მთავარი Blog გვერდი 31

თურქეთში, მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება

0

თურქეთსა და სირიაში 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 3000-ზე მეტი დაშავდა. დღეს დილით მომხდარი შემთხვევის გამო დაშავებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება.

მაშველები გადარჩენილებს ეძებენ. ძლიერმა მიწისძვრამ შეარყია რეგიონი, რამაც გამოიწვია მრავალი შემდგომი ბიძგები ლიბანსა და ისრაელს შორს.

მიწისძვრა დაფიქსირდა ნურდაგიდან აღმოსავლეთით 23 კილომეტრში (14,2 მილი) თურქეთში, გაზიანთეპის პროვინციაში, 24,1 კილომეტრის სიღრმეზე (14,9 მილი) ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიწისძვრა იყო, რაც რეგიონში 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოხდა.

ოფიციალური პირების განცხადებით, თურქეთში 284 ადამიანი დაიღუპა და 2300-ზე მეტი დაშავდა, სირიაში კი სულ მცირე 237 ადამიანი დაიღუპა და 639 დაშავდა. სპეციალისტების ვარაუდით, დაღუპულთა საერთო რაოდენობამ შესაძლოა 10 000 ადამიანს მიაღწიოს.
ადგილობრივი ჟურნალისტების ცნობით, მიწისძვრის შემდეგ ერთ წუთში რვა ძალიან ძლიერი ბიძგი იყო.


“ამ დროისთვის დაახლოებით 1000 სამძებრო-სამაშველო მოხალისე სტამბოლიდან სამხრეთ თურქეთშია განლაგებული, თუმცა ცუდი ამინდი, მათ შორის თოვლი და ნულამდე ტემპერატურა, სავარაუდოდ შეაფერხებს სამაშველო სამუშაოებს.სინოპტიკოსების პროგნოზით, სამშაბათს, სტიქიის ზონაში, გაზიანთეპში ტემპერატურა -6 გრადუს ცელსიუსამდე დაიკლებს”, – აცხადებენ ოფიციალური პირები.

ბავშვებთან ერთად დავტოვე უკრაინა, აქ ქართველების სითბომ გადამატანინა ყველაფერი – ანა ოქსანიჩენკო

0

საქართველოში იმიტომ ვარ, რომ აქ თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ. ქართველმა ხალხმა ძალიან თბილად მიგვიღო. ომამდე ვასიკოვში ვცხოვრობდი, ომის დაწყების პირველ დღეებში კი კიევში, შვილებთან ერთად ვიმყოფებოდი, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ იქ დარჩენაც აღარ შეიძლებოდა და იძულებულები გავხდით გამოვსულიყავით კიევიდან.

ომამდე ვიცნობდი ეკა სუხიშვილს და მისი დაჟინებული თხოვნაც იყო რომ მე ეს გადაწყვეტილება მიმეღო. დილის 6 საათზე ბავშვებთან ერთად, რაც ხელში მომხვდა ყველაფერი ჩავყარე და გამოვედი ქვეყნიდან. პირველი თვეები ვცხოვრობდი პოლონეთში, მაგრამ მალევე გადმოვედი საქართველოში და დღემდე აქ ვართ. რთული გზა გავიარეთ. ჯერ თურქეთიდან ბათუმში შემოვედით. აგვისტოს თვეში, მოგეხსენებათ რა სიტუაციაცაა ცხელ სეზონზე იქ და ერთი ოთახის მოძებნაც კი გაგვიჭირდა. შემდეგ თბილისში წამოვედი შვილებთან ერთად და ვცდილობ მათთვის მაინც ვიყო მხნედ და ძალები მოვიკრიბო. 

თავდაპირველად ძალიან გამიჭირდა, მორალურად იყო ძალიან რთული, რადგან ყოველ წუთს ფიქრობ რომ ხარ სხვა ქვეყანაში და არ იცი უკან როდის დაბრუნდები, მაგრამ საქართველოს თითოეული მოქალაქის თვალებში იმხელა სითბოს ვხედავდი, რომ ამ მიმღებლობის გარეშე ალბათ გამიჭირდებოდა იმ ყველაფრის გადატანა. თავდაპირველად არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი დამიდგა გვერდით, თუ როგორ უნდა გამეტანა თავი საქართველოში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ქალბატონ ეკა სუხიშვილს, რადგან ფულიც კი არ მქონდა მაშინ და ეკამ საცხოვრებელთან ერთად ყველა საჭიროებით უზრუნველყო ჩემი შვილები. 

