მთავარი Blog გვერდი 7

“არასდროს დაბრუნდე საბჭოთა კავშირში” – მესიჯი, რომელმაც ელჩების ყურადღება მიიპყრო

გორში, ხელოვნების სახლში გამართულ გამოფენაზე დღეს, სტუმრების ყურადღება სამოქალაქო აქტივისტის, თეონა ფანქველაშვილის მესიჯმა მიიპყრო, რომელიც მაისურზე ჰქონდა გამოსახული. 

ღონისძიებას ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის ელჩები ესწრებოდნენ, რომლებმაც არსებული რეალობა ადგილზე ნახეს და იმ ადამიანებს გაესაუბრნენ, რომლებაც “ქართული ოცნების” რეპრესიები პირადად გამოსცადეს. 

“გამოფენა ეძღვნებოდა იმ რეალობას, რაც დღეს საქართველოში ხდება. ეს არის მხარდაჭერა “არტ ჰაუსის” და ასევე ყველა იმ აქტივისტის, რომელიც ბრძოლის წინა ხაზზე დგას და ყოველდღე ქუჩაშია, ჩვენი ევროპული ღირებულებების დასაცავად. ყურადღება მიიქცია ჩემმა მაისურმა, რადგან მასზე ასახულია ნაწილი იმ სისატიკისა და ტერორის, რასაც ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების მიმართ ყოველდღიურად ახორციელებს. მომეცა საშუალება ელჩებს გავსაუბრებოდი, მეთქვა ის არსებული მდგომარეობა, რაც ხდება ჩვენს ქალაქში და რეგიონში. ლატვიის ელჩმა აღნიშნა, რომ ჩვენ ის საშინელი ისტორია გვაერთიანებს, რასაც საბჭოთა კავშირი და რუსეთი ჰქვია. ევროკავშირის ელჩმა კი მხარდაჭერა გამოგვიცხადა აქტივისტებს და იმ ადამიანებს, ვინც გორში ყიველდღიურად ვდგავართ აქციაზე,”-აღნიშნა თეონა ფანქველაშვილმა.

შეხვედრის მონაწილეთა შეფასებით, ქვეყანაში მიმდინარე რეპრესიების  ფონზე, რეგიონებში მსგავსი ვიზიტები/ღონისძიებები მნიშნელოვანია, რადგან ცენტრიდან, განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებთან ახლოს მდებარე მუნიციპალიტეტში, არსებული რეალობა ნაკლებად იგრძნობა. საზოგადოების ნაწილი ამ პერიოდში ევროკავშირის ქვეყნების გააქტიურებას მნიშვნლოვნად მიიჩნევს და ადგილზე მოქალაქეთა გაძლიერებისთვის მათი მხარდაჭერის გაგრძელების იმედი აქვს.

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ახალგაზრდები სასწავლო ვიზიტით ვილნიუსში იმყოფებდონენ

2025 წლის ​1​1-14 მარტს, სამოქალაქო განვითარების ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით განხორციელდა სასწავლო ვიზიტი ვილნიუსში.

ვიზიტის მთავარი მიზანი იყო ლიეტუვაში არსებული წარმატებული პრაქტიკის გაცნობა მედია წიგნიერების მიმართულებით. ქართველ ახალგაზრდებს ჰქონდათ  შესაძლებლობა:

  • შეხვედროდნენ სფეროს ექსპერტებს;
  • გაცნობოდნენ სამოქალაქო და მედია ინიციატივებს;
  • მიეღოთ ცოდნა და გამოცდილება დეზინფორმაციასთან ბრძოლის ეფექტური მეთოდების შესახებ.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ახალგაზრდა ლიდერები გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებიდან.

ვიზიტი განხორციელდა პროექტის ფარგლებში „ახალგაზრდების მედეგობის გაძლიერება: დეზინფორმაციასთან ბრძოლა და ევროპული მისწრაფებების ხელშეწყობა კონფლიქტით დაზარალებულ და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ თემებში“, რომელსაც ახორციელებს სამოქალაქო განვითარების ახალგაზრდული ცენტრი ლიეტუვის განვითარების თანამშრომლობისა და ჰუმანიტარული დახმარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით

“ნეომედი” – თირკმლის მსოფლიო დღე და არსებული გამოწვევები

13 მარტი თირკმლის მსოფლიო დღეა. სწორედ თირკმლის ქრონიკულ დაავადებასთან დაკავშირებული თემების განხილვას ეთმობა გადაცემა “ნეომედი” – ეკა სუხიშვილთან ერთად, რომლის სტუმრები არიან: ექიმი – ნეფროლოგი – ნანა ოქროპირიძე და კომპანიის “სეტონდა” პროექტის ხელმძღვანელი საქართველოში, მაია მეუნარგია.

რა ისტორია აქვს 8 მარტის აღნიშვნას?

8 მარტი მსოფლიოში ქალთა საერთაშორისო დღედ აღინიშნება, მათ შორის საქართველოში, სადაც ეს თარიღი სახელმწიფო დღესასწაულადაა გამოცხადებული. სხვა ქვეყნებში, სადაც 8 მარტი ოფიციალური დღესასწაულია, შედიან ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები და ზოგიერთი სოციალისტური სახელმწიფო. ეს შემთხვევითი არ არის, რადგან ქალთა საერთაშორისო დღის ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული სოციალისტურ მოძრაობასთან და რუსეთის რევოლუციასთან.


ქალთა ეროვნული დღე პირველად აშშ-ში 1909 წლის 28 თებერვალს აღინიშნა, რათა ქალ მუშებს მონაწილეობა მიეღოთ. მოგვიანებით, კომუნისტმა კლარაცეტკინმა 1910 წელს კოპენჰაგენში, მშრომელ ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე, ქალთა საერთაშორისო დღის იდეა წამოაყენა. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი თარიღი არ განუსაზღვრავთ, პირველი აღნიშვნა ევროპაში 1911 წლის 18 მარტს მოხდა. რუსეთში კი 1913 წლიდან დაიწყო ქალთა დღის აღნიშვნა, სოციალისტური მოთხოვნებისა და სოციალური პროტესტის ფარგლებში.

1917 წელს, ძველი სტილით 23 თებერვალს (ახალი სტილით 8 მარტს), გაფიცული ქალები საკვების ფასების ზრდასა და უმუშევრობას აპროტესტებდნენ.

ეს გამოსვლები გახდა რუსეთის თებერვლის რევოლუციის დასაწყისი. ნიკოლოზ მეორის ბრძანებით, ჯარს უნდა დაეშალა დემონსტრაცია, თუმცა 26-27 თებერვალს ჯარის ნაწილი აჯანყდა და იმპერატორი გადადგა. ამ მოვლენების გამო, 8 მარტი საბჭოთა კავშირში ოფიციალურ დღესასწაულად გამოცხადდა 1922 წელს და კომუნისტური დღესასწაულის სახე მიიღო. კომუნისტურ ქვეყნებში, ის მოგვიანებით, მათი რეჟიმების დამყარების შემდეგ აღინიშნა.

დასავლეთში, 8 მარტი ხანგრძლივი დროით ყურადღების მიღმა დარჩა, თუმცა 1960-იანი წლების ფემინისტური მოძრაობის შედეგად, კვლავ აქტუალური გახდა და 1975 წელს გაერომ აღიარა.

მიუხედავად ამისა, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მისი აღნიშვნა კვლავ დავის საგანია. მაგალითად, ჩეხეთში 2004 წელს მისი სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადება ოპოზიციის კრიტიკის საგანი გახდა, რადგან მას კომუნისტურ პროპაგანდასთან აკავშირებდნენ. ამასთან, კონსერვატორი პოლიტიკოსები ალტერნატივად დედის დღეს უჭერდნენ მხარს.

ქალთა საერთაშორისო დღის წინააღმდეგობის მიუხედავად, მისი ფესვები მჭიდროდ უკავშირდება სოციალიზმს. თავდაპირველად, ინიციატივა აშშ-ს სოციალისტური პარტიიდან წამოვიდა, ხოლო მისი ევროპული აღიარება სოციალისტი აქტივისტების, მათ შორის კლარა ცეტკინის დამსახურებაა. 8 მარტის აღნიშვნა აერთიანებდა ქალთა უფლებების დაცვისა და სოციალისტური იდეოლოგიის მიზნებს. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე აღნიშვნა პოლიტიკურად ნეიტრალურ ხასიათს ატარებს, მისი ისტორიული მნიშვნელობა და სოციალისტური წარმოშობა კვლავ მნიშვნელოვან საკითხად რჩება.

