მთავარი Blog გვერდი 8

“რუხი ზონა” – ჰიბრიდული ომის შესახებ გორში დისკუსია გაიმართა

“ჰაკერები თავისუფალი ხალხია. ისინი ჰგვანან ხელოვანებს, რომლებიც თუ კარგ ხასიათზე არიან, დილით დგებიან და იწყებენ ხატვას. ჰაკერებიც ასე არიან. დილით იღვიძებენ, კითხულობენ საერთაშორისო საქმეებში განვითარებულ მოვლენებს და თუ პატრიოტული აზროვნება აქვთ, მაშინ ცდილობენ თავიანთი წვლილი შეიტანონ ისე, როგორც მათ მიაჩნიათ სწორად მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში” – რუსეთის პრეზიდენტის ამ სიტყვებით იწყება ვიდეომასალა, სახელწოდებით “რუხი ზონა”, რომელიც GMG-ს და Neo Tv – ს ერთობლივი თანამშრომლობით მომზადდა.

დეზინფორმაცია-პროპაგანდის შედეგებსა და რუსეთის ჰიბრიდული ომის სართხეებზე დისკუსია დღეს გორელ ახალგაზრდებთან მოეწყო. მათი განმარტებით, ყალბი ამბების გავრცელება და შემდეგ მათი ასახვა საზოგადოებაზე მნიშვნელოვნად აზიანებს დემოკრატიულ პროცესებს ქვეყანაში, გამოსავალს კი ახალი თაობა ამ მხრივ მედიაწიგნიერებაში ხედავს.

“რუხი ზონა” ნათლად ასახავს ყველა იმ ეტაპზს, რასაც საქართველოს მოქალაქეებზე ფსიქოლოგიური მანიპულაციებისთვის რუსეთი ამ დრომდე აქტიურად იყენებს. გამოწვევების დაძლევის შესაძლებლობები ამ სფეროს სპეციალისტებმა 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზეც მიმოიხილეს, რომელიც NEO TV – ს გუნდმა დანიის სამეფოს “ახალი დემოკრატიის ფონდის” (NDF) მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში გამართა.

Neo Tv -ს აღნიშნული აქტივბები გერმანული და ფრანგული მედიების ობიექტივშიც მოექცა.

NeoFest-2024 ჯილდოს მფლობელი ლიკა მზარეულიშვილი გახდა

NeoFest-2024 ჯილდო ლიკა მზარეულიშვილს გადაეცა. კონკურსის თემა წელს, ქვეყნის დემოკრატიისა და ევროინტეგრაციის გზაზე არსებულ გამოწვევებს და მათი დაძლევის შესაძლებლობებს ეხებოდა.

ლიკა მზარეულიშვილი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დევნილია და ამბობს, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებს აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით აინტერესებთ. მისი განმარტებით, კოტეჯებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სტაბილურობის გარანტი ევროკავშირია, თუმცა უფროს თაობას ამ მხრივ დეზინფორმაცია-პროპაგანდის შდეგად, ხშირ შემთხვევაში არასწორი დმოკიდებულებები აქვს. სწორედ ასეთი აუდიტორიისთვის აპირებს ლიკა იმ კვლევის შედეგების გაზიარებას, რომელზეც საკონკურსო ნაშრომის მომზადებისას იმუშავა. გამარჯვებული სტატია უახლოეს დღეებში NeoTv.ge – ზე გამოქვეყნდება.

NeoFest გორში ნეო ტვ-ს ინიციატივით, ყოველწლიურად ტარდება (2022 წლიდან) და ის მიმდინარე აქტუალურ საკითხებს მოიცავს. წელს კონკურსი დანიის სამეფოს “ახალი დემოკრატიის ფონდის” (NDF) მხარდაჭერით ჩატარდა, რომელიც ორგანიზატორებმა ადამიანის უფლებების დაცვის დღეს (10 დეკემბერი) მიუძვნეს.

