მთავარი Blog გვერდი 29

უცხოური მხარდაჭერის გარეშე, გამყოფ ხაზთან უფასო გამოკვლევებს ვერ ჩავატარებდით – ნიქოზის ამბულატორია

ნიქოზის პირველადი ჯანდაცვის ცენტრში ამ დრომდე, უცხოური დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ნიქოზის ამბულატორიის ხელმძღვანელის ინფორმაციით, თითოეული მათგანის მიზანს ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდა წარმოადგენდა. ნიკოლოზ ძამუკაშვილის განცხადებით, პროექტების განხორციელებით ადგილობრივი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდა სხვადასხვა კვლევების ჩატარება. მისივე თქმით, აღნიშნული სამედიცინო სერვისით, ცხინვალთან ახლოს მდებარე სოფლებიდან, დაახლოებით 3000-მდე ადამიანმა ისარგებლა.

“უცხოური დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა ჩაგვეტარებინა გამყოფი ხაზის სოფლებში კლინიკური-ბიოქიმიური-იმუნოფერმენტული, ლაბორატორიული, რენტგენოდიაგნოსტიკური, ულტრაბგერითი კვლევები. რომლისთვისაც მოსახლეობას უწევდა 30 კმ-ს გავლა ადმინისტრაციულ ცენტრემდე. რაც დამატებით დროსა და ხარჯებთან არის დაკავშირებული. ყველა განხორციელებული პროექტი მნიშვნელოვანია ადგილბრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯებესებისთვის, უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის, ხარისხიანი და ფინანსურად ხელმისაწვდომი ჯანდაცვისთვის. განხორციელებული პროექტები კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი მოწყვლადი ჯგუფებისთვის, როგორებიცაა: შშმ პირები, ქალები, ბავშვები, მოხუცები, სოციალურად დაუცველი პირები, დევნილები და ა.შ.“-ამბობს ნიკოლოზ ძამუკაშვილი.

ნიქოზის ამბულატორიაში ამბობენ, რომ აღნიშნული მხარდაჭერის გარეშე გამყოფ ხაზთან მცხოვრებ დაახლოებით 3000 ადამიანს აღნიშნული სერვისებით სარგებლობის საშუალება არ ექნებოდათ. მათი მხარდაჭერის მიზნით, სხვადასხვა უცხოურმა ორგანიზაციებმა ბოლო 10 წელში დაახლეობით, 800 000 ლარი გაიღეს.

YEARPROJECT ESSENCEBUDGET
(Currency)
DONOR
2023Digital mammography. Vehicle with wide dimensions91 200 USDEmbassy of Japan in Georgia
2021Portable X-ray transmission10 000 USDUNDP
2020Arranging a laboratory and X-ray room68 065 GELEmbassy of Germany/ Deutsche Botschaft Tiflis
2018Medical Equipment in Nikozi Village64 643 USDEmbassy of Japan in Georgia
2014Increasing access to health care and promoting confidence building42 450 USDEU/UNDP COBERM
2012Rehabilitation of infrastructure damaged by the war107 778 GELFOSTER/UNDP
წყარო: ნიქოზის ამბულატორია

“ფასდაუდებელია არასმთავრობო სექტორის როლი ქვეყნის განვითარების საქმეში” – ნინო ბერიანიძე

ე.წ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, გორის მერია სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობაში ცვლილებების განხორციელებას არ გეგმავს. განათლების განყოფილების ხელმძღვანელის, ნინო ბერიანიძის განცხადებით, მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში არსებობს მჭიდრო კოორდინაცია პროექტების წარმომდგენ უწყებებთან, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მისი აზრით, ამ თანამშრომლობის გაგრძელებას ხელს აღნიშნული კანონი ვერ შეაფერხებს. 

“ეს თანამშრომლობა არის ძალიან ნაყოფიერი და ორიენტირებულია სწორედ კლასგარეშე აქტივობების თუ ახალგაზრდული ინიციატივების განხორციელებაზე არაფორმალური განათლების ჭრილში. აღნიშნულ კანონპროექტს არ ვიცნობ, მაგრამ ერთი რამ შემიძლია ვთქვა, ფასდაუდებელია არასმთავრობო სექტორის როლი ქვეყნის განვითარების საქმეში სხვადასახვა მიმართულებით. 2008-2010 წლებში თავად ვიყავი ორგანიზაცია Save the children -ის ერთ-ერთ პროექტში ჩართული, რომლის მიზანიც იყო ბავშვთა ძალადობისგან დაცვის რეფერალური სისტემის შემუშავება და აღნიშნული კანონპროექტის პილოტირება. ვამაყობ, რომ ამ საქმეში მეც მცირე წვლილი მაქვს შეტანილი”,-აღნიშნა NEO TV -სთან საუბარში ნინო ბერიანიძემ.

“აგენტების კანონის” მხარდამჭერები ავტომატურად დაარღვევენ კონსტიტუციას და ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებს

0

ე.წ. “აგენტების კანონპროექტი” ანალოგიურ შინაარსს შეიცავს, რასაც 2012 წელს პუტინის მიერ შემოღებული კანონი. ამ კანონით პუტინმა 10 წლის წინ თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების განადგურება დაიწყო, რითიც ევროპული სასამართლოს დასკვნით, რუსეთმა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-11 მუხლი დაარღვია.

იდენტური კანონპროექტის დამტკიცებას უჭერს მხარს მმართველი გუნდი, რაც უკვე ღიად გაცხადებული აქვთ. ინიცირებული კანონპროექტი საფრთხეს უქმნის დემოკრატიას, დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, სახელმწიფოებრიობას და პირდაპირ ეწინააღმდეგება ქვეყნის მიერ გაცხადებულ ევროატლანტიკური განვითარების არჩევანს.

კერძოდ: 

1.  კონსტიტუციის მეთერთმეტე თავში, 78-ე მუხლით, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას საქართველოს მოქალაქეების წინაშე, ყველა ზომა მიიღოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის: 

მუხლი 78. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად”.

ბოლო კვლევების თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა 81% მომხრეა საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ნატოში გაწევრიანებას კი მხარს უჭერს მოსახლეობის 73%.  

“აგენტების კანონპროექტი” პირდაპირ არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, რომელსაც საქართველომ ხელი 1999 წელს მოაწერა და ქვეყნისთვის იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტია.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ივნისში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება 75 რუსული არასამთავრობოს სასარგებლოდ და დაადგინა, რომ “აგენტების შესახებ” პუტინის მიერ დაკანონებული შეზღუდვები უხეშად არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებს და რუსეთს დააკისრა კომპენსაცია უფლებადარღვეული არასამთავრობოების სასარგებლოდ.

არასამთავრობოებისთვის “აგენტის” წოდება არღვევს კონვენციის მე-11 მუხლს, “გამოხატვის თავისუფლების” შესახებ და არ შეესაბამება დემოკრატიულ სახელმწიფოს. არ არსებობს საკმარისი მიზეზი “უცხოური აგენტის” სტატუსის შემუშავებისთვის, ხოლო დამატებითი მოთხოვნების დაკისრება არაპროპორციულად ზღუდავს ორგანიზაციებს და კანონის შედეგად, შეფერხდება უცხოური დაფინანსება.

კანონპროექტი წინააღმდეგობაშია ასევე საერთაშორისო პრინციპებთან. კერძოდ, ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპები უფლებადამცველთა უფლებების დაცვის შესახებ გვეუბნება რომ: “ადამიანის უფლებადამცველთა უფლებების დაცვის უპირველესი ვალდებულება ეკისრება სახელმწიფოს სახელმწიფოს გააჩნია ვალდებულებები თავი შეიკავოს ნებისმიერი სახის ისეთი ქმედებებისგან, რომელიც არღვევს ადამიანის უფლებადამცველთა უფლებებს მათი საქმიანობის გამო“.

ე.წ. “აგენტების კანონპროექტი”, არადემოკრატიულია და არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს; კანონპროექტის მიღება არ არის საჭირო დემოკრატიულ სახელმწიფოში, რადგანაც საქართველოში უკვე არსებობს არასამთავრობოების გამჭირვალობის ინსტრუმენტები

საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოს სახელმწიფოს უმთავრესი დაკვეთა ხელისუფლების მიმართ, მისი ძირეული სულისკვეთება და სამართლებრივი ნება ასახულია საქართველოს მთავარ იურიდიულ დოკუმენტში – საქართველოს კონსტიტუციაში. საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაშივე, რომელიც ასახავს კონსტიტუციის სულისკვეთებას და განსაზღვრავს კონსტიტუციის დანარჩენი მუხლების შინაარსს და განმარტების მიმართულებას, ასახულია საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნება, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოება, უზრუნველვყოთ ადამიანის უფლებები, თავისუფლებები და დავიცვათ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა: 

“ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით, ღვთისა და ქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას”.

დასავლეთის მიერ დაფინანსებული ყველა პროექტი ექვემდებარება “ოფიციალური მხარდაჭერის” პრინციპს, რომელიც ეფუძნება ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების მიერ დასავლელ პარტნიორებთან მიღებულ ორმხრივ შეთანხმებებს და არც ერთი პროექტი არ ხორციელდება ამ პოლიტიკური შეთანხმებების მიღმა. მეტიც, სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 1996 წელს მიიღო კანონი “გრანტების შესახებ”, სადაც თავისით შექმნა პირობები დასავლელი დონორების მიერ მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გრანტების გასაცემად. 

მეტიც, ხელისუფლებამ აღიარა დასავლელი დონორების დაფინანსების განსაკუთრებული მნიშვნელობა, როდესაც უმაღლეს სახელისუფლებო დონეზე გააფორმა ორმხრივი შეთანხმებები, დონორების მიერ გაცემულ გრანტებზე დღგ-ს გადასახადებისგან გათავისუფლების შესახებ.

ამავდროულად, დასავლეთის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები უკვე აკმაყოფილებენ გამჭირვალობის მოთხოვნებს იმ უამრავი მოთხოვნიდან გამომდინარე, რასაც მათ უკვე უყენებს როგორც საქართველოს კანონმდებლობა, ისე საერთაშორისო ნორმები. გრანტების კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, „გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველია წერილობითი ხელშეკრულება გრანტის გამცემსა (დონორსა) და გრანტის მიმღებს შორის.

ამავდროულად, დასავლელი დონორების მიერ პროექტების უმრავლესობას (განსაკუთრებით, მსხვილი პროექტების შემთხვევაში), მოყვება აუდიტის და/ან შემოწმების ვალდებულება, როგორც ერთ-ერთი სახელშეკრულებო ვალდებულება. ინფორმაცია დაფინანსებული პროექტების შესახებ მრავალ წყაროშია ხელმისაწვდომი: 

–       დონორების ანგარიშები – OECD-ს ვებგვერდზე; 

–       საქართველოს მთავრობის ანგარიშები – სახელმწიფო ბიუჯეტის ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე, ასევე, მთავრობის ადმინისტრაციაში არსებული დონორთა საკოორდინაციო საბჭოს ყოველწლიური ანგარიშები

–       არასამთავრობოების ანგარიშები, რომლებიც ძირითადად ასახულია მათსავე ვებ-გვერდებზე. 

შესაბამისად, ე.წ. “აგენტების კანონპროექტი” არადემოკრატიულია, პირდაპირ და ღიად ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის არჩევანს, ქმნის მტრულ გარემოს სტრატეგიული პარტნიორებისთვის, რომლებიც ათწლეულებია საქართველოს განვითარებას უჭერენ მხარს, კანონპროექტი არაკონსტიტუციურია. სწორედ ამიტომ, ხელისუფლების ის ნაწილი, რომელიც მხარს დაუჭერს აღნიშნულ კანონპროექტს, ღიად ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის არჩევანს და არღვევს კონსტიტუციას.  

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი სერიოზულ შეშფოთებას იწვევს – ევროკავშირი

0

შემოთავაზებული კანონპროექტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” სერიოზულ შეშფოთებას იწვევს – ეს განცხადება დღეს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერმა გააკეთა.

მისი განმარტებით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და შენარჩუნება, ასევე მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს.  ის ასევე არსებითია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის და არის  12 პრიორიტეტის ნაწილი, კერძოდ N7 პრიორიტეტისა, მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით და N10 პრიორიტეტისა, რომელიც  სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას ეხება.

“ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას რეფორმების განხორციელების კუთხით, რაც ეხმაურება ქვეყნის მისწრაფებებს განვითარებასა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციაში არის გაცხადებული. კანონპროექტის მიღება შეუთავსებელი იქნება ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან. მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მიიღონ და განახორციელონ რეფორმები, რომლებიც შეესაბამება ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს”, – ნათქვამია განცხადებაში.

გავერთიანდეთ გიორგისთვის – ა(ა)იპ  ახალგაზრდები საზოგადოების უფლებებისთვის მიმართვას ავრცელებს

ჩვენ ვიწყებთ საქველმოქმედო აქციას #გიორგისთვის და ვიწვევთ საქართველოში, განსაკუთრებით შიდა ქართლში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სკოლებს, უნივერსიტეტსა და კოლეჯებს, ამ აქციაში მონაწილეობის მისაღებად. 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში მცხოვრებ ძალიან აქტიურ ახალგაზრდას – გიორგი კუზიბაბაშვილს დაუდგინდა თავის ტვინის ჰამარტომა. ოპერაცია კეთდება გერმანიაში, რისთვისაც საჭიროა 60 ათასი ევრო.

ჩვენი ორგანიზაცია ,,ახალგაზრდები საზოგადოების უფლებებისთვის” იწყებს საქველმოქმედო აქციას განუსაზღვრელი ვადით. (ვიდრე გიორგი სრულად არ გამოჯანმრთელდება) აქციის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, მაგრამ ძირითადად შიდა ქართლში, ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიება: ტრენინგები, ლექციები, ფილმის ჩვენებები და ა.შ. ღონისძიებებს ექნება სიმბოლური ღირებულება. თანხა სრულად გადაეცემა გიორგის დედას – თეა ადუაშვილს. 

 ანგარიშის რეკვიზიტები:

ხატია ხაბაშვილი (მფლობელი)

თიბისი ბანკი: 

#GE86TB7064145061100107

თეიმურაზ კოპაძე (მფლობელი)

საქართველოს ბანკი:

#GE27BG0000000110193100

ვიდრე კონკრეტულ საქველმოქმედო ღონისძიებებს შემოგთავაზებთ, ერთად გავავრცელოთ ეს ინფორმაცია! 

გთხოვთ, ყველა გავერთიანდეთ, ერთად უფრო ძლიერები ვართ!

ა(ა)იპ  ახალგაზრდები საზოგადოების უფლებებისთვის

ნეო ტვ ახალ ამბებს უკრაინულ ენაზეც გაავრცელებს

საქართველოში მცხოვრები უკრაინული ოჯახები მათ შესახებ ინფორმაციის გაცნობას მშობლიურ ენაზეც შეძლებენ. ნეო ტვ მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაციას პერიოდულად ავრცელებს, რომლის ძირითად აუდიტორიას მათი დახმარების მსურველები შეადგენენ.

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთი წლის თავზე ნეო ტვ-მ მათ “ქალტა ფონდის” მხარდაჭერით, სპეციალური შეხვედრა მოუწყო და ომის შედეგად დაფანტულ ადამიანებს ერთად უმასპინძლა.

დღევანდელ შეხვედრაზე მათ სხვადასხვა იდეები გააჟღერეს და ნეო ტვ-სთან აქტიური კომუნიკაციის სურვილი გამოთქვეს. გარდა ამისა, უკრაინიდან ლტოლვილი მოქალაქეები ნეო ტვ-ს ტელეგრამ არხს (NEO TV) შეუერთდნენ, სადაც მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაცია პერიოდულად ვრცელდება.

არც საკვები, არც ტანსაცმელი, ყველაფრის გარეშე ვართ – უკრაინიდან ლტოლვილი, 6 შვილის დედა დახმარებას ითხოვს

0

უკრაინის ქალაქ ლიმანიდან ლტოლვილი ოჯახი დახმარებას ითხოვს. ვალია, რომელიც 6 შვილის დედაა ამბობს, რომ 2022 წლის 16 აპრილის შემდეგ, კასპის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს და 400 ლარიანი ერთჯერადი დახმარების გარდა არავისგან არაფერი მიუღია.

“მოვლენ სურათებს გადაგვიღებენ, შეგვპირდებიან და დაიკარგებიან, აღარაფრის იმედი გვაქვს, ყოველდღე იმის იმედით ვიძინებთ, რომ ხვალ ვინმე პურს შემოგვაწვდის. საჭმელი, სასმელი ტანსაცმელი, ყველაფერი გვჭირდება, მაგრამ ვის რა მოვთხოვოთ და მივმართოთ არ ვიცი. ჩემი ბიჭი ვიდარდო, რომელიც ახლა ომშია, თუ დანარჩენი შვილები, რომელთა გამოკვების საშუალებაც კი არ მაქვს. ცალკე კომუნალური გადასახადი და იმაზე ფიქრი, სად რა გავაკეთო, რომ პურის ფული მაინც მქონდეს ყოველდღიურად. არ ვიცი სადამდე შევძლებთ ასე ცხოვრებას. ვთხოვ ყველას, ვისაც შეუძლია ოდნავ მაინც შეგვიმსუბუქოს ეს პრობლემები, იქნებ სადმე მაინც დაგვასაქმონ, რომ ჩვენი შრომით ვჭამოთ პური დ აღარვინ შევაწუხოთ“,-ამბობს უკრაინიდან ლტოლვილი 6 შვილის დედა.

ლიმანში ოჯახმა ყველაფერი დაკარგა. მათი სახლი რუსეთის ერთ-ერთი სამიზნე გახდა და მთლიანად განადგურდა. კასპში მცხოვრებ 6 შვილის დედას “ქალთა ფონდის” მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში ფსიქოლოგი ესაუბრა. სპეციალისტის შეფასებით, ადგილი აქვს მძიმე ფორმის სტრესს და იმედგაცრუებას, რაც ბენეფიციართან ხანგრძლივ მუშაობას მოითხოვს.

“პურის ფულიც აღარ გვაქვს” – ბათუმში მყოფ უკრაინელ ლტოლვილებს გორში ცხოვრება სურთ

47 წლის ტატიანა იანჩუკი დასთან და მცირეწლოვან დისშვილთან ერთად ბათუმში ცხოვრობს. ამბობს, რომ ზამთრის სეზონზე განსაკუთრებით გაუჭირდათ და ბათუმის დატოვება გადაწყვიტეს.

ტატიანა ქალაქ ჟიტომირიდანაა. უკრაინა 2022 წლის მარტში დატოვა, როდესაც მის ქალაქში მასიური სროლები დაიწყო. 3 თვე პოლონეთში ცხოვრობდა, შემდეგ ისევ უკან დაბრუნდა, ბოლოს კი ბათუმში დასახლდა.

 “პოლონეთში სირთულეს წარმოადგენდა სამუშაოს მოძიება და იძულებული გავხდი უკან უკრაინაში დავბრუნებულიყო ცოტა ხნით. მშობლიურ ქალაქში გაუსაძლისი იყო სიტუაცია, არ იყო სამუშაო, ხშირი იყო დაბომბვები, იქ დარჩენა არ იყო უსაფრთო და ახლობლების რჩევით საქართველოს შევაფარეთ თავი. თავდაპირველად მე და ჩემ დას სასტუმროების დალაგებით გაგვქონდა თავი, მაგრამ ზამთრის პერიოდი მეტად რთული გამოდგა. პრობლემაა გათბობა და საკვებისთვის თანხის გამომუშავება. დისშვილი ონლაინ გაკვეთილებს ესწრება. არ დადის ადგილობრივ სკოლაში. ვცადეთ სოციალურ დახმარებაზე განაცხადის შეტანა, მაგრამ უშედეგოდ”,-ამბობს ის.

უკრაინიდან ლტოლვილი ოჯახი არ იღებს არანაირ დახმარებას, ამიტომ ფიქრობს საცხოვრებლად გორში გადასვლას. ისინი გორში ერთოთახიან ბინას ეძებენ ქირით და  ამბობენ, რომ საოჯახო საქმეების შესრულებით მინიმალურ თანხაზეც იმუშავებენ.

შიდა ქართლში მცხოვრებ უკრაინელ ლტოლვილებთან შეხვედრა გაიმართება

24 თებერვალს, 16:00 საათზე შიდა ქართლში მცხოვრებ უკრაინელ ლტოლვილებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შეხვდებიან. შეხვედრას ნეო ტვ მასპინძლობს და მისი მიზანია, ომით დაზარალებულთა საჭიროებების პირადად გაცნობა და მათი ადგილზე გადაწყვეტა. 

ნეო ტვ პერიოდულად აცნობს საზოგადოებას შიდა ქართლში მცხოვრები უკრაინელი ქალების პრობლემებს, რის შედეგადაც არაერთმა ადამიანმა თუ ორგანიზაციამ გამოიჩინა ყურადღება მათ დასახმარებლად. სპეციალურ გადაცემაში “მედიატორი” ისინი თანადგომას, დახმარებას და სხვადასხვა საჭიროებების მოსაგვარებლად, მხარდაჭერას ითხოვენ. 

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ერთი წლის თავზე დაგეგმილ შეხვედრაზე სწორედ უკრაინელი ლტოლვილების საჭიროებების განხილვა იგეგმება იმ ადამიანებთან ერთად, რომლებსაც დაზარალებულთა მხარდაჭერაში გარკვეული წვლილის შეტანა შეუძლიათ. 

პროგრამირება სკოლაშივე უნდა ისწავლებოდეს – ამაზე დიდი ინვესტიცია არ არსებობს – ანა სვიანაძე

0

ყველას გვსმენია კოდირების და ზოგადად პროგრამირების შესახებ, თუმცა ნაკლებად დავფიქრებულვართ, რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ის ადამიანის ცხოვრებაში. თუ
დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ პროგრამული ენების სწავლა ისეთივე კაპიტალია, როგორც უცხო ენების. თუ გვინდა, რომ ახალი თაობა წარმატებისთვის მოვამზადოთ, ყველა ბავშვმა უნდა ისწავლოს კოდირება. კოდირება არა მხოლოდ მათემატიკისა და წერის უნარების გაუმჯობესებას უწყობს ხელს, არამედ მათ ღირებულ უნარებს და კრიტიკული აზროვნების განვითარების დიდ დასაბამს აძლევს ცხოვრებაში. ეს კი დამეთანხმებით ძალზე მნიშვნელოვანია წარმატების ასპარეზზე.


არსებობს სხვადასხვა მიზეზი, რის გამოც კოდირება მნიშვნელოვანი და აუცილებელია. ჩემი გამოცდილებით და მოზარდებზე დაკვირვებით ვფიქრობ, რომ რაც უფრო ადრეულ ასაკში ისწავლიან ბავშვები კოდირებას, მით მეტია მათი წარმატების შანსი. მარტივად, რომ ვთქვათ, კოდირება არის კომპიუტერთან კომუნიკაციის მეთოდი. ეს არის ენის გამოყენება, რომელსაც კომპიუტერი ესმის, რათა მისცეს კომპიუტერს ინსტრუქციები კონკრეტული ფუნქციების შესასრულებლად. კოდირება საშუალებას გვაძლევს შევქმნათ ისეთი რამ, როგორიცაა კომპიუტერული პროგრამა, ვებსაიტები, აპლიკაციები და ვიდეო თამაშები. არსებობს სხვადასხვა ტიპის სხვადასხვა კოდი, იმის მიხედვით, თუ რისი განვითარება გსურთ. თითოეულ პროგრამირების ენას აქვს საკუთარი წესები. მაგრამ ძირითადად, კოდირება არის ინსტრუქციების მიცემა კომპიუტერისთვის სასურველი შედეგის მისაღებად. რატომ უნდა ისწავლონ ბავშვებმა კოდირება? პრობლემის გადაჭრის უნარებიდან, სამუშაო შესაძლებლობებიდან, კრიტიკული აზროვნებიდან და კრეატიულობით, პროგრამირების სწავლის უამრავი მიზეზი არსებობს. მოდით გადავხედოთ, რატომ უნდა ისწავლონ ბავშვებმა კოდირება. კომპიუტერების გაგება და კოდირების საფუძვლების სწავლა ეხმარება ბავშვებს გააცნობიერონ, თუ როგორ მუშაობს ყველაფერი. ის ასევე ასწავლის მათ, თუ როგორ იყენებენ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრები მათემატიკას პრობლემების ლოგიკური და კრეატიული გზით გადაჭრის მიზნით. ეს არის მნიშვნელოვანი მიზეზი იმისა, რომ კოდირება უნდა ისწავლებოდეს სკოლებში, ამიტომ ბავშვები სწავლობენ ამ უნარებს ახალგაზრდობაში.

კოდირების შესწავლა მნიშვნელოვანია, რადგან კომპიუტერული პროგრამირება ბავშვებს ასწავლის ექსპერიმენტებს და აძლევს მათ კრეატიულობის თავდაჯერებულობას. მათ ექნებათ შესაძლებლობა შექმნან ისეთი რამ, რაც მთლიანად საკუთარია. ბავშვები აყვავდებიან იმ გამოხმაურებით, რომლებსაც იღებენ იმის შექმნით, რაც უყვართ. ისევე, როგორც ენის შესწავლას ან მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრას, ბავშვებსაც სჭირდებათ მოტივაცია. როგორც წესი, ამ გზაზე შედეგების დანახვა საკმარისია ამის გასავითარებლად და ეს ხდება მაშინ, როდესაც ბავშვები სწავლობენ კოდირებას. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს პროფესიამ და გამოცდილებამ მომცა საშუალება მესწავლა არამარტო საბუნებისმეტყველო საგნები, არამედ პროგრამირების საფუძვლები, გადავწყვიტე, როდესაც დავიწყებ სამასწავლებლო მოღვაწეობას სკოლაში, აუცილებლად მცირე დოზით მაინც შევძლო იმ ინჟინერიის გამოყენება, რაც შემდეგ მისცემს მოსწავლეებს მოტივაციას რათა უფრო სიღრმისეულად და ფუნდამენტურად შეისწავლონ კოდირება, რაც მათი ცხოვრების გზას უფრო მეტად საინტერესოს და მარტივს გახდის.

ანა სვიანაძე