გააჩერეს და დაგეგმილი საარჩევნო კამპანიის განხორციელების საშუალება არ მისცეს.

“ორი მანქანით მივდიოდით არცევი-ქვეშის მიმართულებით საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად, დაინახეს მანქანებზე პლაკატები, გაგვაჩერეს და გვითხრეს, რომ სუსთან უნდა შეგვეთანხმებინა, ქართულ სოფლებში გადაადგილება. მოგვცეს მეილი, სადაც დეტალები უნდა გადაგვეგზავნა, მათ შორის პერსონალური მონაცემები და შეგვპირდნენ, რომ 20 წუთში მოვიდოდა პასუხი, თუმცა 1 საათის შემდეგაც კი არავინ არაფერი გვიპასუხა და დავტოვეთ ტერიტორია. წარმოიდგინეთ, ჩვენივე ტერიტორიაზე ასეთ ბარიერებს გვიქმნიან და ალბათ ასე აპირებენ 26 ოქტომბერსაც არჩევნების ჩატარებას ამ სოფლებში”, -აღნიშნა მამუკა ფანიაშვილმა.

ხალხი აქციაზე მიგვყავს და სკოლებს სრულფასოვნად ვერ მოვემსახურებით – ავტობუსების მძღოლები

“ქართული ოცნების” აქციაზე რეგიონებიდან ხალხის ჩაყვანას იმ ავტობუსებს ავალებენ, რომლებიც მუნიციპალიტეტებს სკოლებში მოსწავლეთა ტრანსპორტირებისთვის ჰყავთ დაქირავებული. გორის საჯარო სკოლების ნაწილს, სადაც ბავშვებს ტრანსოპრტი ემსახურება, გამოუცხადეს, რომ მმართველი გუნდის აქციის გამო, ხვალ ავტობუსი ნახევარი საათით ადრე გავა სკოლისკენ, ხოლო გაკვეთილების შემდეგ, უკან დაბრუნების გზაზე ბვშვებს ვეღარ მოემსახურებიან.

“გაგვაფრთხილეს, რომ ხვალ ბავშვები ადრე გავაყოლოთ ავტობუსს, რადგან თბილისში მიჰყავთ ხალხი. ხოლო გაკვეთილების შემდეგ სკოლიდან ბავშვები ჩვენ თვითონვე უნდა გავიყვანოთ, რადგან როგორც გვითხრეს, სკოლებისთვის განკუთვნილი ავტობუსები ქალაქში შეზღუდული რაოდენობით დარჩება”, -აღნიშნავენ მშობლები.

NEO TV საკითხის გასარკვევად გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელს დაუკავშირდა. გია ბერძნიშვილმა აღნიშნა, რომ საქმის კურსში არ არის, თუმცა თქვა, რომ სკოლების ტრანსპორტირების საკითხი მერიის პრეროგატივაა.

სკოლებში მოსწავლეთა ტრანსპორტირებისთვის გორის მერიამ  338 ათას ლარიანი ხელშეკრულება შპს ბუქო 777-ს გაუფორმა, შესაბამისად, კომპანია ვალდებულია ხელშეკრულების პირობების შესაბამისად იმოქმედოს და არა პარტიული მიზნებისთვის.

გორის მერიაში დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ მოსწავლეთა სკოლებში ტრანსპორტირება ხვალ არ შეფერხდება.

როგორც NEO TV-მ გაარკვია მმართველი გუნდის “საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება” თბილისში 19:00 სათზე იწყება, თუმცა შიდა ქართლიდან საბავშვო ბაღებისა და სკოლების პედაგოგების ნაწილის მობილიზება 13:00 საათიდან იგეგმება.