გადაცემა “ფაქტი” – ევროკავშირის სიკეთეები ახალგაზრდებისთვის

როგორ ამოვიცნოთ დეზინფორმაცია, რა გავლენას ახდენს ყალბი ამბები და რა სიკეთეები მოაქვს ევროინტეგრაციას ახალგაზრდებისთვის? – ამ თემაზე საუბრობენ სამოქალაქო განვითარების ახალგაზრდული ცენტრის პროექტის მონაწილეები, გადაცემაში “ფაქტი”, რომელიც დანიის სამეფოს “ახალი დემოკრატიის ფონდის” მხარდაჭერით მომზადდა.

ტრენერთა ტრენინგი მედიაწიგნიერებისა და ადვოკატირების შესახებ

მედიაწიგნიერებისა და ადვოკატირების შესახებ ტრენერტა ტრეინინგი ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში მცხოვრებმა ახალგაზრდებამ, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული და საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებიდან.

“ტრეინინგმა ხელი შეუწყო ახალგაზრდა ლიდერების ცოდნისა და უნარების განვითარებას რათა მათ შეძლონ ადგილობრივ დონეზე ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების განხორციელება დეზინფორმაციის საფრთეების შესახებ და იმოქმედონ როგორც თანატოლგანმანათლებლებმა საკუთარ თემში”, -აღნიშნეს შეხვედრის ორგანიზატორებმა.

პროექტს “ახალგაზრდების მედეგობის გაძლიერება: დეზონფორმაციასთან ბრძოლა და ევროპული მისწრაფებების ხელშეწყობა კონფლიქტით დაზარალებულ და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ თემებში” სამოქალაქო განვითარების ახალგაზრდული ცენტრი, ლიეტუვის განვითარების თანამშრომლობისა და ჰუმანიტარული დახმარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზაციასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლას, ახალგაზრდების მედია წიგნიერებისა და ადვოკატირების უნარების განვითარების გზით.

ტოტალური კონტროლი – ღირსებისა და ზნეობის სახელით

0

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტმა მუშაობა, “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონთა პაკეტის მიღებით დაასრულა. მმართველი გუნდის წარმომადგენელი დეპუტატების განმარტებით, ამით თითქოს ერის ზნეობის დაცვას ცდილობენ, სინამდვილში კი ნაბიჯ-ნაბიჯ კრემლის ნარატივებს იმეორებენ. 

წინასაარჩევნო პერიოდში რეალური პრობლემების განხილვისა და მათი გადაჭრის გზების ძიების ნაცვლად, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები არარსებულ საჭიროებებზე გასცემდნენ დაპირებას და ამ გზით, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობდნენ.

ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო კასპშიც, როდესაც მმართველი გუნდის წარმომადგენლები ადგილობრივებთან “ერთსქსესიანთა ქორწინების” აკრძალვის პირობას დებდნენ, რომელიც საქართველოში ისედაც არ არსებობს.

მსგავსი ნარატივებით თითქოს უნებლიედ, მაგრამ რეალურად მიზანმიმართულად, ხელისუფლება ხალხში ევროკავშირისადმი დისკრედიტაციას ეწეოდა და ამისთვის მითებს და დეზინფორმაციას იყენებდა. ეროვნული ღირებულებების დაცვით და წარსული ტრადიციების “გადარჩენით” თავს ერთადერთ “სამშვიდობო” პოლიტიკურ ძალად ასაღებდა და ამომრჩევლის “გულის მოგებას” შიშისა და დაძაბულობის დათესვით ცდილობდა.

ერთი შეხედვით სიცრუეზე აგებული საარჩევნო კაპანია, სინამდვილეში ზუსტად ახმოვანებდა იმ სამოქმედო გეგმას, რაც მოწყვლად ჯგუფებში სამუშაოდ, კრემლის უსაფრთხოების დოქტრინაშია გაწერილი.

FSB -ს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელსაც ხელს პრეზიდენტი პუტუნი აწერს, კრემლს ზნეობისა და ტრადიციების დამცველ ხელისუფლებად წარმოაჩენს. უფრო მეტიც, ისტორიულ-კულტურული და ტრადიციული ღირებულებების “დაცვა და გადარჩენა” რუსეთში ლაიტმოტივად გასდევს ყველა სტრატეგიულ დოკუმენტს, რომელიც უსაფრთხოების საკითხებს ეხება.