დღესდღეობით ვხვდები სხვადასხვა ორგანიზაციებს. მინდა, რომ სხვადასხვა აქტივობები დავგეგმო უკრაინელი ლტოლვილებისთვის. რამდენიმე თვის წინ ჩავატარეთ ფორუმი, რომელსაც ბევრი ადამიანი დაესწრო. ეს საკმარისი არ არის რა თქმა უნდა და ამიტომ ვცდილობთ დონორი ორგანიზაციების მოძებნას, რომლებიც ჩვენი იდეების განხორციელებაში დაგვეხმარება. გვსურს რომ ისეთი აქტივობები დავგეგმოთ, რომლებიც საქართველოში მყოფ უკრაინელებს გარკვეულ შვებას მისცემს. 

ანა ოქსანიჩენკო, ვასილკოვიდან

“მშობლები არ უნდა ტოვებდნენ თინეიჯერ შვილებს მარტო” – ანა სვიანაძე

0

ახალგაზრდების პრობლემები მისი სპეციფიკიდან გამომდინარე განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. ხშირად, თინეიჯერების უმეტეს ნაწილს უწევს ისეთ პრობლემებთან გამკლავება, რაც შემდგომ მათ ფსიქიკას აზიანებს და მიდრეკილი ხდება დეპრესიისკენ. რა თქმა უნდა მშობლები ჩართულნი უნდა იყვნენ შვილების ცხოვრებაში და ამ პრობლემების მოგვარებაში დახმარებას უნდა ცდილობდნენ. რჩევებს აძლევდნენ, აგრძნობინებდნენ, რომ მათ გვერდით არიან და მოუგვარებელი პრობლემა არ არსებობს, რაც ხშირად ახალგაზრდებისთვის რთული გასაგებია.

პრობლემა იწვევს ცუდ განწყობას რომელიც ჯერ ხასიათში, სტრესში და ბოლოს სუიციდის სურვილში გადადის. თვითმკვლელობის მცდელობის მაჩვენებელი მოზარდობის პერიოდში მნიშვნელოვნად იზრდება. ახალგაზრდების მთავარი პრობლემა სამუშაო ადგილის პოვნის სირთულეა. ახალგაზრდები გამოუცდელებად ითვლებიან და არავის აქვს სურვილი დაიქირაოს ისეთ თანამდებობაზე, რომელიც პასუხისმგებლობის გრძნობას მოითხოვს. ძირითადად იაფფასიან მუშათა კლასად იყენებენ. ეს გრძელი და რთული გზაა, ამბიციური ახალგაზრდებისთვის მწვერვალამდე. ადამიანების უმეტესობა ბავშვობასა და თინეიჯერობას შორის პერიოდს უდანაშაულობას და სიწმინდეს უკავშირებს. მეორეს მხრივ, ინდივიდები ახალგაზრდებსა და მოზარდებს განიხილავენ, როგორც დამნაშავეებს, პრობლემურს და დევიანტს.

როდესაც ინდივიდები ახალგაზრდები ხდებიან, ისინი მიდრეკილნი არიან გადაუხვიონ საზოგადოებრივ წესებს, კანონებს და ნორმებს. დღევანდელ თანამედროვე სამყაროში ახალგაზრდები სულ უფრო ხშირად ასოცირდება სხვადასხვა პრობლემასთან და გამოწვევებთან. ეს შეიძლება იყოს ჯგუფური ან ინდივიდუალური ძალადობა, მასობრივი უმუშევრობა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები ან ინფექციები, ნარკომანია, ადრეული ორსულობა, მოუმწიფებელი მშობლები და აბორტი.

ფაქტია, რომ ახალგაზრდები არიან ყველაზე დაუცველი და მყიფე საზოგადოებაში. ახალგაზრდები დღესდღეობით უამრავ პრობლემას აწყდებიან. ეს იმ რთული პერიოდის შედეგია, რომელშიც ჩვენ ყველა ვცხოვრობთ. ისინი საზოგადოების ყველაზე დაუცველი ნაწილია, რადგან საკუთარი ძალებით უწევთ გაუმკლავდნენ ყოველდღიურ პრობლემებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება რთული იყოს, მათ უნდა იბრძოლონ მომავლისთვის! უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მიზნები აუცილებლად განხორციელდება და შრომა რომელიც დღეს არ ფასდება, შედეგს აუცილებლად გამოიღებს და ყველაფერი ისე იქნება როგორც წარმოგვედგინა.

