საარჩევნო ხმების ხელახლა გადათვლისას ქარელში გამოვლენილ უზუსტობებს სწავლობენ. საარჩევნო უბნები ლოტოტრონის პრინციპით შეირჩა, სადაც ხმების ხელახალი გადათვლა მიმდინარეობს. როგორც NEO TV – ს დამკვირვებელი ადგილიდან იტყობინება ხმების გადათვლის პროცესს მხოლოდ ერთი ოპოზიციური გაერთიანების, “ძლიერი საქართველოსთვის” წარმომადგენელი ესწრება.
“გამოვლინდა გადასწორებული ბიულეტენები, ერთ შემთხვევაში ხმა ვერიფიკაციის გარეშე მიაცემინეს, ჯერჯერობით მიმდინარეობს პროცესი 5 უბანზე და რა თქმა საჭიროების შემთხვევაში დაიწერება საჩივარი,”-აღნიშნა NEO TV-ს დამკვირვებელმა.
“გარდა იმ სიბინძურისა, რასაც “ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნო კამპანია უწოდა, ასევე ცხადად ვხედავთ უტიფარ დაცინვას საკუთარი მოსახლეობის”- ასე გამოეხმაურა კოალიცია ცვლილებებისთვის” წარმომადგენელი გორში საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის განცადებას, ოპოზიციის მხრიდან ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ბრალდების შესახებ”.
“ქართული ოცნება მორალურადაც,ინტელექტუალურადაც , ღირსების და სხვა ყველა მიმართულებით არ იმსახურებს არანაირ პატივისცემას და მხარდაჭერას და მისი ადგილი მხოლოდ საქართველოს ისტორიის სამწუხარო მოვლენების სიაშია”, -აღნიშნა მინდია გოდერძიშვილმა.
სოფელ ვარიანის საარჩევნო უბანზე ხალხს ავალებენ “ქართული ოცნების” სასარგებლოდ გააკეთონ არჩევანი და ეს ფაქტი კაბინიდან გამოსვლისას გამოაჩინონ. ამის შესახებ ხმის მისაცემად უბანზე მისული ერთ-ერთი ამომრჩეველი საუბრობს, რომელიც აცხადებს, რომ უბანთან მსოფლიო ჩემპიონი, გიორგი კანდელაკი თავის ხალხთან ერთადაა მობილიზებული და სიტუაციას ადგილზე აკონტროლებს.
“გარეთ დგას გიორგი კანდელაკი და ავალებს ხალხს, რომ კაბინიდან გამოსვლისას, ბიულეტენი კონვერტში ისე მოათავსონ, რომ გაფერადებული 41 ჩანდეს. ეუბნებიან, რომ აუცილებლად უნდა ჩანდეს მათ მიერ დაფიქსირებული არჩევანი, რადგან ამას უბანზე მათი წარმომადგენლები აკონტროლებენ”, -აღნიშნა ადგილობრივმა აქტივისტმა.
ოპოზიციის ინფორმაციით, ადგილზე სამართალდამცავები გამოიძახეს.
“გახარია-საქართველოსთვის” წარმომადგენელი გორში აცხადებს, რომ რამდენიმე უბანზე გამოიკვეთა მარკირების წესის დარღვევის ფაქტი. კერძოდ, მამუკა ფანიაშვილის თქმით, მარკირებას ზოგიერთ ამომრჩეველს მარცხენა ხელზე უკეთებენ, რომ შემდეგ მას სხვა უბანზეც ჰქონდეს ხმის მიცემის საშუალება.
“მნიშვნელოვანია, რომ დამკვირვებლებმა მარკირებას მიაქციონ ყურადღება, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ამას პირდაპირ არ ითხოვს კარგი იქნება, რომ ნაკადის მომწესრიგებელმა ამომრჩეველს ორივე ხელი შეუმოწმოს”, -აცხადებს მამუკა ფანიაშვილი.
ქარელის მერმა საკუთარი არჩევანი გააკეთა.ზაზა გულიაშვილმა ხმა სოფელ ბრეთში გახსნილ უბანზე მისცა. ადგილობრი დამკვირვებლის ინფორმაციით, ხმის მისაცემად ქარელის მერი უბანზე 20 ადამიანთან ერთად შევიდა.
ოპოზიციის განცხადებით, აგიტაცია შენობის შესასვლელში მიმდინარეობს. უბანზე შესულ ამომრჩევლებს ეუბნებიან, რომ არჩევანი მმართველი გუნდის სასარგებლოდ გააკეთოს.
“ხმის ფარულობა დაირღვა, ამომრჩეველმა ღიად შემოხაზა 41 ნომერი, რაზეც კომისიის თავმჯდომარეს რეაგირება არ ჰქონდა” – აცხადებს ოპოზიციის ადგილობრივი წარმომადგენელი.
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ აძვში საარჩევნო პროცესი დილიდან აქტიურად მიმდინარეობს. 32-ე უბანზე 1476 ამომრჩეველია რეგისტრირებული, აქედან 70 – მა უკვე გააკეთა საკუთარი არჩევანი.
აძვში არჩევნები ძველი წესით ტარდება და მოქალაქეებს ჯერჯერობით რაიმე სახის დაბრკოლება არ შექმნიათ.
შიდა ქართლში ზოგიერთი საარჩევნო უბანი რამდენიმე წუთის დაგვიანებით გაიხსნა. გორის 32 – ე ოლქში 2 უბანზე ბიულეტენების ზედმეტად გაცემის მცდელობა დაფიქსირდა. ერთი შემთხვევა სოფელ სკრაში, 59-ე უბანზე გამოვლინდა. მეორე – გორის მესამე სკოლის შენობაში გახსნილ მე-6 უბანზე. Neo TV – ს ინფორმაციით, ფაქტი მას შემდეგ აღკვეთეს, რაც ამის შესახებ დამკვირვებლებმა მიუთითეს.
წინასაარჩევნო პერიოდში თანაბარი პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად მნიშვნელოვანი როლი ენიჭება საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, თუმცა ამ ინსტიტუტის მიმართ პოლიტიკური გაერთიანებების მხრიდან არჩევნებამდე არაერთი პრეტენზია ისმოდა.
როგორია Com Com – ის დამოუკიდებლობის მაჩვენებელი წინასაარჩევნოდ და რამდენად საფუძვლიანია მისი ხელმძღვანელის მიმართ გამოთქმული კრიტიკა ტენდენციური გადაწყვეტიებების შესახებ, ამ საკითხებზე პასუხების მოსაძლიებლად რამდენიმე ფაქტის განხილვაც საკმარისია.
კახა ბექაური, რომელიც 2014 წლიდან საქართველოს კომუნიკაციების კომისიის წევრი და ამჟამად მისი თავმჯდომარეა, ბოლო წლებში მილიონერი გახდა. ამის შესახებ წინასაარჩევნო პერიოდში არაერთი განცხადება გაკეთდა, რა დროსაც წესით დამოუკიდებელ კახა ბექაურს, რეალურად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერად მოიხსენიებდნენ. როგორც ფაქტების მოკვლევის შედეგად გაირკვა, მისი საქმიანობა ხშირად დაკავშირებულია ოპოზიციური პარტიებისთვის გარკვეული შეზღუდვების დაწესებასთან. ერთ-ერთი ბოლო შეზღუდვა უკავშირდება სწორედ მმართველი პარტიის წინასაარჩევნო რეკლამების ეთერში გაშვების ვალდებულებას, რასაც კრიტიკოსები მმართველი პარტიის სასარგებლო ქმედებად აფასებენ.
ბექაურის ფინანსური მდგომარეობა, რომელიც კომისიაში დანიშვნის შემდეგ მკვეთრად გაუმჯობესდა, ეჭვის ქვეშ დგას და გარკვეულ კითხვებს ბადებს მისი მიკერძოებულობის შესახებ.
