მთავარი Blog გვერდი 6

რა დრო რჩება და რატომ სჭირდება დედას საკუთარ თავზე ზრუნვა – ფსიქოლოგის რჩევები

თანამედროვე სამყაროში ქალის როლი მნიშვნელოვნად გაზრდილია. ის ერთდროულად ითავსებს მეუღლის, დედის, პროფესიონალის, ორგანიზატორისა და ოჯახის მენეჯერის პოზიციას. ფსიქოლოგი ეკა მენაბდიშვილი ხაზგასმით საუბრობს იმაზე, რომ ყველა ეს პასუხისმგებლობა ქალმა მხოლოდ მაშინ შეიძლება სრულფასოვნად შეასრულოს, როცა თავის თავზეც ზრუნავს და საკუთარი ემოციური და ფიზიკური რესურსების დაცლას არ უშინდება.

“ქალი არის წამყვანი ოჯახში, დღესდღეობით მაინც. ყველა შემთხვევაში ეს არ უნდა აკნინებდეს მის მდგომარეობას“, – ამბობს ეკა მენაბდიშვილი.

ფსიქოლოგი მოუწოდებს ქალებს, არ დაკარგონ საკუთარი თავი ყოველდღიურ საზრუნავსა და ოჯახის საჭიროებებში. ის განსაკუთრებით უსვამს ხაზს საკუთარ თავზე ზრუნვისა და პირადი დროის გამოყოფის მნიშვნელობას.

“პირველი არის ის, რომ ქალმა თავის თავზე ზრუნვა დაიწყოს თავისი დროის გამოყოფით საკუთარი თავისთვის”, — ამბობს მენაბდიშვილი.

ფსიქოლოგი ურჩევს ქალებს, ყოველდღე გამოყონ მინიმუმ ნახევარი საათი, რომელიც მხოლოდ მათ ეკუთვნით. ამ დროის განმავლობაში ქალი თვითონ წყვეტს, რას გააკეთებს — დაისვენებს, წაიკითხავს, სეირნობას აირჩევს, ან საკუთარ ფიქრებში ჩაფლული განიტვირთება.

“მნიშვნელოვანია, დღეში ნახევარი საათი მაინც ყველასთვის გასაგონად გამოაცხადოს ოჯახში, რომ აუცილებელია საკუთარ თავს დაუთმოს დრო“, — აღნიშნავს ეკა მენაბდიშვილი.

ამ დროის სარგებლიანობა არა მხოლოდ ემოციურ განტვირთვაშია, არამედ იმაში, რომ ქალს შესაძლებლობა ეძლევა, საკუთარი ენერგია აღიდგინოს და ოჯახს ისევ ხალისით და სითბოთი დაუბრუნდეს.

ფსიქოლოგი ხაზგასმით საუბრობს ფიზიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობაზეც:

“ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა აუცილებელია. შვილებსაც ჯანსაღი დედა სჭირდებათ, ოჯახის წევრებს ჯანსაღი ქალი სჭირდებათ.“

მისი რჩევით, ქალი აუცილებლად უნდა დაეხმაროს საკუთარ თავს იმით, რომ ფიზიკური აქტივობა, სწორი კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი ყოველდღიურობასთან ერთად შეავსოს. ეს არა მხოლოდ მის ჯანმრთელობაზე აისახება, არამედ მის შვილებს და ოჯახის წევრებს მისცემს მაგალითს, რომ თვითზრუნვა ნორმალური და სასარგებლოა.

მენაბდიშვილი მიიჩნევს, რომ ქალის თვითდამკვიდრების და ემოციური კომფორტის შექმნა შვილებისთვისაც სასარგებლოა:

„ყველაფერი, რასაც ქალი გათვლის, რომ მნიშვნელოვანია მისთვის, ეს იქნება მოდელი მისი შვილებისთვისაც. ისინიც ჩათვლიან, რომ დედა ცალკე პიროვნებაა, მას სჭირდება ზრუნვა, მას სჭირდება საკუთარი თავის განვითარება“,

ამ მიდგომით, ბავშვები ადრეული ასაკიდან სწავლობენ, რომ საკუთარი თავის სიყვარული და ჯანმრთელობაზე ზრუნვა აუცილებელი და მისაღებია. დედა კი, რომელიც საკუთარ თავზე ზრუნავს, შვილებისთვის საუკეთესო მაგალითია.

გადაცემა “ფაქტი” – საქართველო იზოლაციის ზღვარზე

შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგია, “მეგობარი აქტი” და სანქცირებული მინისტრების როტაცია – რა ადგილს (და)იკავებს საქართველო ახალი მსოფლიო მოწყობის პროცესში და ვინ (გადა)წყვეტს ქვეყნის მომავალს? – ამ საკითხებს განვიხილავთ გადაცემაში “ფაქტი”, რომლის სტუმარია ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი.

ᲒᲐᲓᲐᲪᲔᲛᲐ “ᲤᲐᲥᲢᲘ” – ხალხის დაშინება ძალაუფლების შესანარჩუნებლად

გადაცემის წამყვანი: ნინო ჩიბჩიური

სტუმარი: ფაქტმეტრის რედაქტორი, მალხაზ რეხვიაშვილი

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ სამსახურიდან გაგათავისუფლეს?

შორენა ლოლაძე – იურისტი

სამსახურიდან მოულოდნელად გათავისუფლება დღეს ერთ-ერთ აქტუალურ თემას წარმოადგენს, ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის ფონზე. ზოგადად ეს საკითხი მკაცრად არის რეგულირებული როგორც საჯარო სამსახურის შესახებ კანონით, ასევე შრომის კოდექსით, რომელიც კერძო სექტორში დასაქმებულთა შრომით ურთიერთობებს არეგულირებს.

პირველ რიგში, თუ გაიგეთ, რომ დამსაქმებელმა მიიღო გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტისა და თქვენი გათავისუფლების შესახებ, აუცილებელია, მოითხოვოთ გათავისუფლების ბრძანება წერილობითი ფორმით. შემდეგ უნდა გაირკვეს, რა საფუძველი არის მითითებული ამ ბრძანებაში, რათა ამის მიხედვით მოიძიოთ დამატებითი მტკიცებულებები. მტკიცებულებად შეიძლება გამოდგეს ნებისმიერი წერილობითი დოკუმენტი, მიმოწერა, ასევე მოწმეთა ჩვენებები. აღნიშნული დოკუმენტები მნიშვნელოვანია, თუ სასამართლოში აპირებთ გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას და სამსახურში აღდგენას.

თუ გაქვთ ეჭვი ან მტკიცებულება, რომ გათავისუფლების მიზეზი პოლიტიკური ნიშნით დევნა იყო, შეგიძლიათ ამაზე განაცხადოთ, როგორც სახალხო დამცველის აპარატში, ასევე სასამართლოში და მოითხოვოთ დისკრიმინაციის დადგენა და, ამასთან ერთად, მორალური ზიანის ანაზღაურება.

დისკრიმინაციული მოპყრობის დასადასტურებლადაც მნიშვნელოვანია წერილობითი დოკუმენტები, მიმოწერა და მოწმეთა ჩვენებები. სასამართლოს ან სახალხო დამცველის აპარატს უნდა წარედგინოს მინიმუმ ისეთი მტკიცებულება, რომ შეიქმნას საფუძველი განსხვავებული მოპყრობის არსებობის ეჭვისთვის. დისკრიმინაცია სწორედ იმას ნიშნავს, რომ პირი განსხვავებული მოპყრობის მსხვერპლია კონკრეტული ნიშნით – მაგალითად, პოლიტიკური შეხედულებებით, განსხვავებული მოსაზრებით ან სხვა მსგავსი საფუძვლით.

აღსანიშნავია, რომ ასეთ საქმეებზე სამართლებრივი დავა კონკრეტულ ვადებში უნდა დაიწყოს. გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნის ვადა ერთი თვეა, რაც იმას ნიშნავს, რომ სარჩელი სასამართლოში ამ ვადაში უნდა წარადგინოთ. ხშირად დამსაქმებლები ცდილობენ, გააჭიანურონ გათავისუფლების ბრძანების გადაცემა, რათა შეაფერხონ თანამშრომლების შესაძლებლობა, დროულად დაიცვან თავიანთი უფლებები. მაგრამ თქვენ უფლება გაქვთ, მოითხოვოთ როგორც ბრძანების ტექსტი, ისე მისი დასაბუთება, სადაც მითითებული იქნება გათავისუფლების საფუძველი და ფაქტობრივი გარემოებები.

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა საჯარო მოხელეთა გათავისუფლება რეორგანიზაციის საფუძველით. თავად რეორგანიზაცია უწყების შიდა სტრუქტურულ ცვლილებებს გულისხმობს, რაც შეიძლება გამოიწვიოს თანამშრომელთა გათავისუფლება, შტატების შემცირება ან საკადრო ცვლილებების აუცილებლობა. ამ შემთხვევაშიც, თუ ყოფილი თანამშრომელი გადაწყვეტს დავას, მას ასევე სჭირდება ინფორმაცია და მტკიცებულება რეორგანიზაციის რეალურ საფუძვლებზე, რადგან ხშირად მსგავს შემთხვევაში თანამშრომლებს სჭირდებათ დაასაბუთონ, რომ რეორგანიზაცია მხოლოდ ფორმალურად იყო ჩატარებული.

როგორ ვმართოთ სტრესი ეფექტურად? – “ფსიქოლოგის რჩევები”

სტრესის მართვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში მიმდინარე პროცესების ფონზე. სპეციალისტების რეკომენდაციით, პირველ რიგში, სასურველია შევზღუდოთ ნეგატიური ინფორმაციის გადაჭარბებული მიღება. მნიშვნელოვანია დღის რეჟიმის დაცვა, რეგულარული ფიზიკური აქტივობა და ძილის ჰიგიენა. ასევე, სასურველია ემოციური მხარდაჭერის ძიება – მეგობრებთან საუბარი ან საჭიროების შემთხვევაში ფსიქოლოგთან კონსულტაცია.

NEO TV აგრძელებს რუბრიკას “ფსიქოლოგის რჩევები”. საუბარი შეეხება სწორედ “სტრესის მართვის ეფექტურ საშუალებებს”. გამოცდილებას ფსიქოლოგი თემურ სამხარაძე გვიზიარებს.

გადაცემა “ფაქტი” – “დიფსთეითის ავტორები”

ვის სჭირდება საქართველოში ომის შიშის არსებობა და თუ საფრთხეები რეალურია, რატომ არ არსებობს/აღარ განახლებულა, ქვეყანაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დოკუმენტები?

თუ ე.წ. “ომის პარტია” თუ “დიფ სთეითი” რეალურად საფრთხეს წარმოადგენს ქყვეყნის უსაფრთხოებისთვის, სად არის ამაზე საუბარი დოკუმენტალურად?

ომის შიშის პროპაგანდა – ძალაუფლების შესანარჩუნებლად გადაცემაში “ფაქტი”, ნინო ჩიბჩიურთან ერთად, რომლის სტუმარია, “ფაქტმეტრის” მთავარი რედაქტორი, მალხაზ რეხვიაშვილი.

პოდკასტების კონკურსი – NEO FEST-2025 – ის გამოსავლენად

NEO TV აცხადებს პოდკასტების კონკურსს, NEO FEST – 2025 – ის მფლობელის გამოსავლენად. დაინტერესებულმა პირებმა neotv.ge@gmail.com – ზე უნდა გამოგზავნონ ვიდეო პოდკასტი (mp4 ფორმატი), რომელიც უნდა პასუხობდეს საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებულ ყალბ ამბებს და დეზინფორმაციას ევროინტეგრაციის, საგარეო კურსის და დემოკრატიული პროცესების შესახებ. გამარჯვებულს გადაეცემა სპეციალური პრიზი და ფულადი ჯილდო, ივნისის ბოლოს დაგეგმილ NEO FEST – 2025 – ის ღონისძიებაზე. მისი ნამუშევარი კი გამოქვეყნდება NeoTv.GE – ზე.

ვიდეომონოლოგის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს და ის უნდა დაეხმაროს მაყურებელს ფიქრში, ანალიზსა და სწორი ინფორმაციის მიღებაში აღნიშნულ თემებზე.

თემატური მიმართულებები:

  • რატომ არის ევროინტეგრაცია საქართველოსთვის აუცილებელი არჩევანი?
  • როგორ ცდილობს რუსული პროპაგანდის მანქანა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას?
  • რა როლი აქვს დასავლურ მხარდაჭერას ქვეყნის უსაფრთხოებასა და განვითარებაში?

ნამუშევრების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2025 წლის 10 ივნისი.

ბავშვების აღზრდა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში-განვითარების ახალი გზა თუ ტვინის მოდუნების საფრთხე?

0

ანა სვიანაძე

21-ე საუკუნის ბავშვები იზრდებიან გარემოში, სადაც ტექნოლოგიები აღარ არის დამატებით შესაძლებლობები – ისინი ყოველდღიური ცხოვრების ორგანული ნაწილი გახდა. მათ ეხმარებიან ციფრული ასისტენტები, თამაშობენ ინტელექტუალურ თამაშებს, კითხულობენ AI-დამზადებულ ტექსტებს და ხშირად იღებენ კითხვებზე პასუხებს არა მასწავლებლისგან, არამედ ხელოვნური ინტელექტისგან. ბუნებრივად ჩნდება შეკითხვა:

როგორ მოქმედებს ხელოვნური ინტელექტი ბავშვების ტვინზე?

საფუძვლიანია თუ არა შიში, რომ ის აზროვნებას “ადუნებს” და სწავლას ზედაპირულს ხდის?

გარკვეული ჯგუფები უკვე ალაპარაკდნენ იმაზე, რომ ბავშვები ზედმეტად ეყრდნობიან ტექნოლოგიურ დახმარებას და კარგავენ უნარს დამოუკიდებელი ფიქრისთვის. “დათვურ სამსახურს” უწევს ხელოვნური ინტელექტი ბავშვის გონებას – სთავაზობს მარტივ პასუხებს, თუმცა ნაკლებ ადგილს უტოვებს კითხვის დასმისა და გააზრების პროცესს. მაგრამ რეალობა გაცილებით მრავალფეროვანია, ვიდრე ერთი შიშით დათქმული ფრაზა.

გლობალური გამოცდილება გვიჩვენებს ორ რეალობას:

მოწინავე ქვეყნები – როგორიცაა ფინეთი, სინგაპური და ესტონეთი – უკვე ინტეგრირებენ AI-ს განათლებაში, მაგრამ მკაცრად აკონტროლებენ მის გამოყენებას. ფინეთში ხელოვნური ინტელექტი გამოიყენება არა როგორც სწავლის შემცვლელი, არამედ როგორც ფიქრის გამავრცელებელი. ბავშვს არ აწვდიან მზა პასუხებს – სისტემები მიმართულია იმაზე, რომ მოსწავლემ თავად დასვას კითხვა და პასუხის ალტერნატივები შეაფასოს.

სინგაპურში მასწავლებლები სპეციალურ ტრენინგებს გადიან, რათა სწორად მართონ ბავშვების ურთიერთობა AI-თან და არ მისცენ ტექნოლოგიას სრული კონტროლი. ესტონეთი კი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ყველა ციფრული გადაწყვეტა იყოს ადაპტირებული ასაკობრივ და განვითარებით დონეზე.

სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ არ არსებობს ცალსახა პოლიტიკა ბავშვებისა და AI-ის ურთიერთობაზე. სწავლებისას ზოგიერთი კერძო სკოლა უკვე იყენებს ინტელექტუალურ პლატფორმებს, მაგრამ მასწავლებელი ხშირად მარტო რჩება – არ აქვს მეთოდოლოგიური ინსტრუმენტი, როგორ განასხვავოს ტექნოლოგიის დახმარება და ტვინის “გადაჭარბებული გათავისუფლება”.

ამასთან, მშობლებიც ხშირად გადადიან ორ უკიდურესობაში – ან აკრძალავენ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას, ან სრულად ანდობენ მას ბავშვის კითხვებზე პასუხის გაცემას.

სიმართლე იმაშია, რომ ბავშვის ტვინს არ აზარმაცებს AI – ამას იწვევს მისი არასწორი გამოყენება. თუ ბავშვი მხოლოდ კოპირებს, თუ მას აღარ აქვს სტიმული იფიქროს, გააანალიზოს ან შეკითხვა დასვას მაშინ კი, AI ხდება ზედაპირული ცოდნის წყარო; მაგრამ თუ ის გამოიყენება კრეატიული დავალებების შესასრულებლად, ცნობისმოყვარეობის გასაღვიძებლად ან საკუთარი აზრის დასაბუთებისთვის – სწორედ
მაშინ ხდება ის განვითარების ინსტრუმენტი.

ჩემი პირადი გამოცდილებით, როდესაც ბავშვებთან ვმუშაობ ან მასწავლებლებს ვესაუბრები, ხშირად ვხედავ, რომ მოზარდები ძალიან მალე “ერწყმიან” AI-ს. მაგრამ ამავე დროს, აშკარად ჩანს განსხვავება იმ ბავშვებს შორის, ვინც ტექნოლოგიას უბრალოდ პასუხის მისაღებად იყენებს, მათ შორის, ვინც მასში კითხვების დასმის, ანალიზისა და თვითგამოხატვის საშუალებას ხედავს.

ამიტომ დღეს საქართველოში ჩვენს პასუხისმგებლობად რჩება:

  • AI განათლება გაკვეთილებში არა როგორც თემა, არამედ როგორც კომპეტენცია შევიტანოთ – ბავშვმა უნდა იცოდეს, როგორ იმუშაოს AI-თან და როგორ შეინარჩუნოს საკუთარი აზროვნება.
  • მასწავლებლებსა და მშობლებს მივაწოდოთ ცოდნა, როგორ მართონ ბავშვების ციფრული გამოცდილება – აკრძალვა არ არის გამოსავალი, გზის ჩვენებაა საჭირო.
  • შევქმნათ ქართულენოვანი და ადგილობრივ კონტექსტზე მორგებული AI-სწავლების მოდელები, რათა არ ვიყოთ მხოლოდ გლობალური პროდუქტის მომხმარებლები.
  • ბავშვები არ უნდა იყვნენ უბრალოდ ტექნოლოგიების მომხმარებლები – ისინი უნდა იყვნენ მომავლის არქიტექტორები. ხელოვნური ინტელექტი ამ პროცესში ან გახდება მათი აზროვნების კატალიზატორი, ან – მისი გამფანტავი. არჩევანი ჩვენს ხელშია.

როგორ ავირიდოთ თავიდან დეზინფორმაცია-პროპაგანდის გავლენა?

როგორ ავარიდოთ თავიდან  დეზინფორმაცია-პროპაგანდა სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს?სიმულაციები ამ საკითხზე რეალური პრობლემების გადაჭრისთვის შედგა. სამუშაო შეხვედრა რუსთავში, “სამოქალაქო განვითარების ახალგაზრდული ცენტრის” პროექტის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა უსაფრთხო სივრცის შექმნა, რომელიც წაახალისებდა ღიაობას, ურთიერთგაგებას და თანამშრომლობას, ასევე ხელს შეუწყობდა მტკიცე ადგილობრივი ქსელების ჩამოყალიბებას და მონაწილეთა უნარების გაძლიერებას დეზინფორმაციისა და ანტიევროპული ნარატივების საპასუხოდ.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საჯარო სკოლების პედაგოგებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა, მედიის წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა, რომლებმაც საკუთარ თემში არსებული გამოწვევები განიხილეს და გამოსავლის გზებზე იმსჯელეს.

მონაწილეებმა გამოკვეთილი საკითხები დოკუმენტში გადაიტანეს, რომელიც მოიცავს ადგილობრივ ახალგაზრდულ საჭიროებებს, მედიაწიგნიერებას, ასევე ინფორმირებულობას ევროკავშირის და დემოკრატიული ღირებულებების შესახებ. 

ორ დღიან ვორქშოფზე პროექტის მონაწილეებმა ვილნიუსში მიღებული გამოცდილებაც განიხილეს და პროექტის შედეგებზეც იმსჯელეს.  “ახალგაზრდების მედეგობის გაძლიერება: დეზინფორმაციასთან ბრძოლა და ევროპული მისწრაფებების ხელშეწყობა”, რომელსაც “სამოქალაქო განვითარების ახალგაზრდული ცენტრი” ახორცოელებდა ლიეტუვის განვითარების თანამშრომლობის ფონდის მიერაა მხარდაჭერილი. 

ბავშვებს ონლაინ სივრცეშიც სჭირდებათ დაცვა – ტრენინგი “მეცნიერებათა სკოლაში”

სოციალურ ქსელებში ყოველდღიურად ვაწყდებით არაზუსტ ან მავნე ინფორმაციას – სწორედ ამიტომ ჩატარდა გორში, “მეცნიერებათა სკოლაში” მედიაწიგნიერების ტრენინგი, სადაც მოსწავლეებმა გაიაზრეს, თუ როგორ დაიცვან თავი ონლაინ, როგორ გადაამოწმონ ინფორმაცია და რატომ არის კრიტიკული აზროვნება მნიშვნელოვანი.

ტრენინგი გაიმართა პროექტის – „ახალგაზრდების მედეგობის გაძლიერება: დეზინფორმაციასთან ბრძოლა და ევროპული მისწრაფებების ხელშეწყობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს “სამოქალაქო განვითარების ახალგაზრდული ცენტრი”, ლიეტუვის განვითარების თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით.

სპეციალისტების განმარტებით, ეს უნარები ეხმარებათ ბავშვებს, იყვნენ დამოუკიდებელი და პასუხისმგებლიანი მოქალაქეები, გაარჩიონ სიმართლე ტყუილისგან და არ გახდნენ პროპაგანდის მსხვერპლნი.