აშშ-მა უკრაინას $2.2 მილიარდის ღირებულების დამატებითი სამხედრო დახმარების პაკეტი დაუმტკიცა

0

ახალი პაკეტის ფარგლებში უკრაინის არმიას გადაეცემა დამატებითი საბრძოლო მასალა M142 Himars – ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებისთვის – იგულისხმება GMLRS-ის 84 კმ-სა და 150კმ-ზე მფრენი GLSDB-ის რაკეტები.

  •  155მმ-იანი საარტილერიო ჭურვები;
  •  120მმ ნაღმტყორცნის ნაღმები
  • 190 ერთეული BROWNING M2-ის ტიპის 12.7მმ-იანი მძიმე ტყვიამფრქვევი თერმოული ოპტიკური სამიზნეებითა და ვაზნებით
  • MRAP-ის ტიპის 181 ერთეული ჯავშანმანქანა ( MaxxPro)
  • 250 ერთეული FGM-148 Javelin-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი
  • 2000 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა- დიდი ალბათობით, საუბარია TOW M2-ებზე, რომელთაც BRADLEY M2A2-ის ტიპის ქვეითთა საბტძოლო მანქანები გამოიყენებენ
  • Claymore-ის ტიპის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები;
  • სადესანტო საბრძოლო მასალა;
  • ცივი ამინდის ხელსაწყოები, ჩაფხუტები და ასევე სხვა საველე აღჭურვილობა.
  • MIM-23 Hawk-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო მართვადი კომპლექსის ორი გამშვები დანადგარი
  • საზენიტო ქვემეხები და მისი საბრძოლო მასალა;
  • საბრძოლო დახმარების პაკეტში შეის ასევე აღჭურვილობა, რომელიც დასავლური ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების, რაკეტებისა და რადარების ინტეგრაციას ახდენს უკრაინულ საჰაერო თავდაცვასთან.
  • მნიშვნელოვანი სათადარიგო ნაწილები, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდეს უკრაინის საბჭოთა წარმოების ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსთა შეკეთება და რესურსის გახანგრძლივება.
  •  საჰაერო თავდაცვის გენერატორები
  • უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემები;
  • 4 სადაზვერვო რადარი ;
  • 20 ერთეული ნაღმტყორცნების საწინააღმდეგო რადარი;
  • კონტრბატარეული საარტილერიო რადარების სათადარიგო ნაწილები;
  • PUMA-ს ტიპის სადაზვერვო დრონები
  • ექსკალიბურის ტიპი 155მმ-იანი GPS-ით მართვადი საარტილერიო ჭურვები
  • მოწყობილობები უსაფრთხო კომუნიკაციისთვის;
  • სამედიცინო საშუალებები;
  • სამხედრო ტრენინგების დაფინანსება, ტექნიკური მომსახურება და მხარდაჭერა

სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის მთლიანი ღირებულება 2.175 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

“პაკეტის ფარგლებში უკრაინას GLSDB-ს მივაწვდით. ეს მათ საშუალებას მისცემს უფრო დიდი საბრძოლო სიშორე მოიპოვონ და საშუალებას მისცემს საკუთარი ქვეყნის დაცვისთვის ოპერაციები აწარმოონ და დაიბრუნონ სუვერენული ტერიტორიები, რომელთა ოკუპაციაც რუსეთმა მოახდინა”, – აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა გენერალმა პატრიკ რაიდერმა.

მომავლის გადასარჩენად ენგური გადმოცურეს – ნეო ტვ აფხაზი ახალგაზრდების საჭიროებებს გაეცნო

ნეო ტვ-ს პროექტის მონაწილეები ზუგდიდში გამართულ კონფერენციას დაესწრნენ, თემაზე “გამყოფი ხაზის გასწვრივ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში მყოფი მოწყვლადი თემის საჭიროებები“.

კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა – ორივე თემის (ცხინვალის და აფხაზეთის

რეგიონებთან მდებარე სოფლების) მოქალაქეების ჩართულობა და ეკონომიკურ-სოციალურ და უსაფრთხოების პრობლემებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.