“რაც მე ვერ მოვასწარი გორში, მერია და საკრებულო გააგრძელებს” – ხინჩეგაშვილი

“ქართული ოცნების“ გვერდით კი იმიტომ ვდგავარ, რომ ამ გუნდის მჯერა. მისაღებია ხელისუფლების პროდასავლური კურსი. ის, რომ მისთვის ადამიანი მთავარი ფასეულობაა და ის პროგრესი, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონში, ყველა მუნიციპალიტეტში იგრძნობა. “ქართულმა ოცნებამაც” ზუსტად იცის რა არის მისი მიზანი და ეტაპობრივად მიიწევს მისკენ.“ – ეს არის ამონარიდი, ლადო ხინჩეგაშვილის განცხადებიდან, რომელიც 2021 წელს „ოცნების“ სააგიტაციო გაზეთშია დაბეჭდილი. ყოფილი მერი და ამჟამად უკვე მმართველი გუნდის საპარლამენტო სიის 49-ე ნომერი ფიქრობს, რომ მუნიციპალიტეტში 2021-2024 წლებში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა და ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას უკვე დეპუტატობის რანგში ფიქრობს. 

ყოფილი მერი და ამჟამად უკვე მმართველი გუნდის საპარლამენტო სიის 49-ე ნომერი ფიქრობს, რომ მუნიციპალიტეტში 2021-2024 წლებში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა და ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას უკვე დეპუტატობის რანგში ფიქრობს. 

სააგიტაციო მასალაში გაწერილი დაპირებების მიხედვით გორში, 2021-2022 წლებში 40-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი უნდა განხორციელებულიყო.

კითხვას, თუ რა პროექტს გამოარჩევდა გორში, რაც მერობის პერიოდში მისი ჩართულობით ან/და ინიციატივით განხორციელდა, ხინჩეგაშვილი – ასე პასუხობს:

“ჩემი მერობის პერიოდში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, როგორც რაიონის, ისე ქალაქის მიმართულებით, გამოვყოფდი გზების გაყვანას. კერძოდ, გორში გოგებაშვილის ქუჩის, ახალი ბულვარის მოწყობას, ასევე მუნიციპალური განვითარების ფონდის დახმარებით „ახალბაღის“ ცენტრალური პარკის გახსნას, ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი იყო. გამოვყოფდი ასევე სოფლებში წყლის სისტემის რეაბილიტაციას, სადაც არ იყო 24 საათიანი წყალმომარაგება, ასეთი პროექტებია  მნიშვნელოვანი“,-ამბობს ლადო ხინჩეგაშვილი.

რამდენად კარგად იცნობს მმართველი გუნდის დელეგატი გორის მუნიციპალიტეტის საჭიროებებს და მოგვარდა თუ არა მისი მერობის დროს, წლების განმავლობაში არსებული წყლის პრობლემა სოფლებში, რასაც თავადვე ასახელებს, მერიას განსხვავებული პოზიცია აქვს.

აღმოჩნდა, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის პრობლემა კვლავაც აქტუალურია. ამ მხრივ განსაკუთრებით რთულ ვითარებაში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებია. მაგალითად: ფლავი, ფლავისმანი, ერგნეთი, ქვეში, ქვემო არცევი, კოშკა და სხვა.

როგორც მერიაში განმარტავენ, აღნიშნულ სოფლებში საჭიროა შიდა ქსელის რევიზია და საეჭვო მონაკვეთების შეცვლა, მოსაწყობია აღრიცხვის კვანძები არსებულ ქსელებზე; გარდა ამისა, ფლავისმანსა და ქვეშში წყლის დებეტის სიმცირის გამო, საჭიროა ახალი ჭაბურღილის გაკეთება. ხინჩეგაშვილი აცხადებს, რომ გასაკეთებელი საქმეები კიდევ ბევრი დარჩა, რომლის სისრულეში მოყვანასაც ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად გეგმავს.  

“კიდევ ბევრს მოვასწრებთ, ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს მერიაში, რა თქმა უნდა საკრებულოს დახმარებით ბევრ პროექტს განვახორციელებთ კიდევ. აუცილებლად გასაკეთებელია ის, რაც დაწყებული გვაქვს, გორის ციხის რეაბილიტაცია, ძველი ბაზრის ტერიტორიის რეაბილიტაცია, რა თქმა უნდა თეატრის და მისი სკვერის რეაბილიტაცია – აი ასეთი პროექტებია გასაკეთებელი”, – ამბობს „ქართული ოცნების“ დელეგატი.  

ლადო ხინჩეგაშვილი ამბობს, რომ მერობის პერიოდში მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვა, რასაც საკანონმდებლო ორგანოში შესვლის შემთხვევაში გამოიყენებს. რაც შეეხება დაპირებებს,  გორი-კასპის ამომრჩევლისთვის კონკრეტულს ვერაფერს ასახელებს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ ამ  მუნიციპალიტეტებისთვის მნიშვნელოვან ინიციატივებს საკანონმდებლო ორგანოში  დაუჭერს მხარს.  

“უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა პარლამენტი და რა თქმა უნდა კანონებს ვიღებთ, რისი საშუალებაც მექნება, მაქსიმალურად შევეცდები ის გამოცდილება, რაც ამ წლების განმავლობაში დავაგროვე, მუნიციპალიტეტების ინტერესებისთვის გამოვიყენო და ასეთ პროექტებს  გავუწიო ლობირება. კასპელებისა და გორელების ხმა ვიქნები პარლამენტში. მოსახლეობას ყველაზე მეტად ჭირდება სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება“, – აცხადებს ხინჩეგაშვილი.

გორის ყოფილმა მერმა ძირითადად ქალაქისთვის დამახასიათებელ პროექტებზე ისაუბრა და ისიც ზოგადად. რა გაკეთდა მისი მერობის პერიოდში ან რას ელიან ხინჩეგაშვილისგან დეპუტატობის შემთხვევაში – სოფლებში, ადგილობრივებს საუბარი უჭირთ.

ნეო ტვ-მ ევროკავშირის მხარდაჭერით და “სამართლიან არჩევნებთან” პარტნიორობის ფარგლებში, სოფლად მცხოვრები მოსახლეობაც გამოკითხა. ბოლო წლებში ისინი ძირითადად სოფლამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაციაზე მიუთითებენ და აცხადებენ, რომ უშუალოდ ადგილობრივების საჭიროებებით არავინ ინტერესდება და ამ დროისთვის არც პარტიების პროგრამებს იცნობენ.

ეს სტატია შექმნილია ევროკავშირისმხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია NEO TV და შესაძლოა ის არ გამოხატავდეს ევროკავშირის ან/და ISFED-ის შეხედულებებს.

“12 წელი გვაოცნებეს, ველოდებით უკეთეს ცხოვრებას” – საარჩევნო მოლოდინები შიდა ქართლის სოფლებში

ნეო ტვ -ს პროექტის მონაწილეები წინასაარჩევნოდ შიდა ქართლის სოფლებში მოქალაქეებს ხვდებიან. სოფლებში გავრცელებული დეზინფორმაციის საპირწონედ, მოსახლეობას ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციას უზიარებენ და მათ განწყობებს სწავლობენ.

ჯამში 100-მდე ამომრჩეველი გამოიკითხა, რომელთაგან პროექტის გუნდმა ყველაზე ხშირად გამოკვეთილი საკითხები შეაჯამა. შეხვედრები პროექტის ფარგლებში შიდა ქართლის 10 სოფელში მიმდინარეობდა.

მოლოდინებია სოფლებში წინასაარჩევნოდ და რა  სახის ცვლილებები სურს მოსახლეობას?

“ამ არჩევნებზე ახალი მთავრობის მოსვლის იმედი ნაკლებად მაქვს, მაგრამ ძალიან მინდა შეიცვალოს. ყველაზე ცუდი მაინც ის არის, რაც ამ ქვეყანას გაუკეთეს, თავიაანთი ქმედებით. ახალი მთავრობისგან ველოდებით უფრო გონივრულ ნაბიჯებს და ამ ქვეყანის სწორ გზაზე დაყენებას“, – ამბობს მოხისის დევნილთა დასახლებაში მაცხოვრებელი.