ეროვნულ-კულტურული იდენტობისა და ქრისტიანული ზნეობის დამცველად კრემლი არა მხოლოდ საკუთარ სახელმწიფოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც გვევლინება. მიზანი ერთია, თავდაპირველად შეძლოს საზოგადოების აზრის ფორმირება, რასაც შემდეგ უკვე უფრო დიდი ამოცანის შესასრულებლად გამოიყენებს – მოიპოვოს გავლენა და დაამყაროს კონტროლი სამიზნე ლოკაციებზე.

საქართველოში, 2024 წლის სექტემბერში მიღებული კანონი, რომელიც ეხება “ოჯახური ღირებულებების” დაცვას, ზუსტად ემთხვევა კრემლის პოლიტიკურ ხაზს, რომლისთვისაც მთავარი ფუნდამენტი თითქოს ტრადიციული ოჯახის და ზნეობის გადარჩენაა.

კანონების პაკეტი, რომელიც მთელ რიგ აკრძალვებს ითვალსიწინებს, თვალთმაქცური სახელწოდებით, “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ”, სინამდვილეში საერთოდ არ პასუხობს იმ რეალურ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გამოწვევებს, რომლებიც საქართველოში ოჯახებსა და არასრულწლოვანებს უდგათ. ასეთი გამოწვევებია მაგალითად, სიღარიბე, ინფლაცია, მზარდი ემიგრაცია და ა.შ. კანონების პაკეტი საზიანო და სახიფათოა, რადგან ის სინამდვილეში ცენზურის დაკანონებას, ასევე შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებაში უხეშ ჩარევას მოიაზრებს.

საქართველოს ხელისუფლება ერთის მხრივ ცდილობს “ევროპულ და დასავლურ” ორიენტაციასთან შესაბამისობაში დარჩენას, მეორე მხრივ, ამ პროცესში ხშირად მიემართება იგივე ტრადიციული ღირებულებების ხაზგასმისკენ, რომელსაც სწორედ კრემლი იყენებს და რეალურად, არაფერი აქვს საერთო ტრადიციების შენარჩუნებასთან. აქვე აღსანიშნავია, რომ რუსეთისგან განსხვავებით, ევროკავშირი პატივს სცემს მისი წევრი ყველა ქვეყნის წარსულსა და ღირებულებებს. უფრო მეტიც, მათი გადარჩენისა და შენარჩუნებისთვის არაერთხელ გამოუხატავს სხვადასხვა სახის მხარდაჭერა. 

ევროკავშირი არათუ ებრძვის ოჯახურ ღირებულებებს, არამედ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ოჯახში ძალადობის პრევენციასა და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრებას.

რუსეთი კი არათუ ხელს უწყობს სხვა ქვეყნის ისტორიის შენარჩუნებას, არამედ პირიქით, ანგრევს და ანადგურებს იმ ტერიტორიებს და ხალხის ისტორიას, რომლებზეც გავლენებისა და კონტროლის მოპოვება სურს. 

ამისთვის კი რუსეთის სტრატეგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს კომპონენტს დეზინფორმაციის და მანიპულაციის გამოყენება წარმოადგენს. ის მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებასთან, ტელეარხებთან, სააგენტოებთან და სოციალურ მედიაში პროპაგანდის გამავრცელებელ ჯგუფებთან.


სწორედ მათი უშუალო ჩართულობით ვრცელდება მცდარი მოსაზრებები ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. დეზინფორმატორების განცხადებით, ამ გაერთიანებაში, წევრი სახელმწიფოებისთვის ოჯახური ღირებულებები, ფასეულობები და ტრადიციები უცხოა.

რეალურად, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ოჯახში ძალადობისა და ჩაგვრის წინააღმდეგ პოლიტიკის შემუშავებას და განხორციელებას. ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ პროგრამის ფარგლებში საქართველომ ევროკავშირისგან ასეულობით ათასი ევროს ოდენობის მხარდაჭერა მიიღო.

მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი არ ითხოვს არც საკუთარი წევრი სახელმწიფოებისა და არც მისი მეზობელი ქვეყნებისგან, მათ შორის საქართველოსგან (არც წერილობითი და არც ზეპირი სახით) ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას. ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანა, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონებულია, მოქმედებს საკუთარი მოსახლეობის შეხედულებების (არჩევანის) შესაბამისად. ყველა იმ ქვეყანაში, სადაც დაშვებულია ერთსქესიანთა ქორწინება, გადაწყვეტილება მიღებული იქნა ამ ქვეყნების მოსახლეობის უმრავლესობის მიერ რეფერენდუმის გზით და ეს გადაწყველება არანაირად არაა დაკავშირებული არც ევროკავშირის ვალდებულებასთან და არც სხვა რაიმე მოთხოვნასთან.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არიან ისეთი სახელმწიფოები, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება აკრძალულია: პოლონეთი, ლიეტუვა, ლატვია, სლოვაკეთი და ბულგარეთი. უფრო ნათელი მაგალითისთვის, ხორვატიაში ქორწინება კონსტიტუციაში განმარტებულია, როგორც ქალისა და კაცის თანაცხოვრება.

ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებებიდან ნათლად ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლება საკუთარ ქვეყანაში იმ ნარატივების გამავრცელებლად იქცა, რაც კრემლის მიერ შედგენილ დოქტრინებშია განსაზღვრული. სხვა შემთხვევაში ევროინტეგრაციისკენ ორიენტირებული მთავრობა საკუთარ ამომრჩეველთან, არა თუ სიცრუეზე აგებულ დამახინჯებულ მოსაზრებებს, არამედ, რეალურ ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციას გააჟღერებდა.

სტატია მომზადებულია დანიის სამეფოს “ახალი დემოკრატიის ფონდის” მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში

საქართველოში, საარჩევნო დარღვევების შესასწავლად, EU – ს “ტექნიკური მისია” ჩამოვა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილებით, საქართველოში ევროკავშირის კომისიის “ტექნიკური მისია” ჩამოვა. 

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს საქართველოს საკითხი, სადაც აღინიშნა, რომ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში შესაძლოა უფრო ფართო მანდატი მიენიჭოს. ODIHR ევროკავშირის ოფიციალურ პირებს, სიტუაციის შესახებ ცნობებს მიაწვდის. ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა,  ჯოზეფ ბორელმა სპეციალურ ბრიფინგზე დაადასტურა. 

“2024 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამ მოქმედი ხელისუფლების მიერ ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა დაადასტურა. “ქართული ოცნების” ლიდერებმა ქვეყანა ევროკავშირის გზას დააშორეს, ეწინააღმდეგებიან ქართველი ხალხის მისწრაფებებს, რომ ქვეყანა ევროკავშირის გზაზე იდგეს. ჩვენ ყველას გვსურს, რომ საქართველო დაბრუნდეს ევროპულ გზაზე და ეს მოითხოვს ძალისხმევას. ჩვენ გავაგზავნით მისიას საქართველოში. ვიმსჯელებთ დარღვევებზე, არჩევნები უნდა იქნეს გამოძიებული და ხელისუფლებამ ცვლილებები უნდა განახორციელოს კონკრეტული ქმედებებით. საქართველოს არ შეუძლია წინსვლა გააგრძელოს ევროკავშირთან ურთიერთობაში მკაფიო ცვლილებების გარეშე. ჩვენ მოვიწვევთ ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, რათა წარმოგვიდგინოს მათი მიგნებები არჩევნების დარღვევებზე. ქართველ ხალხს კი მინდა გავუმეორო, რაც ვთქვი წინა წელს ჩემი ვიზიტისას, ევროკავშირის კარი ღია დარჩება, მაგრამ ხელისუფლების კურსი, როცა ეს შეეხება კანონის უზენაესობის პატივისცემას და საბაზისო პრინციპებს, მათ შორის იმას, როგორც ჩატარდა არჩევნები, საქართველოს ევროინტერგაციის გზას აშორებს”, – აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი.

ევროპარლამენტარებმა ისაუბრეს საქართველოს სადავო საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე, მათ შორის რუსეთის სავარაუდო ჩარევაზეც. დებატებზე აღინიშნა, რომ არჩევნები საქართველოში “სერიოზული დარღვევებით” წარიმართა.