როგორ შეიცვალა ბოლო წლებში კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელის ქონებრივი მდგომარეობა და რას უკავშირდება მისი ტენდენციური მიდგომები გარკვეული მედიასაშუალებების მიმართ? – ამ საკითხების გასარკვევად კახა ბექაურის სახელთან დაკავშირებული მონაცემები ღია წყაროების საშუალებით გადავამოწმეთ.
კახა ბექაური 2017 წლიდან ხელმძღვანელობს საქართველოს კომუნიკაციების კომისიას და ფლობს 33%-ს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი სუპერმარკეტების ქსელის, “ორი ნაბიჯის,” აქციებიდან. მისი შემოსავლის უდიდესი ნაწილი სწორედ “ორი ნაბიჯის” დივიდენდებიდან მოდის, რაც 2023 წელს, 18.2 მილიონი ლარს მიაღწია, ხოლო 2022 წელს ამ თანხამ 14.8 მილიონი ლარი შეადგინა. ეს კი დამატებით 3.3 მილიონი ლარის მატებას ნიშნავს. ამავე პერიოდში, ბექაურმა აღნიშნული კომპანიის საწესდებო კაპიტალში 9.1 მილიონი ლარი შეიტანა, რაც დეკლარაციის ერთ-ერთ უმსხვილეს ხარჯად არის აღნიშნული.
ბექაურმა “ორი ნაბიჯიდან” დივიდენდის სახით 2020-2023 წლებში მთლიანობაში 45.6 მილიონი ლარი მიიღო, რაც ყოველწლიურად ასე ნაწილდება: (https://shorturl.at/9mJzN)
როგორც მისივე დეკლარაციებიდან ჩანს, მისი ქონება 2021-2024 წებშუ 4 ჯერ გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის პოზიციაზე ბექაურის წლიური ანაზღაურება 2023 წელს 202,000 ლარს შეადგენდა, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად საჯარო პირად აქცევს. 32-გვერდიან დეკლარაციაში მისი და მისი მეუღლის სახელზე რეგისტრირებული ქონება 22 ბინით და 13 მიწის ნაკვეთითაა წარმოდგენილი.
2024 წელს ბექაურის მეუღლემ, ეკატერინე ბერიძემ, დამატებით შეიძინა სამი ბინა, რომელთა საერთო ღირებულება 700,000 დოლარს აჭარბებს. მათ შორისაა:
ბინა ასათიანის ქუჩაზე (126 კვ.მ) 203,000 აშშ დოლარად,
ბინა ასათიანის ქუჩაზე (126 კვ.მ) 201,000 აშშ დოლარად,
ბინა ჭავჭავაძის გამზირზე (69 კვ.მ) 300,000 აშშ დოლარად.
მოძრავ ქონებაში კახა ბექაურის მფლობელობაშია 7 მსუბუქი ავტომობილი, რომელთა შორის ყველაზე ძვირადღირებული მოდელები მოიცავს:
Range Rover Autobiography – 602,000 ლარი (2022 წელს შეძენილი),
Porsche Panamera GTS – 372,000 ლარი (2022 წელს შეძენილი),
Land Rover Defender – 326,000 ლარი (2023 წელს შეძენილი).
დეკლარაციის მიხედვით, ბექაურის საბანკო ანგარიშებზე ნაშთი 7.7 მილიონ ლარს აღემატება. აქვე მითითებულია, რომ მისი პორტფელი მოიცავს ისეთი კომპანიების აქციებს, როგორიცაა Spotify და Airbnb, რომელთა შეძენას მან 2022-2023 წლებში 599,000 დოლარი მოახმარა.
ბექაურის მეუღლე, ეკატერინე ბერიძე, მუშაობს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში” და “რუსთავის წყალში” კომუნიკაციების დირექტორის პოზიციაზე, სადაც მისი ყოველწლიური ანაზღაურება 290,000 ლარს შეადგენს. დეკლარაციაში ასევე დაფიქსირებულია მსხვილი ხარჯები, მათ შორისაა 51,000 ევროს ღირებულების საყიდლები, 134,000 ლარის ავიაბილეთები, 50,000 დოლარის სამოგზაურო ხარჯები და სასროლეთის მოწყობაზე დახარჯული 109,000 ევრო.
კახა ბექაურის ფინანსური წარმატების ანალიზისას რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი იკვეთება, რომელიც მის პოლიტიკურ კავშირებსა და ფინანსურ კეთილდღეობას კორუფციულ რისკებთან აკავშირებს.
ბექაურის კარიერა და მისი გავლენა კომუნიკაციების კომისიაში მიუთითებს მჭიდრო კავშირებზე მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“. კომისიის თავმჯდომარის როლში მან პოლიტიკურად და ეკონომიკურად მნიშვნელოვანი სექტორის, კომუნიკაციების რეგულირების, მმართველობა ჩაიბარა, რაც მნიშვნელოვან ძალაუფლებას უკავშირდება და, შესაბამისად, პარტიული მხარდაჭერის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა. ასეთმა მჭიდრო კავშირმა, შესაძლოა, მის საქმიანობას მეტი პოლიტიკური წონა მიანიჭა და გარკვეული გადაწყვეტილებების სანდოობაც ეჭქვეშ დააყენა.
ბექაურის ქონებრივი დეკლარაცია აჩვენებს მნიშვნელოვან ფინანსურ წარმატებას, რომლის ძირითადი წყარო არის „ორი ნაბიჯიდან“ მიღებული დივიდენდები. მიუხედავად იმისა, რომ ეს კერძო ბიზნესიდან მიღებული შემოსავალია და კანონიერია, მისი თანამდებობრივი შემოსავლები და დივიდენდებით მიღებული სარგებელი სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მყოფი პირებისთვის დამახასიათებელ საშუალო სტანდარტს მნიშვნელოვნად აღემატება. ეს კი ქმნის სიღრმისეულად გამოკვლევის საჭიროებას, რათა გამორიცხული იყოს თანამდებობის ბოროტად გამოყენება პირადი ფინანსური ინტერესების განსამტკიცებლად.
ბექაურის საქმიანობის ანალიზისას მნიშვნელოვანია მისი შემოსავლისა და ქონებრივი ზრდის გამჭვირვალობა და შესაბამისობა. საჯარო სამსახურში მაღალანაზღაურებადი თანამდებობის მქონე პირი, რომელსაც ამავე დროს აქვს მაღალი დივიდენდები და სერიოზული კომერციული საქმიანობა, შესაძლებელია, იყოს სუსტი წერტილი კორუფციული რისკების მხრივ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამგვარი ფინანსური ზრდა ბუნდოვანი ხდება საჯარო და კერძო ინტერესების გადაკვეთის ფონზე.
მოძიებული მონაცემებიდან ირკვევა, რომ ბექაურის ფინანსური კეთილდღეობა და მის პოლიტიკურ გავლენასთან დაკავშირებული ფაქტორები შესაძლოა, გარკვეულწილად უკავშირდებოდეს კორუფციული რისკების შესაძლებლობას. მისი საქმიანობის და შემოსავლების გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საჯარო სარგებელი პირადი ინტერესებიდან მკაფიოდ იყოს გამიჯნული. რათა გამორიცხული იყოს ძალაუფლების არაკანონიერი გამოყენება ფინანსური სარგებლის მისაღებად, ამ საკითხის გამოძიება უკვე სამართალდამცავი ორგანოების პრეროგატივაა.
სტატია მომზადებულია დანიის სამეფოს “ახალი დემოკრატიის ფონდის” მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში
კოალიცია “ძლიერი საქართველოსთვის” წარმომადგენელი გორში აცხადებს, რომ ჯარისკაცებს პირადობის მოწმობები ჩამოართვეს და ამ გზით, მათ 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უფლებას უზღუდავენ. გელა შარვაშიძე კონკრეტულ ფაქტზე მიუთითებს და სადამკვირვებლო მისიებს განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენას დახურულ საარჩევნო უბნებზე სთხოვს.
“მოხდა ფაქტი – ჯარისკაცებს ჩამოართვეს პირადობის მოწმობები და რომ ეკითხებიან, როდის დაუბრუნებენ, ზემდგომები პასუხობენ, რომ – 26 ოქტომბრის შემდეგ. თუ გვაქვს რაიმე ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ მსგავსი ბარიერების აღსაკვეთად, დახურულ ზონებში გვყავდეს ჩვენი წარმომადგენლობა, თუ არა და მოვუწოდოთ ეუთოს დამკვირვებლებს, რომლებიც გააკონტროლებენ ამ ყველაფერს, რადგან ძალიან ბევრი ხმა იქნება იქიდან გატაცებული. მინდა ვთხოვო ყველას, ამაზე გაამახვილონ ყურადღება, რადგან დახურული ზონებიდან ხმათა დიდი რაოდენობა მიდის”, -აცხადებს გელა შარვაშიძე.
მოქალაქეთა ნაწილს ატყუებენ, რომ მათ საარჩევნო ხმებს გააკონტროლებენ, რაც ფიზიკურად შეუძლებელია.
მიმდინარეობს პირადობების მოწმობების შეგროვება და კონკრეტულ ლოკაციებზე რეგისტრირებული ამომრჩევლების ადგილსამყოფელის აღწერა, რაც მიუთითებს მოსალოდნელ გადაცდომებზე, რომელთა აღმოსაფხვრელად საჭიროა ერთობლივი რესურსებით, სათანადო რეაგირება.
ეს იყო მთავარი თემები, რომლებიც გორში, “ქართული მედია ჯგუფის” ინიციატივით გამართულ საკოორდინაციო შეხვედრაზე განიხილეს. შეხვედრას ოპოზიციური პარტიების ადგილობრივი ლიდერები ესწრებოდნენ, რომლებმაც მოსახლეობის განწყობები გაახმაურეს და მათი დაკვირვებით გამოკვეთილი, მოსალოდნელი გამოწვევები დაასახელეს.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის, ბექა ქორჩილავას ინფორმაციით, მოქალაქეთა ნაწილს პირადობების მოწმობები გამოართვეს და მათზე გარკვეულ ზემოქმედებებს ახდენენ.
“ქართული ოცნებისთვის უკვე კარგად აპრობირებული მეთოდია ყალბი პირადობებით სხვადასხვა უბანზე ერთი და იგივე ადამიანების მიყვანა და ამ ფორმით არჩევნების გაყალბება. განსაკუთრებით ეს ხდება საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლებში. ჩვენი ინფორმაციით, წელსაც „ქართული ოცნება“ აპირებს სხვადასხვა გზით არჩევნების გაყალბებას, თუმცა ოპოზიცია, ერთიანი ძალებით შევეცდებით თითოეული ამომრჩევლის ხმის დაცვას”,-აღნიშნა ბექა ქორჩილავამ.
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში პროცესების გართულებას ოპოზიცია ყველაზე მეტად ელოდება. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სხვა უბნებისგან განსხვავებით, აქ კომუნიკაციის პრობლემებიცაა მოსალოდნელი, რადგან რიგ სოფლებში რუსული ბაზების მდებარეობიდან გამომდინარე, მობილურ ტელეფონს და ინტერნეტს მუშაობა უჭირს.
“კომუნიკაციის პრობლემების გარდა ამ მხარეში ყველაზე მეტი ყურადღების გამოჩენა გვმართებს ისეთ სოფლებში, სადაც მაღალჩინოსნების ოჯახები ცხოვრობენ. მაგალითად, პარლამენტარი გიორგი სოსიაშვილი დიციდანაა, სუსის უფროსი ოთარ ნონიკაშვილი – ხიდისთავიდან და ა.შ. ჩვენ შეგვიძლია ასეთი უბნები დავასახელოთ და განსაკუთრებული ყურადღება გამოვიჩინოთ. ტირძნისი, ტყვიავი, ფლავი – აქ მათ თავის წარმომადგენლობა ჰყავთ, სადაც მოსახლეობასთან ზეწოლებს მოახდენენ, მაგრამ ხალხის ნებას ვერ აღუდგებიან და ამიტომაა მნიშვნელოვანი რომ ბევრი ადამიანი მივიდეს 26 ოქტომბერს საარჩევნო უბანთან”,– ამბობს ოპოზიციის წარმომადგენელი, გელა შარვაშიძე.