მოსახლეობის ნაწილი თვლის, რომ პოლიტიკა მისი საქმე არ არის, თუმცა ქვეყანაში უკეთესი მომავალი სურს და არჩევნებზე მისვლასაც სწორედ ამ მიზნით აპირებს.

„პოლიტიკაში არ ვერევი, რამდენჯერაც ჩავერიე ჩემთვის არასასიამოვნოდ დასრულდა, ძალიან პატრიოტი ვარ და მინდა ცხოვრება უკეთესობისკენ წავიდეს. მოლოდინები ნაკლებად მაქვს. იმედს ვიტოვებ უკეთესობისკენ შეიცვლება, თუმცა ყველას საარჩევნო დაპირებები აქვს, რაც შემდეგ მივიწყებას ეძლევა და რეალურად არაფერი კეთდება“, -ამბობს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვრის მკვიდრი.

ერთ-ერთი აქტუალური საკითხი რეგიონში ემიგრანტების დაბრუნებაა. მაგალითად, სოფელ აძვში გასული წლების მონაცემებით, 450-მდე ოჯახიდან 20-მდე  წევრი საცხოვრებლად ან სამუშაოდაა საზღვარგარეთ წასული.

„ველოდები უკეთეს ცხოვრებას, ყველა ემიგრანტი, რომ დაბრუნდეს სახლში. მე მგონია, რომ აუცილებლად შეიცვლება ეს მთავრობა, ამისთვის მე პირადად წავალ არჩევნებზე და დავაფიქსირებ ჩემ ხმას. ძალიან მაღელვებს ჩემი ქვეყნის ბედი, გულით მინდა ხვალ უკეთესი დილა გათენდეს. როდესაც ეს მთავრობა მოდიოდა მეგონა ყველაფერი შეიცვლებოდა და აქტიურად ვუჭერდი მხარს, მაგრამ იმედები გამიცრუვდა. ახლა უკვე ვფიქრობ ტყუილების და დაპირებების გარდა, რა გაუკეთებიათ ჩემი ქვეყნისთვის, ალბათ – არაფერი. საშინლად იმედგაცრუებული ვარ და მინდა მალე წავიდნენ ჩემი ქვეყნის ხელისუფლებიდან. ახალი ძალა სჭირდება ამ ქვეყანას, რომელიც ძირეულ ცვლილებებსა და რეფორმებს გაატარებს, უკეთეს მომავალს შეუქმნიან ჩვენს ახალგაზრდებს, რათა შეწყდეს ქვეყნიდან ამდენი ტვინის გადინება“, -ამბობენ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში.

მნიშვნელოვანი პროექტები, რასაც მოსახლეობა ბოლო 10 წლიდან გამოარჩევს?

ერთ-ერთი საკითხი, რაც პროექტის მონაწილეებს აინტერესებდათ მოქალაქეებისთვის ბოლო 10 წელში განხორციელებულ გამორჩეულ პროექტს ეხებოდა. გამოკითხულთა უმრავლესობა ძირითადად ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე მიუთითებდა, თუმცა უფრო მეტად მოუგვარებელი პრობლემები ახსენდებოდათ.

„ყველაზე კარგი, რაც გააკეთეს ჩემს სოფელში დააგეს გზა, ყველაზე ცუდი კი ქვეყნის კურსის ცვლილებაა ბოლო პერიოდში. არჩევნების ძალიან მეშინია, ვფიქრობ უბრძოლველად არ ჩაივლის ამ არჩევნების საკითხი, მე აუცილებლად ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ხმის მიცემის პროცესში და ჩემი აზრი დავაფიქსირო.  ერთ-ერთ უბანზე რეგისტრატორადაც ვარ დანიშნული და აქტიურად ვემზადები ამ დღისთვის, ყველაზე კარგი, რაც გაუკეთებიათო მკითხეთ, გამეცინა და ოდნავ იუმორით გიპასუხებთ – გვაოცნებეს ქართული საზოგადოება, ცუდი კი უამრავი შეიძლება ჩამოვთვალო. მთავარი მაინც ბოლო პერიოდში მომხდარი ამბებია მე ეს ღალატად მიმაჩნია და ვერ ვაპატიებ ვერასდროს“, -ამბობენ მერეთის თემში.