“კონფერენციას ნეო ტვ-ს პროექტების ის მონაწილეები ვესწრებოდით, რომლებსაც ყოველდღიური შეხება გვაქვს საოკუპაციო ხაზთან მდებარე თემში არსებულ მდგომარეობასთან. რა თქმა უნდა გორის მუნიციპალიტეტის მსგავსად ზუგდიდშიც მნიშვნელოვანი პრობლემები იკვეთება, თუმცა ჩვენთან განსაკუთრებით მწვავედ დგას ტერიტორიების მითვისებისა და ადამიანების გატაცების საკითხები.  მაგრამ აქ კიდევ უფრო რთული ვითარებაა ახალგაზრდებთან დაკავშირებით. აფხაზეთიდან სასწავლად გადმოსული სტუდენტების მდგომარეობის გაცნობა განსაკუთრებით მძიმე და ემოციური იყო ჩვენთვის. მათმა ნაწილმა ენგური გადმოცურა, ზოგმა მხოლოდ მშობლების წყალობით შეძლო ქართული ენის შენარჩუნება. მძიმე მოსასმენია ინფორმაცია იმ სტრესსა და ძალადობაზე, რომელიც სკოლის პერიოდში მათზე ხორციელდებოდა, რუსული ენის იძულებით სწავლის, ქართული ენის აკრძალვით და მათი სახლის ყოველდღიური ჩხრეკით. საბოლოოდ, ამ შეხვედრამ დაგვანახა რომ, ენგურს იქით არიან ადამიანები,რომლებსაც ვჭირდებით,რომლებისთვისაც უნდა ვიბრძოლოთ და რომლებიც ყველანაირი სტრესის მიუხედავად, ინარჩუნებენ ქართულ ენასა და იმედს იმისას, რომ ოკუპაცია დროებითია“, – ამბობს Neo Tv -ს წარმომადგენელი, რუსკა ბუზიაშვილი. 

შიდა ქართლიდან სამეგრელოში ჩასული მონაწილეებს შორის უმრავლესობა ომით დაზარალებული ახალგაზრდა იყო, რომლებიც ამჟამად საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს ან დევნილთა დასახლებაში ცხოვრობენ. მათი განმარტებით, ინფორმაციის გაცვლა და ერთმანეთში შეხების წერტილების აღმოჩენა გარკვეულწილად საერთო ტკივილს უმსუბუქებთ.  

“ზუგდიდში გამართული კონფერენცია ჩემთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო. განვიხილეთ ისეთი თემები, რომლებიც ორივე თემს გვახასიათებს და გვაერთიანებს. მეტად მძიმე მოსასმენი იყო იქ გაჟღერებული პრობლემები და საკითხები ისტორიის,რელიგიის და ენის შესახებ, მაგრამ ამავე დროს საინიტერესო და დასაფიქრებელი ჩვენი მომავალი თანაცხოვრბის და ურთიერთბების პერსპექტივების კონტექსტში,” – ამომბს Neo Tv -ს წარმომადგენელი,ლიკა თოთლაძე. 

კონფერენცია SlovakAid-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც MESA10-და მეგობრობის ხიდი ,,ქართლოსი“ ახორციელებს. პროექტი გულისხმობს არნიშნული 2 თემის საჭიროებებისა და გამოწვევების მოკვლევას, რუკის შედგენას და რეკომენდაციების შემუშავებას.

ახალგაზრდული საქმიანობა პიროვნული განვითარების საუკეთესო მიქსია – შოთა მარანელი

0

ახალგაზრდული საქმიანობის მნიშვნელობა სულ უფრო იზრდება. პოლიტიკის ახალ დოკუმენტებში, ევროპულ თუ ეროვნულ დონეზე ახალგაზრდული საქმიანობისთვის უწყვეტად განისაზღვრება ახალი როლი და ამოცანები. მოლოდინია, რომ ახალგაზრდული საქმიანობა გააუმჯობესებს სოციალურ ჩართულობას, ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოების შენებას, გაზრდის დასაქმების შესაძლებლობებს, მოახდენს ჯანმრთელობის რისკების პრევენციას და ა.შ.

ახალგაზრდობა არის საზოგადოების მნიშვნელოვანი სეგმენტი, რომელსაც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში წვლილის შეტანის დიდი პოტენციალი აქვს. ამ პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის არასამთავრობო სექტორთან ერთად აუცილებელია, სახელმწიფომაც შექმნას სათანადო პირობები, მყისიერად უპასუხოს ახალგაზრდების წინაშე არსებულ გამოწვევებს, განახორციელოს თანამიმდევრული, საჯარო და ინტეგრირებული სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკა ახალგაზრდებისთვის და რა თქმა უნდა ახალგაზრდებთან ერთად.

ჩემი და ახალგაზრდული საქმიანობის გაცნობა  3-4 წლის წინ შედგა. მაშინ ჩვეულებრივი ახალგაზრდა ვიყავი, ვისაც უამრავი იდეა ჰქონდა და არ იცოდა სისრულეში როგორ მოეყვანა. არ ვიცოდი ინოვაციური ჩანაფიქრები ფურცლიდან რეალობაში როგორ გადამეტანა.

ეს ყველაფერი სხვადასხვა საგანმანათლებლო ტრენინგებზე დასწრებით დავიწყე. უბრალოდ მინდოდა არაფორმალური განათლების შესახებ მეტი გამეგო. ისეთი ადამიანების გაცნობა მსურდა, ვისაც მსგავსი ფასეულობები გააჩნდა და საერთო საქმეში ერთ გუნდად ვიქნებოდით.

ზოგჯერ ისეთ შეხვედრებზეც ვყოფილვარ, სადაც დამსწრე მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იყო. ბევრჯერ უთქვამთ, რომ დროს და ენერგიას ტყუილად ვხარჯავდი. მოხალისეობრივი საქმიანობის გაგონებაზე საზოგადოებისგან მუდმივი წინააღმდეგობა მოდიოდა, მაგრამ ამ ყველაფერს ჩემთვის ხელი არასდროს შეუშლია.

დღეს, გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი აქტიური ახალგაზრდული ორგანიზაციის – “ინოვატორის”-დამფუძნებელი ვარ. რაც ვიცი სწორედ ამ დროის განმავლობაში დაგროვებული აქტიურობით, ჩართულობით და ენთუზიაზმით მოვიპოვე. ამჟამად კი ამ ცოდნას საკუთარი ორგანიზაციისთვის ვიყენებ.

ეს საქმიანობა, ჩვენი ქალაქის და ჩვენი პიროვნების განვითარების საუკეთესო მიქსია. ასე, რომ ახალგაზრდებო, არ დანებდეთ. იაქტიურეთ და აუცილებლად გაიმარჯვებთ. 

შოთა მარანელი

ახალგაზრდული ორგანიზაციის – “ინოვატორის” დამფუძნებელი

ნეო ტვ მონაცემთა ჟურნალისტიკით დაინტერესებულებისთვის კონკურსს აცხადებს

ნეო ტვ აცხადებს მიღებას მონაცემთა ჟურნალისტიკით დაინტერესებული პირებისთვის. შერჩეული 10 მონაწილე სრულიად უფასოდ გაივლის სატრენინგო კურსს, რის შედეგადაც ეცოდინებათ მონაცემების დამუშავება სხვადასხვა პროგრამის გამოყენებით, ამბის ეფექტური გადმოცემა, გრაფიკული დიზაინი და ვიზუალიზაციის შექმნა. გარდა ამისა, გაიუმჯობესებენ საჯარო გამოსვლისა და პრეზენტაციის უნარებს.

ტრენინგების გავლის შემდეგ “მონაცემთა ჟურნალისტიკის კლუბის” წევრები მოამზადებენ სპეციალურ ნამუშევრებს და მონაწილეობას მიიღებენ “ღია მონაცემების ფორუმზე”, სადაც საკუთარი ნამუშევრების წარდგენასთან ერთად, მოწვეულ სტუმრებს მიღებულ გამოცდილებას გაუზიარებენ.

მონაცემთა ჟურნალისტიკის კლუბის წევრებს ყველა საჭირო ხარჯი აუნაზღაურდებათ.

დაინტერესებულმა პირებმა cv და სამოტივაციო წერილი უნდა გამოგზავნონ neotv.ge@gmail.com – ზე, 2023 წლის 10 თებერვლის ჩათვლით.

პროექტი, სახელწოდებით, “Neo Analytics – მონაცემთა ჟურნალისტიკის კლუბი შიდა ქართლში”, ნეო ტვ-ს მიერ, ForSet – ის მხარდაჭერით ხორციელდება.

60-მდე გადაცემა, 45 რუბრიკა და 100-ზე მეტი ტექსტური მასალა – ნეო ტვ-მ 1 წლიანი საქმიანობა შეაჯამა

ნეო ტვ 1 წლისაა. ნინო ჩიბჩიურმა და ეკატერინე სუხიშვილმა მედია ორგანიზაცია 2022 წლის 31 იანვარს დააფუძნეს. საქმიანობის დეტალები დღეს მათ მოწვეულ სტუმრებს წარუდგინეს და მათი შეფასებებიც მოისმინეს.

“ჯერ იყო პანდემია, შემდეგ დაიწყო ომი უკრაინაში. ჩვენი აზრით, ამ ფონზე საზოგადოებას პოზიტიური ამბები ჰაერივით სჭირდებოდა. ეს საჭიროება დგას დღესაც. ხალხი დაიღალა ნეგატიური ინფორმაციით.. ამიტომ ჩვენი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასთან ერთად, სასიკეთო ცვლილებებში მათი ჩართულობისთვის ხელშეწყობა. ვფიქრობთ, გასული ერთი წელი მნიშვნელოვანი სტარტი იყო, იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის, მეტი მოტივაციითა და ძალისხმევით გავაგრძელოთ მუშაობა”,-აღნიშნა ნეო ტვ-ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ეკატერინე სუხიშვილმა.

1 წლიანი საქმიანობის პრეზენტაცია ნეო ტვ-ს დამფუძნებელმა და დირექტორმა ნინო ჩიბჩიურმა გააკეთა. მისი ინფორმაციით, ნეო ტვ-მ ჯამში 60-მდე გადაცემა, 45-მდე რუბრიკა და 100-ზე მეტი ტექსური მასალა მოამზადა. აღსანიშნავია, ისიც, წარმოდგენილი მედიაპროდუქტის მომზადებაში 10-მდე ადამიანი, მათ შორის, ახალგაზრდები, არასამთავრობო ორგანიზაციების თუ სხვა სექტორის წარმომადგენლები სრულიად მოხალისეობრივად, პარტნიორობის ფარგლებში მონაწილეობდნენ.

“ძალიან საინტერესო დროში გვიწევს ცხოვრება და საქმიანობა. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია არა მხოლოდ მიმდინარე სიახლეებზე, არამედ იმ გამოწვევებსა და საფრთხეებზე, რაც დღევანდელ ეპოქაში არსებობს. ჩვენი მედიის ძირითადი მიმართულებაც სწორედ თანამედროვე, ციფრული ტექნოლოგიებია, რომლის გამოყენებით შეგვიძლია როგორც ფაქტების გადამოწმება, ისე რუსეთის პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა, გავრცელებული დეზინფორმაციის მხილებით”,-აღნიშნა ნინო ჩიბჩიურმა.

საიუბილეო შეხვედრას სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანები ესწრებოდნენ, რომელთან ერთადაც ნეო ტვ-მ არაერთი საინტერესო აქტივობა განახორციელა. ახლადდაფუძნებული ორგანიზაცია მიმდინარე წელს ახალი პროექტებით ხვდება. მათ შორისაა უკრაინელი ლტოლვილი ქალების მხარდაჭერა, რაზეც მისმა მონაწილეებმა დღევანდელ შეხვედრაზეც ისუბრეს.

შიდა ქართლის სკოლა-ბიზნეს ფორუმზე, ახალგაზრდებმა კერძო სექტორს 15 პროექტი გააცნეს

გორში დღეს სკოლა-ბიზნესი გაიმართა, რომელიც USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში შიდა ქართლის რეგიონს მოიცავდა. ღონისძიება “საზოგადოება ბილიკის” ორგანიზებით მოეწყო. ფორუმზე რეგიონის კერძო სექტორის წარმომადგენლებს მოსწავლეების მიერ შექმნილი 15 პროექტი გააცნეს, რომლებიც მიზნად ისახავენ ისეთი სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებას, რომლებსაც მოსწავლეები აქტუალურად მიიჩნევენ.

“ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი ხედვა გაეზიარებინათ კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის და იპოვონ მსგავსი საკითხებით დაინტერესებული კომპანიები, რომლებიც ჩაერთვებიან პროექტების განხორციელებაში. ამავდროულად, სკოლა-ბიზნესის ფორუმი ხელს შეუწყობს ბიზნესსა და ახალგაზრდებს შორის კავშირების დამყარებას, სტაჟირების შესაძლებლობების კუთხით”, -აღნიშნა საზოგადოება “ბილიკის” წარმომადგენელმა მარიკა მღებრიშვილმა. 

ღონისძიება USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორმა მარინა უშვერიძემ გახსნა. სიტყვით გამომსვლელთა შორის იყვნენ – კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის“ გარემოს დაცვის სპეციალისტი ნინო სუხიტაშვილი, კომპანია „კულას“ დირექტორი ვანო გოგლიძე, ლიბერთი ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი ტაპი ზაქარიაძე და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი.

ღონისძიების პარალელურად კერძო სექტორმა გამოფენაც მოაწყო. მათ შორის იყო “მეცნიერებათა სკოლა”. 

“მონაწილეობა მივიღეთ სკოლა-ბიზნეს ფორუმში, რომლის ორგანიზატორი იყო “საზოგადოება ბილიკი”.ამ ღონისძიებაზე “მეცნიერებათა სკოლა” წარმოდგენილი იყო მოსწავლეების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთებით. საინტერესო თანამშრომლობა შედგა ბიზნესთან, ინფორმაცია გავცვალეთ სკოლის წარმომადგენლებთან. მოწვეულ სტუმრებს შევთავაზეთ სტაჟირების პროგრამა. ჩვენი სკოლა ღიაა ყველა მსურველისთვის თანამშრომლობის კუთხით. სამწუხაროდ, USAID – ის ეს პროექტი არ იყო კერძო სკოლებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო პროექტებში კერძო სასწავლო დაწესებულებებსაც შეეძლოთ მონაწილეობის მიღება. რაც ეს მათი განვითარებისთვის დამატებითი მოტივაციის წყარო იქნება”, – აღნიშნა “მეცნიერებათა სკოლის დირექტორმა, ეკა სუხიშვილმა. 

სკოლა-ბიზნესის ფორუმი USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ტარდება, რომელსაც ორგანიზაცია PH International ახორციელებს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. შიდა ქართლის რეგიონში პროგრამის პარტნიორია “საზოგადოება ბილიკი”.

“არ გვაქვს საწოლი, ბავშვებს ერთად სძინავთ” – გორში მცხოვრები უკრაინელი დედა

0

მე ვარ ელენა 38 წლის, ხარკოვიდან. ვარ დაოჯახებული და მყავს ორი მცირეწლოვანი შვილი. 8 წლის და 2 წლის გოგონები. უმაღლესი განათლება მაქვს და ომამდე ხარკოვის უნივერსიტეტში, ლათინურ ენას ვასწვლიდი. ომის დაწყებიდან, როდესაც ხარკოვზე იერიშები გააქტიურდა, შვილებთან ერთად საქართველოსკენ წამოვედი. ამას თან ერთვოდა ისიც, რომ ერთ-ერთი დაბომბვის დროს ჩვენი საცხოვრებელი ბინა დაზიანდა. დედამ, რომელიც პენსიონერია წამოსვლაზე უარი თქვა.

მე კი ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მანქანით საქართველოსკენ 11 მარტს გამოვიქეცი. გზა საკმაოდ რთული გამოდგა. დაახლოებით ერთი კვირა დაგვჭირდა საქართველომდე ჩამოსასვლალად. ბავშვებთან ერთად გორში, ნაქირავებ ბინაში ვიწროდ ვცხოვრობთ.

პატარას არ აქვს საწოლი და უფროს დასთან უწევს ძილი. ქირის გადახდაში გორის მერია გვეხმარება. უფროსი ბავშვი გორის ერთ-ერთ სკოლაში მივიყვანე, თუმცა კვირაში სამჯერ უკრაინაში ონლაინ გაკვეთილებს ვესწრებით. როგორც კი მექნება შესაძლებლობა სამშობლოში დავბრუნდები, ვინაიდან ასაკოვან დედაზე ძალიან ვნერვიულობ. დედამ ხარკოვში ადგილობრივი მთავრობისა და საკუთარი სახრებით შეაკეთა ბინა და შედარებით უსაფრთხოდაა მაგრამ უცხო გარემოში დიდხანს ვერ გავჩერდებით. მითუმეტეს ამ პირობებში როგორც ახლა ვართ. ბავშვებს ყოველდღიურად სჭირდებათ საკვები და ჰიგიენური საშუალებები და ამ ყველაფრის შეძენაც პრობლემაა ჩვენთვის. არც ვიცით ვის რა უნდა მოვთხოვოთ და ვინ შეძლებს დახმარებას.

ბლოგი მომზადებულია ნეო ტვ-ს პროექტის ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია “ქალთა ფონდის” მიერ.