საოკუპაციო ხაზის სოფლებში საარჩევნოდ კიდევ ერთი ბარიერი დასახელდა. სტუდენტების ნაწილმა სწავლის დაფინანსების მიღების გამო თავის დროზე ამ მხარეში მოახდინეს რეგისტრაცია, რეალურად კი სხვა ქალაქებსა თუ სოფლებში ცხოვრობენ. ოპოზიცია ვარაუდობს, რომ უმრავლესობა რეგისტრაციის მისამართზე ჩასვლას ვერ მოახერხებს და მათი ხმების გამოყენებაც წინასწარ იქნება განსაზღვრული.
“საოკუპაციო ხაზის სოფლებში ადამიანები თავის დროზე ჩაწერილები არიან იმ მიზნით, რომ სწავლის გადასახადის განახევრებით ან სახელმწიფო დაფინანსებით ესარგებლათ, ბუნებრივია ამ ოჯახებს დასაბრუნებელი აქვთ ეს ვალი სახელმწიფოსთვის. დარწმუნებული ვარ ეს ახალგაზრდები ამ სოფლებში არ მივლენ ხმის მისაცემად და ეს ხელისუფლებისთვის იქნება კარგი საშუალება ამ ადამიანების ნაცვლად „ხმა სხვამმისცეს”, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დამკვირკვებლები იყვნენ ყურადღებით, რომ უბანზე შესული პიროვნება ხმას აძლევდეს რეალურად მისი პირადობის მოწმობით, ან შეიძლება სახელი და გვარი ემთხვეოდეს მაგრამ სხვა სურათი იყოს პირადობაზე, ამიტომ ასეთი დეტალები მაქსიმალურად უნდა გავაკონტროლოთ”,- აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენელმა მამუკა ფანიაშვილმა.
ოპოზიციის ადგილობრივი წარმომადგენლების განმარტებით, ბოლო პერიოდში ფსიქოლოგიური ზეწოლის შემთხვევებიც ფიქსირდება, რაც მათივე შეფასებით, მოქალაქეთა საარჩევნო განწყობებს უკავშირდება.
“ფსიქოლოგიური ტერორი, რასაც საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტზე ახორციელებენ, გამომდინარე ასაკიდან, ლოკაციიდან და ა.შ. მიმართულია არჩევნების გაყალბების მცდელობისკენ, რომ იქნებ რამენაირად საკუთარ ყულაბაში რაც შეიძლება მეტი ხმა მოათავსონ, თუმცა ძალიან დარწმუნებით შემიძლია მოგახსენოთ, რომ აბსოლუტურად ფუჭი ქმედება იქნება, რადგან ვხვდებით მოსახლეობას და ვხედავთ, რომ ძალიან ვიწყო წრის გარდა, ანუ იმ ადამიანების და მათი ოჯახების გარდა, ვინც ბიუჯეტზე საკუთარი ჯიბეებით არიან მიბმულები, ანუ ჭიპლარებით დაკავშირებული, რეალურ მხარდამჭერი ხელისუფლებას არავინ დარჩა”, -აცხადებს ოპოზიციის წარმომადგენელი, მინდია გოდერძიშვილი.
საკოორდინაციო შეხვედრაზე ოპოზიცია შეთანხმდა, რომ 26 ოქტომბერს, თითოეული მოქალაქის ხმის დასაცავად, ერთმანეთთან მჭიდრო კომუნიკაციით იმოქმედებენ და ე.წ. რთულ უბნებზე, მოსალოდნელი გამოწვევების აღმოფხვრას, ერთობლივი რესურსით შეეცდებიან.
ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია NEO TV და შესაძლოა ის არ გამოხატავდეს ევროკავშირის ან/და ISFED-ის შეხედულებებს.