გამოკითხვაში ახალგაზრდები, დევნილები, სოციალურად დაუცველები და შუახნის ქალები მონაწილეობდნენ. მათთან საუბრისას გაირკვა რომ რიგ საკითხებზე მათ, ახალ თაობასთან შედარებით, არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ. ნეო ტვ-ს პროექტის მონაწილეებისგან მოსმენილი ფაქტების შემდეგ კი აცხადებდნენ, რომ ქვეყანას განვითარებული საზოგადოება სჭირდება, რისთვისაც მხარდაჭერას ქვეყანა ევროკავშირისა და ამერიკისგან იღებს.

„გვსურს ვიცხოვროთ დემოკრატიულ განვითარებულ საქართველოში. ველოდები სიახლეებს. მჯერა ახალგაზრდები წარმოვადგენთ დიდ ძალას. ჩვენი დაკვირვებით გამოფხიზლდა ქართული საზოგადოება, ვეღარ მოგვატყუებენ ასე ადვილად. დევნილი ვარ და უნივერსიტეტში სწავლის გადასახადი დამიფინანსეს, ესაა ერთადერთი სიკეთე რაც ამ მთავრობისგან მახსენდება, თუმცა ბოლოდროინდელმა განცხადებებმა ყველაფერი გადახაზა. დევნილებს თავზე გვახვევენ აზრს, თითქოს ომი საქართველომ დაიწყო. თითქოს ჩვენ გვინდოდა საკუთარი სახლების დატოვება. საბოდიშო არავისთან გვაქვს, ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა და ღალატი ამ ქვეყნისა და გმირების წინაშე, რაც ახალგაზრდებს გვართმევს განვითარების შანსს“, – ამბობს დევნილი სტუდენტი, ლიახვის ხეობიდან.

რა უნდა გააკეთოს ქვეყანაში ახალმა მთავრობამ უკეთესი ცხოვრებისთვის?

ნეო ტვ-ს პროექტის მონაწილეები, მოლოდინებთან ერთად, პოლიტიკოსების დაპირებებთან დაკავშირებით სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შეფასებებსაც სწავლობდნენ. კეთილდღეობა მათთვის გაზრდილ ხელფასებთან, მომატებულ პენსიასთან და პროდუქტების ფასების დარეგულირებასთან ასოცირდება. 

„მთავრობა უნდა ზრუნავდეს ხალხის კეთილდღეობაზე, ლარი უნდა გამყარდეს, ხელფასები და ფასები უნდა შეესაბამებოდეს ერთმანეთს. საშუალო ხელფასი 600-1000 ლარამდე მერყეობს, მუშაობ მონურად და არ გიფასდება. ყველაფერი დღითიდღე ძვირდება. სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს ეს ფასები. პირობების შექმნა უნდა მოხდეს, რეფორმები გატარდეს. ამდენი ოჯახის, განსაკუთრებით ახალგაზრდების გადინება საზღვარგარეთ საგანგაშოა”, – აღნიშნავენ ხაშურის მუნიციპალიტეტში.

გამოკითხული მოქალაქეების ნაწილი რამდენიმე წლიანი საბანკო ვალდებულებით გამოწვეულ სირთულეებზეც საუბრობს და ახალ მთავრობას კერძო სექტორის მხარდაჭერასაც სთხოვს.

“სესხების განულება ან პროცენტების დაკლება არავის შეუძლია? ეს ძალიან გააძლიერებდა ოჯახებს. ველოდები ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას, სურსათის გაიაფებას, ხალხის დასაქმებას, ჯანდაცვა გახადონ ხელმისაწვდომი, გაჭირვებული ხალხი ვერ ყიდულობს აფთიაქში წამალს”,ამბობს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები.

მოქალაქეთა ნაწილს განათლების სისტემაში რეფორმების განხორციელებაც სურს. ისინი მოუწოდებენ პარტიებს შეიმუშაონ შესაბამისი პროგრამა, რომლის ახალ პარლამენტში დამტკიცებაც სკოლებში სწავლის დონეს გააუმჯობესებს. მათი აზრით,  ზოგადი განათლების მისაღებად, მოსწავლეს რეპეტიტორთან მომზადება და დამატებითი ხარჯების გაღება აღარ უნდა სჭირდებოდეს.

ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია NEO TV და შესაძლოა ის არ გამოხატავდეს ევროკავშირის ან/და ISFED-ის შეხედულებებს.

“მოსალოდნელი საფრთხეები და კიბერთავდასხმები” საარჩევნოდ – ოთარ კვირიკაშვილი

არჩევნებზე დაკვირკვება ახალი უნარებით, მოსალოდნელი საფრთხეები, გამოწვევები და გააქტიურებული ახალგაზრდები – სპეციალურ გადაცემაში, რუსკა ბუზიაშვილთან ერთად.

სტუდიის სტუმარი: უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტი – ოთარ კვირიკაშვილი.

მედიის როლი არჩევნების გაშუქებაში – ნინო ჩიბჩიური

მედიის როლი არჩევნების გაშუქებაში, დეიზნფორმაციის, პროპაგანდის და სიცრუის ტირაჟირების ფონზე – ამ საკითხებზე საუბრობს ჟურნალისტი ნინო ჩიბჩიური, სპეციალურ გადაცემაში – რუსკა ბუზიაშვილთან ერთა

“27 ოქტომბერს “იაკობობა” აღინიშნება თუ არა ჯერ არ ვიცით” – გორის მერია

27 ოქტომბერს, ქართველი მწერლის და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 184 წელი სრულდება, თუმცა სხვა წლებისგან განსხვავებით ეს თარიღი წელს სავარაუდოდ არ აღინიშნება. “იაკობობის” დღესასწაულს ტრადიციულად მის მშობლიურ სოფელ ვარიანში მასპინძლობენ, თუმცა 2024 წელი შესაძლოა ამ მხრივ გამონაკლისი იყოს და ღონისძიებები არ ჩატარდეს, მიზეზი 26 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებია.

“ზუსტად არ ვიცით, “იაკობობა წელს სავარაუდოდ არ ჩატარდება” – უთხრა NEO TV -ს გორის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა რამაზ შიოშვილმა.

“იაკობობის” დღესასწაული გასულ წლებში ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის პირველ კვირაშიც ტარდებოდა, თუმცა წელს, გორის მერიაში არა თუ თარიღის დაზუსტება უჭირთ, არამედ არ იციან, საერთოდ აღინშნავენ თუ არა ამ დღესასწაულს, 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ.

გადაცემა “ფაქტი” – შოთა ბუჩუკური

რაც უფრო ცოტა დრო რჩება არჩევნებამდე, მით მეტად მატულობს დეზინფორმაცია, იმისთვის, რომ მოქალაქეებში გაურკვევლობა, შიში და დაძაბულობა დათესონ. უიმედო ადამიანები ხშირად უარს ამბობენ არჩევნებში მონაწილეობაზე და ქვეყნის მომავალს სხვა ჯგუფებს ანდობენ.

სწორედ არსებულ ვითარებასა და ამომრჩევლის აქტივობის მნიშვნელობაზე საუბრობს YCCD Georgia – ს წარმომადგენელი შოთა ბუჩუკური, გადაცემაში “ფაქტი”.

გადაცემა მომზადებულია European Union in Georgia ევროკავშირის მხარდაჭერით, სამართლიანი არჩევნები (ISFED)ს პარტნიორობით.

ახალგაზრდების როლი არჩევნებში – გიორგი ოგანესიანი

არჩევნებზე დაკვირვების გამოცდილება სხვადასხვა ქვეყანაში და საქართველოში არსებული ტენდენციები კენჭის ყრის დღეს – სპეციალურ გადაცემაში რუსკა ბუზიაშვილთან ერთად, “სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენელი, გიორგი ოგანესიანი განიხილავს.