“მმართველმა პარტიამ გამოიყენა მის ხელთა არსებული ყველა რესურსი და მოახდინა ომის შიშის ინსტრუმენტალიზაცია. პოზიციონირებდა, როგორც ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს სტაბილურობა და მშვიდობა ქვეყანაში”, – ამბობს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, მარგარიტის შინასი.

ევროკავშირმა საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლას 2024 წლის ივნისიდან უპასუხა, შეამცირა პოლიტიკური კონტაქტები და შეაჩერა კრიტიკული დახმარება (30 მილიონი ევრო ევროპული სამშვიდობო ფონდის დახმარებით და 121 მილიონი ევრო პირდაპირი დახმარება მთავრობისთვის). შედეგად, საქართველოს გაწევრიანების პროცესიც შეჩერდა.

“რეჟიმმა ასევე გაავრცელა დეზინფორმაცია და აცხადებდა, რომ საქართველო პროგრესირებდა ევროკავშირის გზაზე. ეს ტაქტიკა წარმატებული აღმოჩნდა ოპოზიციის წინააღმდეგ, რომელიც შედარებით ფრაგმენტული დარჩა და მსგავსი რესურსები არ გააჩნდა,” – ევროკომისიის სახელით მომხსენებელმა ხაზი გაუსვა ევროპული პასუხის სამ ძირითად პუნქტს.

არჩევნების შემდგომ ევროკავშირმა მკაფიოდ დააფიქსირა თავისი პოზიცია მკაცრი საჯარო განცხადებებით და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას გადახედოს გამოვლენილ სერიოზულ დარღვევებს. შინასის თქმით, საქართველოს ხელმძღვანელობასთან ნებისმიერი მომავალი ხელახალი ჩართულობა განპირობებული იქნება მკაფიო და მკაცრი პირობებით, რაც ასევე ასახულია კომისიის გაფართოების ბოლო ანგარიშში.

“მთავრობამ ხელახლა უნდა შეასრულოს რეფორმების დღის წესრიგი, მათ შორის კომისიის მიერ განსაზღვრული ცხრა ნაბიჯის განხორციელება. მან ასევე უნდა შეწყვიტოს დეზინფორმაცია, ყალბი ამბები და ევროკავშირის მისამართით – სიძულვილის რიტორიკა. კონკრეტული ზომები შეთანხმებას არ ექვემდებარება: უნდა გაუქმდეს კანონი უცხოური გავლენის შესახებ და ე.წ. “ოჯახური ფასეულობების კანონი”. ამ კანონების გაუქმებისა და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების გარეშე საქართველოს შეუძლებელი იქნება გაწევრიანების გზაზე პროგრესი”, – განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.

“საქართველოს ევროპულ გზას ალტერნატივა არ აქვს. პირობები არსებობს და ნათელია: დემოკრატია და კანონის უზენაესობა. რაც უფრო ადრე გაიგებენ ამას თბილისში, მით უკეთესი”, – დაასკვნა მან.

მიუხედავად აღნიშნული მესიჯებისა და დამოკიდებულებებისა, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება პოზიციებს არ ცვლის და ახალი პარლამენტის პირველ შეკრებას 25 ნოემბრისთვის აანონსებს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და მას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.

სტატია მომზადებულია დანიის სამეფოს “ახალი დემოკრატიის ფონდის” მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში

იმუნიზაციამ ბოლო 50 წელში, 150 მლნ-ზე მეტი სიცოცხლე გადაარჩინა – რას შეცვლის ამ პროცესში AI?

დეზინფორმაცია ბოლო პერიოდში ერთ-ერთ აქტუალურ საკითხს წარმოადგენს საქართველოში. დამახინჯებული ამბები და მითები თითქმის ყველა სფეროს აზარალებს და უარყოფით შედეგებს იწვევს მოქალაქეთა ცნობიერებაზე გავლენის მოხდენის გზით. გამონაკლისი არც ჯანდაცვის მიმართულებაა, რაც პანდემიის პერიოდშიც არაერთი მაგალითით დადასტურდა. იყო შემთხვევები, როდესაც დეზინფორმაციით გამოწვეული უნდობლობა, მათ შორის ჯანდაცვის სისტემისადმი, ფატალური შედეგებითაც დასრულდა. ანტივაქსერული მიდგომები განსაკუთრებით გამოხატულია სოფლად, სადაც ნაკლებია როგორც სანდო ინფორმაციაზე წვდომა, ისე ჯანდაცვის არასაკმარისი პერსონალი და ვაქცინების ეფექტური მიწოდებაც კი.

რისთვის გვჭირდება იმუნიზაცია?

მნიშვნელოვანია საზოგადოებას ესმოდეს, რომ ვაქცინების მეშვეობით, იმუნიზაცია აძლიერებს სხეულის იმუნურ სისტემას, კონკრეტული პათოგენების ამოცნობასა და მის წინააღმდეგ ბრძოლას. პროაქტიული მიდგომები ხელს უშლის ინფექციური დაავადებების გავრცელებას და შედეგად უამრავი სიცოცხლის გადარჩენა ხდება შესაძლებელი. ხოლო ვაქცინაციის გაჩენამდე, როგორც მედიცინის დოქტორი, პროფესორი და კომუნიკაციის ექსპერტი ეკა სანიკიძე ამბობს, ინფექციურმა დაავადებებმა და პანდემიებმა უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა გასულ საუკუნეში:

იმუნიზაციის პროგრამებმა ისეთი დაავადებების შემთხვევების მკვეთრი შემცირება გამოიწვია, როგორიცაა წითელა, პოლიომიელიტი, დიფტერია და ყივანახველა და ა.შ. ვაქცინამ ხელი შეუწყო ჩვილთა და ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირებას, რაც საქართველოში ჯანმრთელი და ხანგრძლივი სიცოცხლის აუცილებელი პირობაა.

ბოლო კვლევების თანახმად, იმუნიზაციამ მსოფლიოში, სულ მცირე 154 მილიონი სიცოცხლე გადაარჩინა ბოლო 50 წლის განმავლობაში.

იმუნიზაციის დონე საქართველოში

Covid-19 -ით “მიღებული გაკვეთილების” საპასუხოდ, შესაბამისმა სამსახურებმა და სპეციალისტებმა არაერთი სტრატეგია შეიმუშავეს. განხორციელდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის კამპანიები, რაც მიზნად ისახავდა ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და გავრცელებული მითების აღმოფხვრას. ამ მიმართულებით ხაზგასასმელია საქართველოში წითელი ჯვრის საზოგადოების როლიც, რომელიც მნიშვნელოვან ძალისხმევას იჩენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინიციატივების, მათ შორის ვაქცინაციის პროგრამების მხარდაჭერაში, განსაკუთრებით კი კონფლიქტით დაზარალებულ და დაუცველ თემებში.

თავის მხმრივ გარკვეული ინვესტიცია ჩადო ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში მთავრობამაც და ამ სფეროში ხელი შეუწყო დასაქმებულთა გადამზადებას, ვაქცინაციის სერვისების შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველსაყოფად. ამ მიდგომების კომბინაციით, ქვეყანა ცდილობს გადალახოს იმუნიზაციის ბარიერები და ხელი შეუწყოს მოსახლეობის ჯანმრთელობას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, საქართველომ ბოლო წლებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია იმუნიზაციის მოცვის კუთხით, თუმცა გამოწვევები მაინც რჩება, განსაკუთრებით კი რთულად მისასვლელ დასახლებებსა და მარგინალიზებულ მოსახლეობაში. მიუხედავად იმისა, რომ იმუნიზაციამ მნიშვნელოვნად შეამცირა ინფექციური დაავადებების ტვირთი, არსებული ბარიერები თავის მხრივ მაინც ახდენს გავლენას, ვაქცინაციის მაჩვენებელზე და საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე.

ძირითადი პრობლემები

არსებული გამოწვევების შესწავლისას გამოიკვეთა, რომ საქართველოში იმუნიზაციის პრობლემებს ძირითადად შემდეგი სახის დაბრკოლებები ქმნის:

  • სერვისებზე დაბალი ხელმისაწვდომობა
  • გეოგრაფიული ბარიერები
  • ფინანსური შეზღუდვები და ეკონომიკური უთანასწორობა
  • ინფორმაციის ნაკლებობა და დეზინფორმაცია

უახლესი ტექნოლოგიების როლი ბარიერების აღმოფხვრის პროცესში

თანამედროვე მსოფლიოში ტექნოლოგიების უსწრაფესმა განვითარებამ  არაერთი სერიოზული პრობლემა გადაჭრა. მისი დანერგვა და გამოყენება მკვეთრად გაიზარდა სხვადასხვა ინდუსტრიაში, მათ შორის – ჯანდაცვის სფეროშიც. ტექნოლოგიები ექიმებს დიაგნოსტიკაში, მკურნალობის დაგეგმვასა და სამედიცინო კვლევებში ეხმარება. ამასთან, ახალი ტექნოლოგიები აუმჯობესებენ ეფექტურობას, ამცირებენ ხარჯებს და სამყაროში ახალ შესაძლებლობებს ქმნიან.

მაგალითად, ხელოვნური ინტელექტის (AI) შესაძლებლობების გამოყენებით, საქართველოს შეუძლია რევოლუცია მოახდინოს იმუნიზაციის პროგრამებში და მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ვაქცინაციის მაჩვენებლები. მეტი კონკრეტიკისთვის განვიხილოთ თითოეული პრობლემის გადაჭრის პოტენციური შესაძლებლობა AI – ის გამოყენებით.

AI-ის ლოგისტიკა: ალგორითმების საშუალებით შესაძლებელია ვაქცინის მიწოდების მარშრუტების ოპტიმიზაცია, რაც უზრუნველყოფს დროულ განაწილებას ყველაზე რთულად მისასვლელ ადგილებშიც კი.

დაავადების ადრეული გამოვლენა: მოსახლეობის მონაცემებისა და ვაქცინაციის ტენდენციების გაანალიზებით, AI-ს შეუძლია პოტენციური აფეთქებების პროგნოზირება და რესურსების პროაქტიულად განაწილება. AI-ზე მომუშავე ინსტრუმენტები შესაძლებელს გახდის მონაცემთა ბაზების უმოკლეს დროში გაანალიზებას, ეპიდემიის ადრეული ნიშნების გამოსავლენად, რაც უზრუნველყოფს სწრაფ რეაგირებას და პრევენციული ღონისძიებების გატარებას.

ხარჯთეფექტური გადაწყვეტილებები: AI შესაძლებელს გახდის რესურსების განაწილების ოპტიმიზაციას და იმუნიზაციის პროგრამების საერთო ხარჯების შემცირებასაც.

დეზინფორმაციის განეიტრალება: AI გააანალიზებს სოციალურ მედიას, გამოკითხვებს და სხვა საჯარო მონაცემებს, რათა გამოავლინოს ზოგადი ტენდენციები და ის სფეროები, სადაც ვაქცინაციის ყოყმანის ალბათობა მაღალია. ეს საშუალებას მისცემს ჯანდაცვის ორგანოებს პროაქტიულად მიმართონ შესაბამისი საინფორმაციო კამპანიები. გარდა ამისა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა მნიშვნელოვნად გააძლიერებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ძალისხმევას საჭირო დროს შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების თვალსაზრისით.

რეალურ დროში მონიტორინგი:  AI-ს შეუძლია ასევე ვაქცინაციის მაჩვენებლების თვალყურის დევნება, დაფარვის ხარვეზების იდენტიფიცირება და გვერდითი მოვლენების რეალურ დროში მონიტორინგი.

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, იმ შესაძლებლობების ფანჯარაში, საიდანაც ჯანდაცვის სფეროსთვის სრულიად ახალი და განსხვავებული რეალობა ჩანს.

ხელოვნური ინტელექტის დანერგვით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა იმუნიზაციასთან ერთად, კიდევ უამრავ გამოწვევას გადალახავს, რითიც შეძლებს გააუმჯობესოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შედეგები და დაიცვას მოქალაქეები პრევენციული დაავადებებისგან. ამისთვის, მთავარი პოლიტიკური ნება და პრიორიტეტების სათანადოდ განსაზღვრაა, რადგან თანამედროვე სამყარო წარმატების მისაღწევად, ტექნოლოგიებისთვის “ფეხის აწყობას” მოითხოვს.

ნინო ჩიბჩიური

მიგრაციის პრობლემა – ფორუმ თეატრით – საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ახალგაზრდებთან განიხილეს

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია “თანხმობა” და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს სხვადასახვა ქალაქში “ფორუმ თეატრის” ციკლს ახორციელებს თემაზე: მიგრაცია. მორიგი ღონისძიება ამჯერად გორის უნივერსიტეტის დარბასში მოეწყო, რომელსაც საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ახალგაზრდები/სტუდენტები დაესწრნენ.

“სპექტაკლი წარმოდგენილია ფორუმ თეატრის სახით და აქვს ინტერაქტიუტი ფორმა. ის მიზნად ისახავს პრობლემის თვალნათლივ წარმოჩენას მაყურებლისთვის და მათთან ერთად გადაჭრის გზების ძიებას”-აღნიშნა ორგანიზაციის წარმომადგენელმა ვანო ხარაშვილმა.

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია “თანხმობა” და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია წარმოდგენას დღეს უკვე რუსთავში, ქვემო ქართლის მოსახლეობას შესთავაზებს.

მედიაწიგნიერებისა და ადვოკატირების შესახებ სამოქალაქო და მედია აქტივისტებისთვის ტრენინგი ჩატარდა

ქ. რუსთავში მედიაწიგნირებისა და ადვოკატირების თემაზე ტრეინინგი ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული და საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებიდან.

“ტრეინინგმა ხელი შეუწყო ახალგაზრდა ლიდერების ცოდნისა და უნარების განვითარებას, რათა მათ შეძლონ ადგილობრივ დონეზე ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების განხორციელება დეზინფორმაციის საფრთეების შესახებ და იმოქმედონ როგორც თანატოლგანმანათლებლებმა საკუთარ თემში”, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.

პროექტის მიზანია დეზინფორმაციასთან ბრძოლა, ახალგაზრდების მედია წიგნიერება ადვოკატირების უნარების განვითარების გზით. პროექტს “ახალგაზრდების მედეგობის გაძლიერება: დეზონფორმაციასთან ბრძოლა და ევროპული მისწრაფებების ხელშეწყობა კონფლიქტით დაზარალებულ და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ თემებში” – ახორციელებს სამოქალაქო განვითარების ახალგაზრდული ცენრი, ლიეტუვის განვითარების თანამშრომლობისა და ჰუმანიტარული დახმარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

კონკურსი დემოკრატიასა და ევროინტეგრაციის თემაზე – ფულადი ჯილდო საუკეთესო ავტორს გადაეცემა

Neo Tv აცხადებს ბლოგებისა და სტატიების კონკურსს ევროინტერგაციისა და დემოკრატიის თემაზე. საკონკურსო ნამუშევარი უნდა პასუხობდეს 2024 წელს, საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და ასახავდეს ავტორის ხედვას სიტუაციის მშვიდობიანად დარეგულირებისა და ქვეყნის უკეთესი მომავლის შესახებ. (მასალის მოცულობა – 400-800 სიტყვა, შრიფტი-12).

დაინტერესებულმა პირებმა საკონკურო ნამუშევრები უნდა გამოგზავნონ neotv.ge@gmail.com – ზე 2024 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.

საუკეთესო ნამუშევრები გამოქვეყნდება neotv.ge -ზე, ხოლო 1 ადგილზე გასული ნამუშევრის ავტორს გადაეცემა ფულადი პრიზი და NEO FEST-2024 – ის ჯილდო.

ღონისძიების ორგანიზატორია Neo Tv , რომელიც ფესტივალს 2022 – დან, ყოველწლიურად ატარებს. საუკეთესო ნამუშევრების ავტორები გორში, ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს, 10 დეკემბერს დაჯილდოვდებიან.

გასულ წელს Neo Fest – ის ჯილდო ანი ჯაბახიძეს 2022 წლის გამარჯვებულმა, მერი კორინთელმა გადასცა.