“გაიღვიძეთ, ქვეყანას ვკარგავთ” – სტუდენტების ხმა”თავისუფალი აუდიტორიიდან”

მარი ვალიშვილი

მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ფონზე, სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აქტიურად მონაწილეობდნენ დაგეგმილ აქციებში თუ გაფიცვებში. მათ შორის არიან ახალგაზრდები შიდა ქართლის რეგიონიდან. განსაკუთრებული აქტიურობით ამ მხრივ გამოირჩევა სტუდენტური მოძრაობა “თავისუფალი აუდიტორია”. ჩემი რესპონდენტიც მისი ერთ-ერთი წევრი ლიაა, რომელიც გვიზიარებს, თუ როგორ შეიქმნა ეს მოძრაობა და რა სირთულეებს ხვდებიან მისი წევრები. მისი განმარტებით, მოძრაობის ჩამოყალიბების იდეა დაებადათ მაშინ, როდესაც არჩევნების შემდეგ დაიკავეს თსუ-ს 023 აუდიტორია. დაშლა მალევე მოუწიათ, ვინაიდან მათი ერთ-ერთი წევრი ზვიად ცეცხლაძე დააკავეს 225-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის  ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მის წევრობას.

“არ დავშლილვართ ვაგრძელებდით აქციებზე სიარულს და გვინდოდა მოძრაობის შექმნა, რომელიც ხმამაღლა გააჟღერებდა  სტუდენტების  ხმასა და ძალას. ასე შევქმენით „თავისუფალი აუდიტორია. პირველი აქტივობა იყო კამპანია “მესაუბრე“, რომელიც ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით იმართებოდა. ხუთი დღის განმავლობაში დავდიოდით თსუ-ს ერთი კორპუსიდან მეორეში და ვცდილობდით ხალხის აზრის გაგებას. გვინდოდა ჯანსაღი დებატები, თუმცა  შედეგი არ გამოიღო ჩვენმა კამპანიამ, რადგან სტუდენტები არ ერთვებოდნენ. ძალიან ცოტა სტუდენტი იყო, ვინც გამოვიდა ჩვენთან კონტაქტზე. გაიმართა სტუდენტებისა და ლექტორების გაერთიანებული მარში, სადაც გაჟღერდა ჩვენი ხმა”.

“თავისუფალი აუდიტორიის” აქტივობები ამით არ დამთავრებულა. შემდეგი ნაბიჯი იყო სწავლის შეჩერება თსუ-ში. რის გამოც ახალგაზრდებმა დაიკავეს ფოიე და დღემდე გრძელდება პროტესტი. აღსანიშნავია, რომ “თავისუფალი აუდიტორიის” სახელით არ მოხდა ფოიეს დაკავება, რადგან ბევრი სტუდენტი იყო იქ, რომლებიც არ იყვნენ მოძრაობის წევრები.

“ამ ყველაფრის შემდეგ ვცდილობდით მოგვეფიქრებინა რამე, რომ უფრო მეტი სტუდენტი ჩაგვერთო და მეტი ვყოფილიყავით. ამ დროს გავიგეთ, რომ სერბეთში სტუდენტებმა მოახდინეს ბლოკირება უნივერსიტეტის და შეწყდა სწავლა. გვინდოდა იგივე გაგვეკეთებინა საქართველოში, რა თქმა უნდა ამას მოკლე დროში ვერ  გავაკეთებდით , ვგეგმავდით დიდი ხანი და ამასთანევ  კონტაქტი გვქონდა სხვა უნივერსიტეტებთანაც.პირველ ღამეს 50-მდე ვიყავით, თუმცა შემდეგ რაოდენობა 20-მდე ჩამოვიდა”.

ლიას მიაჩნია, რომ თსუ-დან, როგორც კავკასიაში პირველი უნივერსიტეტიდან, განსაკუთრებით უნდა ისმოდეს სტუდენტების ხმა. ამ პროტესტის დროს კედელზე გაკეთებული წარწერის გამო  დააკავეს თსუ-ს სტენდენტები და  “თავისუფალი აუდიტორიის” წევრები – არჩილ გოჩიტაშვილი და ლუკა ხიზაძე, ასევე ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი – გიორგი ბარბაქაძე.  წარწერა, რაც მათი დაკავების მიზეზი გახდა შემდეგია: “დაასრულე სიღარიბე, დაასრულე მილიცია, დაასრულე ივანიშვილის რეჟიმი”.

48 საათი იყვნენ იზოლატორში  და  შემდეგ არჩილი და ლუკა ჯარიმით გამოუშვეს, ხოლო გიორგი სიტყვიერი გაფრთხილებით, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ მასაც მოუვიდა ჯარიმა, ედავებოდნენ იმას, რაც არ გაუკეთებია”

ლია ასევე საუბრობს სტუდენტების მხრიდან სიჩუმეზე და განიხილავს მიზეზებს, თუ რა იწვევს ამას.

 “აქციაზე დგომისას  ვამჩნევ, რომ სტუდენტები უმცირესობაში ვართ ყოველთვის, ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ვერ ვიაზრებთ ჩვენს ძალას. ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამის შეცვლა. ახალგაზრები ხშირად ფიქრობენ – “მე რა უნდა შევცვალო, მაინც აზრი არ აქვს”. ხშირად იმედი იკარგება, ზოგს  კი სჭირდება რამე ისეთი, რომ გამწარდეს და გამოვიდეს, რაც სამწუხაროა, რადგან ამაზე მეტი რაღა უნდა მოხდეს-რა მიზეზიც არ უნდა იყოს ვერ გავამართლებ“.

ლიას თქმით, “თავისუფალი აუდიტორია” არ აპირებს შეჩერებას. მათი მთავარი მოთხოვნა სამართლიანი არჩევნები და დაკავებული ადამიანების გათავისფლებაა. აქვთ დაგეგმილი სხვადასხვა აქტივობა, აქციები. იგეგმება ასევე განათლების სამინისტროსთან ახალგაზრდების კომუნიკაციაც მიმდინარე პროცესების შესახებ.

ბოლო მონაცემებით, 185 000 ადამიანი შინმოვლას საჭიროებს – ტრენინგი გორში

დასრულდა გორსა და თბილისში 2 დღიანი შეხვედრა, რომელსაც “საქართველოს კარიტასი” ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში ატარებდა შინმოვლის გუნდებისთვის. ორგანიზატორების განმარტებით, ტრენინგი იმ ძირითად საკითხებს მოიცავდა, რომლებიც აუცილებელია რეგიონში ხარისხიანი და ეფექტური სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად.

“უნდა აღინიშნოს რომ, საქართველოს კარიტასი ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის გორის ოფისმა უკვე დაიწყო სხელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსხურების მიწოდება მოსახლეობისათვის. მომსახურების საჭიროების პირებმა უნდა მიაკითხონ გორის სოციალური მომსახურების
ცენტრს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მსურველებს შეუძლიათ მიაკითხონ
საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის გორის შინმოვლის ოფისს
მდებარე – ნინოშვილის ქ. 90, ტელ. 27-49-57
” – აღნიშნეს შეხვედრაზე.


მოკლე ინფორმაცია შინმოვლის მომსახურებისა და საჭიროების შესახებ:


თბილისში შინმოვლის მომსახურება მოსახლეობას 1994 წლიდან მიეწოდება. თბილისის და გორის გარდა, საქართველოს კარიტასის შინმოვლის პროექტები ხორციელდება ახალციხეში, ქუთაისში, ოზურგეთსა და ბათუმში. შინმოვლის მომსახურების ძირითადი მიზანია, მოსახლეობის
ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილიზაცია და ქრონიკული დაავადებების გართულების
თავიდან აცილება. საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის პროფესიონალი
მრავალდარგოვანი გუნდი სამედიცინო და სოციალურ მომსახურებას დახმარების საჭიროების მქონე პირებს ბინაზე უწევს.

საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის აღწერის დროს აღრიცხულია 185 000 ადამიანი, რომელიც
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დამოკიდებულია გარეშე დახმარებაზე და საჭიროებს შინმოვლას. ამ სახის მომსახურება არ იყო შეტანილი საყოველთაო დაზღვევის პაკეტში 2024 წლამდე. მხოლოდ რამდენიმე ასეულ ადამიანს მიუწვდება ხელი საქართველოს კარიტასის და სხვა მიმწოდებლების შინმოვლის მომსახურებაზე, რომელსაც აფინანსებდნენ საზღვარგარეთის დონორები.

“შინმოვლის მომსახურების მიწოდებასთან ერთად, საქართველოს კარიტასი ხელს უწყობს ამ
სფეროსთვის საჭირო კადრების მომზადებას, საკანონმდებლო ბაზის შემუშავებას და
ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობების განვითარებას ზრუნვის
მუნიციპალური პროგრამების დაგეგმარების და ადმინისტრირების საკითხებში”
,
-წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“წაშლილია ზღვარი პოლიციასა და არაიდენტიფიცირებულ მოძალადე პირებს შორის” – მედიის ადვოკატირების კოალიცია

მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმაურება ტვ პირველის ოპერატორის, ლაშა ჯიოშვილის, უკანონო და ძალადობრივ დაკავებას და მოითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. კოალიციის შეფასებით, აღნიშნული ინციდენტი წარმოადგენს მორიგ დარტყმას საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისა და მედიის თავისუფლების წინააღმდეგ.

18 თებერვლის აქციის დასრულების შემდეგ, თბილისში სასტუმრო რედისონის მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიციამ TV პირველის ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი დააკავა. ჯიოშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

“განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ჯიოშვილი დააკავეს არაიდენტიფიცირებულმა პირებმა, რომლებმაც მხოლოდ თვითმხილველების დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ წარმოადგინეს თავი სამართალდამცავებად. დაკავებისას ტელევიზიის ოპერატორი აცხადებდა, რომ დამკავებლები მისთვის ჯიბეში რაღაცის ჩადებას ცდილობდნენ. სამართალდამცავებმა დროულად არ გასცეს ინფორმაცია ლაშა ჯიოშვილის ადგილსამყოფლის შესახებ, მათ შორის შსს სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმაც. ადვოკატის ინფორმაციით, ლაშა ჯიოშვილს ნიღბიანმა პირებმა მისი უფლებები არ გააცნეს, სამმართველოში მიყვანამდე მან არ იცოდა დაკავების მიზეზი. ოპერატორის მისამართით იყო მუქარა. ადვოკატის განცხადებით, არაპროპორციული ძალა იქნა გამოყენებული, რის გამოც მარცხენა ხელზე აქვს სისხლჩაქცევა. აღნიშნული შემთხვევა წარმოადგენს მორიგ საშიშ პრეცედენტს პოლიციის მხრიდან ძალადობისა. წაშლილია ზღვარი სამართალდამცავებსა და არაიდენტიფიცირებულ მოძალადე პირებს შორის და ეს იმ ფონზე, როცა ბოლო თვეების განმავლობაში აქციების მონაწილეები და მედიის წარმომადგენლები, მათ შორის ტვ პირველის ჟურნალისტები, არაერთხელ გახდნენ პოლიციისა და ნიღბიანი პირების თავდასხმის ობიექტები”-წერია კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2024 წლის ნოემბრიდან დაწყებული უწყვეტი საპროტესტო აქციებიდან დღემდე მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ასზე მეტი თავდასხმის, ძალადობის, მუქარისა თუ უკანონოდ საქმიანობის ხელშეშლის ფაქტი დაფიქსირდა. არსებული მტკიცებულებების მიუხედავად, არც ერთი მოძალადე არ არის იდენტიფიცირებული და კანონმდებლობის შესაბამისად დასჯილი. ეს კი “ქართული ოცნების” მხრიდან საკუთარი მოქალაქეებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ორგანიზებულ ძალადობრივ კამპანიაზე მიუთითებს.

გორის მუნიციპალიტეტში, 8-დან 5 სოფელში სასმელი წყალი დაბინძურებულია

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ბროწლეთში, ტყვიავში, ტირძნისში, ფხვენისში, კარალეთში, ქიწნისში, ქვემო ხვითსა და შავშვებში სასმელი წყლის ხარისხი შეამოწმეს. ორგანოლეპტიკური,
ფიზიკურ-ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზი სამოქალაქო განვითარების ახალგაზრდული ცენტრის პროექტის ფარგლებში გაკეთდა, რომელსაც USAID – უჭერს მხარს. აღმოჩნდა, რომ 8 დან 5 სოფელში სასმელი წყალი დადგენილ ჰიბიენურ ნორმებს არ აკმაყოფილებს.

“სოფლების: ქიწნისის, ფხვენისის და შავშვების სასმელი წყლების
მიკრობული დაბინძურება არ აღინიშნა (გამოცდის ოქმები NN7426, 7434, 7436). კარალეთის,
ტყვიავის, ტირძნისის, ბროწლეთის, ქვემო ხვითის სასმელი წყლები განსაზღვრული
მიკრობიოლოგიური მაჩვენებელების მიხედვით დაბინძურებულია და არ შეესაბამება „სასმელი
წყლის ტექნიკური რეგლამენტი“-ს მოთხოვნებს (საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის
No58 დადგენილება, გამოცდის ოქმები NN7425, 7427, 7428, 7429, 7435). ამ წყლების მოხმარება
სასმელ-სამეურნეო მიზნებისათვის მიზანშეწონილი არ არის წყლის ფაქტორით გამოწვეული
ბაქტერიული, ვირუსული და პარაზიტული დაავადებების გაზრდილი რისკის გამო”
, – წერია შპს „გ. ნათაძის სახ. სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის” დასკვნაში.

“სამოქალაქო განვითარების ახალგაზრდულმა ცენტრის” დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგებზე ორგანიზაციის წარმომადგენელმა შოთა ბუჩუკურმა ისაუბრა, გადაცემაში “ფაქტი”.

ევროკავშირზე გავრცელებული მითების გაქარწყლება ფაქტებით შეგვიძლია – თათია ინჯგია

0

თათია ინჯგია


ისტორიულად, საქართველოს საგარეო პოლიტიკა და მისი ეროვნული არჩევანი ყოველთვის დასავლური სამყაროსკენ სწრაფვით იყო განპირობებული. ჩვენი ქვეყნის ქრისტიანულმა ღირებულებებმა, რაც გულისხმობს ტოლერან ტობას, შემწყნარებლობას, საზოგადოების ყველა ინდივიდის თავისუფლებას, სამართლიანობასა და ოჯახისადმი განსაკუთრებულ პატივისცემას საქართველოს მოსახლეობის დასავლურ მისწრაფებებს ნაყოფიერი ნიადაგი მოუმზადა.


ევროკავშირიც სწორედ ქრისტიანულ საფუძვლებსა და მორალზე დგას, რაც მას საშუალებას აძლევს, იყოს მრავალფეროვანი და თავისუფლების იდეაზე დაშენებული ერთობა. დეკლარირებულად, ევროკავშირი შემდეგ ძირითად ფასეულობებს ეყრდნობა: ადამიანის ღირსებისა და უფლებების პატივისცემა, თავისუფლება, სოლიდარობა, დემოკრატიული მმართველობა, თანასწორობა და კანონის
უზენაესობა. თუ გადავხედავთ ჩვენს კონსტიტუციას, ის პირდაპირ იმეორებს ზემოთ ჩამოთვლილ ღირებულებებს. თუმცა, კონსტიტუციის გარეშეც, საქართველოსთვის ღირსებისა და თავისუფლების, ისევე როგორც დემოკრატიული მმართველობის და თანასწორობის იდეა, ყოველთვის იყო მისი ბუნებრივი შემადგენელი ნაწილი. სწორედ ამიტომ მინდა გაჩვენოთ ის მითები რომლებიც მცდარ წარმოდგენას გვიქმნის ევროკავშირთან დაკავშირებით:


მითი, რომ ევროკავშირი ოჯახურ ღირებულებებს ებრძვის, მცდარია!


ხშირად ვრცელდება მოსაზრება, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების თვის ოჯახური ღირებულებები, ფასეულობები და ტრადიციები უცხოა და აღნიშნული შეხედულების არგუმენტად განქორწინებათა განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი სახელდება, თუმცა, ეს მოსაზრება არ შეესაბამება არსებულ სტატისტიკას და შედარებისთვის, მაგალითად მეორე და მესამე ქორწინების პროცენტული
მაჩვენებელი გაცილებით მაღალია რუსეთის ფედერაციაში (52%), ვიდრე იტალიაში, ლიეტუვაში, გერმანიაში, ბულგარეთში, ლატვიაში და სხვ. უფრო მეტიც, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ოჯახში ძალადობისა და ჩაგვრის წინააღმდეგ პოლიტიკის შემუშავებას და განხორციელებას. ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ პროგრამის ფარგლებში საქართველომ ევროკავშირისგან ასეულობით ათასი ევროს ოდენობის მხარ დაჭერა მიიღო.


მითი, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენს რწმენას – მარლთმადიდებლობას დაგვაკარგვინებს, მცდარია!


ევროკავშირის წევრები არიან მართლმადიდებლური სამყაროს ისეთი მნიშვნელოვანი ქვეყნები, როგორიცაა საბერძნეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ბულგარეთი (40 მილიონამდე ადამიანი). ამასთან, ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის – სერბეთის მოსახლეობის უმრავლესობაც მართლმადიდებელი ქრისტიანია. შესაბამისად, ევროკავშირში გაწევრიანებას ზემოაღნიშნული ქვეყნების
მართლმადიდებლური ეკლესიებისათვის, ისევე, როგორც ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების მართლმადიდებელი მოსახლეობისთვის, არანაირი საფრთხე არ შეუქმნია. თუ განვიხილავთ მორწმუნეთა სტატისტიკას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, აქაც საინტერესო ფაქტებს წავაწყდებით. მაგალითისთვის, პოლონეთის მოსახლეობის 87% საკუთარ თავს ეკლესიის აქტიურ მიმდევრად და
მორწმუნედ თვლის. ევროკავშირი უფრთხილდება და პატივს სცემს თითოეული ადამიანის რწმენისა და
გამოხატვის თავისუფლებას. ევროკავშირის ქვეყნებში ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობები ინდივიდუალურად, ეროვნულ საკანონმდებლო დონეზე რეგულირდება, ქვეყნების მიხედვით, ასევე, განსხვავებულია ეკლესიის როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში.


მითი, რომ ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლა რიგითი მოქალაქეებისთვის არ არის
ხელმისაწვდომი, მცდარია!


საქართველო-ევროკავშირის მრავალმხრივი ურთიერთობების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება განათლებაა. 1992 წლიდან დღემდე, ევრო კავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროგრამები მიმართულია საქართველოში განათლების ყველა საფეხურის გაძლიერებისკენ და მოიცავს საგანმანათლებლო სფეროს თითქმის ყველა ასპექტს: სკოლამდელ, საშუალო და უმაღ ლეს განათლებას. განათლების სფეროში საქართველო-ევროკავშირის თანამშ რომლობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროგრამა, თავისი ხანგრძლივობით, მასშტაბურობითა და წარმატებით არის Erasmus + (ერაზმუს პლუსი).

მითი, რომ ევროკავშირი აღარ ფართოვდება და რაც არ უნდა გავაკეთოთ ჩვენ მაინც არ მიგვიღებენ, მცდარია!


ხშირად ვრცელდება მოსაზრება, რომ ევროკავშირის გაფართოების პროცესი წლების წინ დასრულდა და ახალი წევრების მიღება შეჩერდა. აღნიშნული მოსაზრება მცდარია, რაზეც 2018 წლის 6 თებერვალს, ევროკომისიის მიერ დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ გამოქვეყნებული სტრატეგიაც მეტყველებს. ახალი სტრატეგია ბალკანეთის რეგიონის ქვეყნებს ევროკავშირის წევრობის რეალურ პერსპექტივას სთავაზობს და მათი გაწევრიანების თარიღად 2025 წელს ასახელებს. ის ფაქტი, რომ ამ ეტაპზე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით დასავლეთ ბალკანეთის ოთხი სახელმწიფო (ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, სერბეთი) სარგებლობს და 2020 წელს ევროკავშირის საბჭომ ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირა, აქარწყლებს მითს იმის შესახებ, რომ ევროკავშირი აღარ ფართოვდება.

ასევე, აღსანიშნავია, რომ სულ რაღაც, 5 წლის წინ გაერთიანებას ხორვატია შეუერთდა. ევროკავშირის გაფართოებაზე ღიად საუბრობენ ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლე ბი და აფიქსირებენ, რომ ორგანიზაციის გაფართოების პროცესი არათუ დასრულ და, არამედ პირიქით, აქტიურ ფაზაში გადავიდა.


ამრიგად, ევროკავშირში გაწევრიანებისათვის მნიშვნელოვანია, ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები, რასაც ორმხრივი ურთიერთობები გვაძლევს, მივმართოთ ძალისხმევა რეფორმების კონსოლიდაციისა და ეკონომიკის განვითარებისკენ და მოვამზადოთ საფუძვლიანი ნიადაგი ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისთვის.

ბლოგი მომზადებულია დანიის სამეფოს “ახალი დემოკრატიის ფონდის” მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში

ევროინტეგრაცია და დემოკრატია საქართველოში 2024 წლის მოვლენების ფონზე

0

ლიკა მზარეულიშვილი

2024 წელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ეტაპია ევროინტეგრაციისა და დემოკრატიის განვითარების გზაზე. ბოლო წლები სერიოზულ გამოწვევებს და საკვანძო გადაწყვეტილებებს მოიცავს, რომელთაც პირდაპირი გავლენა აქვთ ქვეყნის მომავალზე. როგორც ევროინტეგრაციის გზაზე წამყვანი სახელმწიფოს პოზიციაზე, საქართველო მუდმივად ეძებს ახალ გზებს იმისთვის, რომ დააჩქაროს ის პროცესი, რაც მას ევროკავშირში სრულფასოვან წევრობამდე მიიყვანს. თუმცა, ამ პროცესში ხშირად ჩანს საპროტესტო სიგნალები, პოლიტიკური კრიზისები და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საჭიროება.

ევროინტეგრაცია და გამოწვევები

საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის უკვე წლები ისწრაფვის. 2024 წლის მდგომარეობით, ქვეყანა ოფიციალურად უახლოესი პარტნიორის სტატუსით მიიჩნეოდა ევროკავშირთან, თუმცა სრული წევრობის მიღწევას ჯერ კიდევ სჭირდება გარკვეული მუხრუჭების გადალახვა, განსაკუთრებით ბოლო პ[ერიოდში განვითარებული პროცესების შემდეგ. გამოწვევები მომდინარეობს როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური და ინსტიტუციონალური სფეროებიდან.

საქართველომ 2024 წლისთვის ძირითადი სამოქმედო გეგმები განავითარა, რაც ევროინტეგრაციისთვის აუცილებელ რეფორმებს მოიცავდა. თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც კვლავ პრობლემად რჩება,  ქვეყნის შიდა პოლიტიკურ კლიმატთან დაკავშირებული გამოწვევებია. პოლიტიკური პოლარიზაცია, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, მედიათავისუფლება და ადამიანის უფლებების დაცვა. ეს ყველაფერი კი სერიოზულ გავლენას ახდენენ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე.

გამოწვევები დემოკრატიის გზაზე

დემოკრატიის განვითარება საქართველოში, როგორც ფორმალურად, ასევე რეალურად, არ არის ხანგრძლივი და უწყვეტი. 2024 წლისთვის ქვეყანაში კიდევ ბევრი საკითხია გადასაჭრელი, მათ შორის სასამართლო რეფორმა, პოლიტიკური ტოლერანტობა და სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ხშირად აღინიშნებოდა, როგორც ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა დემოკრატიის განვითარების პროცესში საბჭოთა პერიოდის შემდეგ, დღესდღეობის ამ პროცესმა მმართველი გუნდის ქმედებების გამო, მნიშვნელოვანი უკუსვლა განიცადა.

ამჟამად, საქართველოს პოლიტიკური სისტემის დემოკრატიულობის ხარისხი სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ისევე როგორც მისი მომავალი გეოპოლიტიკური თვალსაზრისით.

პარლამენტის შიდა საქმიანობა, პოლიტიკური პარტიების მუშაობა და ხელისუფლების გადანაწილების მექანიზმები ხშირად ხდება კონფლიქტებისა და კრიზისების მიზეზი. პოლიტიკური ოპონენტები და არა მხოლოდ.. ხელისუფლებას ბოლო წლებში ხშირად ადანაშაულებენ  დემოკრატიული ინსტიტუტების ხელყოფაში, რაც საზოგადოებაში უნდობლობას იწვევს.

2024 წლის პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაცია

2024 წელი საქართველოსთვის პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით კრიზისული პერიოდი აღმოჩნდა. ქვეყანას შესწევს დიდი პოტენციალი, რომ განახორციელოს კურსი ევროკავშირის ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტანდარტებთან უფრო ახლოს მისაყვანად, თუმცა რთული პოლიტიკური ვითარება და მოლაპარაკების პროცესის დაპაუზება ევროკავშირთან ბევრ სირთულეს უქმნის საქართველოს და მის მოქალაქეებს.

წელს, ძირითადად, ყურადღება გამახვილდა დემოკრატიის ხარისხსა და ქვეყანაში მიმდინარე მმართველობის სტანდარტებზე. განსაკუთრებით აქტუალური იყო მედია თავისუფლების საკითხი, რომელზეც სისტემატური შანტაჟი, თავდასხმა და საქმიანობაში ხელის შეშლა ადასტურებდა.

მზარდი საზოგადოებრივი მოთხოვნები და პერსპექტივები

მიუხედავად ყველა გამოწვევისა, 2024 წლის ბოლოსკენ  საქართველოში საოზოგადოების მოთხოვნა უკავშირდება დემოკრატიული პროცესების შენარჩუნება-განვითარებას და ევროკავშირთან ინტეგრაციას.

როგორც საქართველოს ევროპულმა ინტეგრაციამ, ისე ქვეყნის შიდა პოლიტიკური პროცესების დარეგულირებამ უნდა უზრუნველყოს არამხოლოდ სამართლებრივი ნორმების დაცვა, არამედ მოქალაქეთა უფლებების და მმართველობის გამჭვირვალობის გაუმჯობესება.

ამიტომ, საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნები, უკეთეს ცხოვრებასთან ერთად მიმართულია დამოუკიდებელი და დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნისკენ. ისინი მოითხოვენ ეფექტურ, სამართლიან და გამჭვირვალე პოლიტიკურ პროცესებს, რომელიც ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ევროპულ, არამედ საქართველოს შიდა დემოკრატიული სისტემის განვითარებას.

ამ პროცესებში მნიშვნელოვანი როლი შეიძლება ითამაშოს სამოქალაქო საზოგადოებამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ევროკავშირის მხარდაჭერამ. საჭიროა მუდმივი დიალოგი და რეფორმების შემოღება, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყნის სტაბილურობას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას და ყველა მოქალაქისთვის თანასწორ უფლებებს. მხოლოდ ამ პირობებში შეძლებს საქართველომ დაიკავოს თავისი ადგილი ევროპულ ოჯახში.

მიუხედავად განვითარებული პროცესებისა,ქვეყნის გრძელვადიანი სტრატეგიები, მოქალაქეების აქტიურობა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა შესაძლებელს გახდის სასურველი მიზნის მიღწევას, რასაც საქართვლოს დემოკრატიის განმტკიცება და ევროინტეგრაცია ჰქვია.

ბლოგი მომზადებულია დანიის სამეფოს “ახალი დემოკრატიის ფონდის” მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში