მთავარი Blog გვერდი 30

როდის სჭირდება ბავშვს ფსიქოლოგი და რა როლი აქვთ მშობლებს ამ პროცესში – ფსიქოლოგის რჩევები

0

დღევანდელ ცხოვრებაში მშობლები ნაკლებ დროს ატარებენ ბავშვებთან და ხშირად მათ პრობლემებს გვიან ან საერთოდ ვერ იაზრებენ. ასევე ხშირად მათ უკმაყოფილებას ბავშვების გაჯეტებთან მიჯაჭვულობაც იწვევს. ამავე დროს მშობელს “მეტი დროის პირადი სივრცისთვის დასათმობად” ურჩევნია ბავშვს რაიმე გასართობი (მათ შორის პლანშეტი, სმარტფონი, კომპიუტერი და ა.შ.) თავად მისცეს და სკოლიდან ან ბაღიდან დაბრუნების შემდეგაც “საქმეების” მიზეზით ნაკლებად იურთიერთოს შვილთან. სპეციალისტების შეფასებით მშობლებისგან “დაიგნორებული” ბავშვები ამ პროტესტს ქცევაში გამოხატავენ. არიან აგრესიულები, კომუნიკაცია უჭირთ თანატოლებთან, თავს მეტად კომფორტულად სწორედ კომპიუტერულ მოწყობილობაში გრძნობენ და ა.შ. ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მშობლების გარკვეული კატეგორია უარს ამბობს ფსიქოლოგთან კონსულტაციაზე და უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ეთაკილება საზოგადოებაში ამ ამბის არასწორად აღქმის გამო. სად გვაქვს პრობლემა, როგორ უნდა მივხვდეთ სპეციალისტთან მიმართვის აუცილებლობას და რა უნდა გავითვალისწინოთ ბავშვებთან ურთიერობის დროს, ამ და სხვა საინტერესო თემებზე Neo Tv – ს კითხვებს პასუხობს თემურ სამხარაძე  ფსიქოლოგი, ფსიქოკონსულტანტი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიიის პრაქტიკოსი, მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტი (CPD).

თემურ, დღეს საკმაოდ აქტიური თაობა გვყავს, მშობლები ხშირად საუბრობენ მათთან ურთიერთობის პრობლემებზე, თქვენი დაკვირვებით, რა ვითარებაა ამ კუთხით შიდა ქართლის რეგიონში და რამდენად რეალურია ამ ყველაფრის შედეგად მშობლისა და შვილის ურთიერთგაუცხოების საფრთხე?

 – ნამდვილად, დღევანდელი თაობა ბევრად აქტიურია წინა თაობასთან შედარებით. ალბათ ამ ყველაფერში დიდი როლი ტექნიკურ პროგრეს მიუძღვის, რომლის დადებით და უარყოფით მხარებსაც ვაწყდებით ზუსტადაც, რომ გაციებულ ადამიანურ ემოციურ კავშირებში (ურთიერთობებში). ტენდენციად იქცა, რომ ძალიან ხშირად მოზარდები და მშობლები  დროის დეფიციტს უჩივიან, თითქოს დრო არ აქვთ ერთმანეთთან ურთიერთობისთვის, საკუთარი თავისთვის, გართობისთვის, მეგობრებთან ურთიერთობისთვის ან თუნდაც საოჯახო სადილისთვის, რომელიც ოჯახის ყველა წევრის ყოფნას ითვალისწინებს სუფრაზე და ოჯახური ურთიერთობების გაღრმავებისთვის აუცილებელი წინაპირობაა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთობლივ  ოჯახურ სადილს თერაპიული ეფექტის მოხდენა შეუძლია ოჯახზე და მის თითოეულ წევრზე.

 ასევე, ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვები განუსაზღვრელი დროით არიან კომპიუტერებთან, ტელევიზორებთან, სმარტფონებთან მიჯაჭვულნი.  ეს ყველაფერი უარყოფითად მოქმედებს, როგორც მომავალი თაობის ზოგად ჯანმრთელობაზე, ასევე ფსიქიკურ მდგომარეობაზე, რადგან ციფრულ ტექნიკასთან ასეთი დამოკიდებულება მუდმივ დაძაბულ რეჟიმში ამყოფებს ჩვენს სხეულს, ამ ფაქტის აღმოფხვრას ხშირად ვერ ახერხებენ მშობლები ან მათ თვალსაწიერს ეს ფაქტები გამორჩება ხოლმე. 

აქვთ თუ არა მშობლებს ადექვატური რეაქცია, ბავშვებში აღმოჩენილ მიუღებელ ქმდებებზე, ძირითადად როგორ ცდილობენ (საერთოდ თუ ცდილობენ) პრობლემის აღმოფხვრას?

 – უპირველესად უნდა ვთქვა, რომ ჩვენს გარშემო არსებული სოციალური მიკროსამყარო, ოჯახური ატმოსფერო, მშობლებთან დამოკიდებულება, სკოლა  და სამეზობლო (სამეგობრო), ბავშვის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მოქმედებს. ეს აისახება მის ნორმალურ ქცევასა თუ პრობლემაზეც. რაც შეეხება პრობლემის აღმოჩენას მშობლების მხრიდან, მაქვს ბევრი ასეთი შემთხვევა: მშობელი მთელი სემესტრის განმავლობაში ბავშვს არ კითხულობს, როგორ სწავლობს და მხოლოდ კრებაზე იგებს შვილის დაბალ აკადემიურ მოსწრებას, ბრუნდება სახლში და მის შვილს ეჩხუბება, უყვირის, სჯის. ეს ხდება მაშინ, როცა მთელი სემესტრის განმავლობაში არასოდეს უკითხავს თავისი შვილისთვის, რამდენად კარგად ართმევდა სკოლის მასალას თავს, ან სჭირდებოდა თუ არა მშობლის დახმარება გარკვეულ საგნებში. მისთვის ფუნდამენტური საკითხი ბავშვის საკვებით დაკმაყოფილებაზე გადიოდა და ასევე იმაზე, რომ მშობელი ნაკლებად შეეწუხებინა სერიალის ყურების ან სხვა სქროლვის დროს. ამ ყველაფრის მერე კი მოდის მშობელი სრული გულწრფელობით კონსულტაციაზე და ყვება მის რეალურ ამბავს, იწყებს თავისი თავის გამოსწორებას, მისთვის და მისი შვილის კეთილდღეობისთის. ის ხვდება, რომ მისთვის უკეთესი აღზრდის სტილი  ავტორიტეტულია და ამ ფორმით იწყებს მუშაობას ბავშთან .

რეგიონში ბოლო დროს მომხდარი შემთხვევებიდან გამომდინარე ძალიან აქტიურად მიდის საუბრები სკოლებში ფსიქოლოგის მუშაობის აუცილებლობაზეაზე, როგორაა ამდენ ბავშვებთან მუშობა შესაძლებელი და თქვენი აზრით, რა შედეგეგზე შესაძლოა გავიდეთ მინიმუმ 1 წლის შემდეგ, თუ კი ყველა სკოლას ეყოლება ფსიქოლოგი?

– სკოლაში ფსიქოლოგის მუშაობა ჩვენს დროში აუცილებლობას წარმოადგენს, ვინაიდან ბავშვის პიროვნული ჩამოყალიბება ყველაზე ხანგრძლივად სკოლაში სწავლის დროს მიმდინარეობს. ამ დროის განმავლობაში მას ბევრი ასაკობრივი კრიზის გადალახვა უწევს. მათ შორის ყველაზე რთული თვითდამკვიდრების ეტაპია სოციუმში. მაგ: ფსიქო-სოციალური განვითარების მიხედვით  6-დან 12 წლამდე პერიოდში კრიზისია: კომპეტენტურობა VS არასრულფასოვნების განცდა, მისი დამახასიათებელი ნიშნები კი  სოციუმში თვითდამკვიდრებისკენ სწრაფვა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარის გამომუშავებაა, “შემიძლია გავხდე იმდენად დახელოვნებული, რომ გადავრჩე და სამყაროში განვიცადო ადაპტაცია?!”  მთავარი თვისება, ამ პერიოდში შრომისმოყვარეობაა. წარმატებულად გადალახვის შემთხვევაში მოზარდს განუვითარდება კომპეტენტურობა, რაც თავის მხრივ ნიშნავს “მე მნიშვნელოვანი ვარ”, ანუ დავიმკვიდრე სოციუმში თავი და შემიძლია დამოუკიდებლად მუშაობაც. წარუმატებლობის შემთხვევაში, მას არასრულფასოვნების განცდა ეუფლება.  წინასწარ პროგნოზირება შეგვიძლია ასაკის მიხედვით, რომელ კლასში რა სირთულემ შეიძლება იჩინოს თავი, ეს კი სკოლაში ბევრი პრობლემის სირთულის გადალახვას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, სკოლაში ვაწყდებით რთულ ქცევას, რომელთან გამკლავების მექანიზმები ხშირად არ იციან მასწავლებლებმა, ასევე ვაწყდებით სხვადასხვა სახის დარღვევებს, რომელთა იდენტიფიცირება ვერ ხდება არაკომპეტენტურობის გამო, აქაც ისევ საჭიროა ფსიქოლოგი. ვფიქრობ, მოკლე დროშიც კი მნიშვნელოვანი შედეგი ექნებათ ამ მხრივ სკოლებს თუ კი ფსიქოლოგის ინსტიტუტის აუცილებლობა დადგება დღის წესრიგში. 

მშობლებმა რა დროს უნდა მიმართონ ფსიქოლოგს, როგორ უნდა აღმოვაჩინოთ, რომ ჩვენს შვილს აუცილებლად სჭირდება სპეციალისტი, ასევე დედა როგორ უნდა მიხვდეს, რომ მისთვისაც საჭიროა ეს, ანუ როდის გვჭირდება ფსიქოლოგის დახმარება?

– თუკი თქვენ, თქვენს შვილს, ოჯახის წევრს ან ახლობელ ადამიანს გაქვთ შემდეგი სახის პრობლემები და არ გაქვთ გადაჭრის სტრატეგიები:

● პიროვნული და პიროვნებათშორისი პრობლემები (დაბალი თვითშეფასება, კონფლიქტები შვილთან, მეუღლესთან, პარტნიორთან, ოჯახის სხვა წევრებთან)

● პრობლემები სკოლაში: ბულინგი, კლასში ჩართულობა, ჩაკეტილობა, აკადემიური მოსწრების გაუარესება, კონფლიქტები მეგობრებთან

● გარდატეხის ასაკის თანმხლები პრობლემები (საკუთარი თავის მიუღებლობა, თვითდამკვიდრებისთვის ბრძოლა ოჯახში, სამეგობრო წრეში, სკოლასა და სოციუმში, ,,ჩემი არ ესმით“)

● სტრესი/გადაღლილობა (დიდი მოთხოვნები სამსახურში, გამოცდებთან დაკავშირებული მაღალი შფოთვა, ბევრი ინფორმაცია და მასთან გამკლავება)

●პოსტტრავმატული სტრესული მდგომარეობა (ახლობლის გარდაცვალება,მძიმე დაავადებები,განქორწინება, შეყვარებულთან დაშორება,სამსახურის დაკარგვა, საყვარელი ადამიანის ავადმყოფობა, მშობიარობის შემდგომი პერიოდი)

და ბოლოს, რა იქნება თქვენი მთავარი სათქმელი მშობლებისა და პედაგოგოების მიიმართ, როგორ უნდა მიუდგნენ ბავშვებს, რომლებსაც მაგალითად ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ, გარდა იმისა რომ პერიოდულად მიმართონ ფსიქოლოგს. საზოგადოების ხელშეწყობა, სადაც ბავშვს უხდება ყოფნა, როგორაა შესაძლებელი?

 – ნებისმიერ გარემოში ამინდს ვქმნით ჩვენ, ადამიანები. მასწავლებლებს ვეტყოდი, რომ შეძლონ ბავშვების უპირობო სიყვარული, მშობლებს კი –  გაინაწილონ პასუხისმგებლობები, რომ არ იყოს არცერთი ბავშვი მხოლოდ ერთი მშობელის მეთვალყურეობის ქვეშ. გაატარონ შვილებთან რაც შეიძლება დიდი დრო, გაისეირნონ ქალაქგარეთ ან თუნდაც პარკში ერთად. იყვნენ შვილების მეგობრები და დაეხმარონ ყველა სირთულის აღმოფხვრაში.

დევნილმა ოჯახმა უკრაინელ დედას ბავშვის საწოლი აჩუქა – საოცარ ამბებს ინახავს ისტორია – ეკა სუხიშვილი

0

ერთი კარგი თვისება გვაქვს ქართველებს. საკმარისია რამე უბედურება მოხდეს,უმალ ფეხზე დავდგებით და ვისაც რა შეგვიძლია ვეხმარებით.

დიდი ხანი ემუქრებოდა რუსეთი უკრაინას, რომ ომს დაიწყებდა, მაგრამ ამის დაჯერება და რეალური საფრთხის აღქმა მაინც გვიჭირდა. არც ჩემი უკრაინელი მეგობრები იჯერებდნენ ამას, რომლებიც ომამდე ჩემთან ცხოვრობდნენ და იმ დროს დაბრუნდნენ კიევში, როცა ყველაზე დაძაბული სიტუაცია იყო. თითქოს გული მიგრძნობდა, 2008 წლის დღეები ქრონოლოგიურად განმიახლდა და დაჟინებით ვთხოვდი ჩემ უკრაინელ მეგობრებს დაეტოვებინათ ქვეყანა. ვეპატიჟებოდი საქართველოში ან ვთხოვდი სხვა ქვეყანაში გადასვლას.

2008 წლის სცენარი ზუსტად მეორდებოდა, უბრალოდ მასშტაბები იყო განსხვავებული. ავისმომასწავლებელი სიჩუმე, ინფორმაციის დეფიციტი და ომისთვის მოუმზადებელი ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

გორში რა თქმა უნდა მაშინვე მივიღეთ ლტოლვილები, უცებ შეგროვდა მათთვის საჭირო ნივთები, ბევრმა სახლები დაუთმო უსასყიდლოდ. მათ გონზე მოსვლა და უცხო ქვეყანაში ადაპტირება სჭირდებოდათ. ნეო ტვ-ს წარმომადგენლები, ვფიქრობდით, რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა როგორც მედიას, ომით დაზარალებული ადამიანების მხარდასაჭერად. გადავწყვიტეთ საპროექტო იდეა უკრაინიდან ლტოლვილი ქალების ჩართულობისა და მათი ფსიქო-რეაბილიტაციის მიმართულებით შეგვემუშავებინა. მხარდაჭერამაც არ დააყოვნა და იდეის განხორციელებისთვის ხელშეწყობა “ქალთა ფონდისგან” მივიღეთ.

დავიწყეთ უკრაინიდან ლტოლვილი ოჯახების მოძიება და მათი საჭიროებების შესწავლა. საჭირო იყო მათ შესახებ უფრო ფართო აუდიტორიას სცოდნოდა, რაც ხელს შეუწყობდა პირველ რიგში ერთმანეთთან კავშირს, მათი საჭიროებების ჩვენებას და იმ პირების ჩართვას, რომლებსაც მათი დახმარება შეეძლოთ. ვაკითხავდით ადგილზე, ვეცნობოდით მათ საცხოვრებელ პირობებს, ვიკვლევდით ვის რა სახის დამხარების გაწევა შეეძლო მათთვის ჩვენს გარშემო მყოფი სოციუმიდან. ლტოლვილ ქალებს პირადად ვესაუბრებოდი და ვსვამდი კითხვას: რატომ აირჩიეთ თავშესაფრად საქართველო? ყველას პასუხი თითქმის იდენტური იყო. „აქ უფრო მეტი სითბო, თანადგომა და სიყვარულია“. საქართველო აღმოჩნდა მათთვის მეორე სამშობლო. სწორედ მათი მონაწილეობით დავიწყეთ გადაცემების ჩაწერა, რომლის საშუალებით გორის მოსახლეობამ, არნახული თანადგომა და დახმარება გაუწიეს ჩვენს უკრაინელ ბენეფიციარებს.

ერთ-ერთი ოჯახი, სადაც მომავალი დედა ჯერ კიდევ არ იყო კოშმარიდან გამოსული და მალე იმშობიარებდა, ყველაზე მეტად საჭიროებდა დახმარებას მისი მდგომარეობიდან გამომდინარე. ორსულმა გოგონამ დედამთილთან ერთად ურთულესი გზა გამოიარა, სანამ საქართველოში ჩამოაღწევდა. ეს იყო რისკის, შიშის და გადარჩენის გზა. საჭირო გახდა სამშობიარო პირობების შექმნა, ყველა საჭიროების მოძიება ახალშობილისთვის და კიდევ უამრავი წვრილმანი. ბინა მათ ერთ-ერთმა კეთილმა ოჯახმა დაუთმო,  მარინა ღარიბაშვილი,რომელიც გორის მთავარი ნეონატოლოგია,სამედიცინო მომსახურების უსაფრთხო გარემო შეუქმნა, გამოჩნდნენ ადამიანები, ვინც საბავშო ეტლიდან დაწყებული, ყველა სხვა საჭირო ნივთი შეუგროვეს. ძალიან ემოციური იყო საბავშო საწოლის ჩუქების პროცესი. ოჯახი, რომელიც თვითონაც სამაჩაბლოდან დევნილია და საკმაოდ შეჭირვებულად ცხოვრობს, ჩვენი გადაცემის გასვლისთანავე დაგვიკავშირდა და სრულიად ახალი საბავშო საწოლის ჩუქება შემოგვთავაზა უკრაინიდან ლტოლვილი მომავალი დედისთვის. ემოციურია როცა ასეთი ოჯახიდან ამხელა სიკეთეს იღებ და ხვდები, რომ მთლად არ დაგვიწყებია ურთიერთსიყვარული და პატივისცემა.

სიკეტე გადამდებია, ურთიერთთანადგომა გადაგვარჩენს!

ეკა სუხიშვილი

ნეო ტვ-ს დამფუძნებელი

“მაგდანას ლურჯა”, “ცისკარა”, – უფლისციხეში გადაღებული ფილმები ამ სოფლის კინო კლუბში ვაჩვენეთ – ნინო წიწიკაშვილი

0

მე ვარ ნინო წიწიკაშვილი 13 წლის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხიდან, ვსწავლობ ამავე სოფლის სკოლაში. ერთი წელია დაინტერესებული ვარ ხალხური საკრავებით. ვუკრავ: ფანდურზე, ბას ფანდურზე, დაირაზე, ტამტამზე, დოლზე, სალამურზე, გიტარაზე. ვცდილობ მუდმივად ვიყო აქტიური ახალგაზრდა და ხშირად ვწერ პროექტებს. დიდი მხარდაჭერა მაქვს სკოლიდან. გასულ წელს “გორის ახალგაზრდულმა საბჭომ” გამოაცხადა ახალგაზრდული კონკურსი, სახელწლოდებით „ახალგაზრდები წარმატებისთვის“, საბჭოს წევრებმა გაგვაცნეს პროექტის მნიშვნელობა ასევე ჩაგვიტარეს ტრნინგები მოხალისეობაზე და სამოქალაქო აქტივიზმზე, რის შემდეგაც გადავწყვიტე მიმეღო მონაწილეობა კონკურსში.

პირველ რიგში ჩამოვაყალიბე გუნდი, ნამდვილად საუკეთესო გუნდის წევრებით: ლიკა ნაზარაშვილი 14 წლის, ნათია ბასიშვილი 13 წლის, მარიამ სადაღაშვილი 12 წლის, მარიამ მახარაშვილი 12 წლის და მარიამ მამისაშვილი 13 წლის, ისინი მთელი პროექტის განმავლობაში აქტიურად მეხმარებოდნენ და ცდილობდნენ მაქსიმალური ენერგია ჩაედოთ საერთო საქმეში. დავწერეთ პროექტი, ჩვენი სოფლის პრობლემაზე, რომელიც ეხებოდა მოსწავლეების ნაკლებ ცნობადობას ქართული ფილმების მიმართ. უფლისციხე როგორც ისტორიული და კულტურული ძეგლი საკმაოდ მიმზიდველი იყო კინოხელოვანებისთვის. ძალიან ბევრი და შესანიშნავი ფილმია გადაღებული უფლისციხეში, მაგალითად: მაგდანას ლურჯა,ფიროსმანი, არდადეგები, უსახელო უფლისციხელი, ცისკარა და ა. შ. საოცარი ფაქტია, რომ ამ ფილმებში მონაწილეობას აქტიურად იღებდნენ ძველი უფლისციხელები, მათ შორის ჩემი ბაბუა, რომლის ფოტოებიც შემთხვევით აღმოვაჩინე საოჯახო არქივში.

ჩვენმა გუნდმა გადაწყვიტა ჩამოეყალიბებინაა “კინო კლუბი”, სადაც გავუშვებდით ჩვენ სოფელში გადაღებულ ფილმებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს კინო კლუბი, რადგან ჩვენ სოფელში გადაღებულ ფილმების ჩვენებით ჩვენ ავამაღლებთ ახალგაზრდების დაინტერესებას და სიყვარულს როგორც კინოხელოვნების, ისე მათი საკუთარი სოფლის მიმართ, ამით დავაბრუნებთ კინო ხელოვნებას უფლისციხეში და ქართულ კულტურას არავინ დაივიწყებს. სამწუხაროდ ჩვენი სკოლის რესურსები არასაკმარისი იყო კინო კლუბის გასახსნელად. ჩვენს სკოლას არ ჰქონდა პროექტორი. მაგრამ საბედნიეროდ აღმოვაჩინეთ პლატფორმა “volunteer. ge”, სადაც განვათავსეთ ჩვენი ინიციატივა, რომლითაც დაინტერესდა ახალგაზრდული ორგანიზაცია “განჯაფას კლუბი”, დაგვიკავშირდა მისი წარმომადგენელი და დაგვეხმარა, ორ კვირაში ერთხელ კინო ჩვენების ორგანიზებაში.

მოსწავლეებმა არც კი იცოდნენ, რომ მათ სოფელში ამდენი შესანიშნავი ფილმი ყოფილა გადაღებული, რამაც გააძლიერა მათი ქართული ფილმებისადმი ინტერესი და გააჩინა ერთგვარი სიამაყის გრძნობა მათში. მცირე ასაკის მიუხედავად ჩვენ დასახულ მიზანს მივაღწიეთ, გავხსენით ჩვენს სოფელში კინო კლუბი და ახალგაზრდული საბჭოს კონკურსში მოვიპოვეთ მეორე ადგილი. გვინდა ყველა ახალგაზრდას მოვუწოდოთ, რომ არასდროს დანებდნენ და შეუპოვრად გააგრძელონ საკუთარ იდეებზე მუშაობა. ასაკი ვერასდროს იქნება შემაკავებელი ფაქტორი, როდესაც საქმე ეხება მშობლიური თემისა და ჩვენი თანამემამულეების კეთილდღეობას. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მსგავს კარგ საქმეებს, რადგან ჩვენი თემისთვის ეს მეტად საჭირო და მნიშვნელოვანია. იმედი გვაქვს ჩვენს მაგალითს ყველა ახალგაზრდა გაიზიარებს. 

ნინო წიწიკაშვილი, უფლისციხის საჯარო სკოლის მოსწავლე

1 წელში შევძელი 4-ზე მეტი ინოვაციური სტარტაპის ამუშავება, რომლებსაც ანალოგი არ აქვს – რეზო კერესელიძე

0

1 წელიწადში შევძელი 4-ზე მეტი ინოვაციური სტარტაპის ამუშავება, რომლებსაც ანალოგი არ აქვს. ბაზარზე  მოვიპოვე გამარჯვება ჩემს გუნდთან ერთად, ხუთ საგრანტო კონკურსში. შევიძინეთ უახლესი ტექნიკა-დანადგარები, რომლებიც გვეხმარება შევქმნათ ძლიერი საწარმოები.  ამ ეტაპზე ვმუშაობთ უმნიშვნელოვანეს პროექტზე, რომელზეც ძალიან მალე გაიგებს მთელი საქართველო, რომელიც  ჩვენს შემდეგაც დიდი ხანი დარჩება ახალგაზრდობას. 

როგორ მოვედი აქამდე? 

პირველ რიგში დავიწყებ მადლობით, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვისაც არ სჯეროდა ჩემი, რადგან სწორედ მაგ დროს გიჩნდება ყველაზე დიდი სურვილი, რომ არ დანებდე. დაუმტკიცო პირველ რიგში საკუთარ თავს, რომ ტყუილად “გაჯერებდნენ”, რომ ტყუილად  გეუბნებოდნენ მიღწევა შეუძლებელია, ყოველ ჯერზე ვუმეორებდი ამას საკუთარ თავს, შენ ეს უნდა შეძლო. არა მარტო საკუთარი  თავისთვის, არამედ ყველა დანარჩენი ახალგაზრდის სახელით ვისაც დააჯერეს, რომ ის რაზეც ოცნებობდნენ შეუძლებელი იყო. ვფიქრობდი, ჩემი წინ გადადგმული ნაბიჯი  მოტივაცია იქნებოდა სხვისთვისაც.

ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მოღალატეს, ვინც დროს არ კარგავდა მაშინ, როდესაც ვიქცეოდი ყოველ წამოდგომაზე ვიძახდი არაუშავს. ალბათ მასაც ასე ექცეოდნენ, როცა უჭირდა და მას შემდეგ ღალატზე მეტად იმის მეშინოდა, მეც მათ არ დავმსგავსებულიყავი. აი ამიტომ ვუხდი მადლობას მათ. დღეს ვიცი როგორი არ უნდა იყოს ადამიანი. ერთადერთხელ ახალ გაცნობილ ადამიანზე წამომცდა ვერ ვენდობი მეთქი და მეგობარმა მაშინვე გამაჩუმა. თუ მასე შეიცვლები, რომ ადამიანებს აღარ ენდო ეს ყველა იმ ადამიანის გამარჯვება იქნება, ვინც ოდესღაც გიღალატა. მას შემდეგ ადამიანზე ერთი შეხედვით აღარ მიმსჯელია.

ზოგადად არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი, მაგრამ ვფიქრობ კარგი იქნება NEO TV -ს საშუალებით ახალგაზრდებს ხმა მივაწვდინო. ეს არც არჩევა იქნება და არც ჭკუის დარიგება, უბრალოდ მინდა გითხრათ, რისიც მჯერა და რაც ჩემთვის არავის უთქვამს, როცა საქმეს ვიწყებდი.

არ მოუსმინოთ არავის, ვინც გეუბნებათ, რომ რაიმე არ გამოგივათ, მათ თვითონ გამბედაობა არ ჰყოფნით, რომ კომფორტის ზონიდან გამოვიდნენ და დაწესებული შაბლონებით აშენებული კედელი ჩამოანგრიონ. ამიტომაა, რომ მათი ყოველდღიური რუტინა წლებში ეზრდებათ და მერე ერთ დღესაც ხვდებიან, რომ უკან დაბრუნება აღარ შეუძლიათ ან აზრი არ აქვს, მიზანი და იდეა მაგ დროისთვის დაკარგულია.

ნუ გეწყინებათ, თუ გეტყვიან, რომ შეშლილი ხართ, ან უარესს – ეს გიჟიაო. ადამიანები, რომლებიც იცინოდენ ჩემს მიერ ნათქვამ ინოვაციურ გამოგონებებზე, იდებზე, დღეს ცდილობენ, რომ ჩემთან ერთად იმუშაონ, მაგრამ არასოდეს აღიარებენ, რომ შეცდენენ, თქვენი წარმატება თვითონვე დაგიბრუნებთ იმ ადამიანებს, ვინც ადრე გრიყავდენენ. უბრალოდ ამჯერად არჩევანს შენ გააკეთებ, გჭირდებიან, თუ არა მასეთი ადამიანები გვერდით.

და შენ, ვინც ამ ბლოგს კითხულობ, გეტყვი, რომ ვალდებული, ხარ გჯეროდეს შენი იმედების, ოცნებების, ვალდებული ხარ წამოდგე, როცა დაეცემი, ვალდებული ხარ დაუმტკიცო ყველას, რომ ცდებოდნენ, როცა შენი არ სჯეროდათ, ვალდებული ხარ შექმნა, გამოიგონო, გააგრძელო ბრძოლა შენი ოცნებისთვის, ყველა იმ ადამიანის სახელით, ვისაც დაჯე~ერეს რომ ოცნებები არ ხდება. მერე იქნებ, ვიღაცამ შემთხვევით დაგინახოს და მასაც ეყოს გამბედაობა, რომ იბრძოლოს თავის ოცნებისთვის.თუ შენც ჩემნაირად ფიქრობ, შეგიძლია შემოგვიერთდე, ჩვენი გუნდი მზად არის მიიღოს ყველა ადამიანი, რომელსაც შეუძლია შრომა და უნდა შექმნას ინოვაცია ან წვლილი შეიტანოს ხელოვნების დარგებში.

ჩემთვის ყველაზე მნიშვნველოვანია იდეა, რასაც ვემსახურები გულით და სულით და რა თქმა უნდა ჩემი ოჯახი ვისი დამსახურებითაც მივაღწიე იმას, რისი მიღწევაც მინდოდა და კიდევ არის ადამიანი, რომლის გვერდითაც მინდა უკეთესი ვიყო ვიდრე დღეს ვარ და სურვილი მაქვს ყველა ჩემი და ჩვენი გამარჯვება მას მივუძღვნა და მასთან ერთად გავიზიარო (თ*****).

დავამთავრებ სტივ ჯობსის სიტყვებით: „დიდება მეამბოხეს“, ვინც სამყაროს შეცვლას მოინდომეს.

რეზო კერესელიძე

რატომ მიდიან ახალგაზრდები რეგიონიდან დედაქალაქში? – ხატია ხაბაშვილი

0

რას ნიშნავს მიგრაცია? მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ადამიანის გადაადგილება ქვეყნის შიგნით ან მის საზღვრებს გარეთ, რასაც შესაძლოა, ჰქონდეს, როგორც დროებითი, ასევე მუდმივი ხასიათი. ამ პრობლემის აქტუალურობას ადასტურებს ისიც, რომ საქსტატის მონაცემების თანახმად, საქართველოს რეგიონებში მოსახლეობის რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება. პრობლემის ერთ-ერთი განშტოება კი ახალგაზრდების შიდა მიგრაციაა. შესაბამისად, ჩემს ბლოგში ვისაუბრებ სწორედ ახალგაზრდების შიდა მიგრაციის პრობლემაზე, მის გამომწვევ მიზებსა და გადაჭრის გზაზე, უშუალოდ შიდა ქართლის რეგიონის მაგალითზე.

ახალგაზრდების შიდა მიგრაცია შესაძლოა, მრავალი მიზეზით იყოს განპირობებული, მაგალითად დედაქალქში განათლების მიღების, დასაქმების კუთხით შესაძლებლობების გაზრდის ან სულაც დამოუკიდებლობის მოპოვების სურვილით. თუმცა, ვფიქრობ, ეს მიზეზები ძირითადად ახალგაზრდების დაბალი ინფორმირებულობით და სტერეოტიპული დამოკიდებულებებითაა განპირობებული.

რელურად, არ აქვს მნიშვნელობა სწავლობ დედაქალაქში, თუ რეგიონში, მთავარია რამდენად ხარისხიანად მუშაობ საკუთარ პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე. ხარისხიანი განათლების მიღება და სტუდენტობის პერიოდში პროფესიული გამოცდილების დაგროვება კი შრომის ბაზარზე ბევრად უფრო კონკურენტუნარიანებად გვაქცევს, ვიდრე სხვა ახალგაზრდებს, რომლებიც შესაძლოა დედაქალაქში სწავლობდნენ, თუმცა განათლების მიღებას და პროფესიულ განვითარებას ნაკლებ დროს უთმობდნენ. ყველა ვთანხმდებით, რომ ნებისმიერ დამსაქმებელს სწორედ კონკურენტუნარიანი კადრი სჭირდება, შესაბამისად, ხარისხიანი განათლების საფუძველზე მოპოვებული სამსახური ჩვენ, ახალგაზრდებს დამოუკიდებლობასაც გვანიჭებს.

იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა არჩევანის წინაშე დგახართ და შიდა ქართლის რეგიონიდან დედაქალაქში წასვლას სწორედ ზემოთ ნახსენები მიზეზების გამო აპირებთ, წარმატებას გისურვებთ. თუმცა, აქვე პირადად ჩემს, როგორც ერთ-ერთი რიგითი გორელი ახალგაზრდის, გამოცდილებასაც გაგიზიარებთ და გეტყვით, რომ 2018 წელს მეც თქვენსავით არჩევანის წინაშე ვიდექი, თუმცა შიდა ქართლში დარჩენა და იურიდიული განათლების გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღება გადავწყვიტე. უნივერსიტეტში სახელმწიფო გრანტით ჩავირიცხე, 4 წლის განმავლობაში სახელმწიფო სტიპენდიას ვიღებდი, რაც სწორედ ჩემი დამოუკიდებლობის მოპოვების ერთ-ერთი საწინდარი იყო. წერისადმი განსაკუთრებული სიყვარულის გამო, 40-მდე ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციაში მივიღე მონაწილეობა. გავცდი შიდა ქართლის ფარგლებს და 15-მდე უნივერსიტეტში სამართლის სფეროში მოღვაწე გამორჩეული პროფესიონალების წინაშე წარვსდექი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით. აღნიშნულ კონფერენციებში მრავალჯერ გავიმარჯვე და ჩემი სტატიები საავტორო უფლებათა დაცვით დაიბეჭდა არა ერთ ჟურნალში.

პრაქტიკის დაგროვების მიზნით, სტაჟირება გავიარე გორის რაიონულ სასამართლოში, ვმუშაობდი რეალურ საქმეებზე და გარდა ამისა წლების განმავლობაში, ალბათ, არ ყოფილა რაიმე პროექტი, რომელშიც ჩართული არ ვყოფილვარ. ამ გამოცდილების მიღებაში ხელს მიწყობდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელმაც არა ერთხელ მიმაღებინა მონაწილეობა ძალიან ინოვაციურ და საინტერესო პროექტებში. დავაგროვე ძალიან კარგი გამოცდილება როგორც პროფესიული, ასევე არაფორმალური განათლების კუთხით. უნივერსიტეტი წარჩინებით დავასრულე, მაგისტრატურის გაგრძელება კი, რა თქმა უნდა, გადავწყვიტე კვლავ ჩემს მშობლიურ უნივერსიტეტში, იქ სადაც ჩემი წარმატების ისტორია მე და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერთად შევქმენით.

დღეს, შიდა ქართლის და საქართველოს მასშტაბით ახალგაზრდულ და სამართლებრივ სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ქტური არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ახალგაზრდები საზოგადოების უფლებებისთვის“ დამფუძნებელი ვარ და წლების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას ჩემი რეგიონის ახალგაზრდების გაძლიერებისთვს ვიყენებ.

რატომ გიყვებით ამ ყველაფერს? იმისთვის, რომ ჩემი, როგორც ცოცხალი მაგალითის საფუძველზე ირწმუნოთ საკუთარი თავის, დაამსხვრიოთ სტერეოტიპები, დარჩეთ შიდა ქართლში, შექმნილი ბარიერები აქციოთ შესაძლებლობებად და იზრუნოთ თქვენი და თქვენი რეგიონის განვითარებაზე.

და ბოლოს, რა არის გამოსავალი? უნდა ვიბრძოლოთ საკუთარი მიზნებისთვის, მივყვეთ ჩვენს ოცნებებს და არასდროს შევწყვიტოთ წინსვლა, რადგან, ბრძლის გარეშე არ არსებობს პროგრესი!

“წინააღმდეგობის ერთი წელი” – უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგები გორში შეაჯამეს

0

აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD)ეგიონალურ კონფერენციებს იწყებს სახელწოდებით  “რუსეთის აგრესია უკრაინაში: წინააღმდეგობის ერთი წელი”, შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-უკრაინის ურთიერთობები ომის დროს და მის შემდგომ პერიოდში, არსებული სამხედრო პერსპექტივები და ომის ფონზე საერთაშორისო გარემოს მნიშვნელოვანი ცვლილებები.

გორის გარდა რეგიონალური კონფერენციები საქართველოს კიდევ 5 ქალაქს მოიცავს: თბილისს, თელავს, ქუთაისს, წალენჯიხასა და ბათუმს. შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და საელჩოს წარმომადგენლები.

რეგიონალური კონფერენციები უკრაინაში ჰოლანდიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით იმართება საქართველოში უკრაინის საელჩოსთან თანამშრომლობით.

მომხსენებელთა შორის იყვნენ გორის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულები.

“2023 წლის თებერვალს შესრულდება ერთი წელი, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და დაარღვია ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. უკრაინელების მტკიცე და მოულოდნელი წინააღმდეგობის შედეგად, უკრაინელმა ხალხმა განდევნა აგრესორი ძალები იმ მრავალი ტერიტორიიდან, რომელიც რუსეთის არმიამ დაიკავა. თუმცა, ომის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია და უკრაინის ტერიტორიები კვლავ ოკუპაციის ქვეშაა. ორივე მხარე ემზადება ახალი სამხედრო მოქმედებებისთვის, რომელმაც შესაძლოა ახალი დინამიკა შემატოს ბრძოლის ველს მიმდინარე წლის გაზაფხულზე. ერთწლიანმა ომმა მნიშვნელოვნად შეცვალა რეგიონული უსაფრთხოების არქიტექტურა და არსებული საგარეო პოლიტიკური დოქტრინა. სწორედ ამ მიზნით, საჭიროა საფუძვლიანად განვიხილოთ გასული წლის გამოცდილება და სამომავლო სცენარები. ამავდროულად, მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ომში მყოფი უკრაინის პოზიციებისა და პერსპექტივების შესახებ, რომელიც ხშირად არასწორად იყო წარმოდგენილი. საჭიროა განვიხილოთ ამჟამინდელი საერთაშორისო პოლიტიკური და უსაფრთხოების მდგომარეობა და საქართველო-უკრაინის ურთიერთობები, რომელიც ბოლო დროს უპრეცედენტო დაძაბულობისა და შეტევის ქვეშ მოექცა”, – აღნიშნეს შეხვედრაზე.

გორში, სტომატოლოგიის საერთაშორისო დღე აღინიშნა, რომელსაც უმასპინძლა კოლეჯმა “ამაგი”

გორში სტომატოლოგიის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღონისძიებას უმასპინძლა კოლეჯმა “ამაგი”. მისმა წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებს სტომატოლოგის ასისტენტის პროგრამა გააცნეს, რომელიც მათივე თქმით, შრომის ბაზრის კვლევის შედეგად შეიმუშავეს.

ამ პროგრამის მნიშვნელობაზე დეტალურად ისაუბრა დენტალური საქმის ასისტირების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელმა ირინა ბერკაცაშვილმა. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში.

“ცოტა ადამიანი აცნობიერებს პირის ღრუს ჯანმრთელობისა და ჰიგიენის ნამდვილ მნიშვნელობას. სტომატოლოგიური დაავადება გავლენას ახდენს არა მხოლოდ პირის ღრუზე, არამედ შეიძლება გამოიწვიოს უფრო სერიოზული პრობლემები, რომლებიც გავლენას ახდენენ თქვენს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. კბილის ტკივილის უმეტესი ნაწილი, რომელიც გამოწვეულია სტომატოლოგიური დაავადებებით, არა მხოლოდ განკურნებადია, არამედ ძალიან პრევენციულია. სწორედ ამიტომ აღინიშნება კბილის ტკივილის ეროვნული დღე მთელ მსოფლიოში 9 თებერვალს. ეს არ არის კბილის ტკივილის აღნიშვნის დღე, არამედ უფრო მეტი ცნობიერების ამაღლების საშუალება სტომატოლოგიური მოვლის, კარგი პირის ღრუს ჰიგიენისა და საშინელი კბილის ტკივილის პრევენციის შესახებ”,-აღნიშნეს ღონისძიების ორგანიზატორებმა.

ღონისძიების დასასრულს დაჯილდოვდნენ ღვაწლმოსილი სტომატოლოგები: გოგი გურგენიძე და ვიოლა ჭეღელიძე. შეხვედრას საქართველოს მასშტაბით მდებარე სხვადასხვა სტომატოლოგიური კლინიკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“ჩრდილში მოქცეული” ახალგაზრდები

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომმა კრიზისმა, საზოგადოებაში მნიშვნელოვანი ნეგატიური ცვლილებები გამოიწვია და საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, ბევრი გამოწვევის წინაშე დააყენა. წლების მანძილზე, ახალგაზრდების მომავალი მათი და შესაბამისი დარგის ექსპერტების, ჩართულობის გარეშე იგეგმებოდა. თუმცა, ამ გეგმებს განხორციელება მაინც არ ეწერათ და მხოლოდ ფურცელზე რჩებოდა. ამ კუთხით, ცვლილებები 2009 წლიდან იწყება. სწორედ ამ დროს ხდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რაც ახალგაზრდების განვითარებისათვის ღირსეული გარემოს შექმნას გულისხმობდა, იმისთვის, რომ მათ თავის მხრივ, სახელმწიფოს წარმატებული მომავლის შენებაში საკუთარი წვლილი შეეტანათ.

მიუხედავად ათწლეულის გასვლისა, ეს სფერო კვლავ დიდი გამოწვევების წინაშე დგას, რაც ბოლო კვლევებითაც დასტურდება. ახალგაზრდების გადინება ქვეყნიდან თუ რეგიონებიდან საკმაოდ მაღალია. ამას ემატება NEET ჯგუფის პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც სხვადასხვა კვლევით 32%-ზე მეტია. პანდემიის შემდეგ ეს რიცხვი სავარაუდოდ კიდევ გაიზარდა, რაც ევროკავშირის ქვეყნების მაჩვენებელს 3-ჯერ აღემატება. ევროკავშირის ქვეყნებში პასიური ახალგაზრდების რაოდენობა 12%-საც არ სცდება.

რა ხდება ამ მხრივ საქართველოს რეგიონებში და რა განაპირობებს ახალგაზრდების “ჩრდილში მოქცევას” – ამ კითხვებზე პასუხების გაცემას “ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანება” შეეცადა. ის ქვეყნის მასშტაბით პირველი აღმოჩნდა, რომელმაც NEET ახალგაზრდების შესახებ რეგიონალურ დონეზე კვლევა ჩაატარა.

“გარემოს დაცვა ადრეული ასაკიდანვე უნდა დავიწყოთ, რომ ჯანსაღი მომავალი გვქონდეს” – მამუკა ზოლოტარიოვი

0

მე ვარ მამუკა ზოლოტარიოვი 16 წლის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავიდან, ვსწავლობ ამავე სოფლის სკოლაში, სადაც ვარ თვითმართველობის თავჯდომარე. 14 წლიდან აქტიურად და დიდი შემართებით ვარ ჩართული არაფორმალურ განათლების კუთხით. პირველი ნაბიჯები დავიწყე გორის ინოვაციურ ჰაბში ,”ბილიკში”, სადაც გავხდი გორის ახალგაზრდული კლუბის, შემდეგ კი გორის ახალგაზრდული საბჭოს წევრი. “ბილიკი” და ზოგადად ორგანიზაციები ძალიან მეხმარება ვიპოვო საკუთარი თავი, რა შესაძლებლობები გამაჩნია მე და რა შემიძლია. ტრენინგების და პროექტების განხორციელების შემდეგ შევიძინე უამრავი რამ. ვცდილობ მუდმივად ვიყო აქტიური ახალგაზრდა და ხშირად ვწერ პროექტებს, რაზედაც დიდი მხარდაჭერა მაქვს პირველ რიგში სკოლის დირექციიდან და ახალგაზრდული საბჭოდან.

გასულ წელს “გორის ახალგაზრდულმა იდეამ” გამოაცხადა საგრანტო კონკურსი. პედაგოგ მიმოზა ღოლიჯაშვილის დახმარებით, ჩვენ დავწერეთ პროექტი, ჩვენი სოფლის ყველა დიდ პრობლემაზე, რომელიც ეხებოდა გარემოს დაბინძურებას. პროექტის ფარგლებში მოვაწყეთ დასუფთავებით აქციები სოფლის სხვადასხვა ლოკაციაზე, რომელიც ნამდვილად შედეგიანად და წარმატებულად დასრულდა, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ დღეს ისევ სხვა რეალობა გვიდგას წინ.

დასუფთავების აქციები მნიშვნელოვანი იმიტომ არის, რომ სოფელი მთლიანად სუფთავდება ნაგვისგან და ხდება მეტად უსაფრთხო მისი მაცხოვრებლებისათვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. ამასთან ერთად გარემო იღვიძებს და ვიზიტორისთვისაც თვალსაჩინო ხდება ის ფაქტი, თუ  რაოდენ მოწესრიგებული თემი გვყავს; თუმცა არის სამწუხაროდ საზოგადოების მეორე მხარეც, რომელიც მაინც ანაგვიანებს გარრემოს. ჩემი აზრით, ამის მიზეზი არის ზარმაცობა, არაკეთილგანწყობილება და სხვისი შრომის დაუფასებლობა. საზოგადოების ამ ნაწილს თავად არ უწევს მსგავს აქციებში მონაწილეობა, ამიტომ ეპყრობიან  ასე დაუდევრად სხვის შრომას. დღესდრეობით ხიდისთავის გარემო კვლავ დაბინძურებულია, რადგან არ მოხდა ბუნებისა და მის მოსაწესრიგებლად გაწეული შრომის მოფრთხილება. ჩვენ ამასთან დაკავშირებით  განვათავსეთ ბანერები სხვადასხვა ლოკაციაზე, რომლებიც ასევე დაგვიჭრეს, დაგვიხიეს და ჩამოგვიყარეს რაც ნამდვილად დასანანია.

იმედია, მომავალში ყველა ასეთ ადამიანს გავააზრებინებთ გარემოზე ზრუნვის აუცილებლობას, ავიყოლიებთ მათ და მივაღწევთ იმ მიზანს, რომელიც დასახული გვაქვს. ჩვენ ახალგაზრდები არ ვუშინდებით და არ ვნებდებით, რადგან ზუსტად ჩვენ ვქმნით მომავალს და ზუსტად ჩვენ უნდა ავღმოფხვრათ ჩვენს თემში ეს პრობლემები.

გვსურს, ამ პროექტებით ნათელი მაგალითი მივცეთ ახალგაზრდებს და დავეხმაროთ მათ საკუთარი თავის რეალიზებაში. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მსგავს კარგ საქმეებს, რადგან ჩვენი თემისთვის ეს მეტად საჭირო და მნიშვნელოვანია.

მამუკა ზოლოტარიოვი

გორელი ახალგაზრდები, სხვა ქალაქებთან შედარებით, აქტიურობით გამოვირჩევით – ლევან პალიანცი

0

გორელი ახალგაზრდები და ზოგადად ახალგაზრდული მდგომარეობა დადებითად განსხვავდება სხვა ქალაქებისაგან. ჩემი შეხედულებით, გორი გამოირჩევა ახალგაზრდული ორგანიზაციების სიმრავლით. საქართველოში პირველ ადგილასაა ამ მაჩვენებლით. რაც შეეხება ახალგაზრდებს, მათი ჩართულობა და აქტიურობა ყოველთვის გამოირჩევა სხვა ქალაქელების ფონზე.


სულაც არ გავიდა დიდი დრო იმის შემდეგ, რაც ჩავერთე არაფორმალური განათლების მიღებასა და გაცემაში. 2021 წლის 22 დეკემბერს პირველად მივედი “ახალგაზრდულ ფორმულაზე”, სადაც დაიწყო ჩემი ისტორია. დიდი ენთუზიაზმითა და მონდომებით ვერთვებოდი ყველა შემოთავაზებულ აქტივობაში და ვიყენებდი სრულ რესურსს, რასაც ადგილობრივი ორგანიზაციები მთავაზობდნენ. შევუერთდი ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, სადაც უშუალოდ პრობლემის გადაჭრაზე მომიწია მუშაობა. შევიძინე ისეთი უნარები, რომლებზეც არც კი მიფიქრია მანამდე. როგორიცაა:


ლიდერობა, გუნდური მუშაობა, პროექტების წერა და მართვა. პარალელურად ჩართული ვიყავი თანატოლ განმანათლებელთა პროგრამაში იმედით, რომ ოდესღაც მეც შევძლებდი გავმხდარიყავი ტრენერი და მიღებული ცოდნა სხვებისთვის გადამეცა.გასული წელი ჩემთვის ძალიან პროდუქტიული აღმოჩნდა. ვიყავი არაერთ ბანაკში, როგორც მონაწილე ისე ლიდერი, სადაც უამრავი მეგობარი გავიჩინე, რომლებთანაც დღესაც მაქვს ურთიერთობა. გავცდი საქართველოს საზღვრებს და Erasmus+ ის პროგრამით ვიყავი სომხეთსა და ლიტვაში, რამაც ძალიან განავითარა ჩემი ინგლისურისა და კომუნიკაციის უნარები. მრავალი ადამიანს, თვითრეალიზაციისთვის გარკვეული მამოტივირებელი მექანიზმები სჭირდება. ვფიქრობ, ზემოთ მოცემული ინფორმაცია იქნება მოტივატორი სხვა ახალგაზრდებისთვისაც. დღესდღეობით, ვარ თანატოლ განმანათლებელი, ჩემი სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარე, ახალგაზრდული ორგანიზაციის “გორის ახალგაზრდული საბჭოს” წევრი ახალგაზრდული ორგანიზაცია “ლიდერთა ლიგის” დირექტორის მოადგილე და ახალგაზრდულ ორგანიზაცია “ახალი თაობა” მოხალისე. ესაა მცირე ჩამონათვალი იმ ორგანიზაციებისა, რომლებშიც ახლა ვსაქმიანობ.

რაც შეეხება პროგრამებს, ვარ ჩართული USAID-ის პროგრამაში “ერთიანობა მრვალფეროვნებაშია”, და ჯერ 16 წლის ვარ